Gccc-logo.png


მუხლი 68. ფორმის მნიშვნელობა გარიგების ნამდვილობისათვის

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 68. ფორმის მნიშვნელობა გარიგების ნამდვილობისათვის


თორნიკე დარჯანია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.

I. ნორმის არსი და მიზანი

1

ხელშეკრულების თავისუფლების ზოგადი პრინციპის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს ფორმის თავისუფლების პრინციპს.[1] 68-ე მუხლის პირველი წინადადება, პირველ რიგში, ხაზს უსვამს კანონით დადგენილი ფორმის დაცვის სავალდებულობას და ფორმის თავისუფლების პრინციპი 68-ე მუხლის ფორმულირებიდან მხოლოდ არაპირდაპირ (ირიბად) გამომდინარეობდეს.[2] აღნიშნული რეგულირებით სამოქალაქო კოდექსი ანგარიშს უწევს თანამედროვე ეკონომიკური ბაზრის გამოწვევებს და ცდილობს, არ შექმნას მხარეებისთვის დამატებითი ბარიერები სამართლებრივ ურთიერთობაში შესასვლელად. მაშასადამე, 68-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ გარიგების ფორმა, თუ კანონით გარიგებისთვის რაიმე კონკრეტული ფორმა არ არის დადგენილი. განსაკუთრებით უძრავ ნივთებზე დადებული გარიგებების შემთხვევებში და მემკვიდრეობით და საოჯახო სამართალში კანონი ადგენს განსაზღვრული ფორმების საჭიროებას. სამოქალაქო კოდექსი ერთმანეთისგან განასხვავებს ზეპირ (თუმცა, სადავოა, რამდენად მიიჩნევა ზეპირობა ფორმად), მარტივ წერილობით და რთულ წერილობით (იგივე სანოტარო) ფორმას (იხ. 69-ე მუხლის კომენტარი).

II. ფორმის თავისუფლების განვითარების ტენდენცია

2

როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ფორმის თავისუფლების პრინციპს, რითიც მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა ზეპირად ან მარტივი წერილობითი ფორმით დადონ გარიგებათა სახეების უმრავლესობა. გარიგების ფორმის თავისუფლების პრინციპმა განვითარება პოვა იმ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რომლებიც განხორციელდა 2006 წლის 8 დეკემბრის სამოქალაქო კოდექსის ცვლილების კანონით. 2006 წლის 8 დეკემბრის ცვლილებების შედეგად აღარ არის სავალდებულო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ნოტარიუსის მიერ დამოწმება და მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულების გაფორმება და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ნოტარიუსისგან დამოუკიდებლად (შდრ. 183-ე და 289 I მუხლების 2006 წლის 8 დეკემბრამდე არსებული რედაქცია). ეს წესი ვრცელდება ასევე იპოთეკის ხელშეკრულებასა და სხვა სანივთო უფლებებზე (მაგ., უზუფრუქტზე უფლების წარმოშობა ხორციელდება უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის წესების შესაბამისად). ეს, ერთი მხრივ, შესაძლოა შეფასდეს, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი, გარიგების ფორმის გამარტივებისა და მხარისათვის დაწესებული ბარიერის გაუქმების და ხარჯების შემცირების კუთხით, თუმცა, მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ლიბერალურმა მიდგომამ შესაძლოა გამოიწვიოს პირის (განსაკუთრებით მომხმარებლების) დაცვის სტანდარტის შეუსაბამოდ შესუსტება. სანოტარო დამოწმების ფაკულტატურობა იწვევს გარიგების ფორმის ინფორმაციის მიწოდებისა და კონსულტაციის გაწევის ფუნქციების უგულებელყოფას და საფრთხის წინაშე აყენებს ბაზარზე გამოუცდელ პირს.

