Gccc-logo.png


მუხლი 7. კერძო სამართლის ობიექტები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 7. კერძო სამართლის ობიექტები


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული.

I. ზოგადი დებულებანი

1. მიზანი და გამოყენების სფერო

1

მე-7 მუხლი შეიცავს კერძო სამართლის ობიექტების ლეგალურ დეფინიციას და მას მხოლოდ საორიენტაციო ფუნქცია აქვს. ქონებრივი ობიექტების ცალკეული სახეები და სამოქალაქო ბრუნვაში მათი მონაწილეობის პირობები განმტკიცებულია სანივთო სამართალში.

2

მე-7 მუხლი განხილულ უნდა იქნეს 147-ე მუხლთან კავშირში. მე-7 მუხლის „ობიექტი“ და 147-ე მუხლის „ქონება“ იდენტური ცნებებია.[1]

3

მე-7 მუხლი გულისხმობს სიკეთეებს, რომლებიც ბრუნვიდან არ არის ამოღებული. ამიტომ ისეთი არაქონებრივი სიკეთეები, როგორიცაა პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, სახელი და მათი მსგავსი სხვა არაქონებრივი სიკეთეები, მართალია, წარმოადგენენ სამოქალაქო-სამართლებრივი დაცვის ობიექტებს, მაგრამ არა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტებს. შესაბამისად, მათი კვალიფიკაცია მე-7 და 147-ე მუხლებით არ არის მართებული.[2]

2. ობიექტის ცნება

4

კერძო სამართლის ობიექტი (ქონება), მე-7 და 147-ე მუხლების თანახმად, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა, განკარგვა და შეძენა შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს.

5

სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს კონკრეტული ობიექტების ჩამონათვალს. შესაბამისად, მოქმედებს პრინციპი – ბრუნვაუნარიანია ყველაფერი, რაც კანონით არ არის ბრუნვიდან ამოღებული. ობიექტი არის ყველაფერი, რისი ფლობაც შეუძლიათ ადამიანებს და რაც მართლწესრიგის მიერ კონკრეტულ ადამიანს შეიძლება მიეკუთვნოს.[3] კერძო სამართლის ობიექტები იყოფა ნივთებად და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებად.

II. ნივთები

1. ცნება

6

ნივთების ლეგალურ დეფინიციას სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს.[4] იურიდიულ ლიტერატურაში არსებული შეხედულების თანახმად, ნივთები პიროვნულობას მოკლებული, ბრუნვაუნარიანი, პირთა ბატონობას დაქვემდებარებული, ნატურით გამიჯნული და სხეულებრივად ერთიანი საგნებია.[5]

ნივთების ნორმატიული ცნების მიხედვით ნივთებს განეკუთვნება ისეთი საგნები, რომელთა ფლობა, სარგებლობა, განკარგვა და შეძენა შესაძლებელია მართლზომიერად და ზნეობის ნორმების დარღვევის გარეშე (147).

7

ადამიანი ან მისი სხეული არ წარმოადგენს ნივთს.[6] ადამიანის სხეულის ნაწილები ნივთებად შეიძლება გადაიქცნენ მხოლოდ ადამიანის ორგანიზმიდან მათი მოცილებისა და მათზე გარიგების დადების მომენტიდან, თუკი კანონმდებლობით ეს აკრძალული არ არის.[7] ქართულ სამართალში ადამიანის სხეულის ნაწილების გასხვისება შესაძლებელია კანონით ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ.[8]

8

სადავოა ადამიანის ცხედრის (გვამის) მიჩნევა ნივთად.[9] ცხოველებს სამოქალაქო კოდექსი არ მიიჩნევს ნივთებად, თუმცა მათი გათანაბრება ნივთებთან შესაძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ნასყიდობის ან სხვა გარიგების საგანს წარმოადგენენ.[10]

9

სამართლებრივად მნიშვნელოვანია ნივთების დაყოფა უძრავ და მოძრავ ნივთებად.

2. უძრავი ნივთები

10

149-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-2 მუხლის ა ქვეპუნქტის მიხედვით, უძრავი ნივთი – ეს არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით ან მის გარეშე. მიწაზე მდგარი შენობის გაყიდვა სამართლებრივად ნიშნავს მიწის ნაკვეთის გაყიდვას. დაუშვებელია სახლის გაყიდვა იმ მიწის ნაკვეთის გარეშე, რომელზეც ეს სახლი დგას ან პირიქით, მიწის ნაკვე- თის გაზიდვა მასზე აღმართული კაპიტალური ნაგებობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იყიდება მიწის ნაკვეთი, რომელიც დატვირთულია აღნაგობის უფლებით.[11]

მიწის ნაკვეთი უძრავ ნივთად მიიჩნევა მხოლოდ მაშინ, როცა ის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით.[12] არც უკანონო ნაგებობა მიიჩნევა სამოქალაქო სამართლის ობიექტად, რადგან მასზე კანონით გათვალისწინებული წესით არ შეიძლება დადგინდეს არც საკუთრება და შესაბამისად, არც მფლობელობა.[13]

3. მოძრავი ნივთები

11

სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს მოძრავი ნივთების დეფინიციას. მისგან განსხვავებით, საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-2 მუხლის ბ ქვეპუნქტი განამტკიცებს მოძრავი ნივთების ცნებას: მოძრავია ნებისმიერი ნივთი, რომელიც სამოქალაქო კოდექსით არ არის უძრავი.

