Gccc-logo.png


მუხლი 54. მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 54. მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი

1

54-ე მუხლი შეიცავს გარიგების შინაარსის კონტროლის განმსაზღვრელ ცენტრალურ ნორმას და განამტკიცებს კერძო ავტონომიის შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევას. გარიგება შეიძლება ბათილი იყოს იმის გამო, რომ მისი შინაარსი ეწინააღმდეგება კანონს, საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

მუხლის ფორმულირება ზოგადია და ის არ აკონკრეტებს, თუ რომელი კანონის, საჯარო წესრიგის ან ზნეობის რომელი ნორმების დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას. ამ გაგებით ითვლება, რომ ნორმა შეიცავს განმარტების წესს კანონის ნორმის დაკონკრეტების გარეშე.[1]

2

ნორმის მიზანი არის ასევე ზოგადად მართლწესრიგსა და სამოქალაქო სამართალს შორის კავშირის უზრუნველყოფა და იმის დაფიქსირება, რომ გარიგების ნამდვილობა არ არის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დამოკიდებული. სხვა კანონებით დადგენილმა შეზღუდვებმა და წესებმა ასევე შეიძლება მოახდინოს გავლენა გარიგების ნამდვილობაზე.

2. გამოყენების სფერო

3

54-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები გამოიყენება ყველა გარიგების, როგორც ცალმხრივი (მაგალითად, ანდერძი), ისე ორმხრივი (მაგალითად, ხელშეკრულება) და მრავალმხრივი გარიგების მიმართ. მაგალითად, პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებაც შეიძლება იყოს ბათილი იმის გამო, რომ ის ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ აკრძალვას.

მუხლის მოქმედება ვრცელდება გარიგებებზე და არა მხოლოდ ნების გამოვლინებებზე, მაგალითად, ოფერტსა და აქცეპტზე, როგორც ხელშეკრულების დასადებად მიმართულ ნების გამოვლინებებზე, ეს შეზღუდვები არ უნდა გავრცელდეს.[2]

4

54-ე მუხლი გამოყოფს „სამი სახის ფასეულობას“,[3] რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა, საჯარო წესრიგი და ზნეობის ნორმები.

გარიგების ბათილობა 54-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებების ცენტრალური სამართლებრივი შედეგი და დებულებაა.

II. გარიგების ბათილობა

1. ცნება

5

გარიგების ბათილობის ლეგალურ დეფინიციას სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს და მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ განსაზღვრული პირობების დარღვევით დადებულ გარიგებებს ბათილად აღიარებს. ამიტომ ბათილობის ცნება და შინაარსი კანონის ნორმებისა და ლიტერატურაში არსებული მოსაზრებების ანალიზის საფუძველზე უნდა განისაზღვროს.[4]

ბათილია გარიგება, თუ ის არ იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, რადგან მოქმედი სამარ- თალი გარიგების მონაწილეთა მიერ განხორციელებულ ნების გამოვლენასა და სხვა ქმედებას სამართლებრივად დაუშვებლად მიიჩნევს.[5] მაგალითად, თუ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის წერილობით გაფორმებული, ხოლო შემძენი — საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, ასეთი ნასყიდობა მიიჩნევა ბათილად და საკუთრების უფლება არ წარმოიშობა.

6

გარიგების ბათილობა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგია. ამიტომ გარიგების ბათილობის მიზეზები, მოსალოდნელი შედეგები, გარიგების ნაკლის გამოსწორების ჩათვლით, კანონით განისაზღვრება. ამის შესაბამისად ერთმანეთისაგან განსხვავდება ბათილი გარიგების სახეები.

2. ბათილი გარიგების სახეები

ა. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება

7

უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ეწოდება ისეთ გარიგებას, რომელიც დადებისთანავე ბათილია და მონაწილეთა მიერ განზრახულ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს (61 I).[6] ასეთი გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დადგება არც გარიგების უშუალო მონაწილეების და არც მესამე პირების მიმართ. გარიგება დადებისთანავე ბათილია და მას ნამდვილად ვერ გადააქცევს ვერც გარიგების მონაწილეთა შემდგომი მოქმედება, ვერც სახელმწიფო ორგანოს მხრიდან მოწონება ან სასამართლოს გადაწყვეტილება. კანონი არ ითვალისწინებს ბათილი გარიგების გამოსწორების შესაძლებლობას. გამონაკლისს წარმოადგენს მერყევად ბათილი გარიგებები (63 I).

