Gccc-logo.png


მუხლი 38. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 38. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია


ირაკლი ბურდული/გიორგი მახარობლიშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

მუხლი 38. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით იგი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება.

1¹. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და ლიკვიდაცია ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის/ რეორგანიზაცი ისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირს რეგისტრაციის შესახებ განცხადებით განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები/წევრები. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:

ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების მიღწევას;

ბ) გასხვისება ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;

გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

3. აკრძალულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება მის დამფუძნებლებს/ წევრებს, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.

4. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა/ წევრებმა არ განსაზღვრეს მისი ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორებიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი იურიდიული პირი (პირები) არ არსებობს ან ასეთი იურიდიული პირის (პირების) გამოვლენა შეუძლებელია, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ აღნიშნული ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.

5. სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებს (ახორციელებენ) სასამართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები). აკრძალულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 — სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1964 — სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.253
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 — სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.144
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5017 — ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი №651 — ვებგვერდი, 12.06.2013წ.

I. შესავალი

1

ა(ა)იპ-ი, როგორც ორგანიზაციული მოწყობის ერთეული, ერთგვარი მუდმივაა, რომელიც ყოველთვის მოძრაობაშია. ის ქმნის ახალ გეგმებს, ისახავს ახალ მიზნებს, ითვისებს მიზნის მიღწევის ახალ მეთოდებს და ა.შ. ის, ასევე, ცვლის საკუთარ სტრუქტურას, აყალიბებს დამატებით ორგანოებს, იერთებს, ერთიანდება, გამოეყოფა, დაიყოფა ან უერთდება სხვა ორგანიზაციას, ზრდის ან ამცირებს მის ეკონომიკურ აქტივობას. იურიდიული პირის ნებისმიერი სახის ქმედება, რომელიც ევენტუალურ შედეგებს სტრუქტურულ ერთეულებზე განავრცობს, ფუნდამენტური ცვლილებების საფუძველია. ეს იწვევს ა(ა)იპ-ის შიდა სტრუქტურული ორგანოების რეკონსტრუქციას, რაც მისი ორგანიზაციული მართვის სტრუქტურის შეცვლის საფუძველია. კოდექსის 38 I ა(ა)იპ-ის ორგანიზაციული ფორმის რეორგანიზაციის ისეთ ტიპს, როგორიც გარდაქმნაა, არსებითად არ უშვებს. ამის მარტივი მიზეზია ის, რომ კოდექსით არ არის სხვა სამართლებრივი ფორმა განსაზღვრული, რომელ ფორმასაც მოირგებდა უკვე არსებული არასამეწარმეო იურიდიული პირი, რადგან გარდაქმნა სამართლებრივი ფორმის ცვლილებას გულისხმობს. თუმცა, აქვე უშვებს ისეთ საგამონაკლისო შემთხვევას, რომ, თუ ა(ა)იპ-ის მართვის ორგანო მიიღებს მისი სამართლებრივი ფორმის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ა(ა)იპ-ის, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნას ითვალისწინებს, მაშინ მსგავსი სამართლებრივი რესტრუქტურიზაცია დასაშვებია.

II. რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის სამართლებრივი არსი

2

არასამეწარმეო იურიდიული პირის ფუნქციონირების ამა თუ იმ ეტაპზე შესაძლებელია დადგეს მომენტი, როდესაც აუცილებელია მისი სამართლებრივი ფორმის ცვლილება ან საქმიანობის დასრულება.[1] სამართლებრივი ფორმის ცვლილების არსი მისი შედეგებით განიმარტება. კერძოდ, რეორგანიზაცია ორგანიზაციული წარმონაქმნის სამართალსუბიექტობის ტრანსფორმაციის განმაპირობებელია, მაგრამ ისე, რომ არ წყდება მისი ეკონომიკური აქტივობა, ან, უბრალოდ, ფუნქციონირება. ის საქმიანობას ახორციელებს, მაგრამ შეცვლილი სამართლებრივი ფორმის ფარგლებში ან სხვა სამართლებრივი ფორმის მატარებელ ორგანიზაციის ფარგლებში. სამართლებრივი ფორმის შეცვლას კოდექსი არ უშვებს, მაგრამ უშვებს მისი ლიკვიდაციის გარეშე შეწყვეტას ან სხვა სუბიექტთან გაერთიანებას. უკანასკნელ შემთხვევაში საუბარია რეორგანიზაციის ისეთ ტიპზე, როგორიც ა(ა)იპ-ის შერწყმა, გაყოფა და მათი სახეებია.

