Gccc-logo.png


მუხლი 6. სამოქალაქო კანონთა უკუქცევითი ძალა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 6. სამოქალაქო კანონთა უკუქცევითი ძალა


თორნიკე დარჯანია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას.

I. ნორმის არსი და დანიშნულება კოდექსში

1

მე-6 მუხლში დარეგულირებული კანონის უკუძალის აკრძალვა ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 24-ე მუხლის შინაარსის მსგავსია და კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტში დარეგულირებული უკუძალის ზოგადი სახის აკრძალვის გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში დარეგულირებული უკუძალის აკრძალვა თანაბრად მოქმედებს სამართლის ყველა სფეროში, კანონმდებელმა მაინც ჩათვალა საჭიროდ სამოქალაქო კოდექსში დაეზუსტებინა ნორმის უკუძალის დასაშვებობის/დაუშვებლობის კონკრეტული წესი.

2

აღსანიშნავია, რომ ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 24-ე მუხლი უფრო მეტად მორგებულია სისხლის სამართალზე[1] და მას ნაკლები დატვირთვა აქვს სამოქალაქო სამართალში. კერძოდ, 24 II მუხლის ფორმულირება „ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“ — სისხლისსამართლებრივი ხასიათისაა. შესაბამისად, მე-6 მუხლის მე-2 წინადადების ფორმულირება – „თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას“ – ითვალისწინებს სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათს. კანონმდებლის მიზანი მე-6 მუხლის დანაწესის შემოღებით არის უკუძალის აკრძალვისა და დასაშვებობის ზოგადი წესის შემოტანა სამოქალაქო სამართალში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სისხლის სამართალში უკუძალის აბსოლუტური აკრძალვა არ ვრცელდება ზოგადად მთელ სამართლებრივ სისტემაზე.[2] ამასთანავე, ნორმის უკუძალის დაშვება ყოველთვის არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას (მათ შორის სისხლის სამართალშიც[3]).

II. უკუძალის სახეები

3

მე-6 მუხლის 1-ლი წინადადება განსაზღვრას უკუძალის დასაშვებობის ან დაუშვებლობის აუცილებელ პირობას: კანონში (ან განმარტებით ბარათში, რომელიც თან ერთვის კანონს) პირდაპირ უნდა იყოს მითითებული შეტანილი ცვლილება მოქმედებს თუ არა წარსულში დასრულებულ ან მიმდინარე ურთიერთობებზე. მაგალითად: 2013 წლის 12 დეკემბრის კანონში სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების თაობაზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ფიზიკურ პირებს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლის სხვაგვარი წესი, მითითებულია, რომ „ამ კანონის ამოქმედება არ გამოიწვევს მის ამოქმედებამდე დადებული ხელშეკრულებების პირობების გადახედვას“. თუ მოცემული იქნებოდა საპირისპირო ფორმულირება და კანონმდებელი მიუთითებდა, რომ „კანონში შეტანილი ცვლილებები ვრცელდება დასრულებულ ან მიმდინარე ურთიერთობებზე და იწვევს ხელშეკრულებების გადახედვას“, მაშინ კანონშემფარდებელს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მოუწევდა შეფასება – განხორციელებული ცვლილება ხომ არ იქნებოდა ზიანის მომტანი ან ხომ არ გააუარესებდა პირის მდგომარეობას.[4] როგორც ვხედავთ, კანონმდებელი კანონის უკუძალის დასაშვებობის შესამოწმებლად აწესებს ორ საფეხურს: 1. უკუძალის შესახებ დათქმა უნდა იყოს მითითებული კანონში და 2. კანონის უკუძალა არ უნდა ამძიმებდეს პირის მდგომარეობას. „დამამძიმებელი კანონი არ არის მხოლოდ ისეთი კანონი, რომელიც ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადს ან რაიმეს აკრძალვას, არამედ აქ იგულისხმება ყველა მოქმედი ნორმა, რომელიც აუარესებს პირის/პირთა სამართლებრივ მდგომარეობასა და პოზიციას“.[5] თუმცა, სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში ყოველთვის რთულია შეფასდეს რამდენად უარესდება პირის მდგომარეობა ან რამდენად ადგება მას ზიანი, ვინაიდან სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში ყოველთვის ორი მხარეა და კანონის ცვლილებით ერთის მდგომარეობა შესაძლოა უმჯობესდებოდეს, ხოლო მეორის უარესდებოდეს.[6]