მოძრავი ნივთების მრავალფეროვნების გამო მათი ჩამოთვლა საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი.

12

საყურადღებოა ინტელექტუალური შემოქმედების ობიექტებზე საკუთრებისა და ამ ობიექტების მატარებლებზე საკუთრების ურთიერთკავშირი. მაგალითად, მოძრავ ნივთს წარმოადგენს წიგნი, მაგნიტოფირი, დისკეტა, კომპაქტდისკი ან ციფრული ვიდეო და ა.შ. თუმცა ამ ნივთებზე საკუთრების შეძენით არ წარმოიშობა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე, მაგალითად, რომანზე საავტორო უფლება.[14]

III. არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები

1. ცნება

13

არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს განეკუთვნება მოთხოვნები და უფლებები (152-ე მუხლი), ე.წ. „უსხეულო ნივთები“.[15] უფლებებისა და მოთხოვნების არამატერიალურ ქონებრივ სიკეთედ, ე.ი. ობიექტებად აღიარების წინაპირობებია: ა. ბრუნვაუნარიანობა – სხვა პირთათვის გადაცემის შესაძლებლობა, ბ. მატერიალური სარგებლიანობა, გ. სხვა პირისაგან რაიმეს მოთხოვნის უფლება.[16]

იმის გამო, რომ არამატერიალური ქონებრივი სიკეთეების მონაწილეობა სამოქალაქო ბრუნვაში გარკვეული სპეციფიკით გამოირჩევა, მათზე უფლებები და მათი დაცვა სპეციალური კანონმდებლობით არის მოწესრიგებული, მაგალითად, კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.[17]

2. უფლებები

14

არამატერიალური ქონებრივი სიკეთეების კატეგორიას განეკუთვნება საავტორო და მომიჯნავე უფლებები. საავტორო უფლებათა ობიექტებს წარმოადგენს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები.[18]

არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს წარმოადგენს უფლებები სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე (პატენტი), მაგალითად, გამოგონებები, სასარგებლო მოდელები ან სამრეწველო ნიმუშები.[19]

ზოგიერთი არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს განკუთვნილი უფლებები განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსში, მაგალითად, უზუფრუქტი, გირავნობის უფლება და ა.შ.

3. მოთხოვნები

15

არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს მიეკუთვნება ბრუნვაუნარიანი მოთხოვნები. ბრუნვაუნარიანი მოთხოვნები შეიძლება იყოს როგორც სახელშეკრულებო, ისე კანონისმიერი, მაგალითად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა როგორც სახელშეკრულებო, ისე დელიქტური.

198-202-ე მუხლებით გათვალისწინებული დათმობადი მოთხოვნები განეკუთვნება არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს და შესაბამისად, წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის ობიექტებს.[20]

IV. ქონება და მისი მონაწილეობა სამოქალაქო ბრუნვაში

1. ცნება

16

ქონების ცნებას სამოქალაქო კოდექსი რამდენიმე გაგებით იყენებს. განსხვავებით 147-ე მუხლში გათვალისწინებული ქონებისაგან, რომელიც ობიექტის სინონიმად იხმარება, სამოქალაქო კოდექსი ქონებას სხვა გაგებითაც იცნობს. მაგალითად, 320-ე და 321-ე მუხლებში მითითებული „ქონება“ არ არის კონკრეტული ობიექტის იდენტური.

17

ერთი გაგებით ქონება ნიშნავს კონკრეტულ ქონებრივ ობიექტს, რომელიც ინდივიდუალიზების გზით სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობს (147-ე მუხლი), მეორე გაგებით ქონება წარმოადგენს ქონებრივ სიკეთეთა ერთობლიობას, რომელიც, სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე, დაკონკრეტებას მოითხოვს (320).[21]

18

როგორც წესი, ქონებად მიიჩნევა ქონებრივი უფლებების ერთობლიობა, რომელიც კონკრეტულ პირს ეკუთვნის.[22] ამ აზრით, ქონებას განეკუთვნება მხოლოდ აქტივები (ე.ი. უფლებები) და არა პასივები (ე.ი. ვალდებულებები).[23] ასეთი შინაარსით გამოიყენება ქონების ცნება სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრისას, მაგალითად, 24 I მუხლის მიხედვით, იურიდიულ პირს აქვს „საკუთარი ქონება“ და „თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს“. ე.ი. ქონება ამ ასპექტში წარმოადგენს იმ ქონებრივ სიკეთეთა ერთობლიობას, რომლითაც შესაძლებელია კრედიტორების დაკმაყოფილება.

