Gccc-logo.png


მუხლი 59. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 59. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

2. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.

3. შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი

1

59-ე მუხლი ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ინსტიტუტისაგან შედგება. 59 I-ე მუხლში განმტკიცებულია გარიგების ფორმის დაუცველობის ან ნებართვის არარსებობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო 59 II და 59 III მუხლი აწესრიგებს საცილო გარიგებებიდან გამომდინარე შეცილების უფლების განხორციელებისა და მის სამართლებრივ შედეგებს. ამიტომ მუხლის ეს ორი ნაწილი შეიძლებოდა ცალ-ცალკე მუხლებად ყოფილიყო კოდიფიცირებული, როგორც ეს პროექტის თავდაპირველ ვარიანტში იყო გათვალისწინებული.

2

59 I მუხლი ითვალისწინებს გარიგების ბათილობის ორ შემთხვევას: გარიგების ბათილობას ფორმის დაუცველობის ან ნებართვის გაუცემლობის გამო. ამ თვალსაზრისით ეს ნორმა შეიძლება განხილულ იქნეს 54-ე მუხლთან კავშირში და მის ერთ-ერთ კონკრეტულ გამოვლინებად, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია კანონით დადგენილი ფორმის ან ნებართვის დარღვევაზე.

3

59 II და III მუხლები საცილო გარიგებების ბათილობის წესს განსაზღვრავენ და ამ ასპექტში ისინი განხილულ უნდა იქნეს საცილო გარიგებებთან ერთობლიობაში (მაგალითად, 72-89).

2. ნორმის სამართლებრივი ბუნება

4

59 I მუხლის შინაარსი იმპერატიულია და გარიგების მონაწილეებს მისი შეცვლა არ შეუძლიათ.[1] ფორმის ნაკლის გამო ბათილობა არ შეიძლება მხარეთა შეთანხმებით სხვაგვარად განისაზღვროს. ეს ნორმა გამოიყენება არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით, არამედ კერძო სამართლის სხვა კანონებით მოწესრიგებული გარიგებების მიმართაც, მაგალითად, კანონით მეწარმეთა შესახებ გათვალისწინებული წესდების წერილობითი ფორმის დარღვევა იწვევს ამ წესდების ბათილობას.

5

59 II მუხლი იმპერატიულია იმ საკითხში, რომელშიც განსაზღვრულია, რომ საცილო გარიგების შეცილება იწვევს მის ბათილობას და ეს ბათილობა დგება გარიგების დადების მომენტიდან, ე.წ. ex tunc პრინციპი. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ საცილო გარიგების ბათილობის მომენტი სხვაგვარადაც განისაზღვროს, სახელდობრ, სამომავლოდ, ე.წ. ex nunc.[2] მაგალითად, შრომის ხელშეკრულებაში შესაძლოა შეცილებისას მხარეებმა არ დაუბრუნონ ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს და შეთანხმდნენ ბათილობის სამომავლოდ მოქმედებაზე.

II. გარიგების ბათილობა ფორმის დაუცველობის გამო

1. გარიგების ფორმა, როგორც გარიგების ნამდვილობის წინაპირობა

6

სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს გარიგების ფორმის თავისუფლების პრინციპს: გარიგების მონაწილეებს თვითონ შეუძლიათ განსაზღვრონ გარიგების ფორმა. ამ ზოგადი პრინციპიდან კანონი იცნობს რამდენიმე გამონაკლისს, როცა ადგენს გარიგების სავალდებულო ფორმას.[3]/[4]

გარიგების ფორმას შეიძლება ჰქონდეს მტკიცების (მაგალითად, 624-ე), გაფრთხილების, განზრახვის სერიოზულობის,[5] კონტროლისა და ნამდვილობის (მაგალითად, 323) ფუნქციები.[6]/[7] 59 I მუხლით გათვალისწინებული ბათილობა მხოლოდ მაშინ დგება, როცა გარიგების ფორმას ნამდვილობის ფუნქცია აკისრია.