4

იმისდა მიხედვით, თუ როგორი სახით ეხება კანონი წარსულში დასრულებულ ურთიერთობას ან წარსულში დაწყებულ და მიმდინარე ურთიერთობას, ერთმანეთისაგან განასხვავებენ ნამდვილ (რეტროაქტიურ) და არანამდვილ (რეტროსპექტულ) უკუძალას.

1. ნამდვილი (რეტროაქტიური) უკუძალა

5

„ნამდვილი (რეტროაქტიური) უკუძალა სახეზეა, როდესაც კანონი მოგვიანებით, ანუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ახორციელებს წარსულში მოწესრიგებული, ამოწურული და რეალიზებული ფაქტობრივი ელემენტების ცვლილებას და ამით იჭრება მათ სფეროში“.[7] ნამდვილი უკუძალის მქონე კანონების არაკონსტიტუციურობა გამომდინარეობს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების ფუნდამენტური უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან.[8] უკუძალის აკრძალვის საფუძველი უკავშირდება სამართლიანი სახელმწიფოს იდეას, რამეთუ კანონისმიერი ნდობის პრინციპი, ამასთანავე, გულისხმობს კანონების სტაბილურად არსებობის პრინციპსაც: მას, ვისაც კანონი ეხება, უფლება აქვს ჰქონდეს მოლოდინი, რომ დარღვეული უფლება დარღვევის მომენტში არსებული კანონით გადაწყდება. სამოქალაქო ურთიერთობაში მონაწილე პირებს უნდა ჰქონდეთ კანონიერი ნდობა მოქმედი ნორმების მიმართ, რაც გულისხმობს იმას, რომ დღეს განხორციელებული მოქმედება მომავალში მიღებული კანონით არ იქნება გადაწყვეტილი. შესაბამისად, სამართლებრივი მდგომარეობის გამაუარესებელი კანონები, რომლებიც უკუქცევითი ძალით აწესრიგებენ უკვე ამოწურულ გარემოებებს, როგორც წესი, არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რაც, პირველ რიგში, ცალკეული მოქალაქის ნდობის დაცვას გულისხმობს,[9] ნდობაში კი იგულისხმება ის, რომ აღიარებული, უცვლელი დარჩება უკვე ამოწურულ ფაქტობრივ ელემენტებსა და გარემოებებთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგები[10] (მაგ., კანონმდებელი, როგორც წესი, არღვევს სამართლებრივ სტაბილურობას, როდესაც ის გადასახადის გადახდის წესსა და ოდენობას გადამხდელის საზიანოდ უკუქცევითი ძალით ცვლის). დაცულია სამართალსუბიექტის ნდობა კანონის და არა სამართლებრივი მდგომარეობის მიმართ, რომელიც კანონის შეფარდებით (დადგენილი პრაქტიკით) წარმოიქმნება.[11]