3

სისტემურ ცვლილებებს შორის[2] რეორგანიზაცია „ხელოვნური ქმნილების ფუნქციონალური თამაშის“ ბოლო „სვლას“ წარმოადგენს.[3] რეორგანიზაციის საფუძველთა შორის შეძენა/შერწყმა კლასიკური შემთხვევაა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კომბინაციების ეს სახეები (მათი ნაწილი) რეორგანიზაციული[4] ტრანსაქციებია.[5] ისინი თავად წარმოადგენენ რეორგანიზაციას.[6]

4

რეორგანიზაცია ა(ა)იპ-ის, როგორც სამართალსუბიექტის ორგანიზაციულ ცვლილებას მოიცავს. ორგანიზაციული გარდაქმნა გულისხმობს სამართლებრივი ფორმის ცვლილებას, როდესაც სამიზნე საზოგადოების სამართლებრივი ფორმით ორგანიზებულად, სამართლებრივი მეთოდების გამოყენებით, ორგანიზაციული მართვის სამართლებრივ ფორმას ფუნქციონირების უწყვეტობის რეჟიმში იცვლის (მაგრამ არა გარდაქმნის საშუალებით).

5

ლიკვიდაცია, როგორც განსაკუთრებული ფენომენი, მეწარმე სუბიექტთა სამართალში ჩამოყალიბებული და დამკვიდრებული ინსტიტუტია. პირთა თუ ქონების ორგანიზებულ კავშირს კანონი სამართლებრივი ფორმით (ეკონომისტთა გაგებით, „მეთოდით“)[7] უზრუნველყოფს. ორგანიზაციული წარმონაქმნის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მომენტიდან ყალიბდება პირთა სამართლის ნორმებით ორგანიზებული სამართლებრივი ერთობა.

„ლიკვიდაცია“ ფუნქციონირების არეალიდან კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით გასვლას გულისხმობს. აზრი სხვა სიტყვით რომ განიმარტოს, ლიკვიდაცია დაფუძნებისას ფორმირებული კონსტრუქციული წარმონაქმნის ოპოზიტური ქმედებაა. ეს არის დეკონსტრუქცია, ანუ ჩამოყალიბებული სტრუქტურული ელემენტების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული წესებით „დემონტაჟი“. ის იწვევს პირთა თუ ქონების გაერთიანების დაშლას და მის ჩამომყალიბებელ პირთა (წევრთა) მიერ ქონების იმ პირთა საკუთრებაში გადაცემას, რომელიც დამფუძნებლებმა/წევრებმა განსაზღვრეს.[8] ლიკვიდაციის ეტაპზე ფიგურირებს ორგანიზაციის დასრულების ორგანიზებული პროცესი.

III. რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დაწყებაზე უფლებამოსილი პირი (ორგანო)

6

როგორც შერწყმის, ისე გაყოფის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება სჭირდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მიხედვით, პარტნიორები ღებულობენ.[9] რაც შეეხება ა(ა)იპ-ის, კოდექსით არ არის განსაზღვრული რეორგანიზაცია/ლიკვიდაციაზე უფლებამოსილი პირი, თუმცა რეგისტრაციის ეტაპზე სარეგისტრაციო წინაპირობებში კოდექსი (29 II დ) ქვეპუნქტი) პირდაპირ ითხოვს იმ ორგანოს დასახელებას, რომელიც უფლებამოსილი იქნება რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება. გამომდინარე იქიდან, რომ კოდექსი ა(ა)იპ-ის ორგანიზაციულ სტრუქტურას პირდაპირ არ განსაზღვრავს და ის საწესდებო ავტონომიის ფარგლებში აქვს მოქცეული (35), რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის პროცესის დაწყება შესაძლებელი იქნება წესდებით განსაზღვრული პირის (ორგანოს) გადაწყვეტილებით. როგორც წესი, ეს არის დამფუძნებელთა/წევრთა (საერთო კრება) კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხი.

