Gccc-logo.png


მუხლი 61. დადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობისას

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 61. დადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობისას


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. 2. თუ პირი, რომელიც დებს უცილოდ ბათილ გარიგებას, ადასტურებს მას, მაშინ მისი მოქმედება განიხილება, როგორც გარიგების ხელახლა დადება.

3. თუ გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონე პირი, მაშინ იგი ამით კარგავს შეცილების უფლებას.

4. თუ უცილოდ ბათილ ორმხრივ გარიგებას ადასტურებენ მხარეები, მაშინ ისინი საეჭვოობისას ვალდებულნი არიან ერთმანეთს გადასცენ ყველაფერი, რაც კი მათ შეხვდებოდათ, გარიგება თავიდანვე ნამდვილი რომ ყოფილიყო.

5. დადასტურება მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ხელშეკრულება ან გარიგება არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს და საჯარო წესრიგის მოთხოვნებს.

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი

1

61-ე მუხლი განამტკიცებს გარიგების ბათილობისას გარიგების მონაწილეების მიერ დასახული მიზნის მიღწევის ერთ-ერთ ინსტიტუტს — ბათილი გარიგების დადასტურებას. მუხლის მიზანია გარიგების მონაწილეთათვის მათი ნების განხორციელების შესაძლებლობის კიდევ ერთხელ მინიჭება, თუკი გარიგების ბათილობის საფუძვლები აღმოფხვრილი იქნება. ფაქტობრივად საუბარია გარიგების ხელახლა დადებაზე, რადგან აღიარებული შეხედულების თანახმად ბათილი გარიგების გასწორება შეუძლებელია.[1]

2

გარიგების დადასტურებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მხოლოდ გარიგების ხელახლა დადებას. ახალი გარიგების დადებისაგან დადასტურება განსხვავდება იმით, რომ იგი გარიგების მონაწილეებს ათავისუფლებს ახალი გარიგების დადებისათვის აუცილებელი მოვალეობებისაგან და უიოლებს მათ დასახული მიზნის მიღწევას: არ არის სავალდებულო ნების გამოვლენა თავიდან მოხდეს, შეთანხმებები გარიგების არსებით პუნქტებზე უცვლელი რჩება და ა.შ. გარდა ამისა, მხარეები ისე უნდა მოიქცნენ, თითქოს გარიგება თავიდანვე ნამდვილი იყო.

გარდა დადასტურებისა, 61-ე მუხლი შეიცავს მნიშვნელოვან დებულებას ბათილი გარიგების ბათილობის მომენტის შესახებ და ამით ის იძლევა საცილო გარიგებისა (იხ. 59 II მუხლის კომენტარი) და ბათილი გარიგების განსხვავებათა ნორმატიულ დეფინიციებს.

2. გამოყენების სფერო

3

ბათილი გარიგების დადასტურება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა ბათილი გარიგების მიმართ, მიუხედავად გარიგების ბათილობის საფუძვლისა. დადასტურება შეიძლება როგორც ცალმხრივი (მაგალითად, ანდერძის), ისე ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგებებისა.

II. ბათილი გარიგება (61 I)

1. ცნება

4

გარიგების დადასტურება გამოიყენება მხოლოდ ბათილი გარიგებების მიმართ. ნამდვილი გარიგებისაგან განსხვავებით გარიგება ბათილია, თუკი მას შედეგად არ მოჰყვება გარიგების მონაწილეების მიერ დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი გამოვლენილ ნებას და განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.[2] ასეთი გარიგება არ წარმოშობს დასახულ სამართლებრივ შედეგებს არც მხარეთათვის და არც მესამე პირთათვის.[3]

სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს ბათილი გარიგების რამდენიმე ფორმას: უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება (54, 55, 56 I, 57, 58, 59, 61 I), ნაწილობრივ ბათილი გარიგება (62) და მერყევად ბათილი გარიგება (63 I).[4]

უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან (61 I), მიუხედავად იმისა, ბათილობა ან ბათილობის საფუძველი გამოვლენილი ან გარიგება შეცილებული იქნება თუ არა. ბათილი გარიგება და უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება სინონიმებია.[5]

5

ბათილი გარიგება ბათილია დადებისთანავე და მას ნამდვილად ვერ აქცევს ვერც გარიგების მონაწილეთა შემდგომი მოქმედება და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილება,[6] რადგან ბათილობა კანონით არის განსაზღვრული და მისი გამოსწორების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. გარიგების ბათილად აღიარებისათვის არ არის აუცილებელი სასამართლოს გადაწყვეტილება. ბათილი გარიგება ბათილია მაშინაც, როცა ბათილობის საფუძველი მოგვიანებით უკვე აღარ არსებობს.[7]

6

ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამოქალაქო სამართალი არ იცნობს ბათილი გარიგების ინსტიტუტს და ყველა გარიგებას საცილო გარიგებათა კატეგორიას განაკუთვნებს, რადგან, მათი აზრით, აუცილებელია, გარიგების ბათილობის საფუძვლის მხილება და ავტომატურად გარიგების აღიარებას ბათილად აზრი არა აქვს.[8] ეს მოსაზრება მიუღებელია, რადგან მის თანახმად ყველა, აშკარად კანონსაწინააღმდეგო გარიგებაც კი, მიიჩნევა ნამდვილად, ვიდრე არ მოხდება მათი გამოვლენა.

2. ბათილობის სამართლებრივი შედეგი

7

ბათილი გარიგება არ ნიშნავს „განუხორციელებელ მოქმედებას“, „ნულს“.[9] ბათილი გარიგება, როგორც განხორციელებული ნების გამოვლენა და ქმედება, იწვევს სამართლებრივ შედეგებს, მაგრამ არა იმ შედეგებს, რომლის მიღწევაც გარიგების მონაწილეებს სურდათ, მაგალითად, თუ ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, მყიდველზე ნივთის გადაცემის მიუხედავად, მასზე არ გადავა საკუთრების უფლება.

8

ბათილი გარიგების სამართლებრივ შედეგებს ადგენს კანონი. ამ მიზნით სამოქალაქო კოდექსი ახდენს ბათილი გარიგებით განხორციელებული ქმედების სამართლებრივ შეფასებას და განსაზღვრავს ბათილი გარიგების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, მაგალითად, ზიანის ანაზღაურების ან გარიგების საფუძველზე მიღებულის უკან დაბრუნების სახით.[10]

ბათილი გარიგების ერთ-ერთ სამართლებრივ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს მისი დადასტურების შესაძლებლობაც (61 II).

III. ბათილი გარიგების დადასტურება (61 II)

1. გამოყენების სფერო

9

ვინაიდან შეუძლებელია ბათილი გარიგების გამოსწორება, ბათილი გარიგების დადასტურების გზით გარიგების მონაწილეებს შეუძლიათ, მიაღწიონ დასახულ მიზანს. დადასტურება ბათილ გარიგებას კი არ ასწორებს, ე.ი. მას კი არ აქცევს ნამდვილად, არამედ ნიშნავს გარიგების ხელახლა დადებას.[11] დადასტურებით მხარეები ასწორებენ იმ ნაკლს, რამაც გარიგების ბათილობა გამოიწვია.[12]

დადასტურების გამოყენება დასაშვებია არა მხოლოდ გარიგების ბათილობისას. შეიძლება გარიგება არ იყოს ბათილი, მაგრამ რომელიღაც ერთი ელემენტის ნაკლის გამო შესაძლოა მას არ ჰქონდეს სავალდებულო ძალა გარიგების მონაწილეებისათვის, მაგალითად, ჯერ არ არის გაცემული საექსპორტო ლიცენზია. ლიცენზიის გაცემის შემდეგაც შეუძლიათ მხარეებს დადასტურების გამოყენება.[13]

2. განსხვავება სხვა ინსტიტუტებისაგან

10

ბათილი გარიგების დადასტურება განსხვავდება სხვა მსგავსი ინსტიტუტებისაგან, რომელთაც სამოქალაქო კოდექსი იცნობს.

