Gccc-logo.png


მუხლი 5. კანონისა და სამართლის ანალოგია

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 5. კანონისა და სამართლის ანალოგია


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია).

2. თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად (სამართლის ანალოგია).

3. სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები (საგამონაკლისო ნორმები) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.

I. ზოგადი დებულებანი

1. მიზანი და გამოყენების სფერო

1

მე-5 მუხლის მიზანი არის მოსამართლისათვის მე-4 მუხლით დაკისრებული კანონის გამოყენებისა და მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულების შესასრულებლად აუცილებელი სამართლებრივი ინსტრუმენტების მიცემა. კანონისა და სამართლის ანალოგია კანონის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა მაშინაც, როცა კანონი ხარვეზს შეიცავს ან მოსაწესრიგებელ შემთხვევას პირდაპირ არ ითვალისწინებს.

2

კანონის ხარვეზი კანონის საკანონმდებლო პროცესის ბუნებრივ თანამდევ მოვლენად[1] ანდა სამართლის განვითარებისათვის აუცილებელ წინაპირობად[2] ითვლება. ურთიერთობის მომწესრიგებელი კონკრეტული ნორმის არარსებობისას მე-5 მუხლი მოსამართლეს ანალოგიური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის გამოყენების უფლებას აძლევს.

3

ანალოგია გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტული ურთიერთობის მოსაწესრიგებელი ნორმა გამოსაყენებელ კანონში არ არის. შესაბამისად, მოსამართლე უნდა დარწმუნდეს ასეთი ნორმის არარსებობაში. კანონის ხარვეზი ობიექტურად უნდა არსებობდეს. კანონის ნორმის არცოდნა არ აძლევს მოსამართლეს ანალოგიით სხვა ნორმის გამოყენების უფლებას. უზენაესი სასამართლოს აზრით, კანონის ანალოგიით ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ სასამართლო დარწმუნდება იმაში, რომ კანონში პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მოსაწესრიგებელი ურთიერთობა.[3]

4

ანალოგიის ადრესატი არის მოსამართლე. მხოლოდ მას შეუძლია სამართალგამოყენების ამ მეთოდით სარგებლობა. ამ გაგებით მე-5 მუხლი შეიცავს მოსამართლის ქცევის სტანდარტს.[4] სხვა თანამდებობის პირს ან სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელს უფლება არა აქვს გამოიყენოს კანონის ან სამართლის ანალოგია.

5

ანალოგიად არ მიიჩნევა შემთხვევა, როცა კანონი შეიცავს მითითებას სხვა ნორმაზე და ამ ნორმის გამოყენებაზე. მაგალითად, 138-ე მუხლი მიუთითებს 139-ე და 140-ე მუხლების გამოყენებაზე.

2. ცნებები

6

მე-5 მუხლი ერთმანეთისაგან განასხვავებს კანონისა და სამართლის ანალოგიას. მათ ლეგალურ დეფინიციას შეიცავს როგორც სამოქალაქო კოდექსი, ისე საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ (მე-5 მუხლი).

კანონის ანალოგიად მიიჩნევა „კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში“ ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმის გამოყენება (5 I).

სამართლის ანალოგია გამოიყენება კანონის ანალოგიის, ე.ი. მსგავსი ურ- თიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმის არარსებობის შემთხვევაში და გულისხმობს ურთიერთობის მოწესრიგებას სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე (5 II).

II. გამოყენების წინაპირობები

1. კანონის ანალოგიის

7

აღიარებული შეხედულების თანახმად, ანალოგიის გამოყენების წინაპირობა არის კანონის ე.წ. დაუგეგმავი, ე.ი. წინასწარ გაუთვალისწინებელი არასრულყოფილება.[5] იმ შემთხვევებში, როცა კანონმდებელს ურთიერთობა მოწესრიგების გარეშე შეგნებულად აქვს დატოვებული, კანონის ანალოგია არ გამოიყენება. ამიტომ უნდა შემოწმდეს, დაგეგმილ ხარვეზთან გვაქვს საქმე თუ არა.

ანალოგიის წესით შეიძლება მხოლოდ ძალაში არსებული ნორმის გამოყენება. ძალადაკარგული კანონის ნორმების გამოყენება ანალოგიით დაუშვებელია,[6] თუნდაც ძალადაკარგული კანონის ნორმა სრულყოფილად აწესრიგებდეს ამ ურთიერთობებს.

ანალოგიური ნორმა შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე. ამიტომ მოსამართლის მიზანშეწონილობაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ნორმას გამოიყენებს ანალოგიით. მიუხედავად ამისა, ყოველი ნორმა „ყველაზე უფრო მსგავს ურთიერთობას“ უნდა აწესრიგებდეს.

8

ნორმა ანალოგიურია თუ არა, უნდა გადაწყდეს ნორმის განმარტების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, განმარტება და ანალოგია სამართლის მეთოდოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტებია.[7] ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ კანონისა და სამართლის ანალოგიის საკითხების განხილვა, როგორც წესი, ხდება ნორმათა განმარტების მეთოდებისა და სახეების განხილვის პარალელურად.[8]

კანონის ანალოგიის წესით ანალოგიური ნორმის გამოყენებისას მნიშვნელოვანია კანონის მიზნის განსაზღვრა, რადგან სწორედ კანონის მიზანი იძლევა პასუხს კითხვაზე, შეიძლება თუ არა მოსაწესრიგებელი ურთიერთობის მიმართ ანალოგიური ნორმის გამოყენება.

2. სამართლის ანალოგიის

9

კანონის ანალოგიისაგან განსხვავებით, სამართლის ანალოგიის გამოყენება უფრო რთულია, რადგან მოსამართლეს ამ დროს დავის გადაწყვეტა უწევს არა კონკრეტული, თუნდაც ანალოგიური ნორმის საფუძველზე, არამედ სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს.