ამასთან, თუ იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგას დღის წესრიგში, რომელიც ა(ა)იპ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდება და სასჯელის სახედ განისაზღვრება იურიდიული პირის ლიკვიდაცია, მაშინ ლიკვიდატორს (ლიკვიდატორებს) ნიშნავს სასამართლო.[10] ეს უკანასკნელი არის ა(ა)იპ-ის ლიკვიდაციის გარესამართლებრივი ჩარევით დაწყება, ანუ იძულებითი ლიკვიდაცია.[11]

IV. რეორგანიზაცია და მისი სახეები

7

კოდექსი რეორგანიზაციის ორ ძირითად სახეს ადგენს. ეს არის რეორგანიზაცია შერწყმით და გაყოფით. თავის მხრივ, რეორგანიზაციის სახეთა სუბტიპები არსებობს. კერძოდ, რეორგანიზაცია შერწყმით მოიცავს ორ ძირითად ქვეტიპს: შერწყმა მიერთებით და შერწყმა გაერთიანებით. ხოლო რეორგანიზაცია გაყოფით შეიძლება განხორციელდეს დაყოფით და გამოყოფით. მათი სამართლებრივი ფორმირების პროცედურული ასპექტები ურთიერთგანსხვავებულია და დიფერენცირებულ შედეგებს წარმოშობს. რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის პროცესებისა და შედეგების მიმართ კი გამოიყენება მეწარმეთა კანონი. შესაბამისად, მათი ანალიზი საკორპორაციოსამართლებრივ კონტექსტში უნდა წარმოჩნდეს.

შერწყმა და გაყოფა სამართლის ქმნილებაა.[12] მათი განხორციელება საკანონმდებლო რეგულაციების გვერდის ავლით შეუძლებელია.[13] შერწყმის ჰომოგენურობა მისი სპეციფიკური ფინანსური და სამართლებრივი გამოვლინებებით ყალიბდება. ის არის ტრანსაქცია,[14] რომელიც ორივე მონაწილე ორგანიზაციის მენეჯმენტის მხარდაჭერით ხორციელდება.[15] მხარეთა შორის ურთიერთობები პარიტეტულობის პრინციპის დაცვით ვითარდება. შერწყმის არსობრივი შედეგი არის ორი ა(ა)იპ-ის გაერთიანების შედეგად ერთი ახალი ა(ა)იპ-ის დაარსება ან ტრანსაქციაში მონაწილე რომელიმე საზოგადოების სამართალსუბიექტობის შეწყვეტა მეორე ორგანიზაციასთან მიერთების გზით.[16] მისი შედეგები ipso iure[17] განისაზღვრება.[18] ორი საზოგადოების გაერთიანების სუბსტანციური მიზანი საქმიანობის მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევაა.[19]

შერწყმა გაერთიანებით თვისებრივი სპეციფიკურობით ხასიათდება. გაერთიანების შედეგად შექმნილი საზოგადოება შეიძლება ახლად ფორმირებული ან შერწყმის ტრანსაქციის მიზნებისთვის ტრანსაქციის შესრულებამდე დაფუძნებული კომპანია იყოს.[20] ახალი კომპანია, როგორც წესი, ფინანსურ-ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურით (მუშა-მოსამსახურეთა, მომწოდებელთა, დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა) გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე მისაერთებელი საწარმოები.

8

შერწყმა მიერთების შემთხვევაში პროცედურულად და შედეგობრივად განსხვავებული გარემოებები წარმოდგება. კერძოდ, მიერთების შემთხვევაში მონაწილეობს ორი ან მეტი კომპანია, საიდანაც შერწყმის დასრულების შემდეგ, სამართალსუბიექტობას მხოლოდ ერთი კომპანია ინარჩუნებს. მიმაერთებელი საზოგადოება განაგრძობს ფუნქციონირებას, რჩება იურიდიულ პირად, რის გამოც მას „გადარჩენილ“ (surviving) კომპანიას უწოდებენ.[21] კომბინაციაში მონაწილე მეორე პარტნიორი საზოგადოება წყვეტს არსებობას, ანუ წყვეტს დამოუკიდებელ სუბიექტად ფუნქციონირებას, რის გამოც ის მიერთებულ, „გამქრალ“ საწარმოდ მოიხსენიება.[22] შერწყმის შედეგად წარმოდგება საზოგადოება, რომელიც ორი ან მეტი სხვა საზოგადოების მატერიალური თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მართვას ერთი სამართლებრივი ფორმის ქვეშ ახორციელებს. ამასთან, სუბიექტი მიერთებულად ითვლება მისაერთებელი სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებისა და იმ სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მომენტიდან, რომელთანაც ხდება მიერთება.[23]

