Gccc-logo.png


მუხლი 39. არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება)

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 39. არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება)


ირაკლი ბურდული
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება მის წევრთა ურთიერთშეთანხმებით. არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) არ არის იურიდიული პირი.

2. წევრთა საწევრო შესატანები და ამ შესატანებით შეძენილი ქონება შეადგენს არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) საერთო ქონებას.

3. არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) შეიძლება სასამართლოში ან სასამართლოს გარე ურთიერთობებში წარმოდგენილი იყოს თავისი წევრებით ან საამისოდ უფლებამოსილი პირებით.

4. კრედიტორების მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) საერთო ქონებიდან. ამასთანავე, პერსონალურად და, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ აგრეთვე ის პირები, რომლებიც მოქმედებდნენ არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) სახელით.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 — სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3140 — სსმI, №18, 31.05.2006წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3536 — სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.277
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 — სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336

I. ნორმის სტრუქტურა, მიზანი და საგანი

1

კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი — ფიზიკური თუ იურიდიული პირები, — როგორც წინა მუხლების კომენტირებისას აღინიშნა, უფლებუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მატარებელი სუბიექტები არიან. უფლებაუნარიანობა, მიუხედავად მისი სამოქალაქო-სამართლებრივი ინსტიტუციონალური აღქმისა, საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტიცაა, რამდენადაც სოციალურ წარმონაქმნს, აბასტრაქტულ-იურიდიული კონფიგურაციის სამართლებრივი ხარისხიდან გამომდინარე, ანიჭებს ან არ ანიჭებს ლეგიტიმაციას, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ურთიერთობის მონაწილეს სახელმწიფოს მიერ ეძლევა იურიდიული უფლებებისა და მოვალეობების მატარებელი სრულფასოვანი, საკანონმდებლო დონეზე აღიარებული იურიდიული პირის სტატუსი. თუმცა საზოგადოებრივ ურთიერთობაში მრავლად არსებობს შემთხვევები, როდესაც სამოქალაქო ბრუნვაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ერთად, ასევე მონაწილეობენ გარკვეული გაერთიანებები, რომელნიც არ საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან ლეგიტიმაციის გამოვლენას და შესაბამისად, არც იურიდიულ პირებად განიხილებიან. 39-ე მუხლს სწორედ ისეთ წარმონაქმნებზე აქვს ყურადღება გამახვილებული, რომლებიც შესაძლოა არ წარმოადგენენ იურიდიულ პირს, თუმცა სამართლებრივ ურთიერთობაში გამოდიან როგორც პირთა გაერთიანება. მოკლედ, წინამდებარე მუხლი არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) შესახებ აკეთებს აქცენტს. ნორმის კონსტრუქცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ იგი მიზნად ისახავს განსაზღვროს არარეგისტრირებული გაერთიანების სტატუსი; მისი ორგანიზაციული მოწყობა, რომელიც კანონმდებლის მიერ დისპოზიციური რეგულირების რეჟიმით არის გადაწყვეტილი; საწევრო შესატანები; გაერთიანების ვალდებულებათა შესაძლო სპეციფიკიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე. ამასთან ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ნორმა არ შეიცავს არანაირ ბლანკეტურ მინიშნებას სხვა სტრუქტურულად მსგავსი ორგანიზაციების სამართალზე (მომწესრიგებელ ნორმებზე), რაც გარკვეული თვალსაზრისით, რაც ქვემოთ წარმოჩნდება, სირთულეს ქმნის.

