Gccc-logo.png


მუხლი 52. ნების გამოვლენის განმარტება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 52. ნების გამოვლენის განმარტება


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი და ნების გამოვლენის განმარტების აუცილებლობა

1

სამართლებრივი შედეგის მისაღწევად გამიზნული ნება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს: მოქმედებით, უმოქმედობით, წერილობით, ზეპირად, დუმილით და ა.შ. ნების გამოვლენის ფორმათა ამ მრავალფეროვნებაში დიდია იმის ალბათობა, რომ გარიგების მონაწილეებმა განსხვავებული მნიშვნელობით გაიგონ გამოვლენილი ნება, ვიდრე ეს ნების გამომვლენს ჰქონდა ნაგულისხმევი. გამოვლენილ ნებათა კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.

2

ნების გამოვლენის განმარტების აუცილებლობა წარმოიშობა მაშინ, როცა გამოვლენილი ნება ბუნდოვანი, არაზუსტი და ორაზროვანია[1] და გარიგების მონაწილეებს განსხვავებულად ესმით მისი შინაარსი. ნათლად და არაორაზროვნად ჩამოყალიბებულ ნებას განმარტება არ სჭირდება, თუმცა ნება ნათლად და არაორაზროვნად არის ჩამოყალიბებული თუ არა, ესეც განმარტების შედეგად უნდა დადგინდეს.[2] ერთი შეხედვით ნათელი და არაორაზროვანი, არცთუ იშვიათად, შეიძლება საკმაოდ ბუნდოვანიც კი იყოს.

მხარეთა ნება უნდა განიმარტოს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ეჭვის საფუძველი ნების არასწორ ან არასრულ გამოხატვაში, — მიიჩნევს უზენაესი სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში.[3]

3

ნებისმიერი ნების გამოვლენა, მიუხედავად მისი ფორმისა, მათ შორის წერილობითიც და სანოტარო წესით დამოწმებულიც, ასევე ხელშეკრულების სტანდარტული პირობებიც (345) შეიძლება იყოს განმარტების საგანი.[4] განმარტების აუცილებლობა დამოკიდებულია არა ნების გამოვლენის ფორმაზე, არამედ ამ ნების ბუნდოვნობაზე.

4

52-ე მუხლი შეიცავს ნების გამოვლენის განმარტების ზოგად დირექტივას, რომლის მიზანიც არის გარიგების მონაწილეთათვის სადავოდ ქცეული ნების დადგენა.[5] ამრიგად, განმარტების მიზანი არის არა ნების გამოვლენისათვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, არამედ გარიგების მონაწილეთა ნების დადგენა.[6]

2. თანაფარდობა კანონის განმარტებასთან

5

ნების განმარტების გარდა სამოქალაქო კოდექსი იცნობს ასევე კანონის განმარტების ცნებას (2 II). ორივე განმარტების მიზანი ბუნდოვანი და სადავო დებულებების დაზუსტებაა. კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, გამოიყენება სამართლის ყველა სუბიექტის მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას. ნების გამოვლენის განმარტების მიზანი კი მხოლოდ გარიგების მონაწილეთა შორის წარმოშობილი გაუგებრობის გარკვევაა, რის გამოც ნების გამოვლენის განმარტებას მნიშვნელობა მხოლოდ გარიგების მონაწილეთათვის აქვს.[7]

6

მეორე მხრივ, კანონის განმარტებას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ნების გამოვლენის განმარტებაზე. ეს ხდება მაშინ, როცა კანონი ნების გამოვლენის განმარტებისათვის კანონის ნორმაზე უთითებს და კანონის ამ ნორმის სასამართლოსეული ინტერპრეტაცია საფუძვლად ედება ნების გამოვლენის განმარტებას. მაგალითად, 337-ე მუხლი ხელშეკრულებათა ცალკეული გამონათქვამების განმარტებისას ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის პრინციპს. თუ სასამართლო საცხოვრებელი ადგილის ცნების ფართო დეფინიციას დაუჭერს მხარს, მაგალითად, სტუდენტის სწავლის ადგილიც იქნება მიჩნეული საცხოვრებელ ადგილად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ნების გამოვლენის განმარტებაზეც.

7

კანონთა განმარტება იურიდიული მეთოდოლოგიის ნაწილია და ამიტომ მისი განხილვა ნების გამოვლენის განმარტების კონტექსტში არ არის მიზან- შეწონილი.[8]

3. კავშირი სხვა ნორმებთან

8

52-ე მუხლი ნების განმარტების განსაზღვრისას ცენტრალური ნორმაა, მაგრამ მისი გამოყენებისას მნიშვნელოვანია სხვა მუხლებთან კავშირიც. კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტებისას რელევანტურია 337-340-ე მუხლების დებულებები, ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობებში ბუნდოვანი ადგილების განმარტებისას — 345-ე მუხლი და ა.შ.

