Gccc-logo.png


მუხლი 58. გარიგების ბათილობა მცირეწლოვანების ან ფსიქიკური აშლილობის გამო

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 58. გარიგების ბათილობა მცირეწლოვანების ან ფსიქიკური აშლილობის გამო


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მცირეწლოვნის მიერ ნების გამოვლენა ბათილია.

2. ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს.

3. ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 — ვებგვერდი, 28.10.2014 წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 — ვებგვერდი, 31.03.2015 წ.

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი

1

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის #2/4/532,533 გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც გააუქმა სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო პირის ქმედუუნაროდ აღიარების ინსტიტუტი, 2015 წლის 20 მარტს მიღებული კანონით 58-ე მუხლი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა (საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი #3339 — ვებგვერდი, 31.03.2015 წ.).

ნორმის მიზანი არის მცირეწლოვნის ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის დაცვა იმ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებისაგან, რომლებიც შეიძლება მათ მიერ ნების გამოვლენას მოჰყვეს. ამას 58-ე მუხლი აღწევს ამ პირთა მიერ განხორციელებული ნების გამოვლინებების ბათილად გამოცხადებით. ამით სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს მცირეწლოვანთა ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ინტერესების დაცვის პრიმატს სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებთან შედარებით.[1] ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია კანონით დადგენილი ასაკის მიუღწევლობის გამო არსებულ ქმედუუნარობაზე.

2

58-ე მუხლი არ ანიჭებს მნიშვნელობას იმ ფაქტს, იცოდა თუ არა გარიგების მეორე მონაწილემ მცირეწლოვნობის ან ფსიქიკური აშლილობის არსებობის შესახებ ან უნდა სცოდნოდა თუ არა მას ამის შესახებ. განსახილველი მუხლი რაიმე გამონაკლისს ამ ასპექტით არ ითვალისწინებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა გარიგების მეორე მონაწილემ ფსიქიკური აშლილობის შესახებ, გარიგება ბათილია.[2] ამრიგად, 58-ე მუხლი არ იცავს გარიგების მეორე მონაწილის კეთილსინდისიერებას.

2. გამოყენების სფერო

3

58-ე მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ მცირეწლოვნების ან ცნობიერებადაკარგული ანდა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მიერ განხორციელებული ნების გამოვლინებების მიმართ.

II. მცირეწლოვნის ნების გამოვლენა (58 I)

1. გამოყენების წინაპირობები

ა. მცირეწლოვნობის გამო ქმედუუნარო პირი

4

58 I მუხლის მთავარი სუბიექტი არის შვიდ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი — მცირეწლოვანი (12 VI მუხლი, იხ. მე-12 მუხლის კომენტ.).

ბ. ნების გამოვლინება და გამოყენების შემთხვევები

5

58 I მუხლი გამოიყენება მცირეწლოვნის ყველა ნების გამოვლინების მიმართ, მიუხედავად იმისა, სარგებლის მომტანია მისთვის თუ არა. მაგალითად, მცირეწლოვნის მიერ საჩუქრის მიღებაც ბათილია.[3] ნორმა ეხება როგორც ცალმხრივ, ისე ორმხრივ და მრავალმხრივ გარიგებებს გამონაკლისის გარეშე.

58 I მუხლის ნორმები ვრცელდება ასევე გარიგების მსგავს ქმედებებზეც, როგორიცაა, მაგალითად, გაფრთხილება, დამატებითი ვადის მიცემა და ა.შ.[4]

6

58 I მუხლი არ გამოიყენება იმ ურთიერთობების მიმართ, რომლებშიც მონაწილეობს მცირეწლოვანი, მაგრამ სამართლებრივი შედეგი დგება კანონის ძალით და არა ამ პირის ნების გამოვლინების შედეგად, მაგალითად, საავტორო უფლებების წარმოშობა ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების ნაწარმოებზე. მუსიკალური ნაწარმოების შექმნით ქმედუუნარო პირიც ავტომატურად ხდება ავტორი და იძენს საავტორო უფლებებს, რაც არ ექცევა აღნიშნული მუხლის მოქმედების ქვეშ.

რეალაქტებიც არ ექცევა 58 I მუხლის მოქმედების ქვეშ, მაგალითად, მოძრავი ნივთების შერწყმის შედეგად საკუთრების წარმოშობა 194-ე მუხლის საფუძველზე.