ბათილი გარიგების ბათილად მიჩნევისათვის არ არის სავალდებულო რაიმე პროცედურის დაცვა: შეცილება, გარიგების ბათილობის მოთხოვნა ან სასამართლოს მიერ მისი მიჩნევა ბათილად, რადგან უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან.[7]

ბ. ნაწილობრივად ბათილი გარიგება

8

ნაწილობრივად ბათილია გარიგება, თუკი ის მთლიანობაში ნამდვილია, მაგრამ მისი ესა თუ ის ნაწილი სამართლებრივად უვარგისია და ეს არ იწვევს მთლიანად გარიგების ბათილობას.

ნაწილობრივად ბათილი გარიგებების შემთხვევაში 54-ე მუხლის შინაარსი გავრცელდება გარიგების ერთ ან რამდენიმე ნაწილზე, თუკი ამ ნაწილების ცალკე გამოყოფა შესაძლებელია ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს მთლიანად გარიგების ბათილობა. მაგალითად, თუკი შპს-ის წესდება პარტნიორს უკრძალავს წილის გადაცემას მემკვიდრეობით, ეს გამოიწვევს არა მთლიანად წესდების ბათილობას, არამედ მხოლოდ მემკვიდრეობით წილის გადაცემის ამკრძალავი ნორმის ბათილობას.[8]

გ. მერყევად ბათილი გარიგება

9

მერყევად ბათილია გარიგება, რომელიც დადების მომენტში ბათილია, მაგრამ შეიძლება გახდეს ნამდვილი, თუკი უფლებამოსილი პირი მოიწონებს მას (63 I).

უცილოდ ბათილი გარიგებისაგან განსხვავებით, გარიგების მონაწილეებს შეუძლიათ გარიგების დადებისას დაშვებული შეცდომის ან ნაკლის გამოსწორება, რის შედეგადაც გარიგება ნამდვილი გახდება. ამის შესაძლებლობა კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც ეს 63 I მუხლშია გათვალისწინებული.

ამ სახის გარიგების თავისებურება ისაა, რომ გარიგება მერყეობს ნამდვილობასა და ბათილობას შორის: კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის (მაგალითად, თანხმობის გაცემა) შესრულება გამოიწვევს გარიგების ნამდვილობას, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა — გარიგების ბათილობას.

10

კანონი განსხვავებულად აწესრიგებს საკითხს იმის შესახებ, თუ როდიდან უნდა ჩაითვალოს მერყევად ბათილი გარიგება ნამდვილად: დადების მომენტიდან თუ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მომენტიდან. ამიტომ ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს. მაგალითად, თუ კანონიერი წარმომადგენელი 63 I მუხლის მიხედვით არ გასცემს თანხმობას, მაშინ გარიგება ბათილი იქნება დადების მომენტიდან, ე.წ. ex tunc.[9] 101 I მუხლის თანახმად, შემდგომ თანხმობას (მოწონებას) აქვს უკუქცევითი ძალა გარიგების დადების მომენტისათვის, ე.ი. გარიგება ნამდვილად ჩაითვლება არა თანხმობის მიღების, არამედ გარიგების დადების მომენტიდან.

მერყევად ბათილი გარიგებების მაგალითებია 63 I, 64 I, 66-ე და 67-ე, 99 III, 102-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები.