II. ცნება

2

დასავლეთის ქვეყნებში არარეგისტრირებული კავშირი, როგორც სამართალურთიერთობის სპეციფიკური წარმონაქმნი — sui generis — ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც თავისებური იურიდიული ინტერაქციით არის დადგენილი და აღიარებული.[1] თუმცა, როგორც ეს ლიტერატურაშია აღნიშნული, არარეგისტრირებული კავშირი პოსტსაბჭოურ სამართლებრივ სივრცეში, მიუხედავად იმისა, რომ მისი „მონაწილეობა სამოქალაქო სამართალში განსაკუთრებულ მოვლენად არც უნდა იქნეს მიჩნეული“,[2] საკმაოდ „უჩვეულო წარმონაქმნია“ და მას საკანონმდებლო დონეზე ამ ქვეყნების მხოლოდ უმცირესობა იცნობს.[3] ასეთ უმცირესობაში შედის საქართველო, რომელიც კანონმდებლობით მინიმალურად მაინც აწესრიგებს მასთან (არარეგისტრირებულ კავშირთან) დაკავშირებულ ურთიერთობას.

3

არარეგისტრირებული კავშირი არის პირთა გაერთიანების სპეციფიკური ფორმა, რომელიც ჩვეულებრივ მონაწილეობს სამოქალაქო ურთიერთობაში, აქვს (შიდა) ორგანიზაციული სტრუქტურა, გამოდის საკუთარი სახელით ბრუნვაში, ანუ დე ფაქტო აკმაყოფილებს იურიდიული პირისათვის დამახასიათებელ მრავალ ნიშანს, თუმცა აკლია სახელმწიფოს მხრიდან ლეგიტიმაცია. იგი[4] 39 I მუხლის ბოლო წინადადების მიხედვით, არ განიხილება იურიდიულ პირად, თუმცა ქართული სასამართლო პრაქტიკით[5] აღიარებულია სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტად. შესაბამისად, პროცესუალურ-სამართლებრივად იგი შეიძლება უფლებაუნარიან სუბიექტთან გათანაბრებულ წარმონაქმნად მივიჩნიოთ.[6] ის, რომ არარეგისტრირებული კავშირი (ნაწილობრივ[7]) უფლებაუნარიანობის მქონეა, ისიც ადასტურებს, რომ მას აქვს საბანკო ანგარიშის გახსნის უფლება.[8] ეს კი მას ფინანსურ-საბანკო ოპერაციებში მონაწილეობის სრულ შესაძლებლობას აძლევს.

4

ქართული სამოქალაქო სამართალი არარეგისტრირებული გაერთიანების რამდენიმე სახეს იცნობს. საერთოდ, ბუნებაში შესაძლოა არარეგისტრირებული გაერთიანება ავტომატურადაც ჩამოყალიბდეს,[9] თუმცა განსახილველ შემთხვევაში ყურადღება გასამახვილებელია ასეთი წარმონაქმნის შექმნის ნებელობით გათვითცნობიერებულ, თავიდანვე საქმიანობის აღნიშნული ფორმით წარმართვის საკითხზე. ამ შემთხვევაში იგულისხმება 930-ე მუხლით გათვალისწინებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება (ე.წ. ამხანაგობა),[10] რომელსაც საფუძვლად უდევს პირთა შეთანხმება (უბრალოდ არარეგისტრირებული კავშირისაგან განსხვავები,თ იგი საქმიანობის მიზნის სხვაგვარი იდეით არის დეტერმინირებული) და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება). ეს უკანასკნელიც, ისევე, როგორც ამხანაგობა, წევრთა ნების ფორმირების საფუძველზე ყალიბდება. თუმცა იგი, როგორც ქვემოთ აღინიშნება, გაერთიანების მიზნის თვალსაზრისით, ამხანაგობისაგან განსხვავებით, საქმიანობის სხვა სპეციფიკას ექვემდებარება. არარეგისტრირებული გაერთიანების შემდეგი (ბოლო) შესაძლებლობა (სახე), რომელსაც სამოქალაქო სამართალი იცნობს, არის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა. თუმცა მას, გამომდინარე იქიდან, რომ „იგი ბინის მესაკუთრეთა ბუნებრივ გაერთიანებას წარმოადგენს“ და რაიმე კონკრეტული მიზნისთვის, როგორც წესი, არ იქმნება, არაიურიდიულ პირს გაერთიანებების ქვეშ არ განიხილავენ ხოლმე.[11] მაგრამ ეს უფრო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ ცალკე კანონის[12] მიღებამდე იქნებოდა დამახასიათებელი. ამ კანონის პირველი, მე-2, ასევე მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გაანალიზების შედეგად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ასეთი ამხანაგობის ფორმის ჩამოყალიბებისას, ასევე გაერთიანების შექმნის ირგვლივ წევრთა ნების ფორმირებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, არაიურიდიული პირი გაერთიანების მახასიათებელი და შემადგენელი ნიშანია. ის, რომ ეს უკანასკნელიც იურიდიული პირის სტატუსის არმქონე კორპორაციათა[13] რიცხვს მიეკუთვნება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის მიზნიდან, განსაკუთრებით 14 I მუხლიდან ჩანს.

