Gccc-logo.png


მუხლი 51. ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 51. ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობა


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.

2. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს.

3. ნების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების დამდები პირის გარდაცვალებამ ან ამ კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულმა შემთხვევამ, თუ ეს მოვლენა ნების გამოვლენის შემდეგ მოხდა.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 — ვებგვერდი, 31.03.2015წ.

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი და გამოყენების სფერო

1

51-ე მუხლი აწესრიგებს მხოლოდ იმ ნების გამოვლინებებს, რომელთა ნამდვილობისათვის აუცილებელია ნების გამოვლენის მიღება მეორე მხარის მიერ (მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა). სათაურის მიუხედავად, ეს მუხლი გამოიყენება როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლინებების მიმართ, სადაც ფიგურირებს მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა,[1] მაგალითად, ხელშეკრულების დასადებად მიმართული ნების გამოვლინებები — ოფერტი და აქცეპტი.[2] გადამწყვეტი არის გამოვლენილი ნების მიღების სავალდებულობა ადრესატის მიერ, რომ ამან გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგის დადგომა, ე.ი. ნების გამოვლენის ნამდვილობა.[3]

2

მართალია, 51-ე მუხლის შინაარსი ნებისმიერი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის მიმართ გამოიყენება, მაგრამ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალმხრივი გარიგებებისათვის.[4] ჩვეულებრივ, ცალმხრივ გარიგებათა ნამდვილობისათვის საკმარისია ერთი პირის ნების გამოვლენა. მაგალითად, ანდერძი ნამდვილია მისი შედგენის მომენტიდან და მნიშვნელობა არა აქვს, მემკვიდრეები მიიღებენ ანდერძს თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ ცალმხრივ გარიგებებში ერთი პირის მიერ ნების გამოვლენას უკვე შეუძლია სამართლებრივი შედეგის გამოწვევა, კანონით დადგენილ შემთხვევებში ამ შედეგის დადგომისათვის სავალდებულოა გარიგების მეორე მონაწილის მიერ ნების გამოვლენის მიღება (მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა).[5]

3

51-ე მუხლი გამოიყენება მხოლოდ მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის მიმართ, ე.ი. იმ ნების გამოვლენის მიმართ, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას. მოითხოვს თუ არა ნების გამოვლენა მეორე მხარის მიერ მის მიღებას, კანონიდან უნდა გამომდინარეობდეს. მაგალითად, 59 II 2 მუხლის თანახმად, შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ (ანუ შეცილების განცხადება უნდა მიუვიდეს მეორე მხარეს), გამქირავებლის წინადადება ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის შესახებ უნდა მიიღოს დამქირავებელმა და ა.შ.

4

იმის გამო, რომ ნების გამოვლენის სამართლებრივი შედეგი შესაძლოა საზიანო იყოს გარიგების მეორე მონაწილისათვის, 51 I მუხლი მოითხოვს გამოვლენილი ნების მისვლას ადრესატამდე და განსაზღვრავს დროის მომენტს, როცა ნება ჩაითვლება მისულად და შესაბამისად, იწვევს მის ნამდვილობას. ასეთ მომენტად მიიჩნევა ადრესატის მიერ ნების გამოვლენის მიღება.

5

ნორმა არ აკონკრეტებს, ეხება იგი არათანმყოფ თუ თანმყოფ პირებს შორის განხორციელებულ ნების გამოვლენას, რაც ორივე ვითარებაში მისი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.[6] თუმცა ზოგიერთი გამონაკლისის გათვალისწინებით იგი ძირითადად არათანმყოფ პირებს შორის ნების გამოვლენის მიმართ გამოიყენება.[7]