დ. ფარდობითად ბათილი გარიგება

11

ფარდობითად ბათილ გარიგებად შეიძლება ჩაითვალოს გარიგება, რომელიც მთლიანობაში ნამდვილია, მაგრამ კონკრეტული პირის ან პირების მიმართ მას იურიდიული ძალა არა აქვს. მაგალითად, სპს-ის პარტნიორების ურთიერთშეთანხმება, რომ ისინი გამორიცხავენ ერთ-ერთი პარტნიორის პასუხისმგებლობას საზოგადოების კრედიტორების წინაშე, შეიძლება მათთვის იურიდიული ძალის მქონე იყოს, მაგრამ მესამე პირებისათვის ასეთი შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონეა.[10]

3. საცილო გარიგება

12

საცილო გარიგება დადების მომენტში ნამდვილია, მაგრამ შეცილების (ე.ი. მისი გაუქმების მოთხოვნის) შედეგად კარგავს იურიდიულ ძალას, ე.ი. ხდება ბათილი. საცილო გარიგება შეცილების გამო ბათილად ჩაითვლება არა შეცილების მომენტიდან, არამედ მისი დადების მომენტიდან.[11]

საცილო გარიგების გავრცელებული შემთხვევებია შეცდომით, მოტყუებით ან იძულებით დადებული გარიგებები.[12]

განსხვავებით ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობისაგან, საცილო გარიგების ბათილობისათვის საკმარისია დაინტერესებული პირის მიერ მეორე მხარის მიმართ შეცილება და გარიგების ბათილობისათვის სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულო არ არის.[13]

III. კანონის საწინააღმდეგო გარიგებები

1. კანონის ცნება

13

54-ე მუხლი არ შეიცავს კანონის ცნებას. ამიტომ კანონის, როგორც ნორმატიული აქტის, გაგება უნდა მოხდეს ნორმატიული აქტების შესახებ კანონისა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, კანონის ცნება 54-ე მუხლში გაგებული უნდა იქნეს ფართოდ და მასში მოიაზრება როგორც კანონი ფორმალური გაგებით,[14] ისე მატერიალური გაგებით, ე.ი. ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც გარიგების შინაარსის განსაზღვრისათვის რელევანტურ ნორმებს შეიცავს. კანონის ასეთი გაგება შეესაბამება 2 I, III მუხლის შინაარსს.

54-ე მუხლი ერთმანეთისაგან განასხვავებს კანონით დადგენილი წესისა და კანონით დადგენილი აკრძალვის დარღვევას.

14

54-ე მუხლი განსაზღვრავს გარიგების კანონსაწინააღმდეგობის მხოლოდ სამოქალაქო-სამართლებრივ შედეგს გარიგების ბათილობის სახით, თუნდაც ეს კანონი არ განეკუთვნებოდეს სამოქალაქო სამართალს და იყოს, მაგალითად, საჯარო სამართლის სფეროდან. მაგალითად, ნარკოტიკებით აკრძალული ვაჭრობა დასჯადია სისხლის სამართლის წესით, მაგრამ ნარკოტიკების ნასყიდობის ხელშეკრულებები ბათილია სამოქალაქო სამართლისათვის. ამით სამოქალაქო კოდექსი 54-ე მუხლის წყალობით თავის ადგილს იკავებს მართლწესრიგში და უზრუნველყოფს მის ერთიანობასა და ჰარმონიულობას.[15]

15

ხელყოფს თუ არა გარიგება კანონით დადგენილ წესს ან აკრძალვას და რა სამართლებრივი შედეგი უნდა მოჰყვეს ამ ხელყოფას, გარიგების განმარტების შედეგად უნდა დადგინდეს. შედეგი შეიძლება იყოს ზიანის ანაზღაურების დაკისრება, მაგრამ არა გარიგების ბათილობა.[16]

2. კანონით დადგენილი წესი

16

კანონით დადგენილი წესის დარღვევა ყოველთვის შეიძლება არ იწვევდეს გარიგების ბათილობას. ამიტომ ამ წესის დარღვევის სამართლებრივი შედეგი განმარტების საფუძველზე უნდა დადგინდეს. მაგალითად, სანიტარიული წესების დარღვევით რესტორნის ფუნქციონირება არ იწვევს დადებული ხელშეკრულებების ბათილობას და ამან რესტორნისათვის მხოლოდ ჯარიმის დაკისრება გამოიწვიოს.