III. განსხვავება სხვა (მსგავსი) წარმონაქმნებისაგან

5

გამომდინარე იქიდან, რომ იურიდიული პირის სტატუსის არმქონე გაერთიანებებს შორის სუბსტანციური მსგავსება თვალნათელია, ისმის კითხვა არარეგისტრირებული კავშირის სხვა მსგავსი წარმონაქმნებისაგან, განსაკუთრებით ამხანაგობისაგან, განსხვავების თაობაზე. ამგვარი კონსტრუქციის მქონე ორგანიზაცია წააგავს პირთა პერსონალურ გაერთიანებას — ამხანაგობის ტიპის საზოგადოებას.[14] ამიტომ იურიდიულმა ლიტერატურამ ის დემარკაციული ხაზი გაავლო, რომლის მეშვეობითაც უნდა დადგინდეს ამ განსხვავების ძირითადი პარამეტრები.

პირველი, ეს არის არარეგისტრირებული გაერთიანების შექმნა არასამეწარმეო (ეკონომიკური) მიზნისათვის.[15] მეორე, არარეგისტრირებული კავშირი იდეალური ორგანიზაციაა, რადგან იგი მოგების მიღებაზე ორიენტირებული არ არის, მაშინ, როდესაც ამხანაგობას, როგორც წესი, საფუძვლად უდევს წევრთა შენატანების შედეგად ქონების მაქსიმიზაცია. მესამე, ეს არის პასუხისმგებლობის საკითხი.[16]

6

არარეგისტრირებული კავშირი რეგისტრირებული კავშირისაგან მხოლოდ მისი ლეგიტიმაციის ხარისხით განსხვავდება. სახელმწიფოს მხრიდან რეგისტრაციის ფაქტი ა(ა)იპ-ის, როგორც სამართლებრივი ფორმის, მიმართ სრული უფლებაუნარიანობის დაშვებას საკანონმდებლო დონეზე ახდენს მაშინ, როდესაც არარეგისტრირებული გაერთიანება, როგორც წესი, სამართლებრივი პიროვნულობის არმქონე სუბიექტად მიიჩნევა. იგი ვერ დაფუძნდება ვერც წესდებით და ვერც ხელშეკრულებით და ვერც პასუხისმგებლობის „კავშირისეულ“ კონცეფტს დაუდებს დასაბამს.[17] სხვა მხრივ არარეგისტრირებული გაერთიანება რეგიონული კავშირის სტრუქტურის მსგავსი და მიზნის მსგავსი ორგანიზაციული წარმონაქმნია.

7

კომერციული საზოგადოებებისაგან მისი განსხვავება მარტივია: სამეწარმეო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები სამეწარმეო, კომერციული საქმიანობისა და მიზნის მიღწევისათვის იქმნება. განსხვავებულია მათი მოწყობის ორგანიზაცია, პასუხისმგებლობის, ქონებისა და საკუთრების სამართლებრივი მდგომარეობა. იმ შემთხვევაშიც, თუკი ამხანაგობის ტიპის საზოგადოების მიმართ ამერიკულ კონცეფციას დავეყრდნობოდით,[18] განსხვავების ქვაკუთხედი მაინც ეკონომიკურ და არაეკონომიკურ (იდეალურ) მიზნის მქონე სუბიექტებს შორის დემარკაციული ხაზი იქნებოდა.