9

მიერთებულ საზოგადოებათა ვალდებულებების (პასივების) სამართლებრივი მდგომარეობა შერწყმის პროცესის დასრულების მნიშვნელოვანი ეტაპია. კერძოდ, საკითხი ეხება შერწყმის პროცესის დასრულებამდე აღებულ ვალდებულებებზე კრედიტორის წინაშე პასუხისმგებლობის ადრესატს, რომელიც მესამე პირს დაუკმაყოფილებს მოთხოვნას. შერწყმის რეორგანიზაციის შედეგები, პროცესთან ერთად, ნორმატიულად არის გაწერილი. „მეწარმეთა შესახებ“ კანონი (144 III) პირდაპირ განსაზღვრავს, რომ შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებული საზოგადოება, იქნება ეს შერწყმა მიერთებით თუ შერწყმა გაერთიანებით, მიერთებულ თუ გაერთიანებულ კომპანიათა უფლებამონაცვლეა. შედეგად, შერწყმის პროცესის დასრულებას მიერთებულ თუ გაერთიანებულ კომპანიებს ჰყავს (ჰყავთ) სამართალმემკვიდრე, რომელიც პასუხისმგებელია მიერთებულ (გაერთიანებულ) საზოგადოებათა უკვლებლივ ყველა ვალდებულებაზე. ამასთან, სუბიექტების გაერთიანებით შექმნილი საზოგადოება წარმოშობილად ითვლება გასაერთიანებელი სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმებისა და ახალი ორგანიზაციის რეგისტრაციის მომენტიდან.[24]

10

შერწყმის ანტონიმია რეორგანიზაცია გაყოფით. გაყოფის სამართლებრივი კონსტრუქცია ორი მიმართულებით ვრცელდება. პირველი, ეს არის გამოყოფა. გამოყოფის შემთხვევაში არსებულ ა(ა)იპ-ის გამოეყოფა ერთი ან რამდენიმე ა(ა)იპ ისე, რომ მანამდე არსებული იურიდიული პირი სამართალსუბიექტობას ინარჩუნებს, ხოლო მის ბაზაზე იქმნება კიდევ სხვა იურიდიული პირი (პირები). რეორგანიზაციის შედეგად გამოყოფილი სუბიექტი წარმოშობილად ითვლება ახალი სუბიექტის რეგისტრაციისა და იმ სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მომენტიდან, რომლიდანაც მოხდა მისი გამოყოფა.[25]

11

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს არის დაყოფა. დაყოფის სპეციფიკა არის ის, რომ არსებული ა(ა)იპ, როგორც სამართალსუბიექტი, წყვეტს არსებობას, ხოლო მის ბაზაზე ყალიბდება ორი ან მეტი სამართალსუბიექტი. დაყოფის შედეგად შექმნილი სუბიექტები წარმოშობილად ითვლება მათი პირველადი რეგისტრაციისა და დაყოფილი სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან.[26]

12

გაყოფით რეორგანიზაცია საინტერესოა შედეგობრივი თვალსაზრისით. გაყოფის (გამოყოფა, დაყოფა) დროს კრედიტორთა ინტერესის დაცვის უზრუნველყოფისთვის საკანონმდებლო დონეზეა განსაზღვრული საკითხი, თუ ვინ არის პასუხისმგებელი გაყოფით რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ იმ პასივებზე, რომელიც რეორგანიზაციამდე არსებობდა. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი გაერთიანებები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საზოგადოების გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის, ხოლო თავდაპირველი ორგანიზაციის უფლებამონაცვლე საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით.[27] შესაბამისად, გაყოფით რეორგანიზაციის შემთხვევაში, მესამე პირთა იმ მოთხოვნებზე, რომელიც რეორგანიზაციამდე წარმოიშვა, სოლიდალურად პასუხისმგებელია ყველა ის საზოგადოება, რომელიც რეორგანიზაციის შედეგად იქნა ფორმირებული. სხვაგვარი შეთანხმება პარტნიორთა შორის პასუხისმგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ბათილია.