17

ზოგიერთ შემთხვევაში გარიგების დასადებად შეიძლება გათვალისწინებული იყოს თანხმობის აუცილებლობა. თანხმობის არარსებობის სამართლებრივი შედეგი აქაც შესაძლოა განსხვავებული იყოს. მაგალითად, თუკი გარიგების დადებას სჭირდება სახელმწიფო ორგანოს ნებართვა, მაშინ ამ ნებართვის გარეშე დადებული გარიგება ბათილია. მაგალითად, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე დადებული სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულება არის ბათილი, რადგან ის კანონსაწინააღმდეგოა.[17] თუ გარიგების დადებას სჭირდება კერძოსამართლებრივი თანხმობა, ასეთი გარიგება, როგორც წესი, არ იქნება ბათილი.[18]

3. კანონით დადგენილი აკრძალვა

18

თუ სხვა რამ არ გამომდინარეობს ამკრძალავი კანონიდან, გარიგება, რომელიც ამკრძალავ კანონს ეწინააღმდეგება, ბათილია.[19] კანონი ამკრძალავად ჩაითვლება, თუკი მისი ნორმა გარიგების შინაარსს ან ასეთი გარიგების დადებას დაუშვებლად მიიჩნევს.[20]

19

ამკრძალავი კანონების უმეტესობა საჯარო-სამართლებრივია და კერძო სამართლის სფეროს სცილდება, მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თუ საგადასახადო კოდექსები და ა.შ. ეს კანონები არ შეიცავენ მითითებას იმაზე, რომ მათ საწინააღმდეგოდ დადებული გარიგებები ბათილია. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 158 I მუხლის თანახმად, კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერა დანაშაულს წარმოადგენს, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსი არაფერს ამბობს იმაზე, ხელშეკრულება კერძო საუბრის ჩაწერის შესახებ ბათილია თუ არა. ასეთი დასკვნა უნდა გაკეთდეს სისხლის სამართლის ამკრძალავ ნორმასა და 54-ე მუხლის შინაარსს შორის ლოგიკური კავშირის დამყარებით.

ამკრძალავ კანონში შეიძლება საერთოდ არ ფიგურირებდეს გამოთქმები „აკრძალულია“, „დაუშვებელია“, „არ შეიძლება“ და ა.შ. ამიტომ იმის განსაზღვრა, კანონი ამკრძალავია თუ არა, უნდა მოხდეს განმარტების საფუძველზე. განმარტებითვე უნდა დადგინდეს, რა სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს კანონის დარღვევას. ამის მიხედვით ერთმანეთისაგან განასხვავებენ რელატიურ აკრძალვასა და აბსოლუტურ აკრძალვას.

20

რელატიური აკრძალვების შემცველი კანონის დარღვევა არ იწვევს ავტომატურად გარიგების ბათილობას, რადგან ასეთი კანონებით იკრძალება არა გარიგების შინაარსი, არამედ მისი თანამდევი გარემოებები და პროცესები. მაგალითად, ქუჩაში მალფუჭებადი კვების პროდუქტების აკრძალვის მიუხედავად, ქუჩაში დადებული ამ პროდუქტების ნასყიდობის ხელშეკრულება არ იქნება ბათილი, თუნდაც გამყიდველს ამ საქმიანობისათვის პოლიციამ ჯარიმა გადაახდევინოს.

21

რთულია საკითხის გადაწყვეტა მაშინ, როცა საქმე ეხება ნებართვასავალდებულო (ლიცენზია) საქმიანობის განხორციელებას სათანადო ნებართვის გარეშე. მაგალითად, იქნება თუ არა არალიცენზირებული აფთიაქის მიერ დადებული წამლების ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილი? სამედიცინო დაწესებულების მიერ ლიცენზიის გარეშე დადებული გარიგებები სასამართლომ ბათილად ჩათვალა.[21]

ამრიგად, რელატიური აკრძალვის შემცველი ნორმების დარღვევის სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა არ არის იოლი.

22

აბსოლუტური აკრძალვის შემცველი კანონის საწინააღმდეგოდ დადებული გარიგების სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა უფრო მარტივია, რადგან ამ დროს კანონი კრძალავს გარიგების შინაარსს, რის გამოც გარიგება ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული. თუმცა გარკვეული კლასიფიკაცია აქაც არის აუცილებელი. მაგალითად, თუკი ხელშეკრულების ორივე მხარემ იცოდა, რომ ისინი არღვევდნენ ამკრძალავ კანონს, მაშინ გარიგება ბათილია ორივესათვის. მაგრამ, თუკი დაღვევის შესახებ იცოდა გარიგების მხოლოდ ერთმა მონაწილემ, მაშინ გარიგება ბათილი იქნება მხოლოდ ამ ერთი მონაწილის მიმართ და მეორე მხარეს არ მოუწევს გარიგებით მიღებულის უკან დაბრუნება.

