Gccc-logo.png


მუხლი 66. წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე დადებული გარიგების ბათილობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 66. წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე დადებული გარიგების ბათილობა


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ბათილია ცალმხრივი გარიგება, რომელსაც არასრულწლოვანი დებს კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე. ბათილია ასეთი გარიგება მაშინაც, როცა არსებობს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, მაგრამ არასრულწლოვანს არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, რის გამოც გარიგების მეორე მხარემ დაუყოვნებლივ თქვა მასზე უარი. ასეთი უარი დაუშვებელია, თუკი მეორე მხარე ინფორმირებული იყო კანონიერი წარმომადგენლის ამ თანხმობის შესახებ.

I. ნორმის რეგულირების საგანი და გამოყენების სფერო

1

66-ე მუხლი განსაზღვრავს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგების სამართლებრივ ბედს და ყურადღებას იმსახურებს 63 I მუხლთან კავშირში.

პირველი, თუ 63-ე მუხლი ეხება ორმხრივ გარიგებებს (ხელშეკრულებებს), 66-ე მუხლი ცალმხრივ გარიგებებს აწესრიგებს.

მეორე, 63-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებები მერყევად ბათილია და მათი ნამდვილობა დამოკიდებულია კანონიერი წარმომადგენლის მიერ გარიგების მოწონებაზე, მაშინ, როცა 63-ე მუხლის გარიგებები უცილოდ ბათილია და ისინი ნამდვილი ვერ გახდება კანონიერი წარმომადგენლის მოწონების შემთხვევაშიც.

მესამე, 63-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ნამდვილობა შეიძლება მიღწეულ იქნეს კანონიერი წარმომადგენლის შემდგომი თანხმობით (მოწონებით), ხოლო 66-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნამდვილობისათვის კანონიერი წარმომადგენლის წინასწარი თანხმობაა (ნებართვა) აუცილებელი.

2

66-ე მუხლი განსაზღვრავს არასრულწლოვნის მიერ დადებული მხოლოდ ცალმხრივი გარიგებების ბათილობას.

II. გამოყენების წინაპირობები და სამართლებრივი შედეგი

3

66-ე მუხლის შინაარსი გამოიყენება შემდეგი წინაპირობების არსებობისას:

არასრულწლოვნის მიერ დადებული უნდა იყოს ცალმხრივი გარიგება. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ნების გამოვლენა მიღებასავალდებულოა თუ არა. ამის მაგალითებია, შეცილება, ხელშეკრულების მოშლა, ხელშეკრულებიდან გასვლა და ა.შ.

გარიგება ბათილია და მას კანონიერი წარმომადგენლის შემდომი მოწონება ვერ აქცევს ნამდვილად.[1]

III. კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის ფორმა

4

არასრულწლოვნის მიერ დადებული ცალმხრივი გარიგების ნამდვილობის აუცილებელ წინაპირობად 66-ე მუხლი წერილობითი ფორმის დაცვას განამტკიცებს. კერძოდ, არ არის საკმარისი კანონიერი წარმომადგენლის ზეპირი თანხმობა, თუკი ამის დასამტკიცებლად არასრულწლოვანის მიერ არ იქნება წარდგენილი წერილობითი საბუთი.

5

66-ე მუხლის მე-2 წინადადებიდან ჩანს, რომ წერილობითი ფორმის მოთხოვნა ეხება მხოლოდ მიღებასავალდებულო ნების გამოვლინებებს, რადგან ამ ნორმაში საუბარია საბუთის წარდგენაზე „მეორე მხარისათვის“ და ამ მეორე მხარის მიერ გრიგებაზე დაუყოვნებლივ უარის თქმაზე.

6

მეორე მხარის მიერ გარიგებაზე უარის თქმა წარმოადგენს ცალმხრივ ნების გამოვლენას, რომელიც, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელების მიუხედავად, ნამდვილი იქნება.[2] ამიტომ ამ უარს არ დასჭირდება არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. უარის ნამდვილობის პირობა იქნება მეორე მხარის მიერ დაუყოვნებლივ უარის განცხადება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არასრულწლოვანმა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის წარდგენისათვის გარკვეული დრო მოითხოვა.

წერილობითი ფორმის დაცვის აუცილებლობა არ არსებობს იმ შემთხვევაში, როცა გარიგების მეორე მონაწილე ინფორმირებული იყო კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის არსებობის შესახებ (66-ე მუხლის მე-3 წინ.). ინფორმირება (შეტყობინება) მიიჩნევა გარიგების მსგავს მოქმედებად, რომელიც უნდა განხორციელდეს მანამ, სანამ გარიგების მეორე მონაწილე უარს არ განაცხადებს გარიგებაზე.[3]

7

გარიგების მეორე მონაწილის მიერ გარიგებაზე უარის თქმა იწვევს მის ბათილობას (51 II მუხლის კომენტარი) და მიუხედავად კანონიერი წარმომადგენლის შემდგომი თანხმობისა, გარიგება ნამდვილი ვერ გახდება.

IV. მტკიცების ტვირთი

8

მტკიცების ტვირთის განსაზღვრის აუცილებლობა წარმოიშობა ორ საკით ხთან დაკავშირებით.

პირველი, ვინც ამტკიცებს გარიგების ნამდვილობას, მან უნდა დაამტკიცოს კანონიერი წარმომადგენლის მიერ თანხმობის დროულად გაცემის ფაქტი. ამ მიზნით წარდგენილი უნდა იყოს წერილობითი საბუთი ან გარიგების მეორე მხარის წინასწარი ინფორმირების დამადასტურებელი მტკიცებულება.

მეორე, ვინც ამტკიცებს გარიგების ბათილობას, მან უნდა დაამტკიცოს მეორე მხარის მიერ გარიგებაზე უარის თქმის მართლზომიერება და კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის არარსებობის ფაქტი.




  1. შდრ. Knothe, in Staudinger BGB, § 111 Rn. 9.
  2. შდრ. Knothe, in Staudinger BGB, § 111 Rn. 11.
  3. Knothe, in Staudinger BGB, 2004, § 111 Rn. 12.


ანონიმური მკითხველი #1

ერთი თვის წინ
შეფასება: 0 თქვენ
oe
დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_66._წარმომადგენლის_აუცილებელი_თანხმობის_გარეშე_დადებული_გარიგების_ბათილობა&oldid=1404"