V. ლიკვიდაცია

13

ლიკვიდაცია განსხვავებულია ა(ა)იპ-ის ფუნქციონირების შეწყვეტისგან,[28] რომელიც რეორგანიზაციისას არსებობის შეწყვეტის გარეშე სრულდება.[29] მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში, ლიკვიდაციის არსი საზოგადოების ქონების ნებაყოფლობით[30] განაწილებაშია,[31] რომლის შედეგთა ინტეგრირება საზოგადოების ორგანიზაციული მართვის სტრუქტურულ ელემენტთა და მისი არსის მაფორმირებელ ორგანულ სუბსტანციურ ნიშანთა ტერმინაციას იწვევს. ლიკვიდაციის პროცესში ხდება კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება და ნარჩენი ქონების უფლებამოსილ პირთა შორის განაწილება.[32]

14

განსხვავებით ა(ა)იპ-ის სამართალსუბიექტის „ფუნქციონალური თამაშის“ დასრულებისკენ მიმართული ბოლო ქმედებისგან (რეორგანიზაციისგან),[33] ლიკვიდაციის ეტაპზე ქრება არსებული ორგანიზაციული წარმონაქმნი (ხდება რეესტრიდან ამოშლა, საიდენტიფიკაციო კოდის დეაქტივაცია),[34] წყდება იურიდიული პირის სტატუსი და ხდება ეკონომიკურ მიმოქცევაში არსებული კაპიტალის ბრუნვიდან ამოღება.[35] სახეზეა დაფუძნების რევერსული პროცედურული ქმედება. „ლიკვიდაცია“ ფუნქციონირების არეალიდან კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით გასვლას გულისხმობს. აღნიშნულ წესებს „მეწარმეთა შესახებ“ კანონი (14) ადგენს, მაგრამ გარკვეულ წესებს დამატებით განსაზღვრავს კოდექსი.

15

ლიკვიდაციის პროცესის დასრულება, შედეგების მხრივ, განსხვავებულია მეწარმეთა კანონით დადგენილი წესებისგან.[36] ა(ა)იპ-ის შემთხვევაში, ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ა(ა)იპ-ის დამფუძნებლების/წევრების მიერ განსაზღვრული უნდა იყოს რეგისტრაციის შესახებ განცხადებით.[37] შესაბამისად, ნარჩენი ქონების მიღების ადრესატი წინასწარ, სპეციალურად უნდა იქნეს განსაზღვრული. ამასთან, თუ მეწარმის ლიკვიდაციის შემთხვევაში ლიკვიდაციის პროცესი შეიცავს არსებული ქონების გასხვისებას, კოდექსი ა(ა)იპ-ის ქონების გასხვისებას სავალდებულო ფაქტორად არ ადგენს. პირიქით, 38 II ლიკვიდაციის პროცესში ქონების გასხვისებას[38] მხოლოდ სამ შემთხვევაში ხდის შესაძლებელს (თუ 1. გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების მიღწევას; 2. გასხვისება ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს; 3. ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს). ლოგიკურია, რომ ლიკვიდაციას თავისი დანიშნულება აქვს. ეს დანიშნულება ლიკვიდაციამდე დასახული და არსებული მიზნის მიღწევის საბოლოო მცდელობაში უნდა იქნეს განსახიერებული. ამიტომ ის ქონება, რაც ა(ა)იპ-ის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდგომ დარჩება, ისევ იმ მიზანს უნდა მოხმარდეს, რაც მას ჰქონდა დასახული. ხოლო თუ ა(ა)იპ-ის საქმიანობა (არ) იყო საქველმოქმედო, მაშინ ასევე დასაშვებია საქველმოქმედო მიზნით ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განკარგვა. აღნიშნული დანაწესი პირდაპირ მიუთითებს ა(ა)იპ-ის ფუნქციონალური დანიშნულების არსზე, რომ არ შეიძლება არასამეწარმეო იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების დამფუძნებლებს/წევრებსა და ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს შორის იქნეს განაწილებული (38 III).

16

ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განკარგვის მესამე შემთხვევას დიფერენცირებული შედეგი განაპირობებს. თუ ა(ა)იპ-ის წევრებმა ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირად განსაზღვრეს სხვა არასამეწარმეო იურიდიული პირი, მაშინ გასხვისებაში გენერალური სუკცესიის გზით მოიაზრება გადაცემაც. ეს უკანასკნელი კი შეიძლება იყოს როგორც სასყიდლიანი, ისე უსასყიდლო.

