Gccc-logo.png


მუხლი 57. გარიგების ბათილობა ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამო

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 57. გარიგების ბათილობა ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამო


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ბათილია ნების გამოვლენა, რომელიც გაკეთებულია არასერიოზულად (ხუმრობით) იმ ვარაუდით, რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა.

2. ნების მიმღებს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც წარმოიშვა იმის გამო, რომ იგი ენდობოდა ნების გამოვლენის სერიოზულობას, თუკი მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ.

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი და გამოყენების სფერო

1

ნორმის მიზანი არის ნების გამომვლენის ინტერესების დაცვა და მისი გათავისუფლება სამართლებრივი შედეგის დადგომის ვალდებულებისაგან, თუკი მის მიერ გამოხატული ნება არ იყო სამართლებრივი შედეგის მიღწევის განზრახვით გაკეთებული და იგი ვარაუდობდა, რომ ნების მიმღები ამ არასერიოზულობას გამოიცნობდა (57 I).

გარდა ამისა, ნორმა ასევე იცავს ნების მიმღებსაც და მას იმ ზიანის ანაზღაურების უფლებას ანიჭებს, რომელიც მას არასერიოზულად გაკეთებული ნების გამოვლენისადმი ნდობის გამო მიადგა (57 II).

57-ე მუხლი გამოიყენება როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლინებების მიმართ, მაგალითად, არასერიოზულად შედგენილი ანდერძის მიმართაც.[1] არასერიოზულობის გამოცნობის შესაძლებლობაზე მითითება არ ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ნების მიღებასავალდებულო გარიგებებზე.

2

57-ე მუხლში გათვალისწინებული გარიგება არ განეკუთვნება მოჩვენებით ან თვალთმაქცურ გარიგებებს, რადგან ამისათვის მას აკლია გარიგების მონაწილეთა ერთობლივი ნება, რაც აუცილებელია მოჩვენებითი გარიგებისათვის. ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ ნების გამომვლენის მიერ არასერიოზულად განხორციელებულ ნებაზე.

2. მნიშვნელობა

3

57-ე მუხლის პრაქტიკული მნიშვნელობა ძალიან მცირეა. ამ ინსტიტუტს სამოქალაქო სამართალში „უცხო სხეულსაც“ კი უწოდებენ.[2] ამის მიზეზი არის ის, რომ ნორმა გადამწყვეტად მიიჩნევს ნების გამომვლენის სუბიექტურ განწყობას (ნების თეორია) და არა ნების მიმღების მიერ ნების მიღების ობიექტურ შესაძლებლობებს (ნების მიღების თეორია), რასაც თანამედროვე სამოქალაქო სამართალი ეყრდნობა.

57-ე მუხლი თითქმის უცვლელად შეესაბამება გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 118-ე პარაგრაფს.

II. გამოყენების წინაპირობები

4

57-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელია გარეგნულად გამოხატული ნების არსებობა, რომელიც ნების გამომვლენს არ უნდა ჰქონდეს სერიოზულად ნაგულისხმევი (ობიექტური ნიშანი), მაგალითად, სპექტაკლის დროს სცენიდან გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ „ვინც დღეს პრემიერას ესწრება, შეუძლია მთელი სეზონი უფასოდ დაესწროს სხვა სპექტაკლებს“.

5

ნების გამომვლენი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ნების მიმღები გამოიცნობს ნების გამოვლენის არასერიოზულობას (სუბიექტური ნიშანი). არა აქვს მნიშვნელობა, ობიექტურად შეუძლია თუ არა ნების მიმღებს არასერიოზულობის გამოცნობა. 57 I მუხლისათვის ამოსავალია ნების გამომვლენის რწმენა, რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნება.[3]

6

მნიშვნელობა არა აქვს ნების გამოვლენის ფორმას. აღიარებული შეხედულების თანახმად, სანოტარო წესით დამოწმებული ნების გამოვლენაც შეიძლება იყოს არასერიოზული, რადგან სანოტარო დამოწმების მიზანი არ არის ნების გამომვლენის ნების სერიოზულობის კონტროლი, მაგალითად, არასერიოზული ანდერძი.[4]