23

ამკრძალავი კანონი შეიძლება არც ისახავდეს მიზნად მთლიანად გარიგების ბათილობას. ასეთ შემთხვევაში შეიძლება შედეგი იყოს გარიგების ნაწილობრივი ბათილობა (62).[22]

4. კანონსაწინააღმდეგობის მომენტი

24

გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან, თუკი ის დადებისას არღვევს კანონით დადგენილ აკრძალვას ან წესს (61 I). თუ ამკრძალავი კანონი გარიგების დადების შემდეგ იქნა მიღებული, მაშინ კანონი მოქმედებს სამომავლოდ, მას არა აქვს უკუქცევითი ძალა (6). ამიტომ, აღიარებული შეხედულების თანახმად, გარიგების ნამდვილობა ამკრძალავი კანონის მოგვიანებით მიღებით არ დგება ეჭვქვეშ.[23] ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა კანონს უკუქცევითი ძალა თვით კანონითვე აქვს მინიჭებული.

თუ გარიგება მისი დადებისას კანონსაწინააღმდეგობის გამო ბათილი იყო, ხოლო ეს კანონი მოგვიანებით გაუქმდა, გარიგება მაინც ბათილი რჩება და ეს არ იწვევს მის ნამდვილობას.[24]

5. სასამართლო პრაქტიკა

25

სასამართლო პრაქტიკაში განსაკუთრებით ხშირია გარიგებათა მიჩნევა ბათილად კანონსაწინააღმდეგობის გამო. მაგალითად, საზიარო საგნის მოწილის მიერ თანამონაწილის ქონების განკარგვა მასთან შეთანხმების გარეშე ბათილია 54-ე მუხლის შესაბამისად.[25]

IV. საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებები

1. ცნება

26

საჯარო წესრიგის ლეგალურ დეფინიციას სამოქალაქო კოდექსი არ განამტკიცებს. სასამართლო პრაქტიკა ცდილობს საჯარო წესრიგის ცნების დაკონკრეტებას, თუმცა არცთუ ისე წარმატებულად.[26] ამიტომ ამ საკითხში ქართული ლიტერატურა სხვა მართლწესრიგების სამართლებრივი შედარებით შემოიფარგლება.[27]

27

დოქტრინული ცნების თანახმად, საჯარო წესრიგის ცნებაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლება, რომელთა დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები.[28]

28

საჯარო წესრიგის ცნება გამოიყენება საერთაშორისო კერძო სამართალში, მაგალითად, ქვეყნის სასამართლოებმა არ უნდა გამოიყენონ ისეთი უცხოური კანონი, რომელიც არღვევს ან ეწინააღმდეგება მოცემული სახელმწიფოს საჯარო წესრიგს.[29]

გასაზიარებელია კრიტიკა, რომ საერთაშორისო კერძო სამართალში გამოყენებული „საჯარო წესრიგის“ ცნების გადმოტანა კერძო სამართალში გარიგების ნამდვილობის შესაფასებლად არაა მიზანშეწონილი.[30]

2. განსაზღვრის კრიტერიუმები

29

რთულია იმის დადგენა, ეწინააღმდეგება თუ არა გარიგება საჯარო წესრიგს. თუ გარიგება ეწინააღმდეგება კონკრეტულ კანონს, მაშინ იარსებებს კანონსაწინააღმდეგო გარიგება და არ დადგება საჯარო წესრიგთან მიმართებაში გარიგების ნამდვილობის შემოწმების საკითხი.

საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო გარიგების მაგალითებია: შრომის ხელშეკრულებაში პირობის ჩადება, რომ დასაქმებული ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე არ გათხოვდება;[31] ჩუქება ქორწინების შეწყვეტაზე თანხმობის მიღების პირობით[32] და ა.შ.

