Gccc-logo.png


მუხლი 56. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 56. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი და გამოყენების სფერო

1

56-ე მუხლი აწესრიგებს ნების ნაკლის[1] საფუძველზე დადებული გარიგების ორ შემთხვევას — მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებებს. ორივე შემთხვევაში საუბარია სიმულაციასა და სიმულაციის განსხვავებულ მეთოდებზე.[2]

2

როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგებები კერძო ავტონომიის ნეგატიური გამოვლინების მაგალითად მიიჩნევა.[3]

3

მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები გამოიყენება მხოლოდ მიღებასავალდებულო ნების გამოვლინებების მიმართ, სადაც მიზნის მისაღწევად, სულ ცოტა, ორი მხარის მონაწილეობაა სავალდებულო.[4] აქედან გამომდინარე, მოჩვენებითი გარიგებების მომწესრიგებელი ნორმები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანდერძის მიმართ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების დადებისას მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა და არ სურთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში კი გარიგება დადებულია სხვა გარიგების დასაფარად.[5]

II. მოჩვენებითი გარიგება

1. ცნება და ნიშნები

4

მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი, ე.ი. ახდენენ გარეგნულად გამოხატულის მიღწევის სიმულაციას.[6]

5

მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს.[7]

6

მოჩვენებითი გარიგების მიზანი, როგორც წესი, მესამე პირის მოტყუებაა.[8] ეს მესამე პირი შეიძლება იყოს როგორც კრედიტორი,[9] ისე სახელმწიფოც.[10] მაგალითად, თუკი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მხარეები სახლის ფასს უთითებენ 100.000 ლარს, სინამდვილეში კი მყიდველი იხდის 150.000 ლარს, მიზანი შეიძლება იყოს გადასახადის ან სანოტარო მოსაკრებლის ანდა მაკლერისთვის გადასახდელი საკომისიოს შემცირება.

სასამართლო პრაქტიკაც ადასტურებს, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერ- თობასთან, (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.).[11]

7

სავალდებულო არ არის მოჩვენებითი გარიგების მიზანი ყოველთვის იყოს მესამე პირის მოტყუება. მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის გადამწყვეტია ფაქტი, რომ მხარეებს არა აქვთ გარიგებაში მითითებული შედეგის დადგომის განზრახვა, მაგალითად, ხელშეკრულებაში მითითებული ფასის გადახდა.[12]

შეძენილი უძრავი ქონებით არსარგებლობა არ არის საკმარისი საფუძველი ამ გარიგების მიჩნევისათვის მოჩვენებითად. აუცილებელია, რომ გარიგების მხარეებს ამ გარიგებით სურდეთ კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევა ან სხვა გარიგების დაფარვა.[13]

2. სამართლებრივი შედეგი

8

მოჩვენებითი გარიგება ბათილია, რადგან მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას.[14] 100.000 ლარზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, რადგან მხარეთა ნამდვილი ნება იყო 150.000 ლარის გადახდა.

9

მოჩვენებითი გარიგება ბათილია არა მხოლოდ გარიგების მეორე მონაწილის, არამედ მოტყუებული მესამე პირის მიმართაც.[15]

ბათილობის სამართლებრივი შედეგი გარიგების მონაწილეებისათვის ზემოთ განხილული ნასყიდობის ხელშეკრულების მაგალითში შემდეგნაირად გამოიხატება: გამყიდველს აქვს არა 100.000 ლარის, არამედ 150.000 გადახდის მოთხოვნის უფლება, რადგან მხარეები სწორედ ამაზე შეთანხმდნენ, ხოლო მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს 150.000 ლარი.

10

რადგან მოჩვენებითი გარიგებების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი მესამე პირთა მოტყუებაა, მათ უნდა მიეცეთ თავდაცვის შესაძლებლობა და მიენიჭოთ შეცილებისა და მოჩვენებითი გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება, რაც შეიძლება მიღწეულ იქნეს მათთვის აღიარებითი სარჩელისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებათა მინიჭებით.[16]

მოტყუებულ მესამე პირებს უფლება აქვთ მოითხოვონ მხარეებისაგან ზიანის ანაზღაურება, თუ მათ ზიანი მიადგათ მოჩვენებითი გარიგებით, მაგალითად, მაკლერს შეუძლია მოითხოვოს მოსაჩვენებლად ფასის შემცირებით გამოწვეული დანაკლისის გადახდა (992).