ბათილი გარიგების დადასტურება განსხვავდება საცილო გარიგების დადასტურებისაგან (61 III). თუ გარიგება შეცილებულია, 59 II მუხლის საფუძველზე ის უკვე ბათილია და გარიგების ხელახლა დადება დადასტურების გზით შეიძლება 61 II მუხლის მიხედვით მოხდეს.[14] თუკი ხდება დადასტურება საცილო გარიგების, მაგალითად, შეცდომით დადებული გარიგების, რომელიც ჯერ არ არის შეცილებული, მაშინ დგება 61 III მუხლით გათვალისწინებული შედეგი — უფლებამოსილი პირი კარგავს შეცილების უფლებას. ამრიგად, ამ შემთხვევაში საუბარია არა ბათილი გარიგების დადასტურებაზე, არამედ შეცილების უფლების დაკარგვაზე იმით, რომ გარიგების ერთი მონაწილე ცნობს გარიგებას. მაგალითად, მყიდველი შეცდომით ნივთის ყიდვის მიუხედავად, თანახმაა გადაიხადოს ნასყიდობის ფასი (იხ. 61 III მუხლის კომენტარი).

ბათილი გარიგების დადასტურება განსხვავდება გარიგების მოწონებისაგან (101) იმით, რომ ეს უკანასკნელი მომდინარეობს მესამე პირისაგან, ხოლო დადასტურება — თვით გარიგების მონაწილისაგან.[15]

11

კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარიგების ნაკლი შეიძლება მისი შესრულებით გასწორდეს, მაგალითად ფორმის ნაკლი ქირავნობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისას. გარიგების ნაკლის გასწორება შესრულებით არ წარმოადგენს დადასტურების ნაირსახეობას, რადგან შესრულება არ არის გარიგება, დადასტურება კი წარმოადგენს გარიგებას.[16]

12

არასრულყოფილად დამოწმებული გარიგების ხარვეზის გასწორება, მაგალითად, მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებას აკლდა რეესტრის ამონაწერი იპოთეკით ამ ნაკვეთის დატვირთვის თაობაზე, რაც მოგვიანებით დაემატა, არ წარმოადგენს დადასტურებას, რადგან გარიგება ამ შემთხვევა- ში არ არის ბათილი და მას არც დადასტურება არ სჭირდება.

ბათილი გარიგების დადასტურება განსხვავდება ასევე გარიგების კონვერსიისაგან. პირველი, კონვერსიის დროს ხდება სხვა გარიგების გამოყენება, მაშინ როცა დადასტურებისას ხდება იმავე გარიგების დადება ხელახლა; მეორე, კონვერსიისათვის საკმარისია მხარეთა ჰიპოთეტური ნება, ხოლო დადასტურება მოითხოვს დადასტურების ნებას გამოკვეთილად ან კონკლუდენტურად.[17]

3. დადასტურების წინაპირობები

13

მართალია, დადასტურება ბათილი გარიგების მოდერნიზებისა და მისი ხელახლა დადების შესაძლებლობას განამტკიცებს, მაგრამ ამ მიზნით მისი გამოყენება მხოლოდ განსაზღვრული წინაპირობების დროსაა შესაძლებელი.

ბათილობის საფუძვლის მოშლა აუცილებელი წინაპირობაა დადასტურებისათვის. თუ არ შეცვლილა ბათილობის საფუძველი, მაგალითად, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა წერილობით, დადასტურების გამოყენება დაუშვებელია.

