Gccc-logo.png


მუხლი 58¹. მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 58¹. მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადება


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ მხარდაჭერის მიმღები დებს გარიგებას სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მხარდაჭერის მიღების გარეშე, გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომ მხარდამჭერი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღები ამ გარიგებით სარგებელს იღებს.

2. მხარდაჭერის მიმღების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მხარდაჭერის მიღების გარეშე გარიგების დადებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 64-ე და 66-ე მუხლებით დადგენილი წესი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება #2/4/532,533 — ვებგვერდი, 28.10.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი #3339 — ვებგვერდი, 31.03.2015წ.

I. ნორმის არსი და მიზანი

1

ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს (შემდგომში მხარდაჭერის მიმღები) აქვს სამოქალაქო ქმედუნარიანობა, რაც გულისხმობს მის მიერ სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებების დადების შესაძლებლობას. მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადება ხდება მხარდამჭერი პირის მონაწილეობით. მაგალითად, წერილობითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია წერილობითი ხელშეკრულებას თან დაერთოს მხარდამჭერის ხელმოწერა, რომელიც ადასტურებს სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მხარდაჭერის გაწევას (69 III). 58-ე მუხლი აწესრიგებს მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების მხარდაჭერის გარეშე დადების შემთხვევებს. ნორმის მიზანია დაიცვას, როგორც მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესები.

2

გარიგების ნამდვილობის დადგენისას აუცილებელია გაირკვეს კონკრეტული გარიგების დადებაზე პირს სასამართლოს მიერ დაენიშნა თუ არა მხარდამჭერი. ასეთის არსებობის შემთხვევაში ნორმა იძლევა შესაძლებლობას მხარდაჭერის მიღების გარეშე დადებული გარიგება საცილო გახადოს თავად მხარდაჭერის მიმღებმა. თუ სათანადო ახსნა-განმარტების შემდეგ პირი აღმოაჩენს, რომ მან ნაცვლად თხოვებისა დადო ჩუქების ხელშეკრულება, მას შეუძლია საცილო გარიგებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად სადავო გახადოს აღნიშნული გარიგების ნამდვილობა.

1. მოწონება

3

მხარდაჭერის მიმღების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მხარდაჭერის მიღების გარეშე ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მხარდამჭერი მოიწონებს თუ არა მას. მოცემულ შემთხვევაში მოწონება გულისხმობს შემდგომ თანხმობას 101 მუხლის ანალოგიის თანახმად, რომელიც აწესრიგებს არასრულწლოვანის მიერ დადებული გარიგების მოწონებას (იხ. მე-12 მუხლის კომენტ.). მხარდამჭერის მიერ მოწონება გულისხმობს იმის გარკვევას მხარდამჭერის მიერ დადებული გარიგება ნამდვილად შეესაბამება თუ არა მის ნებას, გარიგებაში სრულყოფილად არის თუ არა ასახული ის პირობები, რა პირობებითაც მხარდამჭერს სურდა გარიგების დადება. ასეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის შემთხვევაში მერყევად ბათილი გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მხარდამჭერის მოწონებაზე. წერილობით დადებული გარიგების შემთხვევაში მხარდამჭერის მოწონება გამოიხატება ხელშეკრულებაზე 69 III მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებით, ანუ ხელმოწერით დადასტურდება, რომ გარიგების დადებისას მხარდაჭერის მიმღებ პირს სასამართლოს მიერ დადგენილ ფარგლებში გაეწია მხარდაჭერა.

4

თუ მხარდამჭერი მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადების შემდეგ აღმოაჩენს, რომ მხარდაჭერის მიმღებმა არსებითი შეცდომა დაუშვა გარიგების ფორმაში, შინაარსში ან არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად, მას უჩნდება ვალდებულება განუმარტოს მხარდამჭერის მიმღებს გარიგების ნამდვილი არსი, მისი სამართლებრივი შედეგები და შეცილების შესაძლებლობა. გარიგების ნამდვილი არსის სრულად გაგების შემდეგ, მხარდაჭერის მიმღებს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილად ცნობა.

2. სარგებელი

5

შემდგომი მოწონების აუცილებლობა არ არსებობს იმ შემთხვევაში, თუ გარიგების დადებით მხარდაჭერის მიმღები იღებს სარგებელს. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებელმა ხელშეკრულების ნამდვილობა გაუთანაბრა არასრულწლოვანის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე დადებული გარიგების ნამდვილობის პირობას (იხ. 63-ე მუხლის კომენტ.).