საყურადღებოა კეთილსინდისიერი შემძენი მესამე პირის უფლებები, როცა მოსაჩვენებლად შემძენი პირი გაასხვისებს მისთვის გადაცემულ ნივთს მესამე პირზე. 187 I 1 მუხლის თანახმად, შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე. ამიტომ მოჩვენებითი გარიგების ბათილობა არ იწვევს შემძენის მიერ საკუთრების შეძენის ბათილობას. იგივე წესი უნდა იქნეს გამოყენებული მაშინაც, როცა მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე მოჩვენებითი მყიდველი რეგისტრირებულია რეესტრში და ის გაასხვისებს მიწის ნაკვეთს მესამე პირზე. ამ შემთხვევაშიც, 185, 312 I, II მუხლების საფუძველზე შემძენი კეთილსინდისიერი იქნება.

3. ცალკეული შემთხვევები

11

აქციონერის მიერ თავისი აქციების გადაფორმება სხვა აქციონერის სახელზე აქციათა საკონტროლო პაკეტის სიმულაციის მიზნით და ამ გზით ბანკის კრედიტის აღების უზრუნველსაყოფად, ბათილია, რადგან, უზენაესი სასამართლოს აზრით, ამ დროს მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრების მინდობის დაფარვა.[17]

12

მოჩვენებითია ორ საწარმოს შორის ხარჯების გაზრდისა და მოგების შემცირების მიზნით დადებული მომსახურების ხელშეკრულება, თუ მხარეებს არ ჰქონიათ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების განზრახვა და არც შეუსრულებიათ ეს ვალდებულებები.[18]

13

მოჩვენებითია კრედიტორის დაკმაყოფილების თავიდან აცილების მიზნით მოვალის მიერ თავისი მიწის ნაკვეთის „გაყიდვა“ მესამე პირზე.[19] მაგალითად, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ბინის გასხვისება მესამე პირზე კრედიტორის მოტყუების მიზნით, ჩაითვალა მოჩვენებით გარიგებად.[20]

14

სესხის უზრუნველსაყოფად დადებული უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულება მიიჩნევა ბათილად, როგორც მოჩვენებითი გარიგება.[21]

15

არ არსებობს მოჩვენებითი გარიგება, როცა მხარეებმა ნასყიდობის ფასი ზუსტად კი მიუთითეს, მაგრამ გადასახადის შემცირების მიზნით ფასი გაყვეს ორ ნაწილად, მაგალითად, უძრავი ქონების ფასი და მისი რემონტის ფასი.[22] ეს განსხვავდება იმ შემთხვევისაგან, როცა ფასი ხელშეკრულებაში რეალურისაგან განსხვავებული და დაბალი იყო მითითებული.

ნაკლები გადასახადების გადახდის მიზანი ყოველთვის არ იწვევს გარიგების მიჩნევას მოჩვენებითად. მაგალითად, საქველმოქმედო ფონდის დაფუძნება და ამ მიზნით ფინანსური შემოწირულობების გაღება შეიძლება იწვევდეს დასაბეგრი მოგების შემცირებას, მაგრამ ამის გამო ფონდის დაფუძნება ან შემოწირულობების გაღება არ უნდა ჩაითვალოს მოჩვენებითად.[23]

III. თვალთმაქცური გარიგება

1. ცნება და ნიშნები

16

როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგების უკან ჩვეულებრივ სხვა გარიგება იმალება, რომლის მიღწევაც გარიგების მონაწილეებს აქვთ განზრახული. ამიტომ კანონი ამ გარიგებას ავტომატურად არ მიიჩნევს ბათილად. პირიქით, მოჩვენებითი (სიმულირებული) გარიგების ბათილობა იწვევს იმას, რომ ამოქმედდება თვალთმაქცური გარიგების ნორმები (56 II).

17

თვალთმაქცური გარიგება წარმოადგენს მოჩვენებითი გარიგების ნაირსახეობას და განსხვავდება იმით, რომ გარიგების მონაწილეებს რეალურად მისი განხორციელება სურთ.[24] მაგალითად, მხარეები დებენ ავტომანქანის ჩუქების ხელშეკრულებას (მოჩვენებითი გარიგება) მაშინ, როცა სინამდვილეში მათ შორის იყო ნასყიდობის ხელშეკრულება (თვალთმაქცური გარიგება). ასეთ დროს 56 I მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულება ბათილია და 56 II მუხლის მიხედვით, გამოიყენება ნასყიდობის ხელშეკრულების ნორმები, რადგან გარიგების მონაწილეებს სინამდვილეში ნასყიდობის დადება სურდათ.

2. ცალკეული შემთხვევები

18

უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში თვალთმაქცურად მიიჩნია სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება დროებით — სესხის მოქმედების ვადის მანძილზე.[25] გარიგების ბათილობა ამ შემთხვევაში შეიძლება არა მისი თვალთმაქცურობის მოტივით, არამედ სხვა საფუძვლით: საკუთრების გადაცემას დროებით საკუთრებაში სამოქალქო კოდექსი არ იცნობს. ამიტომ სადავოა გარიგების კვალიფიკაცია თვალთმაქცურად.