14

მხოლოდ გარიგების მონაწილეებს შეუძლიათ გარიგების დადასტურება, რადგან დადასტურება წარმოადგენს გარიგებას და მისთვის აუცილებელია მონაწილეთა თანამთქვევდი ნების გამოვლენა. დადასტურება შეიძლება მოხდეს სასამართლო პროცესზეც.[18] თუ ბათილობა მხოლოდ ერთი პირის ნების გამოვლენის შედეგია, მაშინ საკმარისია მხოლოდ მისი მხრიდან დადასტურება, თუკი ორივე მონაწილის ნება ფიგურირებს, მაშინ სავალდებულოა ორივე მონაწილის მიერ დადასტურება.

15

დადასტურების შინაარსი უნდა ეხებოდეს და მოიცავდეს ბათილი გარიგების ყველა არსებით პირობაზე შეთანხმებას. განსხვავება ახალი გარიგების დადებასა და ბათილი გარიგების დადასტურებას შორის იმაში გამოიხატება, რომ დადასტურება ძირითადად შეიცავს ბათილი გარიგების არსებით პირობებს.

ბათილი გარიგების დადასტურების განზრახვა და ნება არის დადასტურების შემდეგი წინაპირობა. თუ მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ გარიგება ნამდვილია, მაშინ დადასტურების გამოყენება არ ხდება.[19]

16

დადასტურების ფორმის შესახებ სამოქალაქო კოდექსი რაიმე ნორმებს არ შეიცავს, მაგრამ აღიარებული შეხედულების თანახმად, დადასტურებისათვის აუცილებელია ბათილი გარიგებისათვის დადგენილი ფორმის გამოყენება, მაშინაც, როცა გარიგების ბათილობა ფორმის შესახებ მოთხოვნის დარღვევას არ გამოუწვევია.[20]

17

დადასტურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა არის დასადასტურებელი ხელშეკრულების ან სხვა გარიგების შესაბამისობა ზნეობის ნორმებისა და საჯარო წესრიგის მოთხოვნების მიმართ (61 V; იხ. 54-ე მუხლის კომენტ.). არ უნდა არსებობდეს ხელახლა დასადები გარიგების ბა- თილობის სხვა საფუძველიც.[21]

IV. საცილო გარიგების დადასტურება და მისი შედეგები (61 III)

18

ბათილი გარიგების დადასტურებისაგან განსხვავებით, საცილო გარიგების დადასტურება არ ნიშნავს გარიგების ხელახლა დადებას. ამიტომ საცილო გარიგების დადასტურებისსამართლებრივი შედეგიც განსხვავებულია.

19

საცილო გარიგების დადასტურების უფლება აქვს მხოლოდ შეცილების უფლების მქონე პირს. განსხვავებით ბათილი გარიგებისაგან, რომლის ბათილობის პირობები კანონით არის განსაზღვრული, საცილო გარიგების ბათილობა ან ნამდვილობა შეცილების უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული. ამიტომ გარიგების დადასტურებას ამ პირის მიერ სხვა ფუნქცია აქვს — გარიგებისათვის ნამდვილობის მინიჭება, ვიდრე ბათილი გარიგების დადასტურების დროს.

20

დადასტურება შეიძლება ნებისმიერი საცილო გარიგების, მაგალითად, მოტყუებით ან შეცდომით დადებული გარიგებისაც, მის შეცილებამდე. გამონაკლისი შეიძლება გათვალისწინებული იყოს იძულებით დადებული გარიგებებისათვის.[22]

21

საცილო გარიგების დადასტურების შედეგი არის ის, რომ საცილო გარიგება საბოლოოდ ხდება ნამდვილი,[23] ხოლო შეცილების უფლების მქონე პირი კარგავს შეცილების უფლებას (61 III).