IV. ქონება

8

ქონების ფორმირება არარეგისტრირებულ კავშირში წესდების ან ხელშეკრულების ჩანაწერს ეფუძნება. არარეგისტრირებული გაერთიანების საწესდებო, სახელშეკრულებო ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე, შესატანის ოდენობას, მისი განხორციელების წესსა და ვადას, შეტანაუნარიანი ობიექტების დადგენის კრიტერიუმებს, ისევე, როგორც ქონების შექმნისა და გამოყენების შემდგომ წესებს,[19] გაერთიანების შიდაორგანიოზაციული სახელშეკრულებო თავისუფლება განსაზღვრავს.

9

„გაერთიანების ქონების ძირითად წყაროს წევრთა საწევრო შესატანები“[20] და ამ შესატანების შევსების შედეგად შეძენილი სიკეთე[21] წარმოადგენს.[22] თუმცა ქონების ფორმირება (მაქსიმიზაცია) ასევე შეიძლება განხორციელდეს გაერთიანების შემდგომი საქმიანობის შედეგად. მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ არარეგისტრირებული კავშირის ქონება „საერთო ხელის საკუთრებად“,[23] საერთო ქონებად მიიჩნევა და ამას პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრისთვისაც აქვს მნიშვნელობა.[24] ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მეწარმე სუბიექტების მიმართ აღიარებული კონცეფციებისა და პრინციპების დაშვებას არარეგისტრირებული კავშირისთვის ნაკლებად თუ ექნებოდა გამოყენების დაშვების საფუძველი. მაგალითად, დამატებითი საწევრო შესატანების დადგენის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც ვალდებულებით-სამართლებრივ სანქციასთან ერთად კორპორაციულ-სამართლებრივი შედეგის დადგომის ტოლფასი შეიძლება გამხდარიყო;[25] და სხვ.

V. წარმომადგენლობა, მართვა

10

არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) შიდაორგანიზაციული მოწყობა, მისი სტრუქტურა თავად ამ წარმონაქმნის წესდებით ან ხელშეკრულებით განისაზღვრება.[26] სწორედ ეს იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ ამგვარი გაერთიანების მართვის სისტემაც, მათ შორის, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებისა და წარმომადგენლობის (შიდა) საკითხები, რომლებიც კანონმდებლობით გაწერილი სახით არ არის ჩამოყალიბებული, არარეგისტრირებული კავშირის წევრთა შეთანხმების შედეგად არის ფორმულირებული და გაფორმებული წესდების ან ხელშეკრულების სახით. მოკლედ, მართვის სისტემისთვის კანონმდებლობის დისპოზიციური მოწესრიგების რეჟიმია დადგენილი და იგი სრულად გადატანილია საწესდებო ავტონომიის თავისუფლებაზე. ეს ნიშნავს, რომ წევრებზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ ხელმძღვანელობით მოდელს აირჩევენ ისინი,[27] რა პირობებს დაადგენენ ამ (ხელმძღვანელ) თანამდებობაზე მისაღები პირისთვის, როგორ განსაზღვრავენ მათი პასუხისმგებლობის სამართლებრივ საკითხებს, რა კრიტერიუმებზე დააფუძნებენ ამ პირთა ანაზღაურებას და ა.შ., ანუ ამ შემთხვევაში საუბარია გაერთიანების შიდაორგანიზაციული მართვის მოწყობის სისტემაზე. თუმცა უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ურიგო არ იქნებოდა ამ თვალსაზრისით არარეგისტრირებულ კავშირზე, უფრო სწორედ, მის მართვის სისტემაზე რეგისტრირებული კავშირისთვის (არაკომერციული იურიდიული პირისთვის) დამახასიათებელი, მომწესრიგებელი ნორმების გავრცელება. ამ საკითხის პოლიტიკურ-სამართლებრივი თვალით დანახვა 39-ე მუხლის მინიშნებითი ხასიათის დათქმას გაითვალისწინებდა, როგორც ეს, მაგალითად, გერმანულ სამოქალაქო კოდექსშია მოცემული.[28] მაგრამ იმასაც უნდა მიექცეს ყურადღება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული რეფორმის შედეგად თავად ა(ა)იპ-ის მართვის სტრუქტურა გახდა წესდებაზე დამოკიდებული. ამიტომ კაუტელაურ პრაქტიკაში არარეგისტრირებულ კავშირზე რეგისტრირებული არაკომერციული იურიდიული პირისთვის დადგენილი მართვის მოდელის გადატანა არანაირ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.

