Gccc-logo.png


მუხლი 63. არასრულწლოვანის მიერ დადებული გარიგება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 63. არასრულწლოვანის მიერ დადებული გარიგება


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს სარგებელს.

2. თუ არასრულწლოვანი ქმედუნარიანი გახდება, მაშინ იგი თვითონ წყვეტს საკითხს თავისი ნების გამოვლენის ნამდვილობის შესახებ.

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი

1

63-ე მუხლის მიზანია არასრულწლოვნის დაცვა იმ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებისაგან, რომლებიც მის მიერ ხელშეკრულების დადებას შეიძლება მოჰყვეს. ამ თვალსაზრისით მუხლი განამტკიცებს პრინციპს, რომლის თანახმად არასრულწლოვნის მიერ ისეთი ხელშეკრულების დადება, რომლითაც ის სამართლებრივ სარგებელს არ იღებს, მოითხოვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას.[1]

მართალია, მცირეწლოვანებისაგან (7 წლამდე: 12 IV მუხლი) განსხვავებით, არასრულწლოვნებს (7-დან 18 წლამდე) აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო ბრუნვაში, მაგრამ მათი ეს მონაწილეობა შეზღუდულია მხოლოდ სარგებლის მომტანი ან ნეიტრალური ხელშეკრულებების[2] დადების შესაძლებლობით. სხვა შემთხვევაში აუცილებელია კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა.

2. გამოყენების სფერო

2

63-ე მუხლი გამოიყენება მხოლოდ არასრულწლოვნის მიერ დადებული ორმხრივი გარიგებების (ხელშეკრულებების) მიმართ, რომლებითაც არასრულწლოვანს შეიძლება სამართლებრივი ნაკლი წარმოეშვას.

3

ნორმა ასევე გამოიყენება გარიგების მსგავსი მოქმედებების მიმართ, რომლებშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს, მაგალითად, ქირურგიული ოპერაციის გაკეთების დროსაც.[3] 63-ე მუხლი წარმოადგენს მე-15 მუხლით განმტკიცებული პრინციპის ერთ კონკრეტულ შემთხვევას, რომელიც მხოლოდ არასრულწლოვანებს ეხება, მაშინ, როცა მე-15 მუხლი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირების ბრუნვაში მონაწილეობის საფუძვლებს განსაზღვრავს.

II. გამოყენების წინაპირობები

1. ორმხრივი გარიგება

4

არასრულწლოვანის მიერ ყველა ორმხრივი გარიგების — ხელშეკრულების — დადებისათვის, რომლიდანაც არ იღებს სამართლებრივ სარგებელს, მიუხედავად იმისა, ეს სარგებელი უშუალოდ ძირითადი გარიგებიდან გამომდინარეობს თუ დამატებითი ვალდებულებებიდან.

5

აღნიშნული გარიგებები მერყევად ბათილია, ვინაიდან არსებობს კანონიერი წარმომადგენლისაგან მისი მოწონების შესაძლებლობა, რაც გარიგებას ნამდვილობას მიანიჭებს.[4] თუ კანონიერი წარმომადგენელი არ გასცემს თანხმობას, მაშინ გარიგება ბათილი იქნება დადების მომენტიდან, ე.წ. ex tunc.[5]

2. სარგებელი

6

აღიარებული შეხედულების მიხედვით ეკონომიკურ სარგებელს არა აქვს მნიშვნელობა. გადამწყვეტია სამართლებრივი სარგებელი[6] და სამართლებრივი შედეგები.[7]

სამართლებრივად წამგებიანი იქნება გარიგება, თუკი მისგან არასრულწლოვანს რაიმე ვალდებულება ეკისრება. აქედან გამომდინარე, ორმხრივი სასყიდლიანი ხელშეკრულებები უფლებრივი ნაკლის მომტანად მიიჩნევა, რადგან ისინი არასრულწლოვანს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებენ.[8]