III. გარიგების ფორმის ფუნქცია

3

გარიგებისთვის კანონით განსაზღვრული ფორმის დაწესებას შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე მიზანი: ა) გაფრთხილების ფუნქცია. ნების გამომვლენი დაცულ უნდა იქნეს გარიგების დადებაზე ნაჩქარევად გადაწყვეტილების მიღებისა და ამასთან დაკავშირებული რისკებისაგან. მაგალითად, ამ მიზნიდან გამომდინარე, კანონი შემდეგ შემთხვევებში ითხოვს წერილობითი ფორმის დაცვას: 892 I (თავდების მიერ ნების გამოვლენა), 525 III (ჩუქების შეპირება), 942 (სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება), 341 I (ვალის აღიარება) და ა.შ. ვინაიდან პროფესიული საქმიანობით ან სამეწარმეო მიზნებით მოქმედი პირი ნაკლებ დაცვას საჭიროებს, კანონი ზოგიერთ მსგავს შემთხვევაში არ ითხოვს განსაკუთრებული ფორმის დაცვას (მაგ. 892 II). ბ) სიცხადისა და მტკიცების ფუნქცია. ფორმის (მაგ., მარტივი წერილობითი ან სანოტარო) დაცვის შედეგად ცხადი ხდება და შესაძლებელია იმის დამტკიცება, თუ რა სახით და შინაარსით დაიდო გარიგება.[3] გ) იდენტიფიცირებისა და ნამდვილობის ფუნქცია. ფორმის დაცვის შედეგად შესაძლებელია მოხდეს დოკუმენტის შემდგენის იდენტიფიცირება. ასევე ნების გამომვლენის მიმღებს შეუძლია იმის დადგენა, თუ ვის მიერ იქნა ნება გამოვლენილი და რომ ნების გამოვლენა ნამდვილია. ხელმოწერების შედეგად კი, შესაძლებელია, იმის გარკვევა და ვარაუდის დაშვება, რომ დოკუმენტზე ხელის მომწერ პირს ეკუთვნის ან მინიმუმ გააზრებული აქვს დოკუმენტის შინაარსი. მხარის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.[4] დ) ინფორმაციის მიწოდებისა და კონსულტაციის გაწევის ფუნქცია. წერილობით ფორმას (განსაკუთრებით სამომხმარებლო ხელშეკრულებებში) აქვს დატვირთვა – მხარეს (მომხმარებელს) მიაწოდოს ინფორმაცია ნაკისრ უფლებებსა და ვალდებულებებზე. ამასთანავე, ნოტარიული წესით გარიგების დამოწმება მიზნად ისახავს, რომ მხარემ ნოტარიუსის მეშვეობით მიიღოს კონსულტაცია იმ სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ, რომელშიც იგი აპირებს შესვლას. ნოტარიუსი ვალდებულია მხარეებს გაუწიოს სამართლებრივი კონსულტაცია და განუმარტოს მხარეს ის სამართლებრივი შედეგები, რაც შეიძლება გამოიწვიოს გარიგების გაფორმებამ (ნოტარიატის შესახებ კანონის 38 III, IV მუხლები), ხოლო მხარის მიერ მოთხოვნის საფუძველზე შეადგინოს სამართლებრივი დოკუმენტი.

IV. ფორმის სავალდებულობის ფარგლები და მისი წინაპირობები

1. კანონით განსაზღვრული სავალდებულო ფორმა

4

68-ე მუხლის პირველ წინადადებაში მოცემულ ფორმულირებაში „კანონით დადგენილი ფორმა“ იგულისხმება ყველა სამართლებრივი ნორმა (სამოქალაქო კოდექსის გარეთ არსებული რეგულირებებიც), რომელიც შესაძლოა აწესებდეს ფორმის სავალდებულობას. ქართულ სამართლებრივ ლიტერატურაში გაზიარებულია მოსაზრება, რომ გარიგების ფორმა ნების გამოვლენის ფორმაა, მისი გარეგნული გამოხატვაა, რომელსაც კანონი უკავშირებს სამართლებრივ შედეგებს.[5] იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებისთვის დადგენილია სავალდებულო ფორმა, მაშინ ხელშეკრულების დადებაზე განაცხადს (ოფერტს) და მასზე აქცეპტს სჭირდება დადგენილი ფორმის დაცვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი ფორმის სავალდებულობას მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენის მიმართ აწესებს. ზოგ შემთხვევაში კანონი მარტო მხარის ნების გამოვლენას უქვემდებარებს ფორმასავალდებულოობას (მაგ., 525 III: მაშინ, როდესაც თვითონ ჩუქების ხელშეკრულება ფორმისგან თავისუფალია, ჩუქების შეპირება (ცალმხრივი ნების გამოვლენა) საჭიროებს წერილობით ფორმას).