2. მონაწილეობა სამოქალაქო ბრუნვაში

19

ქონება არ წარმოადგენს ერთიან ობიექტს და მასზე უფლების დაფიქსირება ცალკეული ნივთების მსგავსად შეუძლებელია. მაგალითად, არ შეიძლება მთლიანი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რაც შესა- ძლებელია ცალკეულ უძრავ ნივთებზე. ქონება შეიძლება შეიცავდეს ისეთ ობიექტებსაც, რომელთაც არ სჭირდებათ რეგისტრაცია.

20

ქონება არ არის სანივთო სამართლის ერთი კონკრეტული ობიექტი. მიუხედავად იმისა, რომ 254-ე მუხლი საუბრობს „ქონების დაგირავებაზე“,[24] არ შეიძლება ქონების დაგირავება ან იპოთეკით დატვირთვა იმგვარად, როგორც ეს ხდება ცალკეული მოძრავი ან უძრავი ნივთების შემთხვევაში.[25]

21

ქონება არ წარმოადგენს სამართლებრივი დაცვის ერთიან ობიექტს. მაგალითად, ზოგადად, ქონების მიმართ არ გამოიყენება ვინდიკაცია, როგორც ეს სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დროს ხდება.

ქონება შეიძლება იყოს ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგებების საგანი. ასეთი გარიგებისათვის სამოქალაქო კოდექსი სავალდებულო წერილობით ფორმას მოითხოვს. მაგალითად, 321-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, მთელი თავისი ამჟამინდელი ქონება ან ამ ქონების ნაწილი გადასცეს სხვას, მოითხოვს წერილობით ფორმას. ეს გარემოება არ გადააქცევს ქონებას სამართლის ობიექტად და საკუთრების გადაცემა შემძენზე ხდება ქონებაში შემავალ ცალკეულ ქონებრივ ობიექტებზე საკუთრების გადაცემისთვის დადგენილი წესის მიხედვით.

22

სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობენ მხოლოდ ცალკეული ობიექტები, თუმცა სამოქალაქო კოდექსი მრავალ ადგილას იყენებს ქონების ცნებას, მაგალითად, მეუღლეთა საერთო ქონება 1158-ე მუხლის მიხედვით.[26]

V. საწარმო, როგორც კერძო სამართლის ობიექტი

1. ცნება

23

საწარმოს, როგორც კერძო სამართლის ობიექტს, სამოქალაქო კოდექსი ცალკე არ განამტკიცებს. არც კანონი მეწარმეთა შესახებ იცნობს საწარმოს ლეგალურ დეფინიციას.[27] ტერმინს „საწარმო“ 65 II მუხლი არასრულწლოვანის ემანსიპაციასთან კავშირში იყენებს. მიუხედავად ამისა, საწარმოს, როგორც მეწარმე სუბიექტის საკუთრებაში ან მფლობელობაში მყოფი სამეწარმეო მიზნებისათვის გამოყენებული ნივთებისა და უფლებების ერთობლიობას,[28] ეკონომიკურ ურთიერთობებში დიდი მნიშვნელობა აქვს. დასაზუსტებელია საწარმოს ობიექტუნარიანობა სამოქალაქო სამართლისათვის.

24

გავრცელებული შეხედულების მიხედვით, საწარმო წარმოადგენს ქონებრივ კომპლექსს, რომელიც შედგება როგორც მატერიალური ქონებრივი სიკეთეებისაგან (მიწის ნაკვეთები, ქარხნები, მანქანა-დანადგარები და ა.შ.), ისე არამატერიალური ქონებრივი სიკეთეებისაგან (პატენტები, მოთხოვნები, სხვადასხვა უფლება და ა.შ.), ე.ი. ნივთებისა და ქონებრივი უფლებების ერთობლიობას.[29] თითოეული ეს სიკეთე თვითონ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საწარმოს აღიარება სამოქალაქო სამართლის ერთ ობიექტად.[30]

2. საწარმო, როგორც ნასყიდობის ობიექტი

25

მართალია, საწარმო სამოქალაქო სამართლის ერთ ობიექტს არ წარმოადგენს, მაგრამ საწარმოს შეძენა ან გასხვისება არის სამართლებრივი რეგულირების საგანი და მიზანი. მაგალითად, საწარმოთა შეძენას ევროპის კავშირში ცალკე დირექტივა აწესრიგებს, კერძოდ, 2004 წლის 21 აპრილის დირექტივა საწარმოს შეძენის თაობაზე სავალდებულო შეთავაზების შესახებ.[31]

