Gccc-logo.png


მუხლი 50. ცნება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 50. ცნება


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

I. ზოგადი დებულებანი

1. გარიგების ცნება და მნიშვნელობა

1

გარიგება სამოქალაქო სამართლის ცენტრალურ ინსტიტუტს წარმოადგენს.[1] იგი კერძო ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების განხორციელების მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტია. გარიგება, როგორც კერძო სამართლის უზოგადესი ცნება, გამოიყენება არა მხოლოდ სამოქალაქო სამართალში, არამედ კერძო სამართლის სხვა ნაწილებში, მაგალითად, საკორპორაციო ან საავტორო სამართალში. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილის ნორმები გარიგებათა შესახებ ვრცელდება ყველა სახის კერძოსამართლებრივ ურთიერთობებზე, მაგალითად, ქორწინება, ანდერძი, საერთო კრების გადაწყვეტილებები და ა.შ.

2

საბაზრო ეკონომიკის პირობებში გარიგება კერძო საკუთრებასთან ერთად ეკონომიკის სამართლებრივი საფუძველია. კომერციული საქმიანობის მონაწილეებს გარიგება აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ერთმანეთს შორის ურთიერთობები სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ურთიერთშეთანხმებით მოაგვარონ. კანონით დადგენილი პირობების დაცვისას სახელმწიფო კერძო პირთა ამ შეთანხმებას სავალდებულო ძალას ანიჭებს.

50-ე მუხლი შეიცავს გარიგების ლეგალურ დეფინიციას, რომლის თანახმად გარიგება არის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ მიმართული ნების გამოვლენა.[2]

2. გარიგება, როგორც ნების გამოვლენა

3

ნების გამოვლენა გარიგების დეფინიციის აუცილებელი ელემენტია.[3] ამ გაგებით ნების გამოვლენა არის სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გარეგნული გამოხატვა კანონით დადგენილი ფორმით. ამით სამოქალაქო კოდექსი გარიგების რეგულირებისას ნების თეორიას ეყრდნობა.[4]

შინაგანი ნების გამოხატულებით გარიგების მონაწილენი აფიქსირებენ იმ მიზანს, რომლის მიღწევაც სურთ და ამისათვის კანონით განსაზღვრულ სამართლებრივ საშუალებებს იყენებენ.[5]

სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან.[6] ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები — მატერიალური თუ ფორმალური. მატერიალურ წინაპირობებს განეკუთვნება ნების გამომვლენი პირის გონებრივი შესაძლებლობები (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო ფორმალურს — ნების გამოვლენის კანონით დადგენილი ფორმის დაცვა (ნების გამოვლენა წერილობით, ზეპირად, ნოტარიუსის მონაწილეობით, კანონის შესაბამისად და ა.შ.).[7] მაგალითად, 63-ე მუხლის მიხედვით არასრულწლოვანის მიერ ავტომანქანის ყიდვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ბათილია.

4

სამართლებრივი შედეგის მისაღწევად ყოველთვის არ არის საკმარისი მხოლოდ გარიგების მონაწილეთა ნების გამოვლენა და აუცილებელი ხდება მესამე პირების ნების გამოვლენაც, მაგალითად, უძრავი ნივთის შეძენა მხოლოდ მაშინაა ნამდვილი, თუკი შემძენი დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ წარმოადგენს გარიგების ფორმის შემადგენელ ელემენტს, რასაც სასამართლო პრაქტიკაც აღიარებს,[8] რეესტრის გარეშე საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე არ წარმოიშობა. ამ თვალსაზრისით რეესტრში რეგისტრაცია არის რეალაქტი.

გარიგების ნამდვილობისათვის მესამე პირთა ნების გამოვლენის აუცილებლობის მაგალითებია ასევე წარმომადგენლის მონაწილეობით გარიგების დადება (103-114) ანდა თანხმობა გარიგებებში (99-102).

3. სამართლებრივი შედეგი — ნების გამოვლენის მიზანი

5

ყოველგვარი ნების გამოვლენა არ წარმოადგენს გარიგებას. ნების გამოვლენის მიზანი უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომა. 50-ე მუხლის მიხედვით ეს სამართლებრივი შედეგი გამოიხატება სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაში, შეცვლასა და შეწყვეტაში. მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიზანია მყიდველის მიერ საკუთრების შეძენა ნასყიდობის საგანზე.