5

როგორც წესი, მთლიანი გარიგება საჭიროებს ფორმის დაცვას, როდესაც მასში დარეგულირებულია ის სამართლებრივი ურთიერთობა და მისგან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც საჭიროებს ფორმის დაცვას. მაშასადამე, სავალდებულო ფორმის დაცვას ექვემდებარება ყველა სახის ნების გამოვლენა, რომელიც მხარეთა წარმოდგენით ხელშეკრულების შინაარსი უნდა გახდეს. შესაბამისად, ფორმასავალდებულოა არა მხოლოდ ხელშეკრულების არსებითი შემადგენელი ნაწილები (essentialia negotii), მაშასადამე, მხარეები და მათი (ძირითადი) ვალდებულებები, არამედ ვალდებულების შესრულების პირობები, ვადები, გადახდის შესახებ დათქმები და დამატებითი შეთანხმებებიც (accidentalia negotii). ფორმის სავალდებულობა ვრცელდება ასევე მოგვიანებით დადებულ დამატებით, გარიგების ცვლილების ან გაუქმების შეთანხმებაზე.

6

დამატებითი შეთანხმებები ფორმასავალდებულოა, თუ ისინი ძირითად ვალდებულებებს ეხებიან და ცვლიან მას, მაშასადამე, უკავშირდებიან ხელშეკრულების შინაარსს. შეთანხმებები, რომლებიც უბრალოდ ხელშეკრულების შინაარსს განმარტავენ ან ივარაუდება, რომ მხარეები მათ გარეშეც გააფორმებდნენ ხელშეკრულებას, ფორმისგან თავისუფალია. სავალდებულო ფორმის დაცვის საჭიროება არ არსებობს იმ შეთანხმებებთან მიმართებით, რომლებიც ისედაც კანონიდან (მაგ., 324) ან კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობენ (ამ შემთხვევაში არ არის მოცემული სავალდებულო ფორმის დაცვის მიზანი). იმ შემთხვევაში, თუ მხარეები რამდენიმე სამართლებრივ გარიგებას, რომელთაგანაც ერთ-ერთი საჭიროებს სავალდებულო ფორმის დაცვას, გააერთიანებენ ერთ გარიგებაში, მაშინ ეს გარიგება საჭიროებს სავალდებულო ფორმის დაცვას.[6]

7

ფორმის სავალდებულობა ვრცელდება ასევე იმ ხელშეკრულებების წინარე ხელშეკრულებებზეც, რომლებიც ექვემდებარებიან სავალდებულო ფორმის დაცვას.[7] ეს წესი გამომდინარეობს 327 III მუხლის რეგულირებიდან. წინარე ხელშეკრულებაში მოიაზრება ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება, რომლითაც ხელშეკრულების ერთ-ერთი ან ორივე მხარისთვის წარმოიშობა ვალდებულება, რომ დადოს/ონ სხვა ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება, მთავარი ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, როდესაც მთავარი ხელშეკრულების ფორმის სავალდებულობა ემყარება დაცვის ფუნქციას, ანუ დაიცვას მხარე ნაჩქარევად გადაწყვეტილების მიღებისაგან, მაშინ მიზანშეწონილია წინარე ხელშეკრულებაც დაექვემდებაროს სავალდებულო ფორმას (მაგ., უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, თავდებობის წინარე ხელშეკრულება და ა.შ.). თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო ფორმის შესახებ დანაწესს აკისრია სიცხადისა და მტკიცების ფუნქცია, მაშინ წინარე ხელშეკრულება ფორმის გარეშეც ნამდვილია, ვინაიდან მოგვიანებით მთავარი ხელშეკრულების ფორმის დაცვით დადება ამ მიზნების შესრულებისთვის (სიცხადე, მტკიცება) საკმარისია.

