Gccc-logo.png


მუხლი 4. სამოქალაქო საქმეების განხილვისას მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმის...

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 4. სამოქალაქო საქმეების განხილვისას მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ სამართლის ნორმა არ არსებობს, ან იგი ბუნდოვანია.

2. სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას კანონის გამოყენებაზე იმ მოტივით, რომ მას კანონის ნორმა უსამართლოდ ან არაზნეობრივად მიაჩნია.

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი და ფუნქცია

1

თავისი ბუნებით მე-4 მუხლის ნორმა საპროცესო-სამართლებრივია და სამოქალაქო საქმეების განხილვისას მოსამართლის მოქმედების პრინციპებს განამტკიცებს. მიუხედავად ამისა, მსგავსი ნორმები ზოგიერთი ქვეყნის სამოქალაქო კოდექსებშიცაა განმტკიცებული, მაგალითად, საფრანგე- თის სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლი, რომლის მიხედვითაც შემუშავდა ქართული ნორმაც.[1]

ნორმის მიზანია სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების უწყვეტად ფუნქციონირების უზრუნველყოფა საკანონმდებლო ხარვეზების არსებობის მიუხედავად. საერთო სამართლის ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს მართლმსაჯულების ფუნქციონირებას კანონების არსებობის გარეშეც.[2]

2

მიუხედავად მე-4 მუხლის საპროცესო-სამართლებრივი ბუნებისა, ის განა მტკიცებს მართლმსაჯულების განხორციელების მატერიალურ-სამართლებრივ ასპექტს. კერძოდ, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არარსებობა ან მისი ბუნდოვანება არ წარმოადგენს სასამართლოში შემოსული დავის განუხილველად დატოვების საფუძველს. განსახილველი დავის განუხილველად დატოვების საპროცესოსამართლებრივ წინაპირობებს ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (185-187).

სამართლებრივი პოლიტიკის თვალსაზრისით მე-4 მუხლი მნიშვნელოვან დებულებას შეიცავს და სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი სტაბილურობის ერთ-ერთ სამართლებრივ გარანტიას განამტკიცებს: საკანონმდებლო ხარვეზებისა და კანონშემოქმედების დონის მიუხედავად, სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულება უწყვეტად უნდა განხორციელდეს.

2. ნორმის ადრესატები

3

მე-4 მუხლში განმტკიცებული ვალდებულების სუბიექტს წარმოადგენს მოსამართლე. ნორმა ეხება სამოქალაქო საქმეების განმხილველი ყველა ინსტანციის სასამართლოს, მიუხედავად იმისა, საქმის განხილვა ხორციელდება ერთპიროვნულად თუ კოლეგიურად.

4

მე-4 მუხლის თანახმად, მოსამართლედ არ უნდა იქნეს მიჩნეული საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრი, რადგან საარბიტრაჟო სასამართლოები კერძო ავტონომიისა და სახელშეკრულებო თავისუფლების საფუძველზე იქმნება და მათი ფუნქცია არ არის სახელმწიფო მართლმსაჯულების განხორციელება.[3] ისინი დავის გადაწყვეტის ვალდებულებას ხელშეკრულების, ე.წ. საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე კისრულობენ და კონსტიტუციით გათვალისწინებული მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულება მათ არ ეკისრებათ.[4]

5

მოსამართლის მიერ კანონის გამოყენება ყველა შემთხვევისათვის ერთდროულად წარმოადგენს როგორც მის უფლებას, ისე მოვალეობას.[5] იმავდროულად, მოსამართლემ უნდა იცოდეს გამოსაყენებელი კანონი (მე-3 მუხლის კომენტარი).

II. მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის დაუშვებლობა (4 I)

1. ცნება და მნიშვნელობა

6

კონტინენტური ევროპის სამართლის ტრადიციის შესაბამისად, მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული კანონის საფუძველზე. გადაწყვეტილებაში მოსამართლე უთითებს არა მარტო კონკრეტულ კანონს ან მის ნორმას, არამედ ასაბუთებს მოცემული ნორმის გამოყენების მიზანშეწონილობასა და აუცილებლობას, მის საფუძველზე ახდენს ფაქტობრივიგარემოებების იურიდიულ შეფასებას.[6] პრობლემა წარმოიშობა კონკრეტული დავის გადასაწყვეტი კანონის ნორმის არარსებობის ან ბუნდოვნობის შემთხვევაში.

კანონის ნორმის არარსებობის მოტივით საქმის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს.[7] ე.წ. მართლმსაჯულების გაკოტრებას[8] სამოქალაქო კოდექსი არ უშვებს. მე-4 მუხლის თანახმად, კონკრეტულ საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება მაშინაც უნდა მიიღოს, როცა არ არსებობს შესაბამისი კანონი. ამ ამოცანის განხორციელებას ემსახურება მისთვის კანონისა და სამართლის ანალოგიის ინსტრუმენტების მიცემა (5).

7

მართლმსაჯულების განხორციელებაზე შესაძლო უარის ორ შესაძლო საფუძველს ითვალისწინებს 4 I მუხლი: შესაბამისი ნორმის არარსებობა და ნორმის ბუნდოვნობა.

2. ნორმის არარსებობა

8

4 I მუხლის შესაძლო გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა არის კანონის ხარვეზი, ე.ი. კანონის ნორმის არარსებობა, რაც მოსამართლეს აძლევს არა მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის უფლებას, არამედ აკისრებს მას ხარვეზის შევსების ვალდებულებას.[9]

კანონის შესაბამისი ნორმის არარსებობის შემთხვევაში წარმოიშობა ანალოგიური კანონის (კანონის ანალოგია) გამოყენების ვალდებულება (5 I). ანალოგიური ნორმის არარსებობა საფუძველი ხდება სამართლის ანალოგიის გამოყენებისათვის (5 II).

შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არარსებობა მოსამართლეს არც ერთ შემთხვევაში არ აძლევს დავის ღიად დატოვების უფლებას.

3. ნორმის ბუნდოვანება

9

არც მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ბუნდოვნობის შემთხვევაში თავისუფლდება მოსამართლე დავის გადაწყვეტის ვალდებულებისაგან. კანონის ბუნდოვანი ადგილები კანონის განმარტების საფუძველზე უნდა დაზუსტდეს და ეს არ აძლევს მოსამართლეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის უფლებას.

კანონის ხარვეზის შევსება შეადგენს მოსამართლის ამოცანას, რასაც იგი ნორმის განმარტებისა და სამოსამართლო სამართლის ნორმების ჩამოყალიბების საფუძველზე ქმნის.[10] კანონის ნორმის გამოყენებისას მოსამართლე ფაქტობრივად ახორციელებს კანონის განმარტებას, აზუსტებს მის ცალკეულ დებულებებს და ა.შ.

III. კანონის გამოყენების ვალდებულება (4 II)

1. ცნება და მნიშვნელობა

10

მოქმედი კანონების ცოდნის გარდა (3), ძალაში მყოფი კანონის გამოყენება მოსამართლის კონსტიტუციური მოვალეობაა.

ყოველი კონკრეტული დავა მოსამართლემ კანონის კონკრეტული ნორმის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს. მოსამართლის ვალდებულებაა დავის მონაწილეთა მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლის მოძებნა.[11] კოდექსის ყველა ნორმა არ შეიცავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს.[12] ამიტომ მოსამართლის გადასაწყვეტია, თუ რომელი ნორმის საფუძველზე უნდა გადაწყდეს დავა. მოთხოვნის საფუძვლის სწორად შერჩევა მოსამართლის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა.[13]

აღიარებული შეხედულების თანახმად, რომელსაც მე-4 მუხლიც იზიარებს, „მოსამართლე ვალდებულია, მასთან მისული ყველა სადავო საკითხი კანონიდან გამომდინარე გადაწყვიტოს. მას არა აქვს უფლება უარი თქვას დავის გადაწყვეტაზე“.[14] მოსამართლემ დავა უნდა გადაწყვიტოს ზუსტი საკანონმდებლო რეგულირების არსებობის მიუხედავად.[15]

2. კანონის კონსტიტუციურობის შემოწმება

11

მოსამართლეს უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმარ- თოს კანონის კონსტიტუციურობის, ე.ი. კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შესამოწმებლად და შეაჩეროს საქმისწარმოება.[16] საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის ფორმას და წესს განსაზღვრავს კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.[17]

საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის ნორმის კონსტიტუციურობის შესამოწმებლად მიმართვა მართლმსაჯულების განხორციელების ნაწილია და ეს არ წარმოადგენს უარს მართლმსაჯულების განხორციელებაზე.

3. კანონის ნორმის უსამართლობა ან არაზნეობრიობა

12

სამართლიანობის ან ამორალურობის მოტივით კანონის გამოყენებაზე უარის უფლება მოსამართლეს არა აქვს. მოსამართლის ამოცანა არ არის კანონის სამართლიანობის ან ზნეობრიობის შეფასება. იმ შემთხვევაშიც, როცა კანონი, მოსამართლის აზრით, უსამართლოა ან მორალის ნორმებთან შეუსაბამო, ის ვალდებულია გამოიყენოს ეს კანონი.

თუ კანონი იმდენად უსამართლო და ამორალურია, რომ საეჭვოა მისი შესაბამისობა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებთან, მაშინ მოსამართლეს აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინებით მიმართვის უფლება.




  1. „მოსამართლე, რომელიც უარს იტყვის საქმის განხილვაზე კანონის ხარვეზის, მისი ბუნდოვნობის ან არასაკმარისობის საბაბით, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბრალეულად მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმაში“: Французский гражданский кодекс: учебно-практический комментарий. - Москва.: Проспект, 2008 г.
  2. შდრ. Schnitzer, Vergleichende Rechtslehre, Bd. II, 2. Aufl., 1961, S. 443.
  3. ცერცვაძე, საერთაშორისო არბიტრაჟი, 2008, გვ. 30-33.
  4. ჭანტურია, კერძო მართლმსაჯულება _ სახელმწიფო მართლმსაჯულების კონკურენტი თუ მისი რაციონალური დამატება, დავით ფურცელაძე 110, საიუბილეო კრებული, სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები. 2012, გვ. 635-647.
  5. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2011, გვ. 107.
  6. ლილუაშვილი/ხრუსტალი, საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის კომენტარი, 2007. მუხ. 249, გვ. 442.
  7. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 66.
  8. შდრ. Schnitzer, Vergleichende Rechtslehre, Bd. II, S. 448.
  9. ჯორბენაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 4, გვ. 33.
  10. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 69. შდრ. Staudinger/Coing/Honsell, Einl. I zum BGB, 2004, Rn. 124.
  11. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 130-132.
  12. შდრ. ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი, სკ-ის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, გვ. 105-137.
  13. ჩაჩავა, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, 2011, გვ. 18.
  14. შდრ. Staudinger/Coing/Honsell, Einl. I zum BGB, 2004, Rn. 121.
  15. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 68.
  16. საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 6 II მუხლი.
  17. საქმისწარმოების შეჩერებისა და კონსტიტუციური წარდგინების მიმართვის პროცედურის შესახებ იხ. ლილუაშვილი/ხრუსტალი, საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის კომენტარი, მუხ. 6, გვ. 12-13.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_4._სამოქალაქო_საქმეების_განხილვისას_მართლმსაჯულების_განხორციელებაზე_უარის_თქმის...&oldid=735"