3. სამართლებრივი შედეგი

19

მოჩვენებითი გარიგებისაგან განსხვავებით, თვალთმაქცური გარიგება ნამდვილია. თუმცა ეს არ გამორიცხავს ამ გარიგების ბათილობას სხვა საფუძვლით, მაგალითად, ფორმის დაუცველობის (59 I) ან კანონსაწინააღმდეგობის (54) გამო. მაგალითად, თუ უძრავი ნივთის ფასზე ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ ზეპირად, ხოლო მოსაჩვენებელი ფასი ჩაწერეს ხელშეკრულებაში, მოსაჩვენებელი ფასი იქნება ბათილი 56 I მუხლის მიხედვით როგორც მოჩვენებითი, ხოლო ზეპირად შეთანხმებული ფასი იქნება ბათილი ფორმის დაუცველობის გამო 59 I მუხლის საფუძველზე.

20

დაფარული გარიგების მიმართ გამოიყენება მის მიმართ მოქმედი წესები. ამიტომ დაფარული გარიგების ნამდვილობისათვის არ კმარა მხოლოდ მოჩვენებითი გარიგების ბათილობა. დაფარული გარიგება უნდა იყოს მართლზომიერი და ამ საფუძვლით ნამდვილი. მაგალითად, თუ მიწის ნაკვეთის ჩუქების ხელშეკრულებით მხარეებს სურთ ნასყიდობის დაფარვა, ნასყიდობის ხელშეკრულება არ იქნება ნამდვილი, თუკი ის არ არის 183-ე და 323-ე მუხლების შესაბამისად წერილობით გაფორმებული. ასეთ შემთხვევაში ჩუქება, როგორც მოჩვენებითი გარიგება, ბათილია, ნასყიდობაც ბათილია ფორმის დაუცველობის გამო. ამიტომ მხარეები ვერ იღებენ თვალთმაქცური გარიგებით გათვალისწინებულ მიზანს — შემძენი ვერ ხდება მესაკუთრე.

4. მტკიცების ტვირთი

21

მტკიცების ტვირთი როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, ვინც ამტკიცებს, რომ არსებობს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები.[26]

სასამართლო პრაქტიკის მიხედვით მოჩვენებითი გარიგებების დროს მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობის მტკიცების ტვირთი აკისრია მას, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.[27]

22

სასამართლოსათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.[28]




  1. ასევე „ნების გაცნობიერებული ნაკლი“, რადგან გამოვლენილი ნება შეგნებულად განსხვავდება გამომვლენის ჭეშმარიტი ნებისაგან, ან იგი საერთოდ არ არსებობს; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 305.
  2. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 56, გვ. 186.
  3. MüKo/Armbrüster, BGB, 6. Aufl., 2012, § 117 Rn. 1.
  4. MüKo/Armbrüster, BGB, 6. Aufl., 2012, § 117 Rn. 2.
  5. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის # ას-891-1177-09 განჩინება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე, 2/2010, გვ. 253.
  6. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 361.
  7. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის # ას-571-879-09 გადაწყვეტილება; საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის # ას-891-1177-09 განჩინება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე, 2/2010, გვ. 253.
  8. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 25 Rn. 7.
  9. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის # ას-571-879-09 გადაწყვეტილება.
  10. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 361.
  11. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის # ას-571-879-09 გადაწყვეტილება.
  12. შდრ. MüKo/Armbrüster, BGB, 6. Aufl., 2012, § 117 Rn. 13.
  13. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის # ას-571-879-09 გადაწყვეტილება.
  14. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 56, გვ. 186.
  15. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 25 Rn. 7.
  16. შდრ. MüKo/Armbrüster, BGB, 6. Aufl., 2012, § 117 Rn. 22.
  17. საქ. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის # ა-27- გან-1-2010 განჩინება, გვ. 3-5.
  18. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 362.
  19. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 56, გვ. 186.
  20. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის # ას-891-1177-09 განჩინება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე, 2/2010, გვ. 253.
  21. საქ. უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 23 ივნისის #ას-214-535-05 განჩინება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე, 9/2005, გვ. 25.
  22. შდრ. MüKo/Armbrüster, BGB, 6. Aufl., 2012, § 117 Rn. 4.
  23. შდრ. MüKo/Armbrüster, BGB, 6. Aufl., 2012, § 117 Rn. 14.
  24. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 362.
  25. საქ. უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 11 მაისის # ას-27-387-05 განჩინება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე, 9/2005, გვ. 19.
  26. შდრ. MüKo/Armbrüster, BGB, 6. Aufl., 2012, § 117 Rn. 21.
  27. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის # ას-571-879-09 გადაწყვეტილება.
  28. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის # ას-571-879-09 გადაწყვეტილება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_56._მოჩვენებითი_და_თვალთმაქცური_გარიგებანი&oldid=1298"