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება (მინდობილობა) იმ გარიგების დადებისთვის, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო ფორმას, ზოგადი დანაწესის მიხედვით, არ საჭიროებს დასადები გარიგებისთვის დაწესებული ფორმის დაცვას (არგუმენტი: 107 II 1 ). თუმცა, 107 II 2 მუხლის მიხედვით, ეს დანაწესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც კანონი ითვალისწინებს „სპეციალურ ფორმას“ (ცნებასთან დაკავშ. იხ. 107-ე მუხლის კომენტ.). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მინდობილობები საჭიროებენ ფორმის დაცვას, როდესაც ისინი გაცემულია იმ გარიგების დასადებად, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო ფორმას. თუმცა, თანხმობა, მინდობილობისგან განსხვავებით, არ საჭიროებს გარიგებისათვის დადგენილი ფორმის დაცვას (არგ.: 99 II).

2. მხარეთა მიერ განსაზღვრული სავალდებულო ფორმა

8

გარიგებისთვის სავალდებულო ფორმა შესაძლოა განისაზღვროს თვითონ მხარეების მიერ მაშინ, როდესაც თვით კანონი გარიგებისთვის არ აწესებს რაიმე სავალდებულო ფორმას. სავალდებულო ფორმაზე შეთანხმება არ საჭიროებს ფორმის დაცვას და შესაძლებელია კონკლუდენტურადაც განხორციელდეს. თუ კანონით განსაზღვრული სავალდებულო ფორმის დარღვევის შემთხვევაში, როგორც წესი, ივარაუდება, რომ გარიგება ბათილია, მხარეთა მიერ განსაზღვრული სავალდებულო ფორმის შემთხვევაში შესაძლოა ეს ასე არ იყოს. ამ შემთხვევაში (ისევე, როგორც კანონით განსაზღვრული სავალდებულო ფორმისას) ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმის დაცვას საფუძვლად ედოს გარიგების ნამდვილობის ფუნქცია. როგორც აღინიშნა, ივარაუდება, რომ მხარეების მიერ განსაზღვრული სავალდებულო ფორმის დარღვევა ბათილობას იწვევს, თუმცა, ზოგ შემთხვევაში საჭიროა გამოყენებულ იქნეს განმარტების მეთოდი. ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს მსჯელობა, რომ მხარეებს შეუძლიათ მათ მიერ განსაზღვრული სავალდებულო ფორმა ნებისმიერ დროს ასევე ფორმის დაუცველად გააუქმონ. და შესაძლოა ფორმის დაუცველობაში გამოხატული იყოს მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმის გაუქმების კონკლუდენტური სურვილი.[8] ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც მხარეები წერილობითი ფორმით დადებულ ხელშეკრულებაში გააკეთებენ დათქმას, რომ ხელშეკრულების ცვლილებას სჭირდება წერილობითი ფორმა; ხელშეკრულების ამ დათქმის შეცვლა და გაუქმება კი შესაძლებელია მხოლოდ წერილობით (და არა ზეპირად ან კონკლუდენტურად). ზოგ შემთხვევაში მხარეები შეიძლება თანხმდებოდნენ, მაგალითად, რომ განსაზღვრული ფორმის დაცვას ნამდვილობის ფუნქცია ეკისრებოდეს (ე.წ. ფორმის კონსტიტუციური საჭიროება) ან შეიძლება ფორმის დაცვას მხოლოდ განმარტების ან მტკიცების მიზანი ჰქონდეს (ე.წ. ფორმის დეკლარატორული საჭიროება). თუ დავის საგანია, რა სურდათ მხარეებს, სავალდებულო თუ დეკლარატორული ფორმის საჭიროების განსაზღვრა, გამოიყენება განმარტების მეთოდი (52, 337-339 მუხლები).