6

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ნამდვილი უკუძალა ძირითად შემთხვევებში სრულად დაუშვებელია. შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე შემთხვევის გამოყოფა, როდესაც მისი დასაშვებობა შეიძლება გამართლებული იყოს:[12] 1. მოსალოდნელი იყო კანონის შეცვლა და ახალი რეგულირების შემოღება,[13] ანუ მაშინ, როდესაც დადგა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი შედეგი, მოსალოდნელი იყო ახალი ნორმის მიღება (მაგ., მანამდე არსებული მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის კოდი ფიცირება). ამ შემთხვევაში მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივები არ ითვლება საკმარისად და უკუძალის დასაშვებობის არგუმენტი ვერ იქნება ის, რომ მოსალოდნელი იყო ახალი კანონის მიღება, რადგან წარდგენილი იყო კანონპროექტი და ეს სამართალსუბიექტმა იცოდა. ცნობილია, რომ საკანონმდებლო პროცესი დაკავშირებულია ბევრ წინაღობასთან და კანონპროექტიც შეთავაზებული რედაქციით ყოველთვის არ შედის ძალაში. ამის დაშვება დაანგრევდა მოქალაქის ნდობას სამართლებრივი სტაბილურობის მიმართ. მსგავს შემთხვევებში ყოველთვის გასათვალისწინებელია საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის ხარისხიც. 2. ძველი კანონი იყო ბუნდოვანი და არაერთაზროვანი და კანონმდებელმა ეს ხარვეზი ცვლილებით გამოასწორა.[14] კანონმდებლის ამგვარი ჩარევა უკვე დასრულებულ ურთიერთობებში გამართლებულია, ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ ახალი გამართული ნორმით აღდგეს სამართლებრივი სტაბილურობა და უსაფრთხოება.[15] ამ ჯგუფს მიეკუთვნება ასევე ის შემთხვევები, როდესაც ნორმის შინაარსი ცალსახად კონსტიტუციასთან და მთლიან სამართლებრივ სისტემასთან შეუსაბამო შინაარსს ატარებს და ეს სამართალსუბიექტების მიერ ნათლად შესამჩნევია.[16] 3. ახალი კანონის შემოღება არ იწვევს მნიშვნელოვან ზიანს და პირის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებას.[17]

2. არანამდვილი (რეტროსპექტული) უკუძალა

7

ნამდვილი უკუძალა, რომელიც ერევა წარსულში დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობაში, განსხვავდება აწმყო დროის, აქტუალური და ჯერ კიდევ ამოუწურავი ფაქტობრივი ელემენტების სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში ჩარევისა და მათზე ზეგავლენისაგან (ე.წ. არანამდვილი, რეტროსპექტული უკუძალა).[18] ამ დროს სახეზეა წარსულში დაწყებულ და აწმყოში მიმდინარე სამართალურთიერთობაში ჩარევა. არანამდვილი უკუძალა ძირითადად დასაშვებია და კონსტიტუციასთან შესაბამისი, მაგალითად, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას კანონმდებლის მიერ სასამართლო და საადვოკატო ხარჯების გაზრდა,[19] საპროცესო ვადების გაზრდა ან შემცირება,[20] საგადასახადო ვალდებულებების (განჭვრეტადი) შეცვლა (მაგალითად, 2015 წლის 25 ივლისს შევიდა ძალაში კანონი, რომლითაც 2015 წლის საგადასახადო წლისათვის ქონების გადასახადი 15%-დან იზრდება 20%-მდე, ვინაიდან ქონების გადასახადის გადახდა 2015 წლის კალენდარული წლისთვის 2016 წლის 1 აპრილამდე უწევს, საგადასახადო-სამართლებრივი ურთიერთობა არ არის ჯერ დასრულებული, შესაბამისად, სახეზეა არანამდვილი უკუძალის შემთხვევა).