6

თანმყოფ პირებს შორის ურთიერთობებში 51 I მუხლის გამოყენება შესაძლებელია მაშინ, როცა კომუნიკაცია გარიგების მონაწილეებს შორის ენის არცოდნის ან ყრუ-მუნჯობის გამო გართულებულია. მაგალითად, გარიგების მეორე მხარემ არ იცის ის ენა, რომელზეც ხდება ნების გამოვლენა. ასეთ შემთხვევაში მისთვის ინფორმაციის ზეპირად მიწოდება არ ჩაითვლება ნების მისვლად.[8]

7

51-ე მუხლი გამოიყენება გარიგების მსგავსი ნების გამოვლინებების მიმართაც, მაგალითად, შეტყობინება, გაფრთხილება, ვადის დანიშვნა და ა.შ., თუკი მათი ნამდვილობისათვის აუცილებელია მეორე მხარის მიერ ნების გამოვლენის მიღება.[9]

2. ნამდვილობის წინაპირობები

8

მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა:

პირველი, გამოხატული ნება უნდა შეიცავდეს სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილს. მაგალითად, ნების გამოვლენა არ იქნება ნამდვილი, თუკი მდივანი შეცდომით გაუგზავნის ადრესატს შეცილების მომზადებულ პროექტს.[10] გარდა ამისა, ეს ნება უნდა იყოს ნების გამომვლენისათვის მბოჭავი და სავალდებულო:[11] ადრესატის მიერ ამ ნების მიღების შემთხვევაში ნების გამომვლენმა უნდა შეასრულოს გამოვლენილ ნებაში გათვალისწინებული ვალდებულება, მაგალითად, შეასრულოს ხელშეკრულების მოშლით გამოწვეული ვალდებულება.

მეორე, ნება მიმართული უნდა იყოს ადრესატისაკენ, მაგალითად, ნების გამოვლენა არ იქნება ნამდვილი, თუკი ადრესატი მედიით შეიტყობს იმის შესახებ, რომ გარიგების მონაწილე წყვეტს მასთან ურთიერთობას.

3. დისპოზიციური ნორმები

9

51-ე მუხლის ნორმები დისპოზიციურია და გარიგების მონაწილეებს შეუ- ძლიათ სხვა რამეზე შეთანხმდნენ.[12] მაგალითად, შეუძლიათ განსაზღვრონ, რომ ნების გამოვლენა ნამდვილია არა ადრესატთან მისვლის, არამედ ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

51-ე მუხლი გამოიყენება მაშინ, როცა მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან და ადრესატის მიერ ნების მიღების საკითხი სადავოა.

II. ნების გამოვლენის მისვლა

1. ნების მისვლა

10

51 I მუხლი განამტკიცებს ნების მიღების თეორიას,[13] რომლის თანახმად ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია გამოვლენილი ნების მისვლა ადრესატამდე. არა აქვს მნიშვნელობა, ადრესატი ეთანხმება გამოვლენილ ნებას თუ არა. მაგალითად, ბინის დამქირავებელს შეიძლება არც სურდეს ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა, მაგრამ, თუ არსებობს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველი, გამქირავებელს უფლება აქვს დადგენილი ვადის დაცვით შეატყობინოს დამქირავებელს ქირავნობის მოშლის შესახებ. ასევე, მინდობილობის გაუქმების შესახებ ნების გამოვლენა ძალის მქონე იქნება, თუკი იგი მიუვა იმ პირს, რომლის მიმართაც ჰქონდა ადგილი წარმომადგენლობას.[14]

11

კანონი არ განსაზღვრავს „ნების მისვლის“ ცნებას. ამიტომ ნების მისვლის მომენტის დადგენისათვის მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის ან იურიდიული ლიტერატურის გამოცდილების გათვალისწინება. ლიტერატურაში შემოთავაზებული დეფინიციის თანახმად ნება მიღებულად ჩაითვლება, თუ იგი მოხვდა „მიმღების ძალაუფლების სფეროში“.[15] ნების გამოვლენა მისულად ჩაითვლება, როცა დოკუმენტი, რომელშიც გამოხატულია ნება, აღმოჩნდება ადრესატის ხელში.[16]

