Gccc-logo.png


მუხლი 71. გარიგების დადება რამდენიმე დოკუმენტის შედგენით

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 71. გარიგების დადება რამდენიმე დოკუმენტის შედგენით


თორნიკე დარჯანია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ გარიგების დადებისას შედგენილია ერთი და იმავე შინაარსის რამდენიმე დოკუმენტი, მაშინ საკმარისია თითოეულმა მხარემ ხელი მოაწეროს იმ დოკუმენტის ეგზემპლარს, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი მხარისათვის.



1

71-მუხლის რეგულირება არის 69 III მუხლის შინაარსის გაგრძელება. 69 III მუხლის რეგულირება ხაზს უსვამს წერილობით დოკუმენტზე (გარიგებაზე) მხარეთა ხელმოწერის სავალდებულობას. ხელმოწერა წერილობითი ფორმის აუცილებელი ატრიბუტია. 71-ე მუხლის რეგულირება ძირითადად ეხება ხელშეკრულებას და სიტყვა „გარიგებაც“ ამ შემთხვევაში გაგებულ უნდა იქნეს როგორც ხელშეკრულება, ვინაიდან ნორმის შინაარსი ეხება ორი ან მეტი მხარის მიერ ხელმოწერას.

2

ხელშეკრულება არის გარიგება, რომელიც შედგება სულ მცირე ორი ურთიერთთანმხვედრი ნების გამოვლენისგან. მაშასადამე, ხელშეკრულების დოკუმენტიც უნდა შეიცავდეს ყველა მხარის ნების გამოვლენას, რომლებიც აფუძნებენ ხელშეკრულებას და ამასთანავე, მათ ხელმოწერებს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ოფერტისა და აქცეპტის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განხორციელება, მაინც აუცილებელია, რომ მხარეების მიერ გამოვლენილმა ნებამ ერთ დოკუმენტში პოვოს ასახვა. ყველა შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეთა ხელმოწერები უნდა ასრულებდეს ხელშეკრულების მთლიან ტექსტს და არა მხოლოდ ცალკეულ ნების გამოვლინებებს. შესაბამისად, არასაკმარისია, როდესაც ხელშეკრულების დადება მხოლოდ ცალმხრივად ხელმოწერით დასტურდება ან მაშინ, როდესაც მხარეები ხელმოწერით მხოლოდ საკუთარ ნების გამოვლენას ადასტურებენ.

3

როგორც აღინიშნა, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების მხოლოდ ერთი დოკუმენტი არსებობს, მისი ნამდვილობისთვის აუცილებელია ორივე მხარემ მოაწეროს ხელი ერთსა და იმავე დოკუმენტს. იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთ-ერთი მხარის ნების გამოვლენა საჭიროებს ფორმას, დოკუმენტზე უნდა დაისვას ნების გამომვლენის ხელმოწერა, ხელშეკრულების მეორე მხარის ხელმოწერა ზედმეტია (მაგ., 891 I). კანონმდებელი არაპირდაპირ განსაზღვრავს, რომ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის სრულიად საკმარისია მხარეების მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის არსებობა. 71-ე მუხლის რეგულირება კი ადგენს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს განზრახული აქვთ ორი ან მეტი ხელშეკრულების დოკუმენტის შედგენა, ხელშეკრულების ნამდვილობისთვის ასევე საკმარისია, თუ თითოეული მხარე ხელს მოაწერს მეორე მხარისთვის[1] განკუთვნილ ეგზემპლარს. შესაბამისად, ამით კანონმდებელს სურს გაამარტივოს არათანმყოფი მხარეებისთვის დოკუმენტბრუნვა. აქედან გამომდინარე, ნორმა ნაწილობრივ ტექნიკურ ხასიათსაც ატარებს. 71-ის მიზნებისთვის აუცილებელია ის, რომ ორი იდენტური შინაარსის დოკუმენტის „შეერთება“ ასრულებდეს ერთი დოკუმენტის ნამდვილობისთვის დაწესებულ წინაპირობებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებას ჰყავს ორზე მეტი მხარე, 71-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ყველა პირი უნდა აწერდეს ხელს ყველა დანარჩენი პირის ხელშეკრულების ეგზემპლარს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ერთი რომელიმე მხარის ხელმოწერა აკლია რომელიმე მეორე მხარისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს, ხელშეკრულება ნამდვილი ვერ იქნება.

4

71-ის ფარგლებში მნიშვნელოვანია ასევე ის, თუ რა მომენტიდან იძენს ხელშეკრულება ძალას, თუ მხარეთა ეგზემპლარებზე სხვადასხვა თარიღებია დასმული. ეს ის შემთხვევაა, მაგალითად, როდესაც ერთი მხარე ხელს აწერს, თარიღს სვავს და მეორე მხარეს უგზავნის მისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს, ხოლო მეორე მხარეც ანალოგიურად ხელს აწერს, თუმცა, დოკუმენტზე სვამს მოგვიანებით თარიღს. მსგავს შემთხვევაში ხელშეკრულება ძალაში შევა მეორე მხარის მიერ დასმული თარიღიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებას ორზე მეტი მხარე ჰყავს, მხარის მიერ დასმული რომელიმე მეორე მხარის ეგზემპლარზე დასმული ყველაზე გვიანი თარიღიდან.




  1. ნორმის ფორმულირება „განკუთვნილია შესაბამისი მხარისათვის“ გაგებულ უნდა იქნეს, როგორც ხელშეკრულების მეორე მხარისათვის განკუთვნილი ეგზემპლარი.


ანონიმური მკითხველი #1

4 თვის წინ
შეფასება: 0 თქვენ
,,შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებას ჰყავს ორზე მეტი მხარე, 71-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ყველა პირი უნდა აწერდეს ხელს ყველა დანარჩენი პირის ხელშეკრულების ეგზემპლარს.ამ წინადადებით მგონი არასწორადაა ინტერპრეტირებული ნორმის მიზანი. 71-ე მუხლი სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის გამარტივებას ემსახურება და მისი მიზანიც გარიგებების დადებისათვის ნაკლები ბარიერების შექმნაა. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ ყველა დანარჩენი ხელშეკრულების ეგზემპლარზე ხელის მოწერა აუცილებელი არ არის და საკმარისია მხარემ ხელი მოაწეროს იმ ეგზემპლარს, რომელიც მისთვისაა განკუთვნილი.

ანონიმური მკითხველი #1

3 თვის წინ
შეფასება: 0 თქვენ
arasworad msjelob
დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_71._გარიგების_დადება_რამდენიმე_დოკუმენტის_შედგენით&oldid=1434"