6

სირთულეებთან არის დაკავშირებული გარიგების მსგავსი ნების გამოვლენის გამიჯვნა გარიგებებისაგან, რომლებიც გარეგნულად ჰგვანან ნების გამოვლენას, მაგრამ არ წარმოადგენენ გარიგებას, რადგან უშუალოდ არ იწვევენ სამართლებრივი შედეგის დადგომას, მაგალითად, დამატებითი ვადის დანიშვნა (394 II), შეტყობინება (374), გაფრთხილება (379) და ა.შ. თუმცა მათი ნამდვილობის მიმართ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში გარიგების მომწესრიგებელი ნორმები გამოიყენებოდეს.

7

ნების გამოვლენას 50-ე მუხლის მიხედვით არ წარმოადგენენ რეალური აქტები, ე.ი. მოქმედებები, რომლებიც მიმართულია ან გარიგების შესასრულებლად, ან გარიგებისაგან დამოუკიდებლად იწვევენ სამართლებრივ შედეგს. პირველის მაგალითია, გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნაყიდი ნივთი გადაცემა მფლობელობაში, ხოლო მეორის — 194-ე მუხლით გათვალისწინებული საკუთრების წარმოშობა მოძრავი ნივთების შერწყმის შედეგად.

8

გარიგებას არ წარმოადგენს ასევე ნების გამოვლენა, რომელიც ზნეობრივ ვალდებულებებს წარმოშობს, მაგალითად, აეროპორტში მანქანით მიყვანის ან სასტუმროს ხარჯების გადახდის შეთავაზება. რელევანტურია იმის გარკვევა, თუ რა სამართლებრივ შედეგს იწვევს ზნეობრივი ვალდებულების დარღვევა, მაგალითად, აეროპორტში არწაყვანა და თვითმფრინავის ბილეთების გაუქმებითა და არშემდგარი შვებულებით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება.

ზემოთ განხილულ გამიჯვნათა სამართლებრივი მნიშვნელობა გამოიხატება ორ გარემოებაში: პირველი, წარმოშობს თუ არა ნების გამოვლენა სამართლებრივ ვალდებულებას, რომლის შესრულებაც შეიძლება მოითხოვოს ნების გამოვლენის ადრესატმა; მეორე, გამოიყენება თუ არა გარიგების ნამდვილობის წესები ამ ურთიერთობის მიმართ და რა მოცულობით.

II. გარიგების სახეები

1. ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგებები

9

50-ე მუხლის თანახმად სამართლებრივი შედეგის დადგომა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ცალმხრივმა, ისე ორმხრივმა ან მრავალმხრივმა ნების გამოვლენამ. ამრიგად, გარიგება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე ნების გამოვლენისაგან. აქედან გამომდინარე, რელევანტურია გარიგებების კლასიფიკაცია და დახასიათება ნების გამოვლენათა რაოდენობის მიხედვით ცალმხრივ, ორმხრივ და მრავალმხრივ გარიგებებად.

ა. ცალმხრივი გარიგება

10

ცალმხრივია გარიგება, რომლის ნამდვილობისათვის საკმარისია ერთი ნების გამოვლენის არსებობა, მაგალითად, ანდერძი ან ხელშეკრულების შეწყვეტა (მოშლა). რადგან სამართლებრივი შედეგის დადგომა მხოლოდ ერთი პირის ნებაზეა დამოკიდებული, რამაც სამართლებრივ სტაბილურობას შეიძლება საფრთხე შეუქმნას, კანონი დეტალურად აწესრიგებს ცალმხრივ გარიგებებსა და მათი გამოყენების წინაპირობებს.

11

ცალმხრივი ნების გამოვლენით გამოწვეული სამართლებრივი შედეგი შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ ნების გამომვლენს ან მესამე პირს. ამის მიხედვით კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს ცალმხრივ გარიგებებს, რომელთაც ნამდვილობისათვის სჭირდებათ ნების გამოვლენის მიღება მესამე პირის მიერ (51 I), და გარიგებებს, რომელთაც ასეთი ნების მიღება არ სჭირდებათ. ცალმხრივი გარიგებების ამ დაყოფას ე.წ. თავისთვის და მესამე პირისათვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგი უკავშირდება — ნების გამოვლენის ნამდვილობა. მართალია, ცალმხრივი გარიგებით მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის მესამე პირის თანხმობა აუცილებელი არ არის, მაგრამ მან, სულ ცოტა, უნდა შეიტყოს უფლებამოსილი პირის განზრახვის შესახებ. მაგალითად, ბინის დამქირავებელმა უნდა შეიტყოს, რომ დამქირავებელი წყვეტს ქირავნობის ხელშეკრულებას (51 I, 555). მესამე პირის (ხელშეკრულების კონტრაჰენტის) მიერ ნების მიღების მომენტს კონსტიტუტიური მნიშვნელობა აქვს — ნების გამოვლენა ნამდვილია და სამართლებრივი შედეგი დგება, მაგალითად, ქირავნობის ხელშეკრულება წყდება. ამიტომ ასეთი გარიგებები ნამდვილია ადრესატისათვის ნების გამოვლენის მისვლის მომენტიდან.[9]