12

ნება მისულად ჩაითვლება, თუკი ნების მატარებელი საშუალება (მაგალითად, წერილი) ადრესატის ზემოქმედების სფეროში[17] მოექცევა და მას აქვს ნორმალურ ვითარებაში ამ ნების გაცნობის შესაძლებლობა, მაგალითად, საფოსტო ყუთში წერილის მოთავსება, ელექტრონული წერილის (მაილის) ან ფოსტის მიღება. არა აქვს მნიშვნელობა ადრესატი ამ შეტყობინებას წაიკითხავს თუ არა.[18] მთავარია იმის ვარაუდი, რომ იგი დაუყოვნებლივ გაეცნობა მის შინაარსს.[19]

13

ნების გამოვლენა მისულად შეიძლება ჩაითვალოს იმ დოკუმენტის ფიზიკურად ჩაბარების გარეშეც, რომელშიც გამოხატულია ნება, მაგალითად, წერილი გადაეცა ადრესატს, მაგრამ მან ის არ მიიღო ან მოითხოვა, რომ წერილი დაეტოვებინათ ფოსტაში და თვითონ წამოიღებდა, მაგრამ არ წამოიღო და ა.შ.[20]

14

საპატიო მიზეზად, როგორც წესი, არ ითვლება, ადრესატის ავადმყოფობა, ხანგრძლივი მივლინება, პატიმრობა ან შვებულებაში ყოფნა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნების გამომვლენმა იცოდა ამ გარემოებების შესახებ.[21]

2. ნების მისვლის ცალკეული შემთხვევები

15

ნების გამოვლენის მისვლის, ნების მიღების შემთხვევები განსხვავდება ერთმანეთისაგან და დამოკიდებულია როგორც კომუნიკაციის ფორმაზე, მაგალითად, შეტყობინება დაზღვეული წერილის მეშვეობით, ისე მხარეთა შეთანხმებაზე ანდა სხვა გარემოებებზე. ქვემოთ ჩამოთვლილ მაგალითებს მხოლოდ საორიენტაციო ფუნქცია აქვთ.

16

დაზღვეული წერილით გაგზავნილი შეტყობინება (ნების გამოვლენა) მიღებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა წერილი ადრესატს ჩაბარდება და ამას ის ხელმოწერით დაადასტურებს. ბარათის დატოვება სახლში, რომ მის სახელზე ფოსტაში ინახება წერილი, არ უნდა ჩაითვალოს ნების მიღებად.[22]

წერილები მისულად უნდა ჩაითვალოს ადრესატის საფოსტო ყუთში მათი ჩაგდების ან ბინის (სახლის) შესასვლელი კარის ქვეშ წერილის შეცურების მომენტიდან.[23]

17

საწარმოს ფილიალში წერილის ჩაბარება უნდა ჩაითვალოს საწარმოს იურიდიულ მისამართზე ნების გამოვლენის მისვლად, რადგან ფილიალის ამოცანა არის საწარმოს ინტერესების წარმოდგენა ძირითადი ადგილსამყოფელისაგან განსხვავებულ ადგილებში.[24]

18

ფაქსის ან ელექტრონული წერილის (E-Mაილ) გაგზავნა ითვლება ნების გამოვლენის მიღებად, მიუხედავად იმისა, ეს ფაქსი ან მეილი ადრესატმა ამობეჭდა თუ არა.[25] კორესპონდენციის მისაღებად გამოსაყენებელი და კომუნიკაციისათვის მითითებული ტექნიკური აპარატის გაუმართაობის რისკი ეკისრება ადრესატს (მეორე მხარეს).[26] ფაქსის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებით პირი ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს იმისათვის, რომ ამ კომუნიკაციისათვის გამიზნული ტექნიკური საშუალებებიც გამართულად იმუშავებს.