შედარებით-სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მოხმობილი მაგალითები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ამ შემთხვევათა ერთი ნაწილი ქართულ სამართალში კანონით არის მოწესრიგებული, მაგალითად, ამომრჩეველთა მოსყიდვა და ა.შ. ამიტომ აქტუალურია მათი შემოწმება კანონთან შესაბამისობის თვალსაზრისით.[33]

3. სასამართლო პრაქტიკა

30

ქართული სასამართლო პრაქტიკის დამოკიდებულება საჯარო წესრიგის ცნების მიმართ დამაჯერებლობით არ გამოირჩევა. მაგალითად, ერთი მხარის მიერ „სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებისა“ და მეორე მხარისათვის „მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების“ სურვილი ჩაითვალა „საჯარო წესრიგის დარღვევად“, რადგან ის წარმოადგენს „სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევას“.[34] სასამართლოს აზრით, „საჯარო წესრიგის დარღვევაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლება და სხვ. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლება, არამედ იგი ვნებას აყენებს (ვნებს), პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს“.[35]

ხელშეკრულების დადება ბუნებაში არარსებულ პირთან სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებად და ამ საფუძვლით ბათილად.[36]

V. ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო გარიგებები

1. ზნეობის ნორმების ცნება

31

მესამე ფასეულობა, რომლის დარღვევაც იწვევს გარიგების ბათილობას, არის ზნეობა. კერძოდ, ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ დადებული გარიგება ბათილია. ზნეობასთან დაკავშირებით 54-ე მუხლის შეიცავს ზოგად ნორმას, რომლის დაკონკრეტება სასამართლო პრაქტიკაზეა დამოკიდებული.

თუ გარიგებათა აღიარება კანონსაწინააღმდეგოდ შედარებით მარტივია, რადგან შეფასების საზომად გამოიყენება კანონის კონკრეტული ნორმები, ზნეობის ნორმების დაკონკრეტება და გარიგების შემოწმება მათზე საკმაოდ რთულია. მთავარი პრობლემა არის იმის დადგენა, თუ რა არის ზნეობა და ზნეობის საწინააღმდეგო გარიგება.[37]

32

ვინაიდან მორალის ნორმები არ არის კოდიფიცირებული, რთულია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელ ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება გარიგება. ცხადია, ეს მოსამართლეს დამატებით სირთულეებს უქმნის.[38] რამდენად თავისუფალია მოსამართლე გარიგების ზნეობრიობის შეფასებისას და რომელ მორალურ ღირებულებებს უნდა გაუწიოს მან ანგარიში?

ქართული სასამართლო პრაქტიკა ცდილობს ამ კითხვას უპასუხოს ახალ სასამართლო გადაწყვეტილებებში. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლო მიიჩნევს, რომ „გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას... ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სარგებლის ამორალური ხასიათი და კრედიტორის სურვილი, მიიღოს მაქსიმალური სარგებელი დადებული ხელშეკრულებიდან“.[39] თბილისის სააპელაციო სასამართლოს აზრით, გარიგება ამორალურია, თუ „ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში“.[40]

33

შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების, მისი შინაარსის მიმართება ზნეობასთან.[41] მაგალითად, საპროცენტო განაკვეთის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის (ყოველთვიური 30%) მიმართება ზნეობასთან.[42]

34

გარიგების მოტივის ამორალურობა შეიძლება გახდეს მთლიანად გარიგების ამორალურად მიჩნევის საფუძველი, მაგალითად, საყვარლისათვის ანდერძით ქონების დატოვება იმ პირობით, რომ ის მოანდერძეს სიცოცხლის განმავლობაში მარტო არ დატოვებს.[43]

გარიგების ბათილობა არ შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, იცოდნენ თუ არა გარიგების მონაწილეებმა, რომ ზნეობის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.[44]

35

ზნეობის დამატებითი შინაარსობრივი კრიტერიუმების არარსებობის გამო გარიგების ბათილობის საზომად ზნეობის გამოყენება მიზანშეუწონლად არის მიჩნეული ქართულ ლიტერატურაში.[45] სხვა მოსაზრების თანახმად, ხელშეკრულება მაშინ უნდა იქნეს აღიარებული ზნეობის საწინააღმდეგოდ, როცა ეს იურიდიულად აუცილებელია და ის შეიცავს დარღვევას იურიდიულად მნიშვნელოვანი ინტერესებისა.[46]