ბ. ორმხრივი გარიგებები

12

ორმხრივია გარიგება, რომლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის აუცილებელია, სულ ცოტა, ორი შინაარსობრივად ერთმანეთის თანამთხვევადი ნების გამოვლენა. ორმხრივი გარიგების კლასიკური მაგალითია ხელშეკრულება. ამ გაგებით ხელშეკრულება ყოველთვის ორმხრივი ან მრავალმხრივი გარიგებაა.[10]

13

ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია ორი თანამთხვევადი ნების გამოვლენის — ოფერტისა და აქცეპტის — არსებობა. ოფერტიც (წინადადება ხელშეკრულების დადების შესახებ — შეთავაზება) და აქცეპტიც (ამ წინადადების მიღება), ორივე წარმოადგენს ნების გამოვლენას, მაგრამ ცალ-ცალკე არ იწვევს სამართლებრივი შედეგის დადგომას. ამიტომ არც ოფერტი და არც აქცეპტი ცალმხრივ გარიგებებად არ მიიჩნევა.[11] ოფერტისა და აქცეპტის თანამთხვევადობა — კონსენსუსი[12] — უზრუნველყოფს სამართლებრივი შედეგის დადგომას. თუ მათ შორის არსებობს განსხვავება, ხელშეკრულება არ დაიდება. მაგალითად, მყიდველი და გამყიდველი შეთანხმდნენ ნასყიდობის ყველა პირობაზე, გარდა ფასისა. ამის გამო ხელშეკრულება ჯერ არ ითვლება დადებულად.

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება ორმხრივი გარიგებაა, თავის მხრივ, ხელშეკრულება შეიძლება იყოს ცალმხრივი და ორმხრივი. ცალმხრივია ხელშეკრულება, როცა ის მხოლოდ ერთ მხარეს აკისრებს მოვალეობას ან ანიჭებს უფლებას, მაგალითად, ჩუქება. ორმხრივი ხელშეკრულების დროს მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ როგორ უფლებები, ისე მოვალეობებიც, მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში.

გ. მრავალმხრივი გარიგებები

14

მრავალმხრივი გარიგების გავრცელებული ფორმაა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება არა გამოვლენილ ნებათა კონსენსუსის საფუძველზე, არამედ გამოვლენილ ნებათა უმრავლესობის მიერ.[13] გადაწყვეტილებათა მიღების პირობები და პროცედურა ჩვეულებრივ კანონით განისაზღვრება, მაგალითად, აქციონერთა საერთო კრების მიერ გადაწყვეტილებების მიღება ხდება მეწარმეთა შესახებ კანონის საფუძველზე. არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილების მიღება გათვალისწინებული იყოს კონსენსუსითაც. სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ხმების უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს მრავალმხრივი გარიგების ნაირსახეობას.[14]

გადაწყვეტილებების, როგორც მრავალმხრივი გარიგებების, თავისებურება შეიძლება იმაშიც გამოიხატოს, რომ ისინი შეიძლება მბოჭავი და სავალდებულო გახდეს იმ პირთათვისაც, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ამ გადაწყვეტილების მიღებაში, მაგალითად, საზოგადოების წესდება იმ პარტნიორებისათვის, რომლებიც მოგვიანებით გახდნენ საზოგადოების პარტნიორები, ანდა საერთოდ წინააღმდეგი იყვნენ ამ გადაწყვეტილების მიღების, მაგალითად, კენჭისყრაში მონაწილეთა უმცირესობა.[15]

2. მავალდებულებელი და განკარგვითი

15

მავალდებულებელია გარიგება, რომლითაც პირი (მოვალე) კისრულობს რაიმე მოქმედების შესრულების ან შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულებას სხვა პირის (კრედიტორის) წინაშე, მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი იღებს ვალდებულებას გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე (477 I).