52-ე მუხლთან მიმართებაში სამოქალაქო კოდექსის სხვა ნორმები განმარტების თაობაზე დამხმარე, სუბსიდიურ როლს თამაშობს. ამიტომ მათ განმარტების სუბსიდიური წესები შეიძლება ეწოდოს.[9] განმარტების მიზნები ამ ნორმებში განსხვავებულად არის განსაზღვრული: 52-ე მუხლის მიხედვით უნდა დადგინდეს ნება გონივრული განსჯის შედეგად, ხოლო 337-ე მუხლის თანახმად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს აქცეპტანტის მიერ ნების გაგებას,[10] თუმცა „გონივრული განსჯა“ არც ამ შემთხვევაში უნდა დარჩეს გამოყენების გარეშე.

II. განმარტების მეთოდები

1. გონივრული განსჯა თუ სიტყვასიტყვითი გაგება

9

52-ე მუხლი ადგენს გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენის პრინციპს და გამორიცხავს ნების სიტყვასიტყვითი გაგების პრინციპის გამოყენებას, რომელსაც ბევრი მართლწესრიგი განამტკიცებს.[11]

10

გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენა მოითხოვს იმის გარკვევას, თუ რა იგულისხმეს გარიგების მონაწილეებმა გამოხატულ ნებაში. ეს კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უპირატესობა მიენიჭოს მათ ნებას და არა გარიგებაში სიტყვიერად გამოხატულს (falsa demonstratio non nocet).[12] მაგალითად, თუ მხარეებს ხელშეკრულებაში ჩაწერილი აქვთ იჯარა, ხოლო სინამდვილეში დადებული აქვთ ბინის ქირავნობის ხელშეკრულება, იჯარა უნდა განიმარტოს როგორც ქირავნობა აქედან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.[13]

ამასთან, ნების გამოვლენის ინტერპრეტაციისათვის აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, თუ რა საბოლოო შედეგს ისახავდა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მიზნად.[14]

11

მართალია, აღიარებულია, რომ ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით,[15] მაგრამ ეს არ იძლევა ნების მიმღების მიერ გაგების შესაძლებლობათა კრიტერიუმებს. ამიტომ ნების გამოვლენის განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს,[16] მათ შორის ის, თუ რა მიზანს ისახავდა მხარე ხელშეკრულების დადებისას.[17]

12

ნების გამოვლენასთან დაკავშირებული ხელშესახები გარემოებების გათვალისწინება გულისხმობს შემდეგი საკითხების გარკვევას: შეეძლო თუ არა ნების მიმღებს გამოვლენილი ნება ისევე გაეგო, როგორც ეს ნების გამომვლენმა იგულისხმა? რა გარემობები ლაპარაკობს იმის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, რომ მიმღებს ნების გამოვლენა ისე უნდა გაეგო, როგორც ეს ნების გამომვლენმა იგულისხმა? მაგალითად, თუ ნების მიმღები იურისტია, მას ისე უნდა გაეგო ესა თუ ის დებულება, როგორც ამას სასამართლო პრაქტიკა ან იურიდიული ლიტერატურა აღიარებს.[18] შეიძლებოდა თუ არა გარემოებათაგან გამომდინარე ნების გამომვლენს ეჭვი შეჰპარვოდა, რომ მის ნათქვამს სხვანაირად გაიგებდნენ და ა.შ.[19]

2. ნების მიმღების (ადრესატის) ინტერესების უპირატესობა

13

მართალია, 52-ე მუხლი უპირატესობას არ ანიჭებს არც ნების გამომვლენის და არც ნების მიმღების შემეცნების (გაგების, აღქმის) შესაძლებლობას და შეფასების საზომად „გონივრულ განსჯას“ ადგენს, მაგრამ კოდექსი ზოგიერთ შემთხვევაში მაინც ნების მიმღების ინტერესების დაცვას უჭერს მხარს. მაგალითად, 337-ე მუხლში რელევანტურია აქცეპტანტის საცხოვრებელი ადგილი, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბუნდოვანი ადგილები განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ და ა.შ. (345). ეს ზოგადი წესიდან გამონაკლისია და 52-ე მუხლის პრინციპი ნამდვილი ნების დადგენის შესახებ ხელშეუხებელი რჩება.

