Gccc-logo.png


მუხლი 55. გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 55. გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6151 — ვებგვერდი, 25.05.2012წ.

I. შესავალი დებულებები

1. ნორმის მიზანი და რეგულირების საგანი

1

55-ე მუხლში განმტკიცებული ნორმის მიზანი არის ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით გარიგების დადების თავიდან აცილება.

2

სამოქალაქო კოდექსში ამ ინსტიტუტის ადგილთან დაკავშირებით გამოთქმულია კრიტიკა. კერძოდ, მიზანშეწონილად არის მიჩნეული მისი მოთავსება ზოგად სახელშეკრულებო სამართალში, ვინაიდან ნორმის შინაარსი მხოლოდ ხელშეკრულებებზე — ორმხრივ გარიგებებზე — ვრცელდება და არა ცალმხრივ გარიგებებზე.[1]

2. განხორციელებული ცვლილებები

3

2012 წლის 8 მაისამდე 55-ე მუხლი ორი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველი ნაწილი ითვალისწინებდა გარიგების ბათილობას, თუკი ამ გარიგებით აშკარა შეუსაბამობა იყო განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის და გარიგება დაიდო ერთ-ერთი მხარის მიერ საბაზრო ძალაუფლების ან ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობის, ან გამოუცდელობის (გულუბრყვილობის) გამოყენებით.

2012 წლის 8 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით 55-ე მუხლის პირველი ნაწილი გაუქმდა. ცვლილების თაობაზე მომზადებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, ნორმის გაუქმება განპირობებული იყო თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ საქართველოს ახალი კანონის[2] მიღებით, რომელიც ითვალისწინებს ამგვარი გარიგებების რეგულირებას. მართალია, ამ კანონის მე-6 მუხლი აწესრიგებს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს, 55 I მუხლის გაუქმებას ეს არ ამართლებს.

II. გამოყენების წინაპირობა

1. განსაკუთრებული ნდობა

4

55-ე მუხლის გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა არის გარიგების მხარეებს შორის განსაკუთრებული ნდობის არსებობა. თუ კონკრეტულად რაში შეიძლება გამოიხატებოდეს განსაკუთრებული ნდობა, კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია.

განსაკუთრებულ ნდობაზე დამყარებულად შეიძლება ჩაითვალოს ურთიერთობები ექიმსა და პაციენტს შორის, ადვოკატსა და კლიენტს შორის, საკუთრების მიმნდობსა და მინდობილ მესაკუთრეს შორის და ა.შ.[3]

2. გავლენის ბოროტად გამოყენება

5

გარდა განსაკუთრებული ნდობის არსებობისა, სახეზე უნდა იყოს ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენება. გავლენისა და ნდობის ბოროტად გამოყენებით არაკეთილსინდისიერი მხარე, როგორც წესი, იღებს სარგებელს დადებული გარიგებიდან.[4] გავლენის ბოროტად გამოყენების არსებობა ყოველი კონკრეტული შემთხვევის შეფასებისას უნდა შემოწმდეს. შემოთავაზებულია „გარემოებათა ბოროტად გამოყენების“ შემოღება „გავლენის ბოროტად გამოყენების“ ნაცვლად.[5]

III. სასამართლო პრაქტიკა

6

2012 წლის საკანონმდებლო ცვლილებებამდე სასამართლო პრაქტიკა იცნობს შემთხვევებს, რომელთა სამართლებრივი შეფასებაც 55 I მუხლის შესაბამისად ხდება.

მაგალითად, სასამართლომ არ ჩათვალა დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევისათვის ნორმატიული აქტით დადგენილი ჩვეულებრივი ტარიფის ორმაგი ოდენობა 55 I მუხლით განსაზღვრულ „შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის“ აშკარა შეუსაბამობად.[6]

55 I მუხლის პირობების კუმულატიურად, ე.ი. ერთობლიობაში განხილვას უჭერს მხარს სამოსამართლო სამართალი. ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობა გარიგების ბათილობისათვის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს, ამ პირობასთან ერთად უნდა არსებობდეს მეორე გარემოებაც _ გარიგება დადებული უნდა იყოს მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება, ან ისარგებლა კონტრაჰენტის მძიმე მდგომარეობით, ან გულუბრყვილობით.[7] კუმულაციური პირობის თეორია გაზიარებულია ასევე იურიდიულ ლიტერატურაში.[8]




  1. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 359.
  2. საქართველოს კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, 2012 წლის 25 მაისი.
  3. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 55, გვ. 185.
  4. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 55, გვ. 185.
  5. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 358.
  6. საქ. უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის # ას-335-320-2012 გადაწყვეტილება.
  7. საქ. უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება # ას-109-105-2012.
  8. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 357.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_55._გარიგების_ბათილობა_გავლენის_ბოროტად_გამოყენების_გამო&oldid=1275"