3. დამხმარე პირების მონაწილეობა ნების მიღების პროცესში

19

ვითარება იცვლება, როცა ნების მიღების პროცესში შუალედური რგოლები, მაგალითად, მდივანი, წარმომადგენელი, ოჯახის წევრები და ა.შ. ჩაერთვებიან. თუ ადრესატი ამ პირებს საქმიან ურთიერთობებში მისი სახელითა და მის სასარგებლოდ მონაწილეობას ანდობს, მაშინ მათთვის წერილის ან სხვა დოკუმენტაციის ჩაბარება უნდა შეფასდეს ადრესატისთვის ნების მისვლად.[27] მაგალითად, თუ მდივანი დროზე არ გადასცემს წერილს თავის უფროსს, ეს არ იქნება საპატიო მიზეზი.

20

შუალედურ რგოლად და შესაბამისად ნების მიმღებად არ გამოდგებიან ბავშვები, ქმედუუნარო პირები ან ხელოსნები, რომლებიც ნების მიმღების ფირმაში დროებით მუშაობენ. მათთვის წერილის ჩაბარება არ უნდა ჩაითვალოს ადრესატთან ნების მისვლად.[28]

4. ნების მიღების ჩაშლა

21

განსხვავებით მიღებული ნების შინაარსის გაცნობაზე თავის შეკავებისაგან, მაგალითად, ადრესატი არ ხსნის კონვერტს და არ კითხულობს შეტყობინებას, ნების მიღების ჩაშლის დროს ადრესატი თავს არიდებს ნების მიღებას და მიმართავს ისეთ ზომებს, რომელიც შეუძლებელს ხდის ადრესატამდე ნების მიღწევას, მაგალითად, ადრესატი იცვლის საცხოვრებელს ადგილს და არ უთითებს ახალ მისამართს.[29]

22

ნების მიღების ჩაშლის თავიდან ასაცილებლად, გარიგების მონაწილეები შეიძლება შეთანხმდნენ ნების მიღებაზე უფლებამოსილ მესამე პირზე, რომელიც ადრესატის არყოფნის შემთხვევაში მიიღებს კორესპონდენციას და ამით ნება ადრესატამდე მისულად ჩაითვლება.[30]

23

ნების მიღების ჩაშლით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება ჩვეულებრივ ეკისრება ადრესატს, თუკი ზიანი მისი ბრალის შედეგად დადგა.

III. ადრესატის უარის სამართლებრივი შედეგი (51 II)

1. პრობლემა

24

51 II მუხლი გარიგების მეორე მხარეს გამოვლენილი ნების უარყოფის უფლებას[31] აძლევს, რაც გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის ცალმხრივი ნების გამოვლენის ბუნებასთან: თუკი გარიგების მეორე მხარეს გამოვლენილი ნების მიღებაზე უარის თქმის უფლება ექნება, მაშინ ცალმხრივი ნების გამოვლენით მისაღწევი სამართლებრივი შედეგის დადგომა შეუძლებელი ხდება.[32] მაგალითად, თუ დამქირავებელი არ გადაიხდის ქირას, 558-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელი ცალმხრივად ვეღარ მოშლიდა ქირავნობის ხელშეკრულებას, თუკი დამქირავებელი `წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს“.

25

ცხადია, კანონმდებელს ასეთი განზრახვა არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს არარაობად აქცევს 51 I მუხლით მინიჭებულ უფლებას. ამიტომ კანონის ეს ნორმა ძალიან ვიწროდ უნდა იქნეს გაგებული და გამოყენებული და მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა გარიგების მეორე მხარეს უარის უფლება აქვს, მაგალითად, 66-ე მუხლი. თუ რა საფუძვლით აქვს მეორე მხარეს უარის უფლება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს.