7

გარიგების ფორმა, რომელსაც ნამდვილობის ფუნქცია აკისრია, შეიძლება განისაზღვროს როგორც კანონით, ისე მხარეთა შეთანხმებით. კანონით დადგენილი ფორმის შემთხვევები ამომწურავადაა რეგლამენტირებული, ხოლო გარიგების სხვა ფორმის მიმართ გამოიყენება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი,[8] რაც გარიგების ფორმასთან მიმართებაში ფორმის არჩევის თავისუფლების პრინციპად იწოდება.[9]

2. ნებართვა, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა

8

59 I მუხლი გარიგების ნამდვილობის ერთ-ერთ პირობად მიიჩნევს ნებართვის არსებობას, თუკი ამ გარიგებისათვის ასეთი ნებართვა საჭიროა. ამ თვალსაზრისით ნებართვა, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა, გათანაბრებულია გარიგების ფორმასთან და მისი დარღვევა ასევე იწვევს გარიგების ბათილობას.

ნებართვის აუცილებლობა (საჭიროება) შეიძლება კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულებით იყოს გათვალისწინებული. ყველა შემთხვევაში საუბარია მესამე პირის თანხმობაზე 99-102-ე მუხლების გაგებით.

9

ნებართვა, როგორც გარიგების ნამდვილობისათვის წინასწარ გაცემული თანხმობა (100), წარმოადგენს ცალმხრივ მიღებასავალდებულო ნების გამოვლენას და მას არ სჭირდება გარიგებისათვის დადგენილი ფორმის დაცვა (99 II).

3. გარიგების სავალდებულო ფორმის დარღვევის შედეგები

10

59 I მუხლით გათვალისწინებული ბათილობა დგება როგორც კანონით, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარიგების ფორმის დარღვევისას, თუკი ამ ფორმას ნამდვილობის ფუნქცია აკისრია.

გარიგების ბათილობა შეიძლება გამოიწვიოს როგორც მარტივი წერილობითი, ისე რთული სანოტარო ფორმის დაუცველობამ.[10] მთავარია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზუსტად იყოს დაცული მოცემული გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილი ფორმა. მაგალითად, წერილობითი ფორმის დროს სავალდებულოა წერილობით მომზადებულ დოკუმენტზე მხარეთა მიერ საკუთარი ხელმოწერები.[11]

11

როგორც წესი, მთელი ხელშეკრულება მოითხოვს წერილობით ფორმას, თუკი მისი ერთი დებულება მაინც წერილობით უნდა გაფორმდეს.[12] მაგალითად, თუკი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით ერთ-ერთმა მონაწილემ იკისრა უძრავი ნივთის გადაცემის ვალდებულება, მაშინ მთელი ხელშეკრულება წერილობით უნდა გაფორმდეს (323).

გარიგების მონაწილეთა შეთანხმებით განსაზღვრული გარიგების ფორმის დარღვევამ შეიძლება ყოველთვის არ გამოიწვიოს გარიგების ბათილობა. ეს დამოკიდებულია გარიგების შეთანხმებული ფორმის მიზანზე: გარიგების ნამდვილობის პირობად (მაგალითად, ხელშეკრულების ყოველი ცვლილება ნამდვილობისათვის მოითხოვს წერილობით ცვლილებას), გარიგებიდან გამომდინარე უფლების ნათელსაყოფად (მაგალითად, გადახდის შესახებ უნდა გაიცეს ქვითარი) თუ მტკიცებულებად (მაგალითად, ქირავნობის საგნის გადაცემის ხელწერილი). გარიგების ფორმის დაუცველობა გარიგების ბათილობას იწვევს მხოლოდ მაშინ, თუკი გარიგების მონაწილეებმა ფორმა ნამდვილობის პირობად განსაზღვრეს და ეს უნდა დადგინდეს შეთანხმების განმარტების საფუძველზე.[13]