14

337-ე მუხლით გათვალისწინებული აქცეპტანტის უპირატესობის პრინციპი უკანა პლანზე გადაიწევს, თუკი აქცეპტანტის საცხოვრებელ ადგილზე მიღებული გაგება ეწინააღმდეგება გონივრული განსჯის შედეგად სავარაუდო გაგებას. ამიტომაც თანამედროვე სამართალში აღიარებულია, რომ ნების დასადგენად საკმარისი არ არის კონკრეტულად ამ კონტრაჰენტის (ნების მიმღების) გაგების ჰორიზონტი და მისი ჩანაცვლება ხდება „ობიექტური მესამე პირით“.[20] ამ მოსაზრებას განამტკიცებს 52-ე მუხლიც. „გონივრულად განმსჯელი პირი“ არის სწორედ ეს ობიექტური მესამე პირი. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტია, თუ როგორ გაიგებდა ნების გამოვლენას ნების ადრესატის ადგილზე მყოფი სხვა გონივრულად მოაზროვნე ადამიანი.[21]

სასამართლო პრაქტიკა საქართველოში მხარს უჭერს ამ მიდგომას. მაგალითად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს აზრით, ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების განმარტებისას განმსაზღვრელია მნიშვნელობა, რომელიც შეიძლებოდა მიენიჭებინა წარმოსახვით გონიერ ადამიანს, ჩაყენებულს აღნიშნული ნების ადრესატის მდგომარეობაში.[22]

3. სავაჭრო ჩვეულებები და ტრადიციები

15

ნების გამოვლენის განმარტებისას სავაჭრო ჩვეულებებისა და ტრადიციების გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს 339-ე მუხლი. 2 IV მუხლით გათვალისწინებული ჩვეულებებისაგან განსხვავებით, რომლებიც სამართლის წყაროს წარმოადგენს, სავაჭრო ჩვეულებები და ტრადიციები ასეთად არ მიიჩნევა, რადგან ისინი ნორმის სახით არ არის ჩამოყალიბებული.[23]

სავაჭრო ჩვეულებები და ტრადიციები წარმოიშობა სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენელთა მიერ ურთიერთშეთანხმებული და ხანგრძლივი გამოყენების შედეგად და, როგორც წესი, კონკრეტულ დარგში, მაგალითად, ვაჭრობის ან მშენებლობის სფეროში და ა.შ.[24] კანონის დისპოზიციური ნორმების შემთხვევაში ნების გამოვლენის განმარტებისას სავაჭრო ჩვეულებებსა და ტრადიციებს უპირატესობა უნდა მიენიჭოს.

16

სავაჭრო ჩვეულებების როლი განსაკუთრებით დიდია საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში. ამ ურთიერთობების მონაწილეებს მოეთხოვებათ, მაგალითად, ისეთი გამოთქმების ცოდნა, როგორიცაა fob[25] ან cif[26] და ა.შ., ხოლო ნების მიმღებს შეუძლია იმაზე მითითება, რომ მის მიმართ გამოთქმული სიტყვები გაიგო ისე, როგორც ეს მიღებულია მოცემულ სფეროში. ასეთი გაგება კი სავალდებულო იქნება ნების გამომვლენისათვისაც, მიუხედავად იმისა, იცოდა მან ამ კონკრეტული წესის არსებობის შესახებ თუ არა. მთავარია, რომ ნების გამომვლენი საქმიანი წრეების მოცემულ კატეგორიას განეკუთვნებოდეს.[27]

ვითარება იცვლება, როცა გარიგების მონაწილეები, ან ერთი მონაწილე მაინც, არ განეკუთვნებიან საქმიანი წრეების ერთსა და იმავე კატეგორიას. ამ დროს, სასურველია, განმარტებისას გამოყენებული იყოს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობა. მაგალითად, ინტერნეტით სარგებლობის ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ე.წ. „ნულოვანი ტარიფი“, რაც ნიშნავს განსაზღვრული ხანგრძლივობის სატელეფონო საუბრებს (მაგალითად, 60 წუთი) ფიქსირებულ ტარიფად. ამიტომ „ნულოვანი“ არ ნიშნავს უფასოს, რამაც მომხმარებელი შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს.[28]

4. პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ ნების გამოვლენის განმარტება

17

პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გაკეთებული ნების გამოვლენის, მაგალითად, ჯილდოს საჯაროდ დაპირება, ფასიანი ქაღალდების გამოშვება ბირჟაზე, აქციონერთა საერთო კრების მოწვევა და ა.შ., განმარტებისას ნების გამომვლენი ვერ გაითვალისწინებს ყველა იმ შესაძლო ადრესატის აღქმის უნარს, გაგების შესაძლებლობას. ამიტომ ასეთი ნების გამოვლენის განმარტების დროს გადამწყვეტად მიიჩნევა ამ ურთიერთობის საშუალო მონაწილის შემეცნების (აღქმის) შესაძლებლობანი ან, თუ ნების გამოვლენა სპეციალისტთა განსაზღვრული წრისადმია მიმართული, ასევე მათი საშუალო შესაძლებლობანი.[29]