11

არარეგისტრირებული კავშირის ხელმძღვანელობის (შიდა) სისტემისაგან განსხვავებით, გარესამართლებრივ წარმომადგენლობას, ანუ გაერთიანების სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში, კანონი გარკვეულ მოცემულობას უკავშირებს. კერძოდ, 39 III მუხლის შესაბამისად, არარეგისტრირებულ გაერთიანება სასამართლო და სასამართლოს გარე ურთიერთობაში შეიძლება წარმოდგენილი იყოს მისი წევრებით ან წევრების მიერ დანიშნული გარიგებით-სამართლებრივი წარმომადგენლით. ამ შემთხვევაში კანონის ფორმულირება „შეიძლება... წარმოდგენილი იყოს“ — არ გახლავთ დისპოზიციური ხასიათის. სიტყვა შეიძლება კატეგორიულად განსაზღვრავს იმ შემთხვევას, როდესაც შიდა საზოგადოება გარე საზოგადოების ნიშნებს იძენს, რაც მესამე პირებთან გაერთიანების სახელით გარიგებების დადებას ითვალისწინებს, და ამ დროს არარეგისტრირებულ კავშირს, როგორც გარე საზოგადოების ბუნების მქონე წარმონაქმნს, წარმომადგენლობითი ფუნქციის განმხორციელებელი პირი ესაჭიროება. ამიტომ ამ ფუნქციას, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, მხოლოდ არარეგისტრირებული გაერთიანების წევრები (ერთობლივი წარმომადგენლობა) ან საამისოდ უფლებამოსილი პირები (პირი[29]) განახორციელებენ.

VI. კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება, პასუხისმგებლობა

12

როგორც ურთიერთობის მონაწილე, არარეგისტრირებული კავშირი დებს გარიგებებს, შედის სამართალურთიერთობაში და, შესაბამისად, შესაძლოა მესამე პირს მის მიმართ გარკვეული მოთხოვნები აღეძრას. გაერთიანების მიმართ სამართლებრივად გამართლებული, საფუძვლიანი მოთხოვნის წაყენების ლოგიკური შედეგი, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. ამიტომ 39 IV მუხლი სწორედ იმას აწესრიგებს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილება. მოთხოვნის დაკმაყოფილების პირველადი წყარო, როგორც წესი, არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) საერთო ქონებაა, ანუ საწევროების განხორციელების შედეგად შეკრებილი, თუ შემდგომი საქმიანობით კონცენტრირებული, ფორმიებული ქონება. თუმცა სამოქალაქო კოდექსი ამავდროულად წევრთა სოლიდარულ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. ეს კი, როგორც წესი, იმ შემთხვევას უკავშირდება, როდესაც ქმედება გაერთიანების სახელით არის განხორციელებული.[30]