II. მხარდაჭერის მიღების გარეშე დადებულ გარიგებათა ბათილობა

6

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროებში მხარდაჭერის მიღების გარეშე დადებულ გარიგებებზე ვრცედელება 64-ე და 66-ე მუხლებით დადგენილი წესები. კანონმდებელი ამ შემთხვევაშიც ანალოგიის წესით ადგენს, რომ მეორე მხარის ინტერესების დაცვის მიზნით აუცილებელია მას მიეცეს შესაძლებლობა მხარდამჭერის მიერ დადებული ხელშეკრულების მოწონებამდე თავად თქვას უარი ხელშეკრულებაზე. მეორე მხარისათვის ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება იზღუდება იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულებას აფორმებდა მხარდაჭერის მიმღებ პირთან (იხ. 64-ე მუხლის კომენტ.).

7

თუმცა, მოცემულ ნორმის განმარტებისას 64 II მუხლის სრული ანალოგიით გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან 64 II მუხლის თანახმად მეორე მხარეს უნარჩუნდება ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, თუ დაამტკიცებს, რომ არასრუწლოვანი ხელშეკრულების დადებისას მას ატყუებდა წარმომადგენლის თანხმობის არსებობის თაობაზე. მოცემული დებულების ანალოგიით გამოყენება შესძლებელია იმ შემთხვევაში თუ სახეზეა გარიგების ზეპირად დადება. ზეპირად დადებული ხელშეკრულები პირობებში მეორე მხარეს ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობა წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კონტრაჰენტი დაამტკიცებს რომ მხარდაჭერის მიმღები ატყუებდა მხარდამჭერის თანხმობის არსებობის თაობაზე. რაც შეეხება წერილობით ხელშეკრულებას, მოცემულ შემთხვევაში კონტრაჰენტი ვერ ისარგებლებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებით, რადგან მხარდამჭერის მიერ წერილობითი ხელშეკრულების დადებისთვის კოდექსი ითვალისწინებს სავალდებულო ფორმას (69 III), შესაბამისად, ფორმის დაუცველად დადებული გარიგება იმთავითვე ბათილ გარიგებად ჩაითვლება.

8

კოდექსი ცალმხრივი გარიგების შემთხვევაშიც მის ნამდვილობას უკავშირებს მხარდამჭერი პირის მიერ მხარდაჭერის გაწევის ფაქტს, ანუ იმ შემთხვევაში თუ ცალმხრივი გარიგება დადებულია სავალდებული მხარდაჭერის გარეშე, ასეთი გარიგება ბათილია. ასეთი გარიგება ბათილია მაშინაც, როდესაც სახეზეა მხარდამჭერის მიერ ფაქტობრივად გარიგების მოწონების ფარქტი, თუმცა მხარდაჭერის მიმღებას არ წარმოადგენია ამი დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, ანუ ცალმხრივი გარიგების ზეპირად დადების შემთხვევაში, მას აუცილებლად უნდა გააჩნდეს მხარდამჭერის მიერ გაცემული წერილობითი განმარტება, რომ მხარდამჭერის მიერ განემარტა და ესმის ცალმხრივი გარიგების არსი, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილ ფარგლებში გაეწია მხარდაჭერა. იგივე წესი ვრცელდება წერილობით გარიგებაზეც. მოცემულ შემთხვევაში მხარდამჭერის უფლებამოსილების ფარგლები უტოლდება წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს. მხარდამჭერის მიერ გაცემული წერილობით განმარტების შემთხვევაშიც კი, თუ მხარდაჭერის მიმღები არ წარმოადგენს აღნიშნულ წერილობით დოკუმენტს, კონტრაჰენტს უნდარჩუნდება გარიგებაზე დაყოვნებლივ უარის თქმის უფლება. თუმცა, თუ მეორე მხარე ინფორემიებული იყო ასეთი წერილობითი განარტების არსებობის თაოაბზე მას ერთმევა გარიგებაზე უარის თქმის უფლება (იხ. 66-ე მუხლის კომენტ.).



დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_58¹._მხარდაჭერის_მიმღების_მიერ_გარიგების_დადება&oldid=1325"