2. ამორალური გარიგებების ცალკეული შემთხვევები

36

ქართული სასამართლო პრაქტიკა ღარიბია ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებების შემთხვევებით. თუმცა ბოლო დროს შეიმჩნევა ამ თვალსაზრისით სასამართლოების გააქტიურება, განსაკუთრებით მევახშეობასთან მიმართებაში. მაგალითად, ყოველთვიური სარგებელი 30%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და მხარეთა შეთანხმება ამ პროცენტზე ბათილად მიიჩნევა (სარგებლის ამორალური ხასიათი).[47]

ზნეობრივი სტანდარტების საწინააღმდეგოდ ითვლება გამსესხებლის მიერ ბაზარზე საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილ საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე (თვიური 1,9%) ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა.[48]

საყურადღებოა სხვა ქვეყნების, მაგალითად, გერმანული სამოსამართლო სამართლის გამოცდილება ამორალურ გარიგებებთან დაკავშირებით.

ზნეობის საწინააღმდეგოდ შეიძლება ჩაითვალოს კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით უზრუნველყოფის გადაჭარბებული და შეუსაბამო საშუალებების გამოყენება, მაგალითად, მცირე კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით მოვალის მთელი ქონების გამოყენება.[49]

ზნეობის საწინააღმდეგოდ მიიჩნევა სქესობრივი ურთიერთობა საფასურის გადახდის სანაცვლოდ.[50]

შინაარსობრივად ნეიტრალური ხელშეკრულებები, როგორიცაა ნასყიდობა, სესხი, ქირავნობა შეიძლება ამორალურობის მოტივით ბათილად იქნეს აღიარებული, თუკი მათ საფუძვლად არსებული მოტივი ამორალურია, მაგალითად, იარაღის ყიდვა მკვლელობის ჩადენის მიზნით.[51]

VI. სამართლებრივი შედეგი

1. ზოგადად

37

54-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას იმის თაობაზე, რომ კანონსაწინააღმდეგო, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო გარიგება არის ბათილი. მაგრამ ნორმა კონკრეტულად არ განსაზღვრავს ბათილობის არც პირობებს და არც სახეებს. აქედან გამომდინარე, გასაზიარებელია მოსაზრება, რომ 54-ე მუხლი მხოლოდ ბლანკეტურ, მითითებით მუხლს წარმოადგენს.[52] ეს იმას ნიშნავს, რომ 54-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ბათილად მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველთვის კანონის კონკრეტული ნორმის მითითება.

2. უსაფუძვლო გამდიდრება

38

განსხვავებით ზოგიერთი ქვეყნის სამოქალაქო კოდექსებისაგან, მაგალითად, დსთ-ის მოდელური და მის საფუძველზე მიღებული კოდექსებისაგან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს გარიგებების თავში გარიგებათა ბათილობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ იმას, თუ რა მოვალეობები ეკისრებათ ბათილი გარიგების მონაწილეებს ერთმანეთის მიმართ.

ზოგადი წესის მიხედვით გარიგების მონაწილეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ ყველაფერი, რაც მათ ბათილი გარიგებით მიიღეს. თუმცა ამ წესიდან მრავალი გამონაკლისი არსებობს. ამიტომ სამოქალაქო კოდექსი ამ საკითხებს ცალკე აწესრიგებს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე.[53]

4. ბათილი გარიგების დადასტურება

39

მართალია, ბათილი გარიგება დადებისთანავე ბათილია, მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარიგების მონაწილეებს აქვთ ბათილი გარიგების ნაცვლად ნამდვილი გარიგების დადების შესაძლებლობა. ამას ითვალისწინებს 61 II მუხლი.[54] გარიგების ხელახლა დადების გზით გარიგების მონაწილეებს შეუძლიათ მართლზომიერად მიაღწიონ დასახულ მიზანს.