  1. სწორედ ასეთი არარეგისტრირებული გაერთიანებების „სამართლებრივ ფორმას“ იცნობდა ადრეული მსოფლიო, სანამ კაცობრიობა თანამედროვე კორპორაციულ რეჟიმებს, გაერთიანებებს არ შექმნიდა. ისინი, იურიდიული პირის დეფინიციის წარმოშობამდე, სავაჭრო წარმონაქმნების სახით გვიან შუა საუკუნეებამდე იყვნენ გავრცელებული. ამ საკითხების შესახებ იხ.: Fleckner, The Max Plank Encyclopedia of European Private Law, Volume I, Oxford University Press 2012, pp. 282; იქვე: Hopt, p. 252 და მომდ.; Rehme, P., Geschichte des Handelsrechts, Berlin 1913, S. 14 ff.
  2. 'ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 277.
  3. Chanturia, Knieper/Chanturia/Schramm, Das Privatrecht im Kaukasus und in Zentralasien. Bestandsaufnahme und Entwicklung, BWV, 2010, S. 102.
  4. როგორც ამას მრავალი ევროპული ქვეყანა აღიარებს, არ არის უფლებაუნარიანობის მქონე სუბიექტი. იხ.: Katschinski, in Semler/Stengel (Hrsg.), UmwG, 3. Aufl., 2012, §99 Rn. 42 ff.
  5. საქ. უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 22 თებერვლის # 3კ/599 გადაწყვეტილება. მაგ., გერმანიის ფედერალური უმაღლესი სასამართლოს პრაქტიკით (რაც სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის § 50 განმარტებას უკავშირდება), იგი აქტიური საპროცესო უნარიანობის სუბიექტადაც განიხილება. ამასთან, (გარე) სამოქალაქო სამართლის საზოგადოებასთან მიმართებაში (GesbR. მასთან დაკავშირებით იხ. მაგ., Windbichler, Gesellschaftsrecht, 23. Aufl., 2013, §2 Rn. 13-15; Saenger, Gesellschaftsrecht, 2010, §2 Rn. 38 f; ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, I, 2010, გვ. 122-124) აქტიური და პასიური საპროცესო უნარიანობა არარეგისტრირებული გაერთიანებისა რამდენიმე წელია უკვე აღიარებულია: BGHZ 146, 343 f. იხ. ასევე: BGH-ის 2007 წ. 2 ივლისის N II ZR 111/05 გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება (გამოქვეყნებულია: DNotZ 2008, 144 f.). უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის ფედერალური უმაღლესი სასამართლოს პრაქტიკა, ისევე, როგორც გერმანული დოგმატიკა, ამ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის რეფორმის შედეგად ჩამოყალიბებულ 50-ე პარაგრაფის მე-2 აბზაცს ეფუძნება, რომელმაც „არაუფლებაუნარიან კავშირს“ (გერმანული ტერმინოლოგიით - nicht rechtsfähiger Verein) არა მხოლოდ პასიური, არამედ სრული საპროცესო უნარიანობა მიანიჭა. იხ.: MüKo/Reuter, BGB, 6. Aufl., 2012, §54 Rn. 20. 2009 წლის კავშირის სამართლის აღნიშნულ რეფორმამდე სასამართლო პრაქტიკა და იურიდიული ლიტერატურა ამასთან დაკავშირებით იურიდიულ საზოგადოებას განსხვავებულ დიქოტომიას სთავაზობდა. არარეგისტრირებული კავშირის უძრავი ქონების საკუთრებაუნარიანობის, მემკვიდრეობაუნარიანობის, გარდაქმნაუნარიანობის შესახებ იხ.: MüKo/Reuter, BGB, 6. Aufl., 2012, §54 Rn. 21-23, 25-30.
  6. პასიური საპროცესო (უფლება)უნარიანობის გათვალისწინებით.