17

იმ შემთხვევაში, თუ ა(ა)იპ-ის დამფუძნებლებმა/წევრებმა ლიკვიდაციის ნარჩენ ქონებაზე უფლებამოსილი პირი არ განსაზღვრეს, მაშინ სასამართლო ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს ერთ ან რამდენიმე ა(ა)იპ-ს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ ა(ა)იპ-ს ჰქონდა (38 IV). კოდექსის ეს დანაწესი ხაზს უსვამს ა(ა)იპ-ის მიზნებს და ამოდის მისი მიღწევის ყველა მეთოდის დეტალიზაციის პრინციპიდან. ამიტომ, თუ ასეთი იურიდიული პირი (პირები) არ არსებობს, ან შეუძლებელია გამოვლენა ასეთი იურიდიული პირისა (პირების), რომელსაც მსგავსი მიზანი (ანუ არასამეწარმეო მიზანი) და პროფილი ექნება, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებას შეზღუდულ ვადებში იღებს. სასამართლომ აღნიშნული ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.

18

იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას როგორც მეწარმე, ისე არასამეწამეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის შემთხვევაში, ორი განსხვავებული საფუძველი აქვს. პირველი და აპრობირებულია საწარმოს ან ა(ა)იპ-ის დამფუძნებელ/წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე. ასეთი გადაწყვეტილება ხასიათდება ნებაყოფლობითობის მაღალი ხარისხით და ის სრულ თანხვედრაშია დამფუძნებელთა/წევრთა დისკრეციულ უფლებამოსილებასთან.

19

მაგრამ არსებობს ლიკვიდაციის მეორე სახე, ე.წ. იძულებითი ლიკვიდაცია, რომლის შესრულება მხოლოდ სასამართლო გზით არის შესაძლებელი. იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის საფუძველი სასამართლო გადაწყვეტილებაა. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის (1074) მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, რომელშიც სასჯელის სახედ განსაზღვრულია ლიკვიდაცია, სასამართლო ნიშნავს ლიკვიდატორს, რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული პირის ლიკვიდაციას, იურიდიული პირის ლიკვიდაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის[39] შესაბამისად.[40]

20

სასამართლო პროცესის მსვლელობისას იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლების[41] შემოწმება რეორგანიზაცია/ლიკვიდაციასთან დაკავშირებით კოდექსში სპეციფიკურ არის განხილული. კერძოდ, ა(ა)იპ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმისწარმოების შეწყვეტამდე აკრძალულია სალიკვიდაციო და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება (38 V).