  1. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 27. Aufl. Stand 01.05.2013, § 134 Rn. 2.
  2. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 27. Aufl. Stand 01.05.2013, § 134 Rn. 4.
  3. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 54, გვ. 176.
  4. იქვე. გვ. 177; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 261-265; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 385-393.
  5. შდრ. იქვე. 2011, გვ. 385.
  6. ბათილი და უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება სინონიმებს წარმოადგენს და სამართლებრივად მათ შორის განსხვავება არ არსებობს.
  7. იხ. 61 I მუხლის კომენტ.
  8. იხ. მუხ. 62 კომენტ.
  9. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 23 Rn. 27.
  10. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 399.
  11. იხ. მუხ. 59 II კომენტ.
  12. იხ. მუხ. 72-89 კომენტ.
  13. დსთ-ის მოდელური სამოქალაქო კოდექსი და მის საფუძველზე შექმნილი ყველა სამოქალაქო კოდექსი გარიგების ბათილად აღიარებისათვის აუცილებლად მიიჩნევს სასამართლოში მიმართვას და სასამართლოს გადაწყვეტილებას.
  14. იხ. მუხ. 2 კომენტ.
  15. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 26 I 1 Rn. 2.
  16. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 27. Aufl., Stand 01.05.2013, § 134 Rn. 10.1.
  17. საქ. უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 15 დეკემბრის # ას-426-745-04 გადაწყვეტილება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე, 9/2005, გვ. 11.
  18. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 27. Aufl. Stand 01.05.2013, § 134 Rn. 14.
  19. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 27. Aufl. Stand 01.05.2013, § 134 Rn. 12.
  20. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 26 I 1 Rn. 2.
  21. საქ. უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 15 დეკემბრის # ას-426-745-04 გადაწყვეტილება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე, 9/2005, გვ. 11.
  22. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 26 I 2 Rn. 11; Wendtland, in Beck OK BGB, 27. Aufl., Stand 01.05.2013, § 134 Rn. 21.
  23. შდრ. Staudinger/Sack (2003) § 134 Rn. 55.
  24. შდრ. Staudinger/Sack (2003) § 134 Rn. 55.
  25. საქ. უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის # ას-671-976-09 გადაწყვეტილება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე, 1/2010, გვ. 107.
  26. საქ. უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის # ას-533-786-08 განჩინება.
  27. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 357-359.
  28. შდრ. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 54, გვ. 178.
  29. შდრ. გაბისონია, ქართული საერთაშორისო კერძო სამართალი, 2006, გვ. 112-113.
  30. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 278.
  31. საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება: Cass. Soc. 7 fev. 1968, № 65-40622.
  32. Ferid/Sonnenberger, Das französische Zivilrecht, 2. Aufl. 1/1, Heidelberg, Verl. Rechts und Wirtschaft, 1991, S. 535.
  33. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 357-358.
  34. საქ. უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის # ას-533-786-08 განჩინება.
  35. საქ. უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის # ას-533-786-08 განჩინება.
  36. საქ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის # 465-435-2010 გადაწყვეტილება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე, 1/2012, გვ. 53.
  37. შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 681.
  38. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 355.
  39. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის # 2/13966-12 გადაწყვეტილება.
  40. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის # 2ბ/4123-12 გადაწყვეტილება.
  41. შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 685.
  42. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის # 2/13966-12 გადაწყვეტილება.
  43. შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 688.
  44. შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 689.
  45. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 280.
  46. ზარანდია/ჯუღელი, ზნეობრივი ვალდებულებანი სამოქალაქო სამართალში, მართლმსაჯულება და კანონი, 4/2006, გვ. 77.
  47. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის # 2/13966-12 გადაწყვეტილება.
  48. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის # 2ბ/4123-12 გადაწყვეტილება.
  49. შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 696.
  50. შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 701.
  51. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 26 Rn. 35.
  52. შდრ. Sack, in Staudinger, 2003, § 134 Rn. 57.
  53. იხ. მუხ. 976-991 კომენტ.
  54. იხ. მუხ. 61 II კომენტ.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_54._მართლსაწინააღმდეგო_და_ამორალური_გარიგებანი&oldid=1289"