26

გარდა ამისა, ადრესატს უფლება აქვს უარი თქვას ნების გამოვლენის მიღებაზე, თუკი დარღვეულია მისი ტრანსპორტირების ან ჩაბარების წესი. მაგალითად, თუ დალუქული კონვერტი გახსნილი აღმოჩნდა ანდა ჩაბარების ვადა გასულია და ა.შ. ასეთ შემთხვევებში ადრესატის უარი უნდა შეფასდეს როგორც ნების არმისვლა ადრესატამდე.[33]

2. სამართლებრივი შედეგი

27

გამოვლენილი ნების მიღებაზე წინასწარ ან მიღებისთანავე უარის თქმა იწვევს იმას, რომ ვერ დგება ამ ნების გამოვლენით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი, მაგალითად, 66-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანი ვერ მიიღებს ცალმხრივი გარიგებით დასახულ მიზანს, თუკი მას სურს ბინის ქირავნობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა.

წინასწარ უარის თქმის მაგალითად შეიძლება გამოდგეს ასევე მომავალი წარმომადგენლის მიერ მარწმუნებლისათვის წინასწარ გაგზავნილი უარი.[34] მაგალითად, მართალია, წარმომადგენელი შეუთანხმდა მარწმუნებელს, რომ ის წარმოადგენდა მის ინტერესებს სასამართლოში, რის შემდეგაც მარწმუნებელმა მას გაუგზავნა წერილობითი მინდობილობა. მინდობილობის მიღებამდე წარმომადგენელმა გადაიფიქრა და ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა მარწმუნებელს უარი წარმომადგენლობაზე.

3. შედარებითი ანალიზი

28

51 II მუხლით გათვალისწინებული უარის უფლებას გერმანიის სამოქალაქო კოდექსი ანიჭებს თვით ნების გამომვლენს და არა გარიგების მეორე მხარეს.[35] თუკი ნების გამომვლენი დაუყოვნებლივ გამოიხმობს თავის ნებას, მაშინ მის მიერ გამოვლენილი ნება არ ჩაითვლება ნამდვილად და სამართლებრივი შედეგი აღარ დადგება.[36]

ცხადია, ასეთი ფორმულირება მოხსნიდა ზემოთ აღნიშნულ უხერხულობას, მაგრამ, ვიდრე კანონის ნორმა არ შეცვლილა, სასურველია, მისი გამოყენება არა ზოგადად ყველა შემთხვევაში, არამედ მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ ან ზემოთ მითითებულ შემთხვევებში.

ლიტერატურაში შემოთავაზებულია ნების გამომვლენისათვის ნების უკან გამოთხოვის უფლების მინიჭება,[37] რითაც 51 II მუხლი გაიმეორებს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის ანალოგიურ ნორმას.

IV. პირის გარდაცვალების შედეგები (51 III)

1. ნორმის მიზანი და გამოყენების სფერო

29

ადრესატამდე ნების გამოვლენის მისვლით ნების გამოვლენა ხდება ნამდვილი (51 I მუხლი). აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ ადრესატამდე ნების მისვლის შემდეგ ნების გამომვლენი პირის გარდაცვალება ვეღარ მოახდენს გავლენას ნების გამოვლენის ნამდვილობაზე (51 III მუხლი). კანონის ეს ნორმა სამოქალაქო ბრუნვის სიმყარის ინტერესებს ემსახურება,[38] რადგან იცავს ნების მიმღებს, რომელმაც არ იცის ან გვიან გაიგო ნების გამომვლენი პირის გარდაცვალების შესახებ, ხოლო თვითონ კი საქმეები უკვე მიღებულ ნებას მიუსადაგა.[39] მაგალითად, თუ ბინის გამქირავებელმა შეატყობინა დამქირავებელს ბინის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის შესახებ, გამქირავებლის გარდაცვალება გავლენას არ მოახდენს ხელშეკრულების მოშლაზე, მით უფრო, თუკი დამქირავებელმა ამასობაში უკვე დაიქირავა ახალი ბინა.