  1. ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, II, 2013, გვ. 226.
  2. Palmiter, Corporations, 2006, pp. 591-627.
  3. Gevurtz, Corporation Law, 2010, p. 661.
  4. Fletcher, Fletcher Cyclopedia of the Law of Corporations, Vol. 15, 2008, pp. 546-548.
  5. Gilson/Black, The Law and Finance of Corporate Acquisitions, 1986, p. 450.
  6. იხ. Dickinson (ed.), Federal Income Tax, 2012,, p. 341. მეწარმეთა შესახებ კანონი, 144.
  7. Posner, The Economic Analysis of Law, 2007, p. 409.
  8. ასეთის დარჩენის შემთხვევაში.
  9. „მეწარმეთა შესახებ“ კანონი, მუხ. 14 I.
  10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 1074 I.
  11. იძულებით ლიკვიდაციას იცნობს `მეწარმეთა შესახებ“კანონი, 14¹.
  12. Cox/Hazen, Business Organizations Law, 2011, p. 605; Swartz/Lee, The Corporate, Securities, and M&A Lawyer’s Job, 2007, p. 8.
  13. Cox/Hazen, Treatise on The Law of Corporations, Vol. 4, 2010, pp. 41,42; Fletcher, Fletcher Cyclopedia of the Law of Corporations, Vol. 15, 2008, pp. 43-46.
  14. Jewel Companies, Inc. v. Pay Less Drug Stores 741 F.2d 1555 (9th. Cir. 1984). იხ. Carney, Mergers and Acquisitions, Cases and Materials, 2000, p. 617-625; Hurst/Gregory, Cases and Materials on Corporations, 1999, pp. 681-691.
  15. Ravenscraft/Scherer, Mergers, Sell-offs, & Economic Efficiency, 1987, pp. 129-132.
  16. Halibozek/Kovacich, Mergers and Acquisition Security, 2005, pp. 5, 6.
  17. Cox/Hazen, Business Organizations Law, 2011, p. 605.
  18. ესენია: შერწყმის პოსტტრანსაქციული შედეგები, მართვის სტრუქტურა, აქტივებისა და პასივების ტრანსფერირება და უფლებამონაცვლეობა, ორივე კორპორაციის აქციონერთა უფლებების საკანონმდებლო დაცულობა. იხ. Cox/Hazen, Business Organizations Law, 2011, pp. 604-625; Gilson/Black, The Law and Finance of Corporate Acquisitions, 1986, p. 503-514; Fletcher, Fletcher Cyclopedia of the Law of Corporations, Vol. 15, 2008, §7327-49, pp. 671-694.
  19. Thompson, Business Planning for Mergers and Acquisitions, 2001, pp. 19-21.
  20. Das/Raskhit/Debasish, Corporate Restructuring, 2009, p.66.
  21. Gevurtz, Corporation Law, 2010, p. 676.
  22. Cox/Hazen, Business Organizations Law, 2011, p. 607.
  23. იხ. „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია, 10 XIII.
  24. იხ. იქვე.
  25. იხ. იქვე.
  26. იხ. „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია, 10.
  27. მეწარმეთა შესახებ კანონი, 144 V.
  28. Fletcher, Fletcher Cyclopedia of the Law of Corporations, Vol. 16A, 2012, P. 352-359.
  29. მას სხვაგვარად, „არაგაკოტრებით რეორგანიზაციას უწოდებენ. იხ. Fletcher, Fletcher Cyclopedia of the Law of Corporations, Vol. 15, 2008, p. 544-545.
  30. „ნებაყოფლობითობა” აქციონერთა ნების თავისუფალი გამოვლენით კორპორაციის სალიკვიდაციო რეჟიმში გადაყვანას გულისხმობს, სადაც საკანონმდებლო იძულებითი ლიკვიდაციის წინაპირობები არ არსებობს. იხ. Tabb, Bankruptcy Anthology, 2002, pp. 141-155. ქართული კანონმდებლობა ნებაყოფლობითობის დათქმას „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტში აკეთებს. შდრ. DePamphilis, Mergers, Acquisitions, and Other Corporate Restructuring Activities, 2010, p. 621.
  31. Fletcher, Fletcher Cyclopedia of the Law of Corporations, Vol. 16A, 2012, P. 63-67.
  32. Lopucki/Mirick, Strategies for Creditors in Bankruptcy Proceedings, 2007, pp. 17, 204-207.
  33. Gevurtz, Corporation Law, 2010, p. 661.
  34. Fletcher, Fletcher Cyclopedia of the Law of Corporations, Vol. 14A, 2008, p. 514.
  35. Kuney, Mastering Bankruptcy, 2008, pp. 139-144.
  36. ლიკვიდაციის პროცესის წარმართვის წესებს განსაზღვრავს მეწარმეთა შესახებ კანონი, 14.
  37. იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრირებულ უნდა იქნეს სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში. იხ. „მეწარმეთა შესახებ“ კანონი, 14 II.
  38. აღსანიშნავია, რომ `მეწარმეთა შესახებ~ კანონის (14 V) თანახმად, თუ პარტნიორები არ შეთანხმდებიან საზოგადოების ნატურით გაყოფაზე, მაშინ მთელი ქონება ლიკვიდატორის მიერ უნდა გასხვისდეს აუქციონის წესით ან საბაზრო ფასად, ხოლო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები უნდა განათავსოს სასამართლოს ანდა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.
  39. „კანონმდებლობით დადგენილ წესში“ იგულისხმება „მეწარმეთა შესახებ“ კანონით (14) განსაზღვრული წესები. ამასთან, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი იურიდიული პირის იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის მიმართ გამოსაყენებელ ნორმებზე გადამისამართებას აკეთებს. კერძოდ, იძულებითი ლიკვიდაციისას გამოიყენება „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები. იხ. „მეწარმეთა შესახებ“ კანონი, 141 I.
  40. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, იხ. ოხანაშვილი, იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, სამართლის ჟურნალი, 2/2009, გვ. 183-208.
  41. სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 1071.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_38._არასამეწარმეო_(არაკომერციული)_იურიდიული_პირის_რეორგანიზაცია_და_ლიკვიდაცია&oldid=1190"