16

მავალდებულებელი გარიგება შეიძლება იყოს ცალმხრივი (მაგალითად, ჯილდოს საჯაროდ დაპირება) ან ორმხრივი (მაგალითად, ნასყიდობა, იჯარა, გადაყიდვა და ა.შ.).

ვალდებულებით სამართალში არსებული ყველა ხელშეკრულება არ წარმოადგენს მავალდებულებელ გარიგებას, მაგალითად, ვალის პატიება (448-451).[16]

17

განკარგვითია გარიგება, რომლითაც უფლებამოსილი პირი ცვლის უკვე არსებულ უფლებას იმით, რომ უარს ამბობს ამ უფლებაზე, მაგალითად, უძრავი ნივთის მესაკუთრის მიერ უარის თქმა საკუთრებაზე (184). განკარგვა გულისხმობს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.[17] ნივთის განკარგვაც იურიდიულად ნიშნავს ამ ნივთზე უფლების, მაგალითად, საკუთრების, განკარგვას.[18]

მავალდებულებელი გარიგებებისაგან განსხვავებით, განკარგვით გარიგებებს ორი მნიშვნელოვანი თავისებურება ახასიათებს: პირველი, განკარგვა შეიძლენა კონკრეტული საგნის ან უფლების (განსაზღვრულობის პრინციპი) და მეორე, განმკარგველი პირი უნდა იყოს უფლებამოსილი პირი, ე.ი. მას უნდა ჰქონდეს განკარგვის უფლებამოსილება.[19] არაუფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული განკარგვა ბათილია (102). სანივთო განკარგვების მიმართ გამოიყენება დამატებით საჯაროობის პრინციპი,[20] მაგალითად, მფლობელი ივარაუდება მესაკუთრედ ან რეესტრის ჩანაწერი მიიჩნევა სწორად და ა.შ.

3. კაუზალური და აბსტრაქტული

18

კაუზალურია გარიგება, თუკი მისგან გამომდინარეობს სამართლებრივი საფუძველი, ე.წ. causa და გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია ამ საფუძვლის ნამდვილობაზე. მაგალითად, უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემისათვის აუცილებელია მისი სამართლებრივი საფუძვლის — ნასყიდობა, ჩუქება, გაცვლა და ა.შ. მითითება. თუ ეს საფუძველი ბათილია, მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის წერილობით გაფორმებული, მაშინ გარიგება მთლიანად ბათილია და შემძენი მესაკუთრე ვერ გახდება.

19

სამართლებრივი საფუძვლის მნიშვნელობის მაგალითია 56 I მუხლით გათვალისწინებული მოჩვენებითი გარიგება, რომელიც გარიგებას ბათილად აღიარებს მხოლოდ იმის გამო, რომ სამართლებრივი საფუძველი არ არის სწორად მითითებული, მაგალითად, მითითებულია ჩუქება, სინამდვილეში კი ნასყიდობაა.

20

აბსტრაქტული გარიგების ნამდვილობისათვის გარიგების სამართლებრივ საფუძველს მნიშვნელობას არ ანიჭებს და გარიგების ნამდვილობა დამოუკიდებელია ამ სამართლებრივი საფუძვლის ნამდვილობაზე. მაგალითად, 925 I მუხლის თანახმად, საორდერო ფასიანი ქაღალდის (მაგალითად, ჩეკის) ჩაბარების სანაცვლოდ გადახდის მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი საფუძველი უდევს მას. ასევე, მოთხოვნის დათმობისას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა საფუძვლითა და მიზნით ხდება მოთხოვნის დათმობა, ე.ი. მას საფუძვლად შეიძლება ედოს ჩუქება, ნასყიდობა, გაცვლა და ა.შ.

აბსტრაქტულ გარიგებებად ჩვეულებრივ მიიჩნევა განკარგვები, თუმცა აბსტრაქტული შეიძლება იყოს ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგებებიც, მაგალითად, ვალის არსებობის აღიარება (341) ან ზემოთ დასახელებული საორდერო ფასიანი ქაღალდების გამოყენება.[21]

