Gccc-logo.png


მუხლი 65. არასრულწლოვანის ემანსიპაცია

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 65. არასრულწლოვანის ემანსიპაცია


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ხელშეკრულება, რომელიც დადებულია არასრულწლოვანის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან – ამ წარმომადგენლების თანხმობით – მესამე პირებმა ამ მიზნით ანდა თავისუფალი განკარგვის მიზნით.

2. თუ კანონიერი წარმომადგენელი ანიჭებს თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვანს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას, მაშინ ამ სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში იგი შეუზღუდავად ქმედუნარიანი ხდება. ეს წესი გამოიყენება როგორც საწარმოს დაფუძნების, ასევე ლიკვიდაციისა და შრომითი ურთიერთობების დაწყების ან დამთავრების მიმართაც.

3. საწარმოს გაძღოლის ნებართვა საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებით.

I. ზოგადი დებულებანი

1

მართალია, არასრულწლოვანი პირის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე დადებული გარიგებები ბათილად არის აღიარებული (63-ე მუხლი), მაგრამ სამოქალაქო კოდექსი მოსწყდებოდა ცხოვრებისეულ რეალობას, თუკი ამ კატეგორიის პირებს, რომელთა ასაკი მერყეობს 7-დან 18 წლამდე, საერთოდ აუკრძალავდა სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობას. კანონიერი წარმომადგენლის კონტროლის ქვეშ არასრულწლოვანთა მიერ სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობის უზრუნველყოფას ემსახურება 65-ე მუხლი, რომელიც რამდენიმე კომპრომისულ და ცხოვრებისეული რეალობის შესატყვის რეგულირებებს შეიცავს.

ერთ შემთხვევაში არასრულწლოვანს აქვს მისთვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ გადაცემული საშუალებების განკარგვის უფლება (65 I მუხლი), ხოლო მეორე შემთხვევაში – საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლება მას სრულ ქმედუნარიანობას ანიჭებს.

65-ე მუხლის რეგულირებით კანონმდებელი აღწევს ბალანსს სამოქალაქო ბრუნვაში არასრულწლოვნის მონაწილეობასა და კანონიერი წარმომადგენლის მიერ მასზე კონტროლის განხორციელებას შორის.

II. გადაცემული სახსრების განკარგვა არასრულწლოვნის მიერ (65 I მუხლი)

1. მიზანი და გამოყენების სფერო

2

65 I მუხლი აწესრიგებს არასრულწლოვანი პირის მიერ იმ გარიგებათა დადებას, რომელთა შესასრულებლადაც მან განკარგა კანონიერი წარმომადგენლის ან მესამე პირისაგან მიღებული საშუალებები. ნორმა განამტკიცებს არასრულწლოვნის მიერ ე.წ. „ჯიბის ფულის“ განკარგვის უფლებამოსილებას.[1]

ნორმა გამოიყენება იმ გარიგებათა მიმართ, რომლებიც არასრულწლოვანისათვის შეიძლება სამართლებრივი ზიანის მომტანი იყოს, რადგან სამართლებრივი სარგებლის მომტანი გარიგებები ამ რეგულირების გარე- შეც ისედაც ნამდვილია.

3

65 I მუხლი არ წარმოადგენს 63-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმიდან გამონაკლისს, არამედ აკონკრეტებს, რომ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა შეიძლება კონკლუდენტურ მოქმედებაშიც გამოიხატოს, კერძოდ, იმ თანხის გადაცემაში, რომლის განკარგვის უფლებაც არასრულწლოვანს აქვს.[2] ამ გაგებით შეიძლება ითქვას, რომ გარიგება არც არის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე დადებული, ის უბრალოდ მკვეთრად არ არის გამოხატული.[3] ამრიგად, სახეზეა „წინასწარი თანხმობის სპეციალური შემთხვევა“.[4]

65 I მუხლი არ გამოიყენება, თუკი კანონიერმა წარმომადგენელმა 63-ე მუხლის მიხედვით უკვე მისცა არასრულწლოვანს გარიგების დადების თანხმობა.[5]

2. გამოყენების წინაპირობა და სამართლებრივი შედეგი

4

65 I მუხლის გამოყენების წინაპირობა არის არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად იმ საშუალებების განკარგვა, რომლებიც მან კანონიერი წარმომადგენლის ან მესამე პირისაგან მიიღო.

აღიარებული შეხედულების თანახმად, მხოლოდ ავანსის გადახდა არ არის საკმარისი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად უნდა იყოს შესრულებული. არასრულწლოვნის მიერ ნაწილობრივ შესრულებაც არ ჩაითვლება შესრულებად 65 I მუხლის გაგებით.[6]

5

გადაცემულ საშუალებებად მიიჩნევა ნებისმიერი ქონებრივი ფასეულობები, პირველ რიგში, ფულადი სახსრები – ნაღდი ფული.[7]

თუ არასრულწლოვანს მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში და ფლობს ელექტრონული ანგარიშსწორების ბარათი, სავარაუდოა, რომ მას კანონიერი წარმომადგენლის მიერ აქვს გადაცემული ეს სახსრები განსაკარგავად. თანხის გადაცემისას არ არის სავალდებულო მისი გამოყენების კონკრეტული მიზნების მითითება. ყოველ შემთხვევაში ამან შეიძლება არ მოახდინოს გავლენა გარიგების ნამდვილობაზე.

