Gccc-logo.png


მუხლი 62. გარიგების ნაწილის ბათილობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 62. გარიგების ნაწილის ბათილობა


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი

1

62-ე მუხლი განამტკიცებს გარიგების ნამდვილობის პრეზუმფციას იმ შემთხვევისათვის, როცა გარიგების ერთი ნაწილი ბათილია და არსებობს მთელი გარიგების ბათილად მიჩნევის საფრთხე. ამით ქართული ნორმა არსებითად განსხვავდება გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 139-ე პარაგრაფისაგან, რომელიც მთელი გარიგების ბათილობის პრეზუმფციას განამტკიცებს, თუკი მისი ერთი ნაწილი ბათილი იქნება.[1]

ნორმის მიზანია გარიგების მონაწილეთა კერძო ავტონომიის დაცვა და მთლიანი გარიგების გადარჩენა მაშინაც, როცა მისი ერთი რომელიმე ნაწილი შეიძლება ბათილი იყოს.

2

თავისი ბუნებით 62-ე მუხლი დისპოზიციურია, რადგან მხარეთა შეთანხმებით შეიძლება საპირისპიროს დადგენა და მთელი გარიგების ბათილად გამოცხადება.[2]

2. გამოყენების სფერო

3

62-ე მუხლის შინაარსი გამოიყენება ყველა სახის გარიგების მიმართ როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგებების მიმართ. განსაკუთრებით ხშირია მისი გამოყენება საკორპორაციო სამართალში – იურიდიული პირების წესდებათა შედგენისას: „წესდების ერთი დებულების ბათილობა არ იწვევს მთლიანად წესდების ბათილობას“.

გარიგების ნაწილის ბათილობის საფუძველს მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, შეიძლებოდეს ამ ბათილი ნაწილის გამოყოფა და იგი არ უნდა იწვევდეს მთლიანად გარიგების ბათილობას.

4

ნორმის გამოყენება გამოირიცხება, თუკი გარიგების ნაწილობრივი ბათილობის საკითხი სპეციალური ნორმით არის მოწესრიგებული. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სპეციალურ რეგულირებას.[3]

II. გარიგების ნაწილის ბათილობის წინაპირობები

1. ერთიანი გარიგება

5

გარიგების ნაწილის ბათილობაზე საუბრის აუცილებელი წინაპირობაა ერთიანი გარიგების არსებობა, რომელიც რამდენიმე ნაწილისაგან შედგება.

ნაწილობრივად ბათილი გარიგებების სამართლებრივი დახასიათებისას დიდი მნიშვნელობა აქვს გარიგების განმარტებას, ვინაიდან სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი იმის დადგენა, არსებობს თუ არა ერთიანი გარიგება, რომელიც ცალკეული ნაწილებისაგან შედგება, და იწვევს თუ არა ამ ნაწილების ბათილობა მთლიანად გარიგების ბათილობას. ასევე განმარტების საფუძველზე უნდა დადგინდეს, სურთ თუ არა გარიგების მონაწილეებს მთლიანად გარიგების თუ მისი ნაწილის ბათილობა.[4]

6

გარიგების ერთიანად მიჩნევისათვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ მასში სხვადასხვა ტიპის გარიგება ფიგურირებს, მაგალითად, ნასყიდობა, იჯარა, ლიზინგი და ა.შ.[5] თავის მხრივ, ამ ხელშეკრულებების ფორმალური და მექანიკური გაერთიანება ერთ დოკუმენტში არ იწვევს მათ გადაქცევას ერთიან გარიგებად.[6]

2. გარიგების დაყოფა ნაწილებად

7

შესაძლებელი უნდა იყოს ერთიანი გარიგების ცალკეული ნაწილების გამოცალკევება, მათი ცალკე განხილვა და ბათილი ნაწილების დადგენა, რათა შეფასდეს, შეუძლია თუ არა ამ ნაწილის ბათილობას მთლიანად გარიგების ბათილობა.[7] ბათილობა ამ ცალკე გამოყოფილ ნაწილს უნდა ეხებოდეს.[8]

8

უნდა არსებობდეს იმის შესაძლებლობა, რომ ის ნაწილი, რომელსაც არ ემუქრება ბათილობა, შეიძლება ცალკე გარიგებად დარჩეს.[9] მაგალითად, მიწის იჯარის ხელშეკრულება მასზე კაპიტალური ნაგებობის აშენების უფლებით. კაპიტალური ნაგებობის აშენების ნაწილში გარიგება ბათილი იქნება, რადგან ამისათვის აუცილებელია მიწის ნაკვეთის დატვირთვა აღნაგობის უფლებით, ხოლო მიწის იჯარის ხელშეკრულება იქნება ნამდვილი.