12

განსხვავებით ზოგიერთი ქვეყნის სამოქალაქო კოდექსისაგან, იურიდიულ პირებს შორის გარიგებების დასადებად სამოქალაქო კოდექსი არ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამიტომ იურიდიულ პირებს შორის ზეპირად დადებული გარიგებები ნამდვილია, თუკი მხარეები თვითონ არ შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე ან მოცემული გარიგებისათვის არ არის დადგენილი სპეციალური ფორმა.[14]

4. გამონაკლისი ბათილობიდან

13

ზოგიერთ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს გამონაკლისს და ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებას არ მიიჩნევს ბათილად. მაგალითად, 563-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა წერილობით უნდა გაფორმდეს, მაგრამ, თუ ხელშეკრულების მხარეებმა ეს მოთხოვნა არ დაიცვეს, ხოლო ხელშეკრულება ფაქტობრივად შეწყვიტეს, ასეთი შეწყვეტა არ იქნება ბათილი, რადგან ფაქტობრივი შესრულებით სწორდება ხარვეზი.[15]

14

დაუშვებელია ამ გამონაკლისის განზოგადება და მისი გამოყენება ფორმის დაუცველი ყველა გარიგების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორმა, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა, დაკარგავდა აზრს. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივი შესრულება ფორმის ნაკლს მხოლოდ მაშინ ასწორებს, თუ ამის შესახებ კანონი პირდაპირ მიუთითებს ან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ეს საფრთხეს არ უქმნის სამართლებრივ სტაბილურობას ან ურთიერთობის მონაწილეებს.[16]

5. სასამართლო პრაქტიკა

'

სასამართლო პრაქტიკა განსაკუთრებით მდიდარია ფორმის დაუცველობის გამო გარიგებათა ბათილად აღიარების შემთხვევებით. ზოგიერთი მათგანი ყურადღებას იმსახურებს.

ა. ანდერძის ბათილობა

15

სასამართლოს განმარტებით კანონმდებლობის მიერ ანდერძის შედგენის მკაცრად დადგენილი წესი განპირობებულია იმით, რომ მოანდერძე, რომლის ნებაც ანდერძშია გამოხატული, ანდერძის ძალაში შესვლის დროს ცოცხალი აღარ არის და მისი ნამდვილი ნების დადგენა რთულია. 1364-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლომ ბათილად მიიჩნია ანდერძი,რომელიც არ იყო მოანდერძის ხელით დაწერილი, ასევე მოანდერძის მეორე ანდერძიც, ვინაიდან, მის შედგენას და მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერას არ დასწრებიან მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ ანდერძი შედგენილი იყო მათი თანდასწრებით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.[17]

ბ. წინარე ხელშეკრულების ფორმა

16

ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც. წილის გასხვისების შეპირება, რომელიც არ იყო სანოტარო წესით დამოწმებული, ბათილია, რადგან 2005 წელს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პარტნიორის მიერ წილის დათმობა მოითხოვდა სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას. სანოტარო დამოწმება იყო ასევე საჭირო შეთანხმებისათვის, რომლითაც წარმოიშობოდა პარტნიორის ვალდებულება წილის გასხვისების შესახებ.[18]

გ. ფორმის დაუცველად დადებული უძრავინივთის ნასყიდობის ხელშეკრულება

17

უძრავი ნივთის მესაკუთრის მიერ მისი უძრავი ნივთის გაყიდვის თაობაზე დაწერილი ხელწერილი არ შეიძლება ჩაითვალოს უძრავი ნივთის გასხვისებისათვის აუცილებელი წერილობითი ფორმის დაცვად და ის ბათილია.[19]

დ. შრომით კონტრაქტზე

18

შრომით კონტრაქტზე გაკეთებული დირექტორის ფაქსიმილე სასამართლომ არ მიიჩნია საკმარისად შრომის კოდექსის მე-19 მუხლით შრომის ხელშეკრულებისათვის (კონტრაქტისათვის) გათვალისწინებული წერილობითი ფორმის დაცვად.[20] თავისთავად ფაქსიმილე არ წარმოადგენს ფორმის დარღვევას, თუკი ეს ფაქსიმილე გაკეთებულია უფლებამოსილი პირის მიერ და დადგენილი პროცედურის დაცვით.