მფლობელობის შეძენაც არ არის 58 I მუხლის რეგულირების საგანი, რადგან ამ დროს მთავარია ფაქტობრივი ბატონობის მოპოვება ნივთზე და არა ნების გამოვლენის ნამდვილობა. ამიტომ მფლობელობა შეიძლება შეიძინოს მცირეწლოვანმაც 155 I მუხლის საფუძველზე.[5] იგივე წესი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მფლობელობის დაკარგვის მიმართაც.

7

მცირეწლოვანს შეუძლია საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით (165 I მუხლი), რადგან ამ დროსაც გადამწყვეტია ნივთის საკუთრად ფლობის ფაქტი და არა ნების გამოვლენის ნამდვილობა.

2. სამართლებრივი შედეგები

8

მცირეწლოვნის მიერ განხორციელებული ნების გამოვლენა არის უცილოდ ბათილი ყველას მიმართ როგორც ნების გამომვლენის, ისე ნების მიმღებისა და მესამე პირების მიმართ.[6]

გარიგება ბათილია მაშინაც, როცა მცირეწლოვანი წვრილმან საყოფაცხოვრებო გარიგებებს დებს, თუნდაც ეს გარიგებები ფაქტობრივი სახელშეკრულებო ურთიერთობების ფორმით იდებოდეს.[7]

9

ბათილია ასევე მცირეწლოვნის მიერ გაკეთებული ნების გამოვლენა, რომელსაც ის, როგორც წარმომადგენელი, აკეთებს, მაგალითად, როცა მშობლები მცირეწლოვან შვილს აგზავნიან პროდუქტების საყიდლად მაღაზიაში.

თუ მცირეწლოვანი ურთიერთობაში გამოდის როგორც შიკრიკი, მაშინ გარიგება იქნება ნამდვილი, რადგან მას არ სჭირდება საკუთარი ნების გამოვლენა და ის მხოლოდ სხვა პირის ნების ტრანსპორტირებას ახდენს.[8]

3. კანონიერი წარმომადგენლის მოქმედება

10

მცირეწლოვნის უფლებებს ამ პირის სახელით სამოქალაქო ბრუნვაში ახორციელებს მისი კანონიერი წარმომადგენელი. ამიტომ საყურადღებოა ამ წარმომადგენლობის სამართლებრივი საფუძვლები და ფარგლები.

წარმომადგენელი უნდა იყოს სულ ცოტა შეზღუდულად ქმედუნარიანი მაინც (105-ე მუხლი).

11

ზოგიერთი გარიგების დადებისას წარმომადგენლობა არ დაიშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ურთიერთობებში ქმედუუნარო პირებს არა აქვთ უფლებების შეძენისა და მათი განხორციელების უფლება, მაგალითად, წარმომადგენლის მეშვეობით არ შეიძლება დაქორწინება, ანდერძის შედგენა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ამ გარიგებებში არ შეიძლება ქმედუუნარო პირი წარმოდგენილი იყოს კანონიერი წარმომადგენლით.

12

ქმედუუნარო პირის მიერ დადებული გარიგების მოწონება კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან არ იწვევს ამ გარიგების ნამდვილობას. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ახალი გარიგების დადების მცდელობა.[9]

III. ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს (58 II)

1. გამოყენების წინაპირობა

13

58 II მუხლი არ ეხება მცირეწლოვნებს და არც ისეთი იმპერატიულობით გამოირჩევა როგორც 58 I მუხლი, თუმცა სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით ის ცდილობს ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს განხორციელებული ნების გამოვლენის გათანაბრებას ქმედუუნარო პირის მიერ განხორციელებულ ნების გამოვლენასთან.

ნორმის გამოყენების წინაპირობა არის პირის მიერ ცნობიერების დაკარგვა ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობა, რომელიც არ იწვევს პირის აღიარებას ქმედუუნაროდ და დროებით ხასიათს ატარებს.

14

58 II მუხლის შინაარსი გამოიყენება ყველა იმ ურთიერთობის მიმართ, რომლებიც გათვალისწინებულია 58 I მუხლით როგორც გარიგებებზე, ისე გარიგების მსგავს მოქმედებებზე, მაგრამ არა რეალაქტებსა და მფლობელობის შეძენაზე.

