Gccc-logo.png


მუხლი 60. გარიგების კონვერსია

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 60. გარიგების კონვერსია


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ ბათილი გარიგება აკმაყოფილებს სხვა გარიგებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამოიყენება ეს უკანასკნელი, თუკი გარიგების ბათილობის შეტყობისას მხარეებს სურთ მისი ნამდვილობა.

I. ზოგადი დებულებები

1. ცნება და ნორმის მიზანი

1

გარიგების კონვერსია ეწოდება ბათილი გარიგების ნაცვლად სხვა გარიგების გამოყენებას გარიგების მონაწილეთა მიერ დასახული მიზნის მისაღწევად.[1]

2

მე-60 მუხლის მიზანია გარიგების მონაწილეთა დაცვა იმ უარყოფი- თი შედეგისაგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გარიგების ბათილობას. ეს ხდება მაშინ, როცა გარიგების მონაწილეთა მიერ შერჩეული სამართლებრივი საშუალება დაუშვებელია, მაგრამ შესაძლებელია ალტერნატიული საშუალების გამოყენება.[2]

კონვერსიის მიზანი ბათილი გარიგების, უფრო ზუსტად კი მისი იმ ნაწილის შენარჩუნებაა, რომელიც შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და ასევე გარიგების მონაწილეთა ინტერესებს.[3] ამ გაგებით კონვერსიის მიზანი გარიგების მონაწილეთა სასურველი ნების შენარჩუნებაა.[4]

3

კონვერსია არ მოიაზრება გარიგების განმარტების ნაირსახეობად ან მის ნაწილად, თუმცა კონვერსია შეიძლება გარიგების განმარტების შედეგად განხორციელდეს მას შემდეგ, რაც დადგინდება გარიგების მონაწილეთა ნამდვილი ნება და განზრახული მიზანი.[5] აღიარებული მოსაზრების თანახმად, კონვერსია გამოიყენება მაშინ, როცა განმარტებას არ მოჰყვა სასურველი შედეგი — გარიგების ნამდვილობა.[6]

კონვერსია წარმოადგენს სპეციალურ საკანონმდებლო წესს, რომელმაც უნდა შეავსოს გარიგების ბათილობით გამოწვეული რეგულატორული ვაკუუმი.შდრ.[7]

კონვერსია განსხვავდება ბათილი გარიგების დადასტურების შედეგად დადებული ახალი გარიგებისაგან (61 I მუხლი).

2. გამოყენების სფერო

4

კონვერსიას შეიძლება დაექვემდებაროს ნებისმიერი ბათილი გარიგება როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი, მიუხედავად მათი ბათილობის სამართლებრივი საფუძვლისა.

გარიგებისათვის არასწორი სახელწოდების შერჩევა (falsa demonstratio) არ წარმოშობს გარიგების კონვერსიის აუცილებლობას.შდრ.[8] ამიტომ ამ შემთხვევაში კონვერსია არ გამოიყენება.

კონვერსიის აუცილებლობა არ წარმოიშობა არც მაშინ, როცა კანონი ბათილი გარიგების ნაკლის გამოსწორების სპეციალურ წესებს ადგენს.

კონვერსია გამოიყენება კანონის საფუძველზე[9] და მის გამოყენებაზე მხარეთა შეთანხმება სავალდებულო არ არის.

II. გამოყენების წინაპირობები

1. ბათილი გარიგება

5

გარიგების კონვერსიის ერთ-ერთი წინაპირობა არის ბათილი გარიგების არსებობა, რომლის კონვერსიაც უნდა მოხდეს. გარიგების ბათილობის საფუძველს არა აქვს მნიშვნელობა.[10] ნამდვილი გარიგების კონვერსია დაუშვებელია.[11]

თუ გარიგება ნების ნაკლის გამო (მოტყუება, შეცდომა, იძულება) არის შეცილებული და ბათილად გამოცხადებული, კონვერსიას არ შეუძლია ნების ნაკლის გამოსწორება.[12] ამიტომ ამ გარიგებათა კონვერსია გამორიცხულია.

6

თუ გარიგება ფორმის დაუცველობის გამო არის ბათილი, ამ გარიგების კონვერსია დასაშვებია, თუკი ამით ფორმის მიზანი არ იქნება ხელყოფილი და კანონის მოთხოვნა ფორმასთან დაკავშირებით დარღვეული.[13]

კონვერსია არ დაიშვება, თუკი გარიგების მონაწილეთა მოსალოდნელი მიზანი კანონსაწინააღმდეგოა.[14] ამრიგად, გარიგების კონვერსიის მნიშვნელოვანი წინაპირობა არის მართლზომიერი მიზნის არსებობა.

2. სხვა გარიგება

7

ბათილი გარიგება უნდა აკმაყოფილებდეს სხვა გარიგებისათვის (ე.წ. სათადარიგო გარიგებისათვის)[15] გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თავის მხრივ, ეს სხვა გარიგება უნდა იყოს ნამდვილი.

8

გარიგება, რომელიც კონვერსიის შედეგად წარმოიშობა ბათილი გარიგების ნაცვლად, არ უნდა განეკუთვნებოდეს გარიგებათა სხვა ნაირსახეობას, ვიდრე ბათილი გარიგება.[16] მაგალითად, 242-ე მუხლით გათვალისწინებული აკრძალვის მიუხედავად, გარიგების დადება მოძრავი ნივთების უზუფრუქტის შესახებ, რაც ბათილია და რომლის ნაცვლად შესაძლებელია იჯარის ხელშეკრულების გამოყენება უზუფრუქტის ნაცვლად.[17]

9

ბათილ გარიგებასა და სხვა გარიგებას შორის უნდა იყოს შესაბამისობა,[18] რომ ამით შესაძლებელი გახდეს კონვერსია. მაგალითად, თუ არ არსებობს ხელშეკრულების ვადამდე მოშლის საფუძველი, მაშინ ვადამდე ხელშეკრულების მოშლის მიზნით გაგზავნილი ნების გამოვლენის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელშეკრულების ჩვეულებრივი მოშლის წესები.

სხვა გარიგება უნდა შეესაბამებოდეს გარიგების მონაწილეთა სავარაუდო ნებასაც, რომელსაც ისინი ბათილი გარიგების დადებისას ისახავდნენ.[19]

3. მხარეთა ნება

10

ბათილი გარიგების ნაცვლად სხვა გარიგება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გარიგების მონაწილეებს გარიგების ბათილობის შეტყობისას სურთ მისი ნამდვილობა. გარიგების მონაწილეთა ნების საწინააღმდეგოდ კონვერსია არ დაიშვება.[20]




  1. მუხ. 60 პროტოტიპი არის გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §140.
  2. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §140 Rn. 1.
  3. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 400.
  4. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 140, Rn. 1.
  5. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §140 Rn. 3.
  6. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 140, Rn. 3.
  7. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §140 Rn. 3.
  8. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §140 Rn. 4.
  9. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 27 Rn. 8.
  10. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 400.
  11. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §140 Rn. 12.
  12. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §140 Rn. 14.
  13. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 140, Rn. 2.
  14. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 140, Rn. 2.
  15. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 27 Rn. 10.
  16. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 140, Rn. 15.
  17. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 400.
  18. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 140, Rn. 4; MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §140 Rn. 16.
  19. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 140, Rn. 5
  20. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 27 Rn. 11.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_60._გარიგების_კონვერსია&oldid=1351"