ე. ფორმის დაუცველად დადებული ბეს ხელშეკრულება

19

საცხოვრებელი ბინის ყიდვის მიზნით შინაურული წესით გაფორმებული ხელწერილის საფუძველზე გადახდილი თანხა არ ჩაითვლება ბედ და ეს გარიგება ბათილია.[21] იმ შემთხვევებში, როცა კანონი სპეციალურ ფორმას ადგენს, ბეს გამოყენება და მისთვის ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცების ფუნქციის დაკისრება შეუძლებელია, რადგან სავალდებულო ფორმის დაუცველობის შემთხვევაში ხელშეკრულება მაინც არ ჩაითვლება დადებულად.[22]

ვ. უძრავი ნივთის მესაკუთრის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში

20

უძრავი ნივთის შეძენა მხოლოდ მაშინაა ნამდვილი, თუკი შემძენი დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ წარმოადგენს გარიგების ფორმის შემადგენელ ელემენტს, რასაც სასამართლო პრაქტიკაც აღიარებს,[23] მაგრამ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე არ წარმოიშობა. ამ თვალსაზრისით რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენს რეალაქტს, ისევე როგორც მოძრავი ნივთის გადაცემა შემძენისათვის.

6. მტკიცების ტვირთი და საპროცესო საკითხი

21

მტკიცების ტვირთი, რომ გარიგების ფორმა დაცულია, ეკისრება იმ პირს, ვინც სადავო გარიგებიდან უნდა მიიღოს რაიმე უფლება.[24]

გარიგების ფორმის დაუცველობა არის გარიგების ბათილობის გამომწვევი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც მოსამართლემ უნდა გამოიყენოს მიუხედავად იმისა, მხარეები უთითებენ თუ არა ამ გარემოებაზე.[25]

III. საცილო გარიგების ბათილობა (59 II)

1. ნორმის მიზანი

22

59 II მუხლის მიზანი არის შეცილების სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა საცილო გარიგებებში.

გერმანული სამართლის მსგავსად, ქართული სამოქალაქო სამართალი გარკვეული კატეგორიის გარიგებათა ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტას, კერძო ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე, გარიგების მონაწილეთა ნებაზე დამოკიდებულად მიიჩნევს.[26] ამ კატეგორიის გარიგებებს განეკუთვნება საცილო გარიგებები, რომელთა ბათილობა ავტომატურად არ ხდება, არამედ დამოკიდებულია გარიგების მონაწილეთა მიერ შეცილების უფლების განხორციელებაზე.

2. საცილო გარიგების ცნება

23

საცილოა გარიგება, რომელიც კანონით განსაზღვრული ნაკლის არსებობისას მხოლოდ შეცილების — ცალმხრივი ნების გამოვლენის — შედეგად ხდება ბათილი. თუ არ მოხდება შეცილება, გარიგება ნამდვილობას ინარჩუნებს.[27]

ბათილი გარიგებისაგან განსხვავებით, საცილო გარიგება დადების მომენტში ნამდვილია. მისი შემდგომი ბედი დამოკიდებულია დაინტერესებული პირის მიერ მის შეცილებაზე (გასაჩივრებაზე). შეცილება იწვევს გარიგების ბათილობას.[28]

24

საცილო შეიძლება იყოს ნებისმიერი კერძოსამართლებრივი გარიგება როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი.[29] საცილო გარიგების გავრცელებული შემთხვევებია შეცდომით, მოტყუებით ან იძულებით დადებული გარიგებები.

25

საცილო შეიძლება იყოს თვით შეცილება, როგორც ცალმხრივი გარიგება, თუკი შეცილება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხდა.[30]

გარიგების საცილოობის აღსანიშნავად სამოქალაქო კოდექსი იყენებს ასევე გამოთქმას _ „სადავო“, მაგალითად, „გარიგება შეიძლება სადავო გახდეს“ (84, 89).