6

არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება ნამდვილია, თუ მან განკარგა მისთვის კანონიერი წარმომადგენლის ან მესამე პირის მიერ გადაცემული საშუალება. არასრულწლოვნისა და კანონიერი წარმომადგენლის ერთობლივი ქმედება ამ გარიგებას ნამდვილობას ანიჭებს.[8]

7

გარიგება არ იქნება ნამდვილი, თუ კანონიერმა წარმომადგენელმა არასრულწლოვანს არამართლზომიერად გადასცა საშუალება, მაგალითად, ავტომანქანა და მას არა აქვს მართვის მოწმობა.[9]

თუ არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება ნაწილ-ნაწილ უნდა შესრულდეს, მაშინ მის მიერ უკვე შესრულებულ ნაწილში გარიგება ნამდვილია, ხოლო გადაუხდელ ნაწილში – მერყევად ბათილი, რადგან ამ უკანასკნელ ნაწილებთან მიმართებაში არასრულწლოვანს ჯერ განკარგვა არ განუხორციელებია.

III. საწარმოს გაძღოლა დამოუკიდებლად (65 II)

1. მიზანი და გამოყენების სფერო

8

პრაქტიკაში იშვიათია, როცა არასრულწლოვანი დამოუკიდებელ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და საკუთარი საწარმო აქვს. მაგრამ ამ გამონაკლისი შემთხვევის დროს წარმოიშობა პრობლემა, რაც ხელს უშლის არასრულწლოვნის სრულფასოვან მონაწილეობას კომერციულ საქმიანობაში, კერძოდ, 63-ე მუხლის მიხედვით, ყველა გარიგების დასადებად მას სჭირდება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. ამის თავიდან ასაცილებლად 65 II და III მუხლები ითვალისწინებენ არასრულწლოვნის ემანსიპაციის (სრულწლოვანებთან უფლებრივი გათანასწორება) შესაძლებლობას, თუკი თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ პირს კანონიერი წარმომადგენელი საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას ანიჭებს.

შეუზღუდავი ქმედუნარიანობა,[10] რომელსაც არასრულწლოვანი მოიპოვებს, ეხება მისი სამეწარმეო საქმიანობის სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებს. ამრიგად, საუბარია ე.წ. ნაწილობრივ ქმედუნარიანობაზე.[11]

2. გამოყენების წინაპირობები

9

65 II მუხლის გამოყენების წინაპირობა არის საწარმოს გაძღოლა არასრულწლოვნის მიერ, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად, ვაჭრობის, მომსახურების, წარმოების და ა.შ. სფეროებში.

საყურადღებოა სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორის სტატუსის საკითხი. აღიარებული შეხედულების მიხედვით, 65 II მუხლი გავრცელდება მხოლოდ პერსონალური საზოგადოებების პარტნიორებზე, რადგან ისინი თვითონ ახორციელებენ სამეწარმეო საზოგადოებას, მაგრამ არა კაპიტალური საზოგადოების პარტნიორებზე, რადგან მათგან აქტიური სამეწარმეო საქმიანობა არ მოითხოვება.[12]

არასრულწლოვანი საწარმოს დამოუკიდებლად უნდა უძღვებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უნდა იღებდეს საწარმოსათვის მნიშვნელოვან ყველა ორგანიზაციულ თუ კომერციულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს.

საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლება არასრულწლოვანს მინიჭებული უნდა ჰქონდეს კანონიერი წარმომადგენლისაგან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებით (65 II და III მუხლები).

10

გარდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებისა, საწარმოს გაძღოლის უფლებამოსილების მინიჭებისათვის კოდექსი რაიმე ფორმას არ ითვალისწინებს. ამიტომ ეს ნებართვა შეიძლება გაიცეს ზეპირადაც.[13]

11

საწარმოს გაძღოლის უფლებამოსილების გაცემა კანონიერი წარმომადგენლის უფლებაა და არა მოვალეობა. შესაბამისად, არასრულწლოვანს არა აქვს მისგან ამ ნებართვის მოთხოვნის უფლება.

3. სამართლებრივი შედეგი

12

16 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი ქმედუნარიანი ხდება სამეწარმეო საქმიანობის სფეროში და აქედან გამომდინარე, ვალდებულებებზე მისი პასუხისმგებლობა ამ სფეროში შეუზღუდავია.

ქმედუნარიანობის შინაარსი მოიცავს უფლებას, დადოს და შეწყვიტოს შრომის ხელშეკრულებები საწარმოს თანამშრომლებთან, შეიძინოს და გაასხვისოს ნედლეული, წარმოებული პროდუქცია და ა.შ. ქმედუნარიანობა მოიცავს ასევე საპროცესო უფლებაუნარიანობას. ამ ურთიერთობების გარეთ ის ჩვეულებრივად შეზღუდულად ქმედუნარიანობის მქონედ რჩება.[14]

13

არასრულწლოვნისათვის საწარმოს გაძღოლის სფეროში მინიჭებული ნაწილობრივი ქმედუნარიანობის ფარგლებში კანონიერი წარმომადგენელი კარგავს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, რაც ეხება ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების განკარგვასაც.[15]




  1. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 65, გვ. 207.
  2. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 110 Rn. 4.
  3. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ.65, გვ. 208.
  4. იქვე.
  5. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 110, Rn. 1.
  6. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 110 Rn. 5.
  7. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 65, გვ. 208.
  8. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 110, Rn. 2.
  9. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 110 Rn. 14.
  10. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 65, გვ. 209.
  11. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 112, Rn. 1.
  12. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 112 Rn. 2.
  13. შდრ. Jauernig, BGB, 14. Aufl., 2011, § 112, Rn. 2.
  14. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 65, გვ. 209.
  15. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 112 Rn. 8.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_65._არასრულწლოვანის_ემანსიპაცია&oldid=1400"