9

გარიგების ნაწილის ბათილობა შეიძლება არსებობდეს მაშინაც, როცა ერთიანი გარიგების რომელიმე ერთი დებულება არის ბათილი, მთელი გარიგება კი ნამდვილი. მაგალითად, მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების დებულება გამოსაყენებელი სამართლის შესახებ.[10] ასევე, მაგალითად, თხოვების ხელშეკრულებაში ხელშეკრულების ვადა (19 წელი) შეიძლება იყოს ბათილად მიჩნეული, ხოლო მთლიანად ხელშეკრულება ძალაში დარჩეს.[11]

10

გარიგების ნაწილი შეიძლება ბათილი იყოს მასში მონაწილე სუბიექტთა შემადგენლობის გამო. მაგალითად, თუ ხელშეკრულების ერთ მხარეს რამდენიმე პირი მონაწილეობს და ერთი მათგანი ქმედუუნაროა, მასთან მიმართებაში ხელშეკრულება იქნება ბათილი, ხოლო დანარჩენების მიმართ – ნამდვილი.[12]

გარიგების ნაწილის ბათილობის შესაძლო შედეგები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კავშირი არსებობს გარიგების ამ ნაწილსა და მის სხვა ნაწილებს შორის და რამდენად შესაძლებელია მთლიანი გარიგების გადარჩენა ამ ბათილი ნაწილის გარეშე.[13]

3. ბათილი ნაწილის გარეშე გარიგების დადების ვარაუდი

11

გარიგების ნაწილის ბათილობა მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როცა სავარაუდოა, რომ გარიგება ამ ბათილი ნაწილის გარეშეც დაიდებოდა. მაგალითად, მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება ნამდვილი დარჩება, თუკი მოიჯარე თანახმა იქნებოდა, რომ მიწის ნაკვეთი აეღო იჯარით მასზე კაპიტალური ნაგებობის აშენების უფლების გარეშეც.

ბათილი ნაწილის გარეშე გარიგების დადების ვარაუდი უნდა გამომდინარეობდეს გარიგების მონაწილეთა ჰიპოთეტური ნებისაგან, რომელიც იმის მიხედვით უნდა განისაზღვროს, თუ რა რეაქცია ჰქონდათ გარიგების მონაწილეებს გარიგების ნაწილის ბათილობის აღმოჩენის შემდეგ.[14]

თუ გარიგებაში რამდენიმე პირი მონაწილეობს, მაშინ აუცილებელია ამ პირთა თანამთხვევადი ჰიპოთეტური ნების არსებობა, ე.ი. ყველა მონაწილეს უნდა სურდეს გარიგების გაგრძელება მისი ბათილი ნაწილის გარეშე.

III. სამართლებრივი შედეგები

12

გარიგების ნაწილის ბათილობის შემთხვევაში გარიგება მთლიანად არ იქნება ბათილი. გარიგების ამ ნამდვილი ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულებები გარიგების მონაწილეებმა ჯეროვნად უნდა შეასრულონ.

გარიგების ბათილი ნაწილის მიმართ გამოიყენება ბათილი გარიგების სამართლებრივი შედეგები.




  1. შდრ. MüKo/Busche, BGB, 6 Aufl., 2012, §139 Rn. 1.
  2. შდრ. Ellenberger, in Palandt BGB Komm., § 139, Rn. 17.
  3. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 139 Rn. 4.
  4. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 390-391.
  5. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 139, Rn. 2.
  6. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 139, Rn. 2.
  7. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 390.
  8. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 139 Rn. 13.
  9. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 139, Rn. 4.
  10. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 139 Rn. 14.
  11. საქ. უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება #ას-1350-1275-2012.
  12. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 139 Rn. 14.
  13. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 62, გვ. 202.
  14. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 139 Rn. 16.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_62._გარიგების_ნაწილის_ბათილობა&oldid=1392"