30

კანონისმიერი წარმომადგენლებისათვის ან მემკვიდრეებისათვის სავალდებულოა იმ ნების გამოვლენა, რომელიც გააკეთა ნების გამომვლენმა გარდაცვალებამდე ან ქმედუნარიანობის დაკარგვამდე.[40] გამონაკლისი ამ წესიდან შეიძლება მაშინ არსებობდეს, როცა ადრესატამდე მისული ნების მიხედვით ნების გამომხატველს ვალდებულება პირადად უნდა შეესრულებინა, მაგალითად, მწერლის ოფერტი, რომ ის წლის ბოლომდე ახალ რომანს ჩააბარებდა გამომცემელს (ადრესატს), რომელსაც გამომცემელმა აქცეპტით უპასუხა, ე.ი. მიიღო. მართალია, მწერლის გარდაცვალება მის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობაზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ 453 I მუხლის მიხედვით გარდაცვალებით მისი ვალდებულება შეწყდება, რადგან მემკვიდრეს არ შეუძლია ამ ვალდებულების შესრულება. ალბათ ამ გამონაკლისის აღსანიშნავად იყენებს 51 III მუხლი გამოთქმას `ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს“.[41] ჩვეულებრივ, ნების გამომვლენი პირის გარდაცვალება გავლენას არ ახდენს გამოვლენილი ნების ნამდვილობაზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის #2/4/532,533 გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც გააუქმა სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო პირის ქმედუუნაროდ აღიარების ინსტიტუტი, 2015 წლის 20 მარტს მიღებული კანონით 51 III მუხლს დაემატა მითითება 1293 IV ნაწილზე, რამაც საკმაოდ ბუნდოვანი გახადა ამ ნორმის გამოყენება ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

2. გამოყენების წინაპირობები

31

51 III მუხლის გამოყენების წინაპირობაა ნების გამოვლენის მიღება ადრესატის მიერ ამ ნების გამომვლენის გარდაცვალებამდე. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა გარდაცვლილ პირს სურდა, რომ ნების გამოვლენა მისი გარდაცვალების შემდეგ გამხდარიყო ნამდვილი.[42] მაგალითად, ანდერძის დამტოვებელმა ანდერძში მემკვიდრეებისაგან მოითხოვა მისი დასაჩუქრებულის მიმართ ჩუქების გაუქმება და გაჩუქებული ქონების გამოთხოვა.[43]

მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენი დროა გასული ნების გამოვლენასა და ნების გამომვლენი პირის გარდაცვალებას შორის. მთავარია, რომ ნების გამოვლენა წინ უნდა უსწრებდეს ამ ორივე მოვლენას.

32

გარდაცვალებას უნდა გაუთანაბრდეს პირის გამოცხადება გარდაცვლილად (22-ე მუხლი).