7

სამართლებრივად სარგებლის მომტანად მიიჩნევა ისეთი გარიგებები, რომლებიც არასრულწლოვნის სამართლებრივ მდგომარეობას აუმჯობესებენ, მაგალითად, უფლების შეძენა, საკუთრების შეძენა, ჩუქება და ა.შ.[9]

სამართლებრივი სარგებლის შემცველია ყველა ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგება, რომელიც არასრულწლოვანს მხოლოდ მოთხოვნის უფლებას ანიჭებს, მაგალითად, საჩუქრის დაპირება (525 III მუხლი).[10]

ნასყიდობას, ქირავნობას, ნარდობას და სხვა მსგავს ხელშეკრულებებს მარტო სამართლებრივი სარგებელი კი არ მოაქვს არასრულწლოვნისათვის, არამედ ვალდებულებებსაც აკისრებს მას.[11] ამიტომ მათზე ვრცელდება 63-ე მუხლის შეზღუდვა.

3. კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა

8

63-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელია არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლების წინასწარი თანხმობა. თანხმობა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, რომელიც შეიძლება კონკლუდენტურადაც განხორციელდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგების თავისებურებიდან გამომდინარე, სპეციალური ფორმაა დადგენილი.

9

კანონიერი წარმომადგენლები არიან არასრულწლოვანი პირის მშობლები ან მეურვეები. არასრულწლოვანს არა აქვს თანხმობის მოთხოვნის უფლება.[12] მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები და მოცულობა განისაზღვრება კანონით.[13] თანხმობის მოცულობა განისაზღვრება იმით, თუ რას ემსახურება იგი. თანხმობა შეიძლება იყოს ერთი გარიგებისათვის გაცემული, მაგალითად, ავტომანქანის ყიდვა, ან გარკვეულ თანხამდე გარიგებებისათვის, მაგალითად, 500 ლარამდე და ა.შ.[14]

თუ გარიგება არასრულწლოვნისათვის სამართლებრივად სარგებლის მომტანია, მაშინ 63-ე მუხლის თანახმად, გარიგება უკვე ნამდვილია და მას არ სჭირდება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

თუ თანხმობა გაცემულია, მაშინ არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება ისევე იქნება ნამდვილი, როგორც ქმედუნარიანი პირის მიერ დადებული გარიგება.

III. სრულწლოვანების მიღწევის შედეგები (63 II მუხლი)

10

თუკი არასრულწლოვანი, რომელმაც კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე დადო 63 I მუხლით გათვალისწინებული გარიგება, მის მიერ დადებული მერყევად ბათილი გარიგება არ გახდება ავტომატურად ნამდვილი იმით, რომ ეს პირი გახდა სრულწლოვანი. სრულწლოვანებას მიღწეულმა პირმა თვითონ უნდა გასცეს თანხმობა, რომელიც მანამდე კანონიერ წარმომადგენელს უნდა გაეცა.[15]

სრულწლოვანების მიღწევით პირი არა მხოლოდ ქმედუნარიანი ხდება, არამედ კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებასაც იძენს 63-ე მუხლიდან გამომდინარე ურთიერთობებში.[16]




  1. შდრ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 107; MüKo/Schmitt, BGB 6. Aufl., 2012, § 107 Rn. 1.
  2. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 107 Rn. 1.
  3. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 107 Rn. 2.
  4. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 63, გვ. 205; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 386.
  5. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 23 Rn. 27.
  6. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 63, გვ. 204; შდრ. Wendtland in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 107 Rn. 3.
  7. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 23 Rn. 9.
  8. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 107 Rn. 3 ff.; Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 23 Rn. 9.
  9. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 63, გვ. 205; შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 23 Rn. 9.
  10. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 63, გვ. 205.
  11. იქვე
  12. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 107 Rn. 17
  13. იხ. დისკუსია: ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 424-425.
  14. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 23 Rn. 23.
  15. ქართული ნორმა იმეორებს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 108 პარაგრაფის მე-3 აბზაცის დებულებას. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 108 Rn. 10.
  16. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 63, გვ. 205.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_63._არასრულწლოვანის_მიერ_დადებული_გარიგება&oldid=1384"