სამართლის ანალოგიის გამოყენების არსებითი წინაპირობაა კანონის კონკრეტული ნორმის არარსებობა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა დავის გადაწყვეტა.

10

სამართლის ანალოგიის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მოსამართლეს უწევს აბსტრაქტული ცნებებითა და კატეგორიებით ოპერირება. სამართლის ზოგად პრინციპებთან ერთად, დაკონკრეტებას მოითხოვს სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის ცნებებიც.

III. ანალოგიის გამოყენების დაუშვებლობა

1. საგამონაკლისო ნორმები

11

სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსი საგამონაკლისო ნორმებს უწოდებს (5 III) და მათი გამოყენება ანალოგიის წესით დაუშვებელია. თუმცა დაზუსტებას საჭიროებს თვითონ სპეციალური ურთიერთობებისა და მათი მომწესრიგებელი ნორმების ცნება. ჩვეულებრივ, ასეთი ნორმები კანონმდებლის მიერ ექსკლუზიურად მიიღება და კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებას ისახავს მიზნად.[9]

ლიტერატურაში გაკრიტიკებულია კანონმდებლის ასეთი მკაცრი მიდგომა საგამონაკლისო ნორმების ანალოგიით გამოყენების აკრძალვის მიმართ. ამ მოსაზრების მიხედვით, მოსამართლის გადასაწყვეტი უნდა იყოს ანალოგიით ნებისმიერი ნორმის გამოყენების საკითხი.[10]

საგამონაკლისო ნორმის მაგალითად უთითებენ 624-ე მუხლს, რომლის მიხედვით სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა წერილობითი ფორმის არარსებობისას არ შეიძლება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით დადგინდეს. ამ წესის გამოყენება სხვა ხელშეკრულებების მიმართ არ შეიძლება.[11]

2. სასამართლო პრაქტიკა

12

სასამართლო პრაქტიკა ხშირად აწყდება საგამონაკლისო ნორმების განმარტებისა და მათი კვალიფიკაციის საკითხებს.

13

შრომის-სამართლებრივი კონტრაქტის მიმართ სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენების საკითხზე უზენაესმა სასამართლომ შემდეგი განმარტება გააკეთა: „სპეციალური ხასიათის ნორმა, რომელიც სპეციალურ სუბიექტთა ურთიერთობას აწესრიგებს, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სპეციალური ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ანალოგიის სახით, ხოლო, რაც შეეხება ზოგად ნორმებს, რომლებიც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სივრცეში ზოგადი ხასიათის დებულებებს შეიცავს, ისინი გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური ურთიერთობების მოწესრიგების დროს, თუ აღნიშნული ურთიერთობების მოწესრიგებას სპეციალური კანონი არ ითვალისწინებს“.[12]

14

უზენაესმა სასამართლომ 832-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. სუბროგაციის წესი[13] დაახასიათა როგორც საგამონაკლისო ხასიათის ნორმა, რომელიც სპეციალურ ურთიერთობებს არეგულირებს და დაუშვებლად მიიჩნია მისი გამოყენება პირადი დაზღვევის მიმართ ანალოგიის წესით რეგრესული მოთხოვნის დასასაბუთებლად.[14]

15

საგამონაკლისო ნორმად ჩათვალა უზენაესმა სასამართლომ მეწარმეთა შესახებ კანონის 32-ე მუხლი, რომელიც აწესრიგებს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და მის პარტნიორებს შორის ურთიერთობას, და დაუშვებლად მიიჩნია ანალოგიის წესით მისი გამოყენება შპს-სა და მის პარტნიორებს შორის ურთიერთობაზე.[15]

16

უზენაესმა სასამართლომ სპეციალურ საგამონაკლისო ნორმად ჩათვალა 274 IV მუხლი და გირავნობა შეწყვეტილად არ მიიჩნია განაჩენის საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასულ გირავნობით დატვირთულ ავტომანქანაზე.[16]

ანალოგიის წესით დაუშვებელია ვადებთან დაკავშირებით საპროცესო ნორმის გამოყენება მატერიალურ სამართალში, – აღნიშნა უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის ანალოგიით გამოყენების საკითხის შემოწმებისას.[17]




  1. MüKo/Säcker, BGB, 4. Aufl., 2001, Rn. 61.
  2. Knieper, Gesetz und Geschichte, 1996, S. 139-141.
  3. საქ. უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-321-306- 2013.
  4. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 64.
  5. Coing/Honsell in Staudinger BGB, Eckpfeiler des Zivilrechts, B. Einleitung, 2010, Rn. 61.
  6. შდრ. Larenz/Wolf, AT, §4, Rn. 80.
  7. Coing/Honsell in Staudinger BGB, Eckpfeiler des Zivilrechts, B. Einleitung, 2010, Rn. 61.
  8. მაგ., თუმანიშვილი, შესავალი საქართველოს კერძო სამართალში, 2012, გვ. 23-29.
  9. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 63.
  10. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 63.
  11. პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, თბილისი, 2014, გვ. 106.
  12. სუსგ სამოქ. 1/2008, გვ. 21.
  13. დაწვრილებით იხ. მოწონელიძე, სუბროგაცია როგორც მზღვეველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, 2015, სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
  14. საქ. უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის №ას-663-624-2011 განჩინება, გვ. 72: http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/kr201211.pdf
  15. საქ. უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-771-732- 2013.
  16. საქ. უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-743-699- 2012.
  17. საქ. უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1595-1498- 2012.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_5._კანონისა_და_სამართლის_ანალოგია&oldid=754"