ერთმანეთისაგან განასხვავებენ საწარმოთა შეძენის ან გასხვისების ორ შესაძლებლობას: პირველი, საწარმოს, როგორც ქონების, ყიდვა (Asset Deal), და მეორე, საწარმოს წილების, აქციების ყიდვა (Share Deal). ეს ცნებები უმთავრესად გამოიყენება ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართალში და ისინი სცდება სამოქალაქო სამართლის ფარგლებს.[32]

26

საწარმოს, როგორც ქონების, ნასყიდობისას საკუთრების გადაცემა შემძენზე ხდება საწარმოში შემავალი ყველა ქონებრივი ობიექტის ცალ-ცალკე გადაცემით. ერთმანთისაგან უნდა გაიმიჯნოს საწარმოს გასხვისების ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება და საწარმოს ქონებრივ ობიექტებზე საკუთრების გადაცემის სანივთო-სამართლებრივი წესი. მაგალითად, თუ საწარმოს შემადგენლობაში შედის მიწის ნაკვეთი, მაშინ მასზე საკუთრების გადაცემისათვის აუცილებელია საწარმოს შემძენის, როგორც მესაკუთრის, რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, თუმცა საწარმოს სხვა ქონებრივი ობიექტებისათვის ასეთი რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.[33]

27

შპს-ის წილების ან სააქციო საზოგადოების აქციების ნასყიდობისას შემძენი მოიპოვებს კონტროლს საწარმოში შემავალ ქონებრივ ობიექტებზე, შემძენის სახელზე ამ ობიექტების გადაფორმების გარეშე. ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს ამ დროს წარმოადგენს არა საწარმოს ქონების ცალკეული ობიექტები.




  1. იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 185; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 139.
  2. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 139.
  3. შდრ. გერმანულ სამართალში: Schack, BGB-Allgemeiner Teil, 12. Aufl. 2008, Rn. 149.
  4. შდრ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 90-ს: „ნივთებს ამ კანონის თანახმად წარმოადგენენ მხოლოდ სხეულებრივი საგნები“.
  5. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, გვ. 26-28.
  6. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, გვ. 26; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 203.
  7. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 204.
  8. ადამიანის სხეულის ნაწილების ბრუნვაუნარიანობის შესახებ იხ. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, გვ. 27; კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, გვ. 203-206.
  9. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 142-143.
  10. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 143.
  11. იხ. ჩიტოშვილი, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები, 2006.
  12. საქ. უზ. სასამართლოს 2013 წლის 8 აპრილის №ას-101-6-2013 გადაწყვეტილება.
  13. საქ. უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 18 ნოემბრის №ას-515-1171-03 გადაწყვეტილება.
  14. დაწვრილებით: ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 147.
  15. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, გვ. 46.
  16. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 154.
  17. დაწვრილებით: ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, გვ. 47-48.
  18. მოწესრიგებულია კანონში საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
  19. მოწესრიგებულია საქართველოს კანონში საპატენტო კანონით.
  20. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, გვ. 188-199.
  21. დაწვრილებით: ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 158.
  22. შდრ. მაგ., გერმანულ სამართალში ასეთად მიიჩნევა უფლებები, რომელთა ღირებულების ფულადი გამოხატვა შესაძლებელია და რომელთაც ბაზარზე გარკვეული ფასი აქვთ: Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl., § 12, Rn. 1; Larenz/Wolf, Allgemeiner Teil, § 21, I 1 Rn. 8.
  23. შდრ. Larenz/Wolf, Allgemeiner Teil, § 21 I 1 Rn. 3 ff.
  24. ეს გამოთქმა სამოქალაქო კოდექსში შევიდა 2006 წლის ცვლილებების შედეგად.
  25. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 159.
  26. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 160.
  27. საწარმოს ცნების თაობაზე იხ. ჭანტურია/ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, გვ. 12-13.
  28. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 161.
  29. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 208; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 161-162.
  30. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 162.
  31. Directive 2004/25/EC of the European Parliament and of the Council of 21 april 2004 on takeover bids, Official Journal L 142 , 30/04/2004 P. 0012-0023.
  32. მაგ. Directive 2004/25/EC of the European Parliament and of the Council of 21 april 2004 on takeover bids, Official Journal L 142 , 30/04/2004 P. 0012-0023; Ek/Hoyenbergn, Unternehmenskauf und -verkauf, 1. Aufl. 2007.
  33. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 163.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_7._კერძო_სამართლის_ობიექტები&oldid=808"