ცნობიერების დაკარგვა, აღიარებული შეხედულების თანახმად, არ ნიშნავს ცნობიერების სრულად დაკარგვას, რადგან სრულად დაკარგვის დროს შეუძლებელია ნების გამოვლენაზე საუბარი, არამედ ცნობიერების ისეთ მდგომარეობას, რომელიც გამორიცხავს ნების თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ამ კატეგორიის ცნობიერების დაკარგვის გამომწვევი ფაქტორები შეიძლება იყოს: სიმთვრალე, ციება, ჰიპნოზი, ეპილეფსიური შეტევა და ა.შ.[10]

ცნობიერების დაკარგვად არ ჩაითვლება ცერებრალური ათერესკლეროზით, გულის იშემიური დაავადებით გამოწვეული დაქვეითება აზროვნებისა და ცნობიერების.[11]

ფსიქიკური მოშლილობა გულისხმობს ფსიქიკური ანომალიის არსებობას, რომლის დროსაც გადამწყევტია არა ამ ფსიქიკური ანომალიის სიძლიერე, არამედ ნების ჩამოყალიბებაზე გავლენის ფაქტორი. დროებითი ფსიქიკური მოშლილობის გამომწვევის მიზეზები შეიძლება იყოს ალკოჰოლი, მედიკამენტები და ნარკოტიკიც.[12]

2. სამართლებრივი შედეგები

15

მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სულიერი მდგომარეობა არ იწვევს ქმედუნარიანობის დაკარგვას. მიუხედავად ამისა, ნების გამოვლენა შეიძლება ჩაითვალოს ბათილად.[13] რადგან ნორმაში საუბარია ბათილად გამოცხადების შესაძლებლობაზე, გასარკვევია, თუ რა პირობებში შეიძლება გარიგება იყოს ნამდვილი. ასეთ პირობებს კანონი არ შეიცავს. ამიტომ ნორმის გამოყენება მოსამართლის შეხედულებაზეა დამოკიდებული, რამაც შეიძლება გაართულოს პრაქტიკაში მისი გამოყენება.

ბათილად უნდა ჩაითვალოს ნების გამოვლენა მაშინაც, როცა ნების გამოვლენა სარგებლის მომტანია ნების გამომვლენისათვის ანდა ნების გამომვლენმა თავი შეგნებულად ჩაიყენა ამ მდგომარეობაში.[14]

IV. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა (58 III)

16

ბათილობას იწვევს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი (12 IV მუხლი).

აუცილებელია, რომ ნების გამოვლენა არ შეესაბამებოდეს რეალური ვითარების სწორად აღქმას.

58 III მუხლის რედაქცია 2015 წლის 20 მარტის კანონის საფუძველზე ახლებურად ჩამოყალიბდა და მისი გამოყენების პრაქტიკა ჯერ არ არსებობს.

V. რესტიტუცია

17

თუ მცირეწლოვნის ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენის შედეგად დადებული გარიგებით მხარეებმა რაიმე სიკეთე მიიღეს, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების მიხედვით მათ ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ მიღებული 976-ე და შემდგომი მუხლების მიხედვით.

VI. საპროცესო საკითხი

18

მცირეწლოვნის ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენის არსებობისას მოსამართლე კანონის ძალით (ex officio) იყენებს კანონის ნორმას გარიგების ბათილობის შესახებ.

58 II მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც ამტკიცებს, რომ ნების გამოვლენისას პირს ჰქონდა ცნობიერება დაკარგული ან იმყოფებოდა დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს.




  1. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 105 Rn. 1.
  2. შდრ. MüKo/Schmitt, BGB, 6. Aufl., 2012, § 105 Rn. 2.
  3. შდრ. MüKo/Schmitt, BGB, 6. Aufl., 2012, § 105 Rn. 8.
  4. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, გვ. 296.
  5. შდრ. MüKo/Schmitt, BGB, 6. Aufl., 2012, § 105 Rn. 15.
  6. შდრ. MüKo/Schmitt, BGB, 6. Aufl., 2012, § 105 Rn. 26.
  7. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, გვ. 334.
  8. შდრ. MüKo/Schmitt, BGB, 6. Aufl., 2012, § 105 Rn. 28.
  9. შდრ. MüKo/Schmitt, 6. Aufl., 2012, § 105 Rn. 36.
  10. შდრ. MüKo/Schmitt, 6. Aufl., 2012, § 105 Rn. 39.
  11. საქ. უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 24 მაისის № ას-1-453-06-07 გადაწყვეტილება.
  12. შდრ. MüKo/Schmitt, 6. Aufl., 2012, § 105 Rn. 40-41.
  13. განსხვავებით გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 105-ე პარაგრაფისაგან, რომელიც კატეგორიულად მიუთითებს ნების გამოვლენის ბათილობაზე, 58 II მუხლი განამტკიცებს მხოლოდ ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას.
  14. შდრ. MüKo/Schmitt, 6. Aufl., 2012, § 105 Rn. 44.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_58._გარიგების_ბათილობა_მცირეწლოვანების_ან_ფსიქიკური_აშლილობის_გამო&oldid=1319"