21

აბსტრაქტული გარიგება არ არის აბსტრაქციის პრინციპის იდენტური. აბსტრაქციის პრინციპის დროს მავალდებულებელი გარიგების არსებობა სანივთო გარიგების არსებობის წინაპირობაა, თუმცა ნამდვილობის თვალსაზრისით მისგან დამოუკიდებელი. აბსტრაქტული გარიგების დროს ასეთი წინაპირობის არსებობა კაუზალური გარიგების სახით არ მოითხოვება. მაგალითად, აბსტრაქტციის პრინციპის დროს საკუთრების გადაცემისათვის მხოლოდ სანივთო გარიგების დადება არ არის საკმარისი. აუცილებელია ნასყიდობის ან სხვა კაუზალური გარიგების დადებაც. მაგრამ, თუ კაუზალური გარიგება ბათილი აღმოჩნდება, ეს ავტომატურად არ იწვევს სანივთო გარიგების ბათილობას, რომლითაც მოხდა საკუთრების გადაცემა შემძენზე.[22]

4. სასყიდლიანი და უსასყიდლო

22

სასყიდლიანია გარიგება, რომელშიც გარიგების ერთი მონაწილის მიერ ნაკისრ ვალდებულებას შეესაბამება მეორე მონაწილის საპასუხო შესრულება — ეკვივალენტი. მაგალითად, ნასყიდობისას ნასყიდობის საგნის სანაცვლოდ მყიდველი გამყიდველს უხდის ამ საგნის საფასურს.

23

უსასყიდლო გარიგების დროს გარიგების ერთი მონაწილე კისრულობს ვალდებულების შესრულებას ისე, რომ ამისთვის სანაცვლოს (ეკვივალენტს) არ იღებს მეორე მხარისაგან, მაგალითად, ჩუქების დროს.

5. გარიგებათა სხვაგვარი კლასიფიკაცია

24

გარიგებების კლასიფიკაცია შეიძლება სხვა კრიტერიუმებითაც: ქონებრივი ან პირადი, საოჯახო-სამართლებრივი, ვალდებულებით-სამართლებრივი ან სანივთო-სამართლებრივი გარიგებები (მაგალითად, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვება) და ა.შ. ამა თუ იმ ინსტიტუტის მოთავსება სანივთო სამართალში არ იწვევს მის თაობაზე დადებული გარიგების გადაქცევას სანივთო გარიგებად, მაგალითად, იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენს ვალდებულებით-სამართლებრივ და არა სანივთო გარიგებას, მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკა აბსოლუტური სანივთო უფლებაა.[23] სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით კორექტირებას მოითხოვს.[24]




  1. ქართულ სამოქალაქო სამართალში გარიგების ცნების შემოღების თაობაზე იხ. ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითადი პრობლემები, 1994, გვ. 149; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 50, გვ. 165-166; ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 1997, გვ. 307-311 და ა.შ.
  2. შდრ. დსთ-ის მოდელურ სამოქალაქო კოდექსს, რომლის თანახმად გარიგება არის მოქმედება. ჭანტურია, ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 291.
  3. Köhler, BGB Allgemeiner Teil, 36. Aufl., 2012, §3 Rn. 5.
  4. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 50, გვ. 166.
  5. საქ. უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 6 თებერვლის #ას-1435-1450-2011 განჩინება.
  6. საქ. უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 6 თებერვლის #ას-1435-1450-2011 განჩინება.
  7. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 292.
  8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის # 2ბ/3325-11 გადაწყვეტილება.
  9. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 202; დაწვრილებით იხ. მუხ. 51 I კომენტ.
  10. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 203.
  11. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 303.
  12. Kötz/Flessner, Europäisches Vertragsrecht, Bd. 1, 1996, S. 23-26.
  13. ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის კანონმდებლობა გადაწყვეტილებებს არ მიიჩნევს გარიგებად. იხ. ამასთან დაკავშირებით: ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 302.
  14. საქ. უზენაესი სასამართლოს 2013 წელის 22 ივლისის # ას-598-569-2013 გადაწყვეტილება.
  15. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 205.
  16. შდრ. გერმანულ სამართალში: Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 207.
  17. მაგ. გერმანულ სამართალში: Larenz/Wolf, AT des bürg. Rechts, 9. Aufl., 2004, § 23 IV 1 Rn. 35.
  18. Tuhr, AT des bürg. Rechts, 1957, Bd. 2/1, S. 242.
  19. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 209-210.
  20. ანალოგიურად გერმანულ სამართალში: Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 209-211.
  21. შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 215.
  22. დაწვრილებით გერმანულ სამართალში აბსტრაქციის პრინციპების შესახებ იხ.: Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 220-241.
  23. იხ. ამასთან დაკავშირებით: ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 61.
  24. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის # ას-1283-1538-09 გადაწყვეტილება, სუს სამოქალაქო საქმეებზე 10/2012, გვ. 98-102.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_50._ცნება&oldid=1239"