  7. შესაძლოა ნახმარი იყოს ასევე ტერმინი „შეზღუდული“. ამის არგუმენტირებისთვის საკითხის გერმანული შემხებლობა გამოდგებოდა, რადგან არარეგისტრირებული კავშირის (გარე) სამოქალაქო სამართლის საზოგადოებასთან გაიგივების დაშვების გზით (BGHZ, NJW 2001, S. 1058-59), იგი „შეზღუდულ უფლებაუნარიან“ სუბიექტად მიიჩნეოდა. ის, რომ არარეგისტრირებული კავშირი შეიძლება „იურიდიული პირის ხარისხის“ მქონე წარმონაქმნად წარმოჩნდეს, ეჭვს არ იწვევს. გერმანულ დოგმატიკაზე შემდგომი მითითებით იხ.: Westermann, in Ermann, BGB, 12. Aufl., 2008, §54 Rn. 1. ამას ისიც ადასტურებს, რომ არარეგისტრირებული კავშირის მიმართ პირდაპირ გამოიყენება სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები სამოქალაქო სამართლის საზოგადოების (ჩვენი გაგებით ამხანაგობის) მიმართ. შესაბამისად, წმნიდა „პირთა გაერთიანებისთვის“ (ამხანაგობისთვის) უფლებაუნარიანობის აღიარებას ლოგიკური შედეგი არარეგისტრირებული კავშირისთვისაც უნდა ჰქონდეს. MüKo/Reuter, BGB, 6. Aufl., 2012, §54 Rn. 18. გერმანული (ადრე მოქმედი) სამართალი საუბრობს ასევე არარეგისტრირებული კაშვირის „შეზღუდული სამართალსუბიექტობის“ თაობაზეც. MüKo/Reuter, BGB, 6. Aufl., 2012, §54 Rn. 17. ამიტომ არასწორი უნდა იყოს არარეგისტრირებული კავშირის არაუფლებაუნარიან სუბიექტად წარმოჩენა, როგორც ამას ზოგიერთი ავტორი აკეთებს. პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, მუხ. 39, გვ. 293.
  8. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 45. გვ. 155; ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 1997, გვ. 275-276.
  9. ასეთად შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ე.წ. Implied (Partnership) Gesellschaft. Merkt/Göthel, US-amerikanisches Gesellschaftsrecht, 2. Aufl., Rn. 134.
  10. ვრცლად იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 278 და მომდ.
  11. როგორც ამას ჭანტურია აკეთებს. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 277.
  12. საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“, სსმ 29, 27.07.2007.
  13. კორპორაცია აქ ზოგადი გაგებით მოიაზრება.
  14. Chanturia, Knieper/Chanturia/Schramm, Das Privatrecht im Kaukasus und in Zentralasien. Bestandsaufnahme und Entwicklung, BWV, 2010, S. 103.
  15. მრავალი დასავლური ქვეყანა ამ თვალსაზირისით განასხვავებს იდეალური მიზნის მქონე არარეგისტრირებულ გაერთიანებას და ეკონომიკური მიზნის მქონე არარეგისტრირებულ კავშირს (მაგ., გერმანია). ამასთან, შესაძლებელია სახეზე იყოს არარეგისტრირებული კავშირისა და საზოგადოების შერეული ფორმები, რომლის დროსაც შესაძლებელი იქნება კავშირისა (როგორც ეკონომიკური აქტივობის განმახორციელებლი სუბიექტისა) და საზოგადოების (ამხანაგობის) სამართლის ნორმების ურთიერთგამოყენება. ამას გერმანულ სამართალში ორი მოვლენა განაპირობებს: ერთი არის ის, რომ თავად კავშირი შესაძლოა დაიყოს „ქვეარარეგისტრირებულ კავშირად“, თუკი იგი ხანგრძლივი ვადით (ან უვადოდ) არის შექმნილი, აქვს (ქვე) ორგანიზაციული სტრუქტურა და საკუთარი სახელწოდება. მეორე, გახლავთ საკანონმდებლო ტექნიკა, რომელსაც გერმანული სამართალი იყენებს. კერძოდ, არარეგისტრირებული კავშირის მიმართ შესაძლოა გამოიყენებოდეს (სამოქალაქო სამართალის) საზოგადოების (705 და მომდევნო