3. შეცილების განხორციელება (59 II 2)

ა. შეცილების უფლება

26

შეცილების განხორციელება და გარიგების ბათილობის გამოწვევა დამოკიდებულია შეცილების უფლების არსებობაზე, რომელიც არის გარიგების მონაწილისათვის კანონით მინიჭებული უფლება, ცალმხრივად გადაწყვიტოს გარიგების ნამდვილობის საკითხი, კერძოდ, კანონით განსაზღვრული შეცდომის საფუძველზე გამოიწვიოს გარიგების ბათილობა ან მისი ნამდვილობა.[31]

27

შეცილების უფლება არა მხოლოდ გარიგების ბათილობის გამომწვევი, არამედ მისთვის ნამდვილობის მიმნიჭებელი უფლებაცაა, თუკი დაინტერესებული პირი უარს იტყვის ამ უფლების გამოყენებაზე.[32] ამიტომ მისი გამოყენება სამართლებრივი ურთიერთობების არასტაბილურობის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით კანონით მკაცრად არის რეგლამენტირებული. მაგალითად, შეცდომით დადებული გარიგების შეცილების უფლება პირს აქვს ერთი თვის განმავლობაში შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან (79 I).

სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ინტერესებს ემსახურება შეცილების უფლების გამოყენების შემდეგი აკრძალვა: შეცილების უფლებას კარგავს პირი, თუ ის ერთხელ უარს იტყვის შეცილების უფლების გამოყენებაზე (61 II).

28

შეცილების უფლება არის გადაცემადი და განკარგვადი უფლება, რომელიც შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს.[33] ამ უფლების ცესიის დროს (199) შეცილების უფლების ადრესატი (გარიგების მეორე მონაწილე) უცვლელი რჩება. შეცილების უფლება შეიძლება გადაეცეს ასევე მემკვიდრეობით.[34]

შეცილების უფლების განხორციელება იწვევს ამ უფლების შეწყვეტას.[35]

ბ. შეცილების შესახებ განცხადება

29

გარიგების შეცილება, როგორც წესი, ხორციელდება შეცილების შესახებ განცხადების გაკეთებით, რომლის უფლებაც აქვს დაინტერესებულ პირს (59 III). განცხადების გაკეთება უკვე ცვლის სამართლებრივ ურთიერთობას — იწვევს გარიგების ბათილობას. ამიტომ შეცილება არის ცალმხრივი გარიგება.[36]

30

საცილო გარიგების ბათილად ცნობისათვის აუცილებელი არაა სასამართლოში ან სხვა ორგანოში მიმართვა[37] და საკმარისია შეცილება გარიგების მონაწილე მეორე მხარის მიმართ.[38] უფრო მეტიც, შეცილება უნდა გაკეთდეს გარიგების მეორე მონაწილის მიმართ და სახელმწიფო ორგანოში საჩივრით მიმართვა არ ჩაითვლება 59 II 2 მუხლით გათვალისწინებული შეცილების განხორციელებად. ეს არ ეხება იმ შემთხვევებს, როცა სახელმწიფო ორგანო თვითონ წარმოადგენს გარიგების მეორე მონაწილეს. სახელმწიფო ამ დროს ურთიერთობებში გამოდის როგორც კერძო პირი.

31

შეცილება არის მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, რომლის ნამდვილობისათვის აუცილებელია შეცილების მიღება შეცილების ადრესატის მიერ.[39] 59 II 2 მუხლის მიხედვით, შეცილების ადრესატი არის ხელშეკრულების მეორე მხარე. ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ შეცილების ადრესატი იყოს ყოველი მესამე პირი, რომელმაც სარგებელი ნახა ამ გარიგებიდან. ამიტომ შეცილების ადრესატის საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი გარიგების განმარტების საფუძველზე.[40]

32

გარიგების შეცილებისათვის კანონით არ არის გათვალისწინებული სპეციალური ფორმა. მთავარია, შეცილებიდან აშკარად ჩანდეს, რომ დაინტერესებულ პირს არ სურს გარიგების ნამდვილობა[41] ნების ნაკლის გამო.[42]

59 II მუხლიდან არ გამომდინარეობს შეცილების საფუძვლის მითითების ვალდებულება, მაგრამ საცილო გარიგებათა ცალკეული სახეების მოწესრიგებისას შეიძლება გათვალისწინებული იყოს დაინტერესებული პირისათვის ასეთი ვალდებულების დაკისრება. თუმცა, ბუნებრივია, გარიგების გაუქმების მოთხოვნისას გაუქმების მიზეზზე მითითება.