  1. შდრ. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 1999, მუხ. 51, გვ. 170; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 246-247.
  2. შდრ. გერმანულ სამართალში: Schack, BGB AT, 12. Aufl., 2008, § 9 Rn. 184.
  3. ანალოგიურად გერმანულ სამართალში: Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 259.
  4. ამას ადასტურებს ის მრავალრიცხოვანი მაგალითებიც, რომლებიც გერმანულ ლიტერატურაში მოჰყავთ მიღებასავალდებულო ნების გამოვლინებების დასახასიათებლად. შდრ. Larenz/Wolf, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts, 9. Aufl., 2004, § 23, Rn. 4-5.
  5. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, გვ. 298-300.
  6. შდრ. კერესელიძე, უზოგადესო ცნებები, 2009, გვ. 247.
  7. შდრ. გერმანულ სამართალს: Jauernig, BGB Kommentar, 13. Aufl., 2009, § 130, Rn. 4.
  8. ასეთია გერმანული სამართლის მიდგომა ამ საკითხისადმი: Jauernig, BGB Kommentar, 13. Aufl., 2009, § 130, Rn. 12.
  9. შდრ. Larenz/Wolf, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts, 9. Aufl., 2004, § 26, Rn. 15.
  10. დისკუსია ამასთან დაკავშირებით: Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 266.
  11. Medicus, Allgemeiner Teil des BGB, 10. Aufl., 2010, Rn. 267.
  12. შდრ. გერმანულ სამართალს: Wendtland, in Beck OK BGB, Hrsg: Bamberger/Roth, 27. Aufl. Stand 01.05.2013, § 130 Rn. 32.
  13. თეორიათა მიმოხილვა ნახეთ: ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 1999, მუხ. 51, გვ. 170; ასევე: Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 268-273.
  14. საქ. უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის № ას-514-898-06 გადაწყვეტილება.
  15. შდრ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 247.
  16. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 1999, მუხ. 51, გვ. 171.
  17. გამოიყენება ასევე „ადრესატის ძალაუფლება“ (ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 51, გვ. 171), „მიმღების ძალაუფლების სფერო“ (კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 247).
  18. Wendtland, inBeck OK BGB, 27. Aufl. Stand 01.05.2013, § 130 Rn. 12.
  19. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 1999, მუხ. 51, გვ. 171.
  20. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 1999, მუხ. 51, გვ. 171.
  21. Wendtland, in Beck OK BGB, 27. Aufl. Stand 01.05.2013, § 130 Rn. 9.
  22. გერმანულ სამართალში: Wendtland, in Beck OK BGB, 27. Aufl. Stand 01.05.2013, § 130 Rn. 13.
  23. Schiemann, in Staudinger/Eckpfeiler des Zivilrechts, 2011, C Rn. 31.
  24. მსგავსი მიდგომაა გერმანულ სამართალში: Ellenberger, in Palandt BGB Komm., § 130, Rn. 6.
  25. Jauernig, BGB Kommentar, 13. Aufl., 2009, § 130, Rn. 5; Schiemann, in Staudinger/Eckpfeiler des Zivilrechts, 2011, C Rn. 31.
  26. Wendtland, in Beck OK BGB, 27. Aufl. Stand 01.05.2013, § 130 Rn. 25.
  27. შდრ. გერმანულ სამართალს: Wendtland, in Beck OK BGB, 27. Aufl. Stand 01.05.2013, § 130 Rn. 16.
  28. შდრ. გერმანულ სამართალს: Wendtland, in Beck OK BGB, 27. Aufl. Stand 01.05.2013, § 130 Rn. 18.
  29. შდრ. Larenz/Wolf, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts, 9. Aufl., 2004, § 26, Rn. 44.
  30. შდრ. Larenz/Wolf, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts, 9. Aufl., 2004, § 26, Rn. 48.
  31. გერმანული სამართლის მსგავსად, ქართულ სამართალშიც შემოთავაზებულია „ნების გამოვლენის გამოთხოვის“ შემუშავების წინადადება. შდრ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 248.
  32. ამ ნორმის კრიტიკა ნახეთ: კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 248-249.
  33. 51 II მუხლი იძლევა ასეთი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. შდრ. გერმანულ სამართალს: Wendtland, in Beck OK BGB, 27.Aufl. Stand 01.05.2013, § 130 Rn. 21.
  34. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, გვ. 300.
  35. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 130 I მეორე წინადადება.
  36. შდრ. Schiemann, in Staudinger/Eckpfeiler des Zivilrechts, 2011, C Rn. 40.
  37. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 1999, მუხ. 51, გვ. 172.
  38. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 1999, მუხ. 51, გვ. 172.
  39. Wendtland, in Beck OK BGB, 27.Aufl. Stand 01.05.2013, § 130 Rn. 7.
  40. Wendtland, in Beck OK BGB, 27.Aufl. Stand 01.05.2013, § 130 Rn. 7.
  41. სამოქალაქო კოდექსის თავდაპირველ პროექტში, რომელიც განსახილველად წარედგინა პარლამენტს, იყო სხვა რედაქცია: „ნების გამოვლენის ნამდვილობაზე არ შეიძლება გავლენა მოახდინოს...“. დღეს მოქმედი რედაქციის კრიტიკა ნახეთ: კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 250.
  42. შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 292.
  43. შდრ. Jauernig, BGB Kommentar, 13. Aufl., 2009, § 130, Rn. 17.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_51._ცალმხრივი_ნების_გამოვლენის_ნამდვილობა&oldid=1250"