Gccc-logo.png


მუხლი 67. ნებართვის ვალდებულება ქმედუნარიანობის შეზღუდვამდე

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 67. ნებართვის ვალდებულება ქმედუნარიანობის შეზღუდვამდე


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

გარიგება, რომელიც დაიდო ქმედუნარიანობის შეზღუდვამდე, მოით ხოვს ნებართვას, თუ დადგინდება, რომ ის საფუძველი, რის გამოც მოხდა ქმედუნარიანობის შეზღუდვა, აშკარად არსებობდა გარიგების დადების დროსაც.

I. გამოყენების სფერო

1. მიზანი და რეგულირების საგანი

1

67-ე მუხლში გათვალისწინებული ნორმა ეხება იმ პირის მიერ დადებულ გარიგებებს, რომელსაც მოგვიანებით ქმედუნარიანობა შეეზღუდა. ნორმის თავისებურება ისაა, რომ შეზღუდული ქმედუნარიანობა გარიგების ნამდვილობაზე გავლენას ახდენს არა მარტო მაშინ, როცა პირი ასეთადაა ცნობილი სასამართლოს მიერ, არამედ მაშინაც, როცა ქმედუნარიანობის შეზღუდვის საფუძველი ფაქტობრივად არსებობს.[1] ნორმის მიზანი არის ასეთი პირის დაცვა იმ უარყოფითი შედეგებისაგან, რომლებიც მის მიერ დადებულ გარიგებას შეიძლება შედეგად მოჰყვეს. ამიტომ მოითხოვს 67-ე მუხლი ამ გარიგების დასადებად ნებართვას.

2

ვინაიდან 67-ე მუხლი ეხება ქმედუნარიანობის შეზღუდვას მომავალში, შესაძლებელია საუბარი იყოს მხოლოდ მე-16 მუხლით გათვალისწინებული ქმედუნარიანობის შეზღუდვაზე ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების გამო. ასაკის გამო შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირები ამ ნორმის მოქმედების ქვეშ არ ექცევიან.

3

67-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებები განეკუთვნება მერყევად ბათილი გარიგებების კატეგორიას, რომლებიც დადების მომენტში ბათილია, მაგრამ კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი პირის თანხმობა გარიგებას ნამდვილად აქცევს (54-ე მუხლის კომენტარი). ამრიგად, ამ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია კანონიერი წარმომადგენლის ნებაზე, კერძოდ, იმაზე, მოიწონებს იგი დადებულ ხელშეკრულებას თუ არა.[2]

2. კავშირის სხვა ნორმებთან

4

გარდა მე-16 მუხლისა, მნიშვნელოვანია ასევე 14 II და მე-15 მუხლების გამოყენება. 14 II მუხლის თანახმად, ქმედუნარიანობის შეზღუდვის შემთხვევაში პირს უწესდება მზრუნველობა.

მე-15 მუხლი ადგენს, რომ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის, ე.ი. მზრუნველის თანხმობა.

II. გამოყენების წინაპირობები

1. გარიგების დადება ქმედუნარიანობის შეზღუდვამდე

5

67-ე მუხლის მოთხოვნის გამოყენების წინაპირობა არის პირის მიერ გარიგების დადება ქმედუნარიანობის შეზღუდვამდე. თუ გარიგება დაიდო შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიერ, მაშინ შესაბამისად გამოიყენება მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესი.

6

მიუხედავად ქმედუნარიანობის შეზღუდვის არარსებობისა, გარიგების დადების მომენტისათვის სახეზე უნდა იყოს ის საფუძველი, რამაც მოგვიანებით ქმედუნარიანობის შეზღუდვა გამოიწვია, მაგალითად, პირი უნდა იყოს ალკოჰოლიკი ან იყენებდეს ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ამით თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებდეს (16 I მუხლი).

7

67-ე მუხლის გამოსაყენებლად მხოლოდ ქმედუნარიანობის შეზღუდვის საფუძვლების არსებობა საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ პირს ამ საფუძვლების გამო შეეზღუდოს კიდევაც მომავალში ქმედუნარიანობა დადგენილი წესით.

2. ნებართვა

8

გარიგების ნამდვილობის წინაპირობა არის ნებართვის გაცემა კანონიერი წარმომადგენლის მიერ. ნებართვის გაცემა ბათილ გარიგებას აქცევს ნამდვილად.[3]

ნებართვის გაცემის ინიციატივა, როგორც წესი, ხელშეკრულების მეორე მხარისაგან უნდა მოდიოდეს. შესაბამისად, ნებართვა უნდა გადაეცეს ხელშეკრულების კონტრაჰენტს.[4]

9

ნებართვის გაცემისათვის კოდექსი რაიმე სპეციალურ ფორმას არ ითვალისწინებს. ამიტომ ნებართვის მიმართ გამოიყენება ის წესები, რაც გათვალისწინებულია შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირების მიერ დადებული გარიგებების დროს კანონიერი წარმომადგენლის ნებართვის მიმართ (ნახეთ მე-15 მუხლის კომენტარი).

III. მტკიცების ტვირთი

10

67-ე მუხლის გამოყენებისას მტკიცების ტვირთი რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიშვას.

პირველი, ვინც ამტკიცებს გარიგების ნამდვილობას, მან უნდა დაამტკიცოს კანონიერი წარმომადგენლის მიერ ნებართვის დროულად გაცემის ფაქტი. ამ მიზნით წარდგენილი უნდა იყოს წერილობითი საბუთი ან გარიგების მეორე მხარის წინასწარი ინფორმირების დამადასტურებელი მტკიცებულება.

მეორე, ვინც ამტკიცებს გარიგების ბათილობას, მან უნდა დაამტკიცოს, რომ გარიგების დადებისას არსებობდა ქმედუნარიანობის შეზღუდვის გამომწვევი საფუძვლები, ხოლო კანონიერმა წარმომადგენელმა გარიგების დადების შემდეგ არ გასცა ნებართვა.




  1. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 67, გვ 212.
  2. შდრ. Medicus, Bürgerliches Recht, 10. Aufl., 2010, Rn. 571.
  3. შდრ. Medicus, Bürgerliches Recht, 10. Aufl., 2010, Rn. 571.
  4. შდრ. Medicus, Bürgerliches Recht, 10. Aufl., 2010, Rn. 571.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_67._ნებართვის_ვალდებულება_ქმედუნარიანობის_შეზღუდვამდე&oldid=1407"