3. წერილობითი დოკუმენტის რეკვიზიტები

9

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ შედგება თვით წერილობითი დოკუმენტი, ვინაიდან ფორმის სავალდებულობის მიზანი მასში პოვებს ასახვას (დამატ. იხ. 69-ე მუხლის კომენტ. 8 და შემდგომი ველები). წერილობითი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მასში დარეგულირებული გარიგების აუცილებელ პირობებს (მაგ., ხელშეკრულების მხარეები, გარიგების საგანი, ფასი და ა.შ.). თუ რა სიტყვები უნდა იქნეს გამოყენებული დოკუმენტის შედგენისას, კანონში არ არის მოცემული, თუმცა, წერილობით დოკუმენტში მითითებები ზეპირ შეთანხმებებზე არასაკმარისია (მაგ., უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითება: „ერთსართულიანი სახლი 100 კვ/მ“).[9] შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ნაწილი არ აკმაყოფილებს ფორმის სავალდებულობის წინაპირობას, იგი, როგორც წესი, ბათილია. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს 62-ე მუხლის დანაწესი. დოკუმენტის მიმართ მოქმედებს სისრულისა და სისწორის პრეზუმფცია, იმისგან დამოუკიდებლად, შედგენილია იგი საკანონმდებლო თუ მხარეთა მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.[10] ვარაუდი ვრცელდება მხარეთა შეთანხმებაზე, მაშასადამე, დოკუმენტში ასახული გარიგების შინაარსზე და გულისხმობს, რომ მასში მოცემული მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება სრულად და სწორად არის გადმოცემული.

V. ფორმის დაუცველობის სამართლებრივი შედეგი

10

ფორმის დაუცველობის სამართლებრივი შედეგი მდგომარეობს გარიგების საწყისი მომენტიდან ბათილობაში. გარიგების ბათილობას, ბათილობიდან გამონაკლისებსა და მტკიცების ტვირთთან დაკავშ. იხ. 59-ე მუხლის კომენტარი.




  1. შდრ. Medicus, Bürgerliches Recht, 10. Aufl., 2010, Rn. 571.
  2. შდრ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 284.
  3. შდრ. იხ. სუსგ სამოქ. 1/2008, გვ. 52.
  4. სუსგ სამოქ. 9/2005, გვ. 32; თბილისის სააპელაციო სასამართლო, საქმე #2ბ/1843-11, განჩინება, 15.05.2011.; პრეზუმფციასთან დაკავშ. იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლო, საქმე #2ბ/4378- 10, გადაწყვეტილება, 19.04.2011.
  5. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 335; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 282; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 68, გვ.213.
  6. შდრ. MüKo/Einsele, BGB, 6. Aufl., 2012, § 125, Rn. 32 ff.
  7. თბილისის სააპელაციო სასამართლო, №2ბ/742-12 განჩინება, 15.01.2013.; შდრ. Heinrichs, in Palandt BGB Komm, 66. Aufl., § 125, Rn. 9.
  8. Heinrichs, in Palandt BGB Komm, 66. Aufl., § 125, Rn. 14; აღნიშნული მიდგომა გერმანული სამართლის მსგავსად გაზიარებულია ქართულ იურიდიულ ლიტერატურაშიც. მაგ., იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 287.
  9. MüKo/Einsele, BGB, 6. Aufl., 2012, § 125, Rn. 36.
  10. თბილისის სააპელაციო სასამართლო, საქმე N2ბ/4378-10, გადაწყვეტილება, 19.04.2011.; შდრ. Heinrichs, in Palandt BGB Komm, 66. Aufl., § 125, Rn. 15.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_68._ფორმის_მნიშვნელობა_გარიგების_ნამდვილობისათვის&oldid=1416"