18

პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, მაგრამ სპეციალისტების მიმართ გაკეთებული ნების გამოვლენის მაგალითია ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე გაკეთებული განცხადებები. ამ დროს გამოყენებული სპეციალური ტერმინების გაგება მოეთხოვებათ, პირველ რიგში, საბირჟო მაკლერებს და სხვა სპეციალისტებს. ნების განმარტებისას მათი სპეციალური ცოდნა და გამოცდილება უნდა იქნეს გათვალისწინებული.

5. ანდერძის განმარტება

19

ანდერძი არ განეკუთვნება ნების მიღებასავალდებულო გარიგებათა კატეგორიას და მისი ნამდვილობისათვის გამოვლენილი ნების მიღება ადრესატის მიერ არ არის აუცილებელი. ეს გავლენას ახდენს ანდერძის განმარტების თავისებურებებზე.

ანდერძის განმარტებისათვის მთავარია თვით მამკვიდრებლის ნება და არა ამ ნების გამოვლენის ადრესატების (მემკვიდრეების) შემეცნების (გაგების) შესაძლებლობები. ამ დროს უნდა დადგინდეს მამკვიდრებლის ნება. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა გარემოება, ფაქტი თუ ნივთმტკიცებულება, რომელიც ამა თუ იმ ფორმით კავშირში იმყოფება მოანდერძის მიერ ნების გამოვლენასთან: პირადი წერილები, შესაძლო მემკვიდრეებთან პირადი დამოკიდებულება და ა.შ.[30]

ანდერძის განმარტების გზას ზოგიერთ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს, მაგალითად, 1348 II მუხლის თანახმად, თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მაგრამ მასში ერთის წილია განსაზ- ღვრული, სხვების კი — არა, მაშინ ეს უკანასკნელნი თანაბრად მიიღებენ დანარჩენ ქონებას.

6. დუმილისა და სხვა კონკლუდენტური მოქმედებების განმარტება

ა. დუმილი

20

დუმილი ნების გამოვლენის სპეციფიკური ფორმაა და სამოქალაქო კოდექსი მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში უკავშირებს მას სამართლებრივ შედეგებს. ჩვეულებრივ დუმილს რაიმე სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს.[31] ან დუმილი ნიშნავს უარს გარიგების დადებაზე. მაგალითად, 330 I მუხლის თანახმად, თანმყოფი პირისათვის გაკეთებული ოფერტი მაშინვე უნდა იქნეს მიღებული. დუმილი ამ შემთხვევაში ნიშნავს ოფერტის უარყოფას. ამ ზოგადო წესიდან არსებობს გამონაკლისი.

დუმილი, როგორც ნების გამოვლენა, შეიძლება გათვალისწინებული იყოს თვით კანონით. მაგალითად, 335 I მუხლის მიხედვით მეწარმის დუმილი მიღებულ ოფერტზე ჩაითვლება აქცეპტად.

დუმილი გარიგების დადებაზე თანხმობად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როცა გარიგების მხარეები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული, რომ მათ მიერ განსაზღვრულ სიტუაციაში დუმილი ჩაითვლება თანხმობად.[32] მაგალითად, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე მხარე არ განაცხადებს, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულება გაგრძელებულად ითვლება კიდევ ერთი წლით.

დუმილი შეიძლება შეფასდეს მოვალეობის დარღვევად, როცა სახელშეკრულებო მოლაპარაკებებში ან ხელშეკრულების შესრულებისას კონტრაჰენტისაგან პასუხია მოსალოდნელი.[33]

ბ. კონკლუდენტური მოქმედებები

21

კონკლუდენტური მოქმედებების დროს ნების გამოვლენა გამომდინარეობს ფაქტობრივად განხორციელებული მოქმედებიდან, ე.ი. ამ შემთხვევაში მოქმედება უთითებს ნების გამოვლენაზე. მაგალითად, სუპერმარკეტში საქონლის აღება და მოლარესთან მისვლა ფასის გადასახდელად უკვე მიანიშნებს პირის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ნებაზე.[34]

გ. განმარტების საერთო წესები

22

როგორც დუმილი, ისე კონკლუდენტური მოქმედებები წარმოადგენენ ნების გამოვლინებებს და მათი განმარტების მიმართ გამოიყენება 52-ე მუხლი. ორივე შემთხვევაში უნდა დადგინდეს ნამდვილი ნება.