22

საცილო გარიგების დადასტურებისათვის კანონი არ ითვალისწინებს რაიმე სპეციალური ფორმის დაცვას. ამიტომ დადასტურება, რაც ჩვეულებრივ შეცილების უფლების განხორციელებაზე უარის თქმაში გამოიხატება, შესაძლოა კონკლუდენტურადაც გამოიხატოს, მაგალითად, შეცდომით დადებული გარიგების შესრულებით. დადასტურება შეიძლება განხორციელდეს დუმილითაც.[24]

საცილო გარიგების დადასტურება, მართალია, წარმოადგენს ნების გამოვლენას, მაგრამ მას ნამდვილობისათვის არ სჭირდება მეორე მხარის მიერ მისი მიღება,[25] განსხვავებით შეცილებისაგან, რომლის ნამდვილობისათვის აუცილებელია ადრესატის მიერ მისი მიღება (59 II). აქედან გამომდინარე, საცილო გარიგების დადასტურება არის ცალმხრივი ფორმათავისუფალი გარიგება.[26]

V. ბათილი გარიგების დადასტურების შედეგები (61 IV) 328

23

ბათილი გარიგების დადასტურება არ იწვევს გარიგების გადაქცევას ნამდვილ გარიგებად, მაგრამ ხელახლა დადებული გარიგება დადასტურების მომენტიდან ნამდვილია.[27] დადასტურება არ იწვევს უკუქცევითად ნამდვილობას, თუმცა გარიგების მონაწილეებს შეუძლიათ გარიგებით მოსალოდნელი სარგებელი ერთმანეთს პირველი გარიგების დადების დროიდან მიანიჭონ.

24

თუ გარიგების მონაწილეები ამის სურვილს აშკარად არ გამოხატავენ, მაგრამ გარიგებას ადასტურებენ, მაშინ დავის შემთხვევაში (საეჭვოობისას) კანონი მათ გარიგებით მოსალოდნელი სარგებლის ერთმანეთისათვის გადაცემის ვალდებულებას აკისრებს. ეს ბათილი გარიგების დადასტურების კანონით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგია. ეს ნორმა არ არის იმპერატიული, რადგან გარიგების მონაწილეებს სხვაგვარად შეუძლიათ ამ საკითხის მოწესრიგება.

61 IV მუხლის ნორმა გამოიყენება ორმხრივი გარიგების — ხელშეკრულების — დროს, რადგან ორმხრივი რესტიტუციის, ე.ი. ორმხრივად დაბრუნების ვალდებულება შეიძლება მხოლოდ ასეთ გარიგებებში წარმოიშვას.[28]

VI. მტკიცების ტვირთი

25

დადასტურების ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, ვინც ხელახლა დადებული გარიგებიდან უნდა მიიღოს სარგებელი.



  1. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6. Aufl., 2012, §141 Rn. 1; შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 387.
  2. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 385.
  3. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 61, გვ. 198.
  4. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 385-393.
  5. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 386.
  6. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 61, გვ. 198.
  7. Wendtland, in Beck OK BGB, § 141 Rn. 1.
  8. შდრ. ყაზახეთის სამოქალაქო კოდექსი: Гражданское право. Том I, 2000, с. 282.
  9. შდრ. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts, 3. Aufl., 1979, S. 547-548.
  10. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 387.
  11. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 61, გვ. 198-199; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011 გვ. 387.
  12. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 61, გვ. 199.
  13. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §141 Rn. 3.
  14. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, § 141 Rn. 3.
  15. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §141 Rn. 6.
  16. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §141 Rn. 7.
  17. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §141 Rn. 9.
  18. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §141 Rn. 11.
  19. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §141 Rn. 14.
  20. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 141, Rn. 3; MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §141 Rn. 15.
  21. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 141, Rn. 3.
  22. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §144 Rn. 2.
  23. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, § 144 Rn. 9.
  24. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 61, გვ. 199.
  25. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, § 144 Rn. 5.
  26. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 144, Rn. 2.
  27. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §141 Rn. 16.
  28. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, § 141 Rn. 2.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_61._დადასტურების_მნიშვნელობა_გარიგებათა_ბათილობისას&oldid=1366"