Gccc-logo.png


მუხლი 72. ცნება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 72. ცნება


თორნიკე დარჯანია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსები- თი შეცდომის საფუძველზე.

I. ნორმის მიზანი

1

ნების გამომვლენი პირის მიერ გამოვლენილი ნება მის მიმართ ისევე მოქმედებს, როგორც ნების გამოვლენის ადრესატი მას შეიცნობდა, კეთილსინდისიერების პრინციპისა (8 III) და ბაზრის ბრუნვის გათვალისწინებით (52). ეს წესი მოქმედებს ასევე იმ შემთხვევებშიც, როდესაც გამოვლენილი ნება ნების გამომვლენის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება. სამართლებრივი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, სამართლებრივი წესრიგი ვერ დაუშვებდა ვარაუდს, რომ ნამდვილი და გამოვლენილი ნება ერთმანეთს არ შეესაბამება. ეს საფრთხეს შეუქმნიდა ბაზრის სამართლებრივ სტაბილურობას. ამის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ იშვიათ გამონაკლის შემთხვევებში. თუმცა, ბუნებრივია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ნებსით თუ უნებლიეთ უშვებენ შეცდომებს. შეცდომის მოძღვრებაც[1] სწორედ იმ საკითხს ეხება, გაარკვიოს, რა შემთხვევებში აქვს პირს შეცილების უფლება და რა შემთხვევაში შეიძლება დააყენოს მან ამგვარი მოთხოვნა შეცდომით დადებულ გარიგებაზე დაფუძნებით.

2

ბაზრის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ყველა სახის შეცდომა ვერ წარმოშობს შეცილების საფუძველს. 72-ე მუხლის მიზანსაც წარმოადგენს სწორედ შეცილების იმ შემთხვევებამდე დაყვანა, რომლებშიც არსებითი შეცდომაა მოცემული. იმ შემთხვევაში, თუ შეცდომის ყველა სახე იქნებოდა შეცილების საფუძველი, ეს უარყოფითი შედეგის მომტანი იქნებოდა მხარეთათვის და წინააღმდეგობაში მოვიდოდა pacta sunt servanda-ს (ხელშეკრულება უნდა სრულდებოდეს) პრინციპთან, ვინაიდან მარტივი მიზეზის (შეცდომის) გამო ყველა გარიგების ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენება იქნებოდა შესაძლებელი. არაარსებითი შეცდომის დაშვების რისკი ეკისრება ნების გამომვლენს.

II. შეცილების წინაპირობები

1. შეცდომა

3

შეცდომა მოცემულია მაშინ, როდესაც პირის რეალური და გამოხატული ნება ერთმანეთს არ ემთხვევა.[2] სხვანაირად რომ ვთქვათ, შეცდომა არის მხარის