4. სამართლებრივი შედეგი

33

შეცილება იწვევს გარიგების ბათილობას არა შეცილების მომენტიდან, არამედ დადების მომენტიდან (59 II 1), ე.წ. ex tunc. გარიგების ბათილობა იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, რომლის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს 976 I მუხლი. თუ მხარეებმა საცილო გარიგებით რამე გადასცეს ერთმანეთს ამ გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად, მათ უნდა დაუბრუნონ ერთმანეთს ყველაფერი იმ საფუძვლით, რომ „ვალდებულება არ არსებობს“.

34

გამონაკლისის სახით საცილო გარიგების ბათილობის მომენტი შეიძლება სხვაგვარადაც განისაზღვროს, მაგალითად, სამომავლოდ, ე.წ. ex nunc.[43] მაგალითად, შრომის ხელშეკრულება, თუკი ის უკვე ნაწილობრივ შესრულებულია და შემდგომ აღმოჩნდა, რომ სახეზეა მოტყუებით გარიგების დადების საფუძვლები. ამ დროს შესაძლოა შეცილებისას მხარეებმა არ დაუბრონონ ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს და შეთანხმდნენ ბათილობის სამომავლოდ მოქმედებაზე. ასეთი დასკვნა 59 II 1 მუხლიდან უშუალოდ არ გამომდინარეობს.

თუ შეცილება ეხება გარიგების ნაწილს და არა მთლიანად გარიგებას, მაშინ შეცილება გამოიწვევს გარიგების მხოლოდ ამ ნაწილის, და არა მთლიანად გარიგების ბათილობას.

35

შეცილების შედეგი მოქმედებს ყველას მიმართ და არა მხოლოდ გარიგების მონაწილეების მიმართ.[44] აღიარებული შეხედულების მიხედვით, დაუშვებელია შეცილებული გარიგების კონვერსია, რადგან შეცილებით ხდება ნების გამოვლენის გამოცხადება ბათილად.[45]

შეცილების სამართლებრივი შედეგების დახასიათებისას მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერი მესამე პირის უფლებების დაცვის საკითხი, რომელმაც შეიძინა ნივთი შეცილების ადრესატისაგან. უნდა დააბრუნოს თუ არა მან შეძენილი ნივთი, თუკი შეცილების შედეგად პირველი გარიგება გაბათილდა. 187-ე მუხლის თანახმად, შემძენი ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერია და პირველი გარიგების შეცილება მის მიერ კეთილსინდისიერი შეძენის ფაქტს სადავოდ არ ხდის.[46]

IV. შეცილების უფლების მქონე პირები (59 III)

1. დაინტერესებული პირი

36

59 III მუხლის თანახმად, შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. შეცილების უფლების მქონე პირები, როგორც წესი, კონკრეტული გარიგებიდან გამომდინარეობენ, მაგალითად, მოტყუებით დადებული გარიგების დროს — მოტყუებული პირი.[47]

თუ ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი, უნდა დადგინდეს ყოველი გარიგების განმარტების საფუძველზე: იგი შეიძლება იყოს როგორც გარიგების მონაწილე, ისე მესამე პირი, რომელსაც გარიგებამ ზიანი მოუტანა ან არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა იგი.[48] განსხვავებული მოსაზრების თანახმად, დაინტერესებულ პირად მხოლოდ ნების გამომვლენი უნდა იქნეს მიჩნეული.[49]