III. სამართლებრივი შედეგი

1. გარიგების ბათილობა

7

57 I მუხლის თანახმად, არასერიოზულად გაკეთებული ნების გამოვლენა არის ბათილი.

გარიგების ბათილობას იწვევს ე.წ. კეთილსინდისიერი ხუმრობა, რომელშიც თავიდანვეა იმის შესაძლებლობა ჩადებული, რომ იგი ადრესატისათვის გამოსაცნობი იქნება.[5] პირიქით, ბოროტი ხუმრობა არ იწვევს გარიგების ბათილობას და ნების გამომვლენმა უნდა შეასრულოს ნების გამოვლენით გამოხატული ვალდებულება.[6]

2. ზიანის ანაზღაურება

8

ნების გამოვლენის ბათილობა არ გამორიცხავს ნების გამომვლენისათვის იმ ზიანის ანაზღაურების დაკისრების ვალდებულებას, რომელიც ნების გამოვლენის ადრესატს მიადგა იმის გამო, რომ მან ვერ გამოიცნო ნების გამოვლენის არასერიოზულობა.

9

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობა არის ნების მიღების ადრესატის ნდობა ნების გამოვლენის სერიოზულობისადმი. გარდა ამისა, ადრესატმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ.

10

აღიარებული შეხედულების თანახმად, თუკი ნების გამომვლენი ამჩნევს, რომ ნების მიმღებს უჭირს არასერიოზულობის გამოცნობა, მან აუცილებლად უნდა აუხსნას ნების მიმღებს ნების გამოვლენის არასერიოზულობის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა დაეკისრება კეთილსინდისიერების მოვალეობის დარღვევისათვის (8 III),[7] რადგან არასერიოზულობის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა ითვლება „ბოროტ ხუმრობად“,[8] რაც არ იწვევს გარიგების ბათილობას და ნების გამომვლენმა უნდა შეასრულოს ამ არასერიოზული ნების გამოვლენით გამოხატული ვალდებულება.[9]

3. მტკიცების ტვირთი

11

მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, ვინც ამტკიცებს, რომ ნების გამოვლენა ბათილი იყო. ამ დროს მან უნდა დაამტკიცოს ნების გამოვლენის არასერიოზულობის არსებობა და ის, თუ რას ემყარებოდა მოლოდინი, რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა. როგორც წესი, მტკიცების ტვირთი ეკისრება ნების გამომვლენს.[10]




  1. შდრ. MüKo/Armbrüster, BGB, 6. Aufl., 2012, § 118 Rn. 3; Wendtland, in Beck OK BGB, 27. Aufl., Stand 01.05.2013, § 118 Rn. 2.
  2. შდრ. Rüthers, Stadler, Allgemeiner Teils des BGB, 16. Aufl. § 25 Rn. 10.
  3. შდრ. MüKo/Armbrüster, BGB, 6. Aufl., 2012, § 118 Rn. 7.
  4. შდრ. MüKo/Armbrüster, BGB, 6. Aufl., 2012, § 118 Rn. 8.
  5. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 57, გვ. 188-189.
  6. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 57, გვ. 189.
  7. შდრ. გერმანული სამოქალაქო კოდექსის §242; Ellenberger, in Palandt BGB Komm, § 118, Rn. 2; Wendtland, in Beck OK BGB, 27. Aufl., Stand 01.05.2013, § 118 Rn. 7.
  8. შდრ. MüKo/Armbrüster, BGB, 6. Aufl., 2012, § 118 Rn. 10.
  9. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 57, გვ. 189.
  10. შდრ. MüKo/Armbrüster, BGB, 6. Aufl., 2012, § 118 Rn. 10.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_57._გარიგების_ბათილობა_ნების_გამოვლენის_არასერიოზულობის_გამო&oldid=1307"