7. განმარტების შეუძლებლობის შედეგი

23

ნების გამოვლენის განმარტების შეუძლებლობის შედეგი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რას ეხება ნების გამოვლენა. მაგალითად, თუკი ნების გამოვლენის მიზანი არის ხელშეკრულების დადება და მხარეები განსხვავებულად იგებენ ოფერტის დებულებას, განმარტების შეუძლებლობისას ხელშეკრულება არ დაიდება.[35]

თუკი ნების გამოვლენა განმარტების შედეგადაც ცენტრალურ საკითხებში ბუნდოვანია ან არასრულყოფილი, მაშინ მას გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელი განსაზღვრულობა აკლია და ამიტომ გარიგება ბათილია.[36]




  1. შდრ. Bar/Zimmermann, Grundregeln des Europдischen Vertragsrechts, Teile I und II, 2002, S. 341 ff.
  2. შდრ. Jauernig, BGB, 13. Aufl., 2009, § 133, Rn. 2.
  3. საქ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის # ას-908-856-201 გადაწყვეტილება, გვ. 61.
  4. შდრ. Bar/Zimmermann, Grundregeln des Europäischen Vertragsrechts, Teile I und II, 2002, S. 341-342.
  5. ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა, მაგალითად, საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, ესპანეთი და ა.შ. შეიცავს ნების გამოვლენის განმარტების დეტალურ წესებს. იხ.: Bar/Zimmermann, Grundregeln des Europäischen Vertragsrechts, Teile I und II, 2002, S. 344.
  6. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §133, განსხვავებით ქართული სამოქალაქო კოდექსი, არ იყენებს „ნამდვილი ნების“ ცნებას, თუმცა სწორედ ეს იგულისხმება ნების დადგენაში. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 27. Aufl. Stand 01.05.2013, § 133 Rn. 3.
  7. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 320.
  8. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. 2009, § 18 I Rn. 3.
  9. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 18 II 1 Rn. 4.
  10. სუსგ სამოქალაქო,სამეწარმეო და სხვა კატეგორიის საქმეებზე, 7/2007, გვ. 62.
  11. მაგ., რუსეთის სამოქალაქო კოდექსის მუხ. 431-ე მიხედვით, „ხელშეკრულების პირობების განმარტებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ხელშეკრულებაში მოცემული სიტყვებისა და გამოთქმების სიტყვასიტყვით მნიშვნელობას“. იგივეს განამტკიცებს დსთ-ის მოდელური სამოქალაქო კოდექსი და მის საფუძველზე მიღებული სამოქალაქო კოდექსები. ანალოგიური მიდგომაა ინგლისურ სამართალშიც: Bar/Zimmermann, Grundregeln des Europäischen Vertragsrechts, Teile I und II, 2002, S. 345.
  12. რომაული სამართლის პრინციპი, რომლის თანახმად მცდარი სახელწოდება არ ახდენს გავლენას მხარეთა შეთანხმების შინაარსზე.
  13. შდრ. Bar/Zimmermann, Grundregeln des Europäischen Vertragsrechts, Teile I und II, 2002, S. 342.
  14. საქ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისის # ას-377-357-2011 გადაწყვეტილება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე 10/2012, გვ 2-4.
  15. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 18 II 2 Rn. 7.
  16. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 322.
  17. საქ. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, # 377-357-2011, გვ. 1290.
  18. შდრ. Schiemann, in Staudinger BGB, Eckpfeiler des Zivilrechts, 2011, C Rn. 47.
  19. დაწვრილებით იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 322.
  20. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 18 II 2 Rn. 12.
  21. შდრ. Bar/Zimmermann, Grundregeln des Europäischen Vertragsrechts, Teile I und II, 2002, S. 346.
  22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 სექტემბრის განჩინება # 2ბ/1375-11.
  23. შდრ. Singer, in Staudinger BGB, 2004, § 133, Rn. 66.
  24. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 325.
  25. Free on board.
  26. Cost, insurance, freight.
  27. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 326.
  28. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 326.
  29. შდრ. Larenz/Wolf, AT des bürg. Rechts, 9. Aufl., 2004, § 28, C II Rn. 81 ff.
  30. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 328.
  31. შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 345.
  32. შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 346.
  33. შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 349.
  34. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 334.
  35. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. 2009, § 18 I Rn. 2.
  36. შდრ. Schiemann, in Staudinger BGB, Eckpfeiler des Zivilrechts, 2011, C Rn. 59.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_52._ნების_გამოვლენის_განმარტება&oldid=1263"