2. რამდენიმე დაინტერესებული პირი

37

სადავო შეიძლება გახდეს შეცილების უფლების გამოყენება, როცა ეს უფლება რამდენიმე პირს ეკუთვნის და მათ შორის არსებობს უთანხმოება შეცილების თაობაზე. სასურველია, დავის გადაწყვეტა შეცილების მომთხოვნი პირის სასარგებლოდ.[50] აღიარებული შეხედულების თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ მხარეს რამდენიმე პირია, მაშინ თითოეულ მათგანს აქვს შეცილების უფლება.[51]




  1. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 348.
  2. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §142 Rn. 17.
  3. იხ. მუხ. 68-71 კომენტ.
  4. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 335-348.
  5. საქ. უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 18 იანვრის # ას-731-1059-07 განჩინება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე, 1/2008, გვ. 52.
  6. დაწვრ. იხ. მუხ. 68 კომენტ.
  7. შდრ. MüKo/Einsele, BGB, 6 Aufl., 2012, §125 Rn. 8 ff.
  8. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 336.
  9. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 68, გვ. 213.
  10. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 59, გვ. 193.
  11. შდრ. MüKo/Einsele, BGB, 6. Aufl. 2012, § 125 Rn. 3.
  12. შდრ. MüKo/Einsele, BGB, 6. Aufl. 2012, § 125 Rn. 32.
  13. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 349-350.
  14. მაგალითად, დსთ-ის მოდელური სამოქალაქო კოდექსი და მის საფუძველზე მიღებული სამოქალაქო კოდექსები ითვალისწინებენ იურიდიულ პირებს შორის ხელშეკრულებებში სავალდებულო წერილობითი ფორმის გამოყენების წესს.
  15. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 348.
  16. იქვე, 2011, გვ. 349.
  17. საქ. უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის # ას-1248-1177-2012 გადაწყვეტილება.
  18. სუსგ სამოქალაქო,სამეწარმეო და სხვა კატეგორიის საქმეებზე მარტი/2011, გვ. 160
  19. საქ. უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 13 სექტემბრის # 3კ/841-02 გადაწყვეტილება.
  20. საქ. უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 3 ივნისის # ას-214-511-04 განჩინება.
  21. საქ. უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 17 იანვრის # 3კ/80-01 გადაწყვეტილება.
  22. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 249.
  23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის # 2ბ/3325-11 გადაწყვეტილება.
  24. შდრ. MüKo/Einsele, BGB, 6. Aufl. 2012, § 125 Rn. 35.
  25. შდრ. MüKo/Einsele, BGB, 6. Aufl. 2012, § 125 Rn. 42.
  26. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §142 Rn. 2.
  27. შდრ. გერმანულ სამართალში: MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §142 Rn. 2 ff.
  28. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 394.
  29. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §142 Rn. 9.
  30. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §142 Rn. 13.
  31. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §142 Rn. 5.
  32. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 397.
  33. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §142 Rn. 7.
  34. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §142 Rn. 7.
  35. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 143, Rn. 3.
  36. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 395.
  37. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები მუხ. 4:112-ე განამტკიცებს იმავე პრინციპს: „Avoidance must be by notice to the other party“ (შეცილება უნდა განხორციელდეს მეორე მხარის წინაშე განცხადებით): Bar/Zimmermann, Grundregeln des Europäischen Vertragsrechts, Teile I und II, S. 42.
  38. დსთ-ის მოდელური სამოქალაქო კოდექსი და მის საფუძველზე მიღებული კოდექსები საცილო გარიგების ბათილობისათვის აუცილებლად მიიჩნევენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
  39. იხ. მუხ. 51 I კომენტ.
  40. შდრ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 362-363; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 395.
  41. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 396.
  42. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 143, Rn. 3.
  43. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §142 Rn. 18.
  44. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §142 Rn. 14.
  45. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §142 Rn. 16.
  46. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §142 Rn. 21.
  47. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §142 Rn. 6.
  48. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 59, გვ. 196.
  49. შდრ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 360.
  50. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 398.
  51. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §142 Rn. 6.
Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_59._ფორმის_დაუცველად_დადებული_გარიგება&oldid=1344"