Gccc-logo.png


მუხლი 64. უარი არასრულწლოვანის მიერ დადებულ გარიგებაზე

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 64. უარი არასრულწლოვანის მიერ დადებულ გარიგებაზე


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. არასრულწლოვანის მიერ დადებული ხელშეკრულების მოწონებამდე მეორე მხარეს აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.

2. თუ მეორე მხარემ იცოდა პირის არასრულწლოვანობის შესახებ, მაშინ მას უარის თქმა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვანი მას ატყუებდა, რომ წარმომადგენლისაგან მიღებული აქვს თანხმობა.

I. ნორმის მიზანი

1

ვინაიდან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის მიღებამდე გარიგება მერყევად ბათილია, ეს ხელშეკრულების კონტრაჰენტს არამყარ სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს. აქედან გამომდინარე, 64 I მუხლი მას თავდაცვის ღონისძიების სახით ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს. ამრიგად, 64-ე მუხლის მიზანი არის კონტრაჰენტის ინტერესების დაცვა, განსხვავებით 63-ე მუხლისაგან, რომლის მიზანიც არასრულ წლოვნის ინტერესების დაცვა იყო.[1]

II. ხელშეკრულებაზე უარის თქმის წინაპირობები

2

ხელშეკრულების კონტრაჰენტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელება დამოკიდებულია რამდენიმე წინაპირობის არსებობაზე:

პირველი, ხელშეკრულება უნდა იყოს მერყევად ბათილი, რაც გამოწვეულია კანონიერი წარმომადგენლის მიერ თანხმობის გაცემის დაყოვნებით.

მეორე, ხელშეკრულებაზე უარის უფლება კონტრაჰენტს მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, როცა კონტრაჰენტმა არ იცოდა პირის არასრულწლოვნების შესახებ, მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ინტერნეტის მეშვეობით.[2]

მესამე, უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის მიერ თანხმობის გაცემამდე.[3] თანხმობის გაცემით გარიგება ნამდვილი ხდება, რითაც კონტრაჰენტი კარგავს უარის თქმის საფუძველს.

3

თუ ხელშეკრულების კონტრაჰენტმა იცოდა არასრულწლოვნების შესახებ, მაშინ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, როგორც წესი, გამორიცხულია. გამონაკლისი გათვალისწინებულია 64 II მუხლში, როცა არასრულწლოვანი ატყუებდა, რომ მას წარმომადგენლისაგან თანხმობა მიღებული ჰქონდა.

მთავარია, რომ გარიგების მერყევად ბათილობა თვითონ კონტრაჰენტის მიერ არ იყოს გამოწვეული. ეს ხდება მაშინ, როცა კონტრაჰენტმა იცოდა, რომ არასრულწლოვანთან დებდა ხელშეკრულებას. არასრულწლოვნების ცოდნის ფაქტი მას უკარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.[4]

III. სამართლებრივი შედეგები

4

თუ ზემოთ აღნიშნული წინაპირობები არსებობს, მაშინ ხელშეკრულების კონტრაჰენტს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებაზე უარი წარმოადგენს ცალმხრივ მიღებასავალდებულო ნების გამოვლენას.

ხელშეკრულებაზე უარი კონტრაჰენტმა შეიძლება გამოთქვას როგორც კანონიერი წარმომადგენლის, ისე არასრულწლოვანი პირის მიმართაც.[5]

5

ხელშეკრულებაზე უარის სამართლებრივი შედეგები განისაზღვრება 352-ე და 405-ე მუხლების შესაბამისად.

IV. მტკიცების ტვირთი

6

მტკიცების ტვირთი გადანაწილებულია იმის მიხედვით, თუ რომელი ფაქტების მტკიცებაზეა საუბარი. მაგალითად, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ხელშეკრულებაზე უარი განხორციელდა კანონიერი წარმომადგენლის მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ, ეკისრება ხელშეკრულების ნამდვილობითა და მისი განხორციელებით დაინტერესებულ პირს.[6]

მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ხელშეკრულებაზე უარი განხორციელდა კანონიერი წარმომადგენლის მიერ თანხმობის გაცემამდე, ეკისრება ხელშეკრულების კონტრაჰენტს.

ხელშეკრულების კონტრაჰენტის მიერ არასრულწლოვანების ცნობის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება კანონიერ წარმომადგენელს.




  1. მუხ. 64 საფუძვლად უდევს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 109.
  2. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 109 Rn. 3.
  3. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 109, Rn. 1.
  4. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 109, Rn. 2.
  5. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 64, გვ. 206.
  6. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 109 Rn. 6.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_64._უარი_არასრულწლოვანის_მიერ_დადებულ_გარიგებაზე&oldid=1391"