8

მაშასადამე, როგორც წესი, არანამდვილი უკუძალა დასაშვებია და დაუშვებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ვინაიდან არ არსებობს ზოგადი აბსოლუტური ნდობის პრინციპი კანონების მუდმივ (შეუცვლელ) მოქმედებასთან დაკავშირებით და კანონმდებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საკანონმდებლო ჩარევებით მოახდინოს რეაგირება სახელმწიფოს წინაშე დამდგარი გამოწვევების დასარეგულირებლად. შესაბამისად, არ არსებობს აბსოლუტური ნდობა ნორმების სტაბილურობის მიმართ, ვინაიდან როგორც საზოგადოებრივ-სამართლებრივი ურთიერთობები, კანონებიც უნდა განიცდიდეს ცვლილებას. არანამდვილი უკუძალის დაუშვებლობა შესაძლოა სახეზე იყოს მაშინ, როდესაც 1. კანონი ახდენს ისეთ ჩარევას, რომელსაც სამართალსუბიექტი ვერ გაითვალისწინებდა და შესაბამისად, თავის მოქმედებასაც ვერ შეუსაბამებდა დაგეგმილ ცვლილებას. მოქალაქე ვერ მიუთითებს სამართლებრივი სტაბილურობისადმი ნდობაზე, როდესაც დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საჯარო დისკუსიები გაიმართება, ან სახელმწიფო ორგანოები ჩაატარებენ საინფორმაციო კამპანიებს დაგეგმილი ცვლილებების დანერგვის მიზნით; ამის შემოწმება უნდა მოხდეს მკაცრი მასშტაბით. 2. მოქალაქის ნდობა უფრო მეტ დაცვას იმსახურებს, ვიდრე კანონით დაგეგმილი ცვლილების სარგებელი. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ამის დადგენა უნდა მოხდეს თანაზომიერების შემოწმებით: ერთ მხარეს დგას სახელმწიფოს მიერ კანონის ცვლილებით მისაღწევი სარგებელი, ხოლო მეორე მხარეს საპირწონედ – სამართალსუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმება. თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებელი ქმნიდეს გარდამავალ დებულებებს. მაგალითისათვის: 50 წლის პოლიციელმა კრედიტით იყიდა სახლი, რომლის გადახდაც მას მისი ხელფასის გათვალისწინებით 15 წელი მოუწევს. მიღებულმა კანონმა პოლიციელებისთვის საპენსიო ასაკი დასწია 60 წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ კანონი არ გაითვალისწინებს გარდამავალ დებულებას (მაგ., „პოლიციელები, რომლებსაც ამ კანონის მიღებამდე შეუსრულდათ 50 წელი, უფლება აქვთ საპოლიციო საქმიანობა განახორციელონ კიდევ 15 წელი“), მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ კანონი თანაზომიერების პრინციპის შეუსაბამო და არაკონსტიტუციურია. ამ მიდგომას იზიარებს ქართული სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, შრომით-სამართლებრივ დავებში, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის მსჯელობა, რომ 2013 წლის 12 ივნისს შრომის კოდექსის 38 VI მუხლში შესული ცვლილება გასაჩივრების ერთთვიანი ვადის შემოღების თაობაზე გავრცელებულიყო კანონის მიღებამდე დაწყებულ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებზე და შეემცირებინა მანამდე კანონით არსებული გასაჩივრების 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.[21]




  1. სისხლის სამართალში უკუძალის მოქმედებასთან დაკავშირებით იხ. ტურავა, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, 2013, გვ. 558 და შემდგ. მუხლები.
  2. შვაბე, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, გვ. 335.
  3. ტურავა, იქვე.
  4. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 61.
  5. შვაბე, იქვე.
  6. კერესელიძე, ქართული სამართლის მიმოხილვა 7/2004-1, გვ. 20.
  7. შვაბე, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, გვ. 335.
  8. Schönfeld, Bergmann, DStR 2015, 257.
  9. შვაბე, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, გვ. 335; „კანონმდებელს არ აქვს უფლება უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მიერ სათანადოდ გამოყენებული ნორმა შეცვალოს უკუქცევითი ძალით მხოლოდ იმ მიზნით, რომ სასამართლო პრაქტიკა კანონთან შეუსაბამო გახადოს და შეასწოროს“, – ამონარიდი გადაწყვეტილებიდან BVerfGE 18, 429-440.
  10. BVerfGE 13, 261-274.
  11. Schönfeld, Bergmann, DStR 2015, 257.
  12. შემთხვევათა აღნიშნული ჯგუფები მოყვანილია გერმანიის უმაღლესი ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკიდან.
  13. BVerfGE 13, 261 (272).
  14. BVerfGE 7, 129 (151); 11, 64 (73); 13, 261 (272).
  15. შვაბე, გვ. 336.
  16. BVerfGE 13, 215 (224); 19, 187 (197).
  17. BVerfGE 14, 288 (299); 337 22, 241 (252).
  18. შვაბე, იქვე.
  19. იხ. BVerfGE 11, 139-149.
  20. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 13 თებერვალის № ას-58-57-2010 განჩინება.
  21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის № 2ბ/2099-14.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_6._სამოქალაქო_კანონთა_უკუქცევითი_ძალა&oldid=774"