Gccc-logo.png


მუხლი 70. ხელის მოწერის გადანდობა სხვა პირისათვის

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 70. ხელის მოწერის გადანდობა სხვა პირისათვის


თორნიკე დარჯანია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

იმ პირს, რომელიც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურად. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე ხელის მოწერა.

საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3709 _ სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.366



1

ნორმა არეგულირებს ხელმოწერის ავთენტურობიდან გამონაკლისს (იხ. 69-ე მუხლის კომენტ. ველი 16) და ეხება იმ იშვიათ შემთხვევებს, როდესაც პირი ხელს ვერ აწერს „წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“. 70-ე მუხლის რეგულირება ზუსტდება ნოტარიატის შესახებ კანონში, სადაც მუნჯი, ყრუ ან ყრუ-მუნჯი პირის მიერ ნების გამოვლენის შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია ისარგებლოს სპეციალისტის დახმარებით, რათა სანოტარო მოქმედების შინაარსი გასაგები გახადოს პირისთვის; სპეციალისტი ვალდებულია მის მიერ გაკეთებული განმარტების სისწორე დაადასტუროს ხელმოწერით (ნოტ. შესახებ კანონის 50 III მუხლი). ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო ან სხვა მიზეზით ვერ აწერს ხელს, მას შეუძლია მესამე პირს მიანდოს/დაავალოს ხელმოწერის გაკეთება; ამ შემთხვევაში სავალდებულოა, რომ ხელმოწერის გადანდობა და თავად ხელმოწერა განხორციელდეს სანოტარო მოქმედების განმახორციელებელი პირის და ხელმოწერის გადანმდობი პირის თანდასწრებით და დოკუმენტში უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რის გამოც პირი ვერ აწერს ხელს (ნოტ. შესახებ კანონის 50 IV მუხლი). წერა-კითხვის უცოდინარ ან უსინათლო პირს ნოტარიუსმა უნდა წაუკითხოს დოკუმენტის ტექსტი და სათანადო მითითება გააკეთოს აღნიშნულზე დოკუმენტში (ნოტარიატის შესახებ კანონის 50 V მუხლი).

2

მიუხედავად იმისა, რომ სკ-ის 70-ე მუხლისა და ნოტარიუსის შესახებ კანონის 50 III, IV მუხლები გულისხმობენ მესამე პირის („სხვა პირის“) მიერ უშუალოდ თავისი ხელმოწერის დასმას, მაინც არ უნდა ჩაითვალოს, რომ სახეზეა ხელმოწერაზე უუნარო პირის მიერ მესამე პირისთვის წარმომადგენლობითი უფლების მინიჭება. მესამე პირი, რომელიც ხელს აწერს გარიგებას, ვერ ჩაითვლება მის წარმომადგენლად, ვინაიდან მესამე პირი ხელმოწერისას არ ავლენს საკუთარ ნებას, არამედ მოქმედებს, როგორც მხოლოდ „ხელმოწერის ინსტრუმენტი“.[1] წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების საწინააღმდეგოდ მეტყველებს ასევე ის, რომ ფორმასავალდებულო გარიგებების დადებაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება მოითხოვს ასევე წერილობით ფორმას და მასზე ხელმოწერას (იხ. 107 მუხლის კომენტ.), რისი განხორციელებაც ხელის მოწერაზე უუნარო პირის მიერ ისედაც შეუძლებელია. მესამე პირზე ხელმოწერის გადანდობით კანონმდებელს სურს სანოტარო მოქმედებაში მესამე პირის ჩართვა და ამით სანოტარო მოქმედების სისწორეზე პასუხისმგებლობის მესამე პირისთვის გადაკისრება.2 როგორც წესი, ხელმოწერაზე უუნარო პირსა და მესამე პირს შორის უნდა არსებობდეს ნდობითი ურთიერთობა და ნოტარიუსის მიერ აღნიშნული გათვალისწინებულ უნდა იქნეს მესამე პირის ჩართვისას.




  1. სხვა მოსაზრება იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 296, 297; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 70, გვ. 220, 221.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_70._ხელის_მოწერის_გადანდობა_სხვა_პირისათვის&oldid=1432"