პარაგრაფები), ასევე, კავშირის სტრუქტურის მომწესრიგებელი ნორმები, როდესაც კომენტატორულ ლიტერატურაში მის მიმართ გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 21-ე და მომოდევნო პარაგრაფების გამოყენებაზე მიუთითებენ. იხ.: Westermann, in Ermann, BGB, 12. Aufl., 2008, §54 Rn. 2, 5. ეს კი, ამ საკითხის ქართულ რელობაში გადმოტანის დაშვების შემთხვევაში, გარკვეულ სირთულეებს წარმოაჩენს. ძირითადად კი ეს დაკავშირებული იქნება თავად ნორმის (39-ე მუხ.) საკანონმდებლო კონსტრუქციაზე, რადგან სხვა ნორმებზე გადამისამართების ფუნქციის მატარებელი ეს უკანასკნელი არ არის.
  16. გამოყენებულია ჭანტურიას მიხედვით, შინაარსობრივი ჩამონათვალი უცვლელად არის დატოვებული. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 45. გვ. 156; ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 1997, გვ. 276.
  17. Westermann, in Ermann, BGB, 12. Aufl., 2008, §54 Rn. 3.
  18. მხედველობაშია სრული ამხანაგობის არაიურიდიული პირის სტატუსი, მისი დაურეგისტრირებლობა სახელმწიფო (შტატის) რეესტრში (secretary of state), რაც ამ სამართლებრივი ფორმის აბსტრაქტულ-ნორმატიული თვალსაზრისით არაუფლებაუნარიან გაერთიანებად განხილვის საწინდარია.
  19. კანონმდებლობით დადგენილი გარკვეული შემთხვევების გათვალისწინებით.
  20. უფრო სწორედ, შენატანები. შესატანის/შენატანის თაობაზე: ჭანტურია/ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, 2002, მუხ. 3, გვ. 46 და მომდ.; ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, I, 2010, გვ. 178 და მომდ.
  21. Chanturia, Knieper/Chanturia/Schramm, Das Privatrecht im Kaukasus und in Zentralasien. Bestandsaufnahme und Entwicklung, BWV, 2010, S. 103.
  22. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 287.
  23. Gesamthandvermögen. Raiser/Veil, Recht der Kapitalgesellschaften, 5. Aufl., 2010, S. 9-10.
  24. პასუხისმგებლობის თაობაზე ქვემოთ (VI).
  25. ამ საკითხის წმინდად სამეწარმეო (ორგანიზაციული) სამართლებრივი მიდგომის შესახებ შედარებისთვის იხ.: ბურდული, შენატანის განუხორციელებლობის სამართლებრივი შედეგი: უტოპიური შეხედულება სს-იდან პარტნიორის გარიცხვის შესახებ, სამართლის ჟურნალი, 1-2/2010, გვ. 18-54, განსაკუთრებით გვ. 41 და მომდ.
  26. Chanturia, Knieper/Chanturia/Schramm, Das Privatrecht im Kaukasus und in Zentralasien. Bestandsaufnahme und Entwicklung, BWV, 2010, S. 102-103; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 287.
  27. იქნება ეს საკუთარი თუ უცხო ორგანოს კონცეფციაზე დაფუძნებული ხელმძღვანელობა. MüKo/Reuter, BGB, 6. Aufl., 2012, §54 Rn. 33.
  28. BGB §54.
  29. მიუხედავად იმისა, რომ კანონის ტექსტი მრავლობით რიცხვში ხმარობს „პირებს“, ნორმის ლოგიკური განმარტების შედეგად უნდა გაკეთდეს დასკვნა, რომ ამ დროს ერთპიროვნული გარიგებით-სამართლებრივი წარმომადგენლობაც შეიძლება იყოს სახეზე.
  30. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 45. გვ. 155.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_39._არარეგისტრირებული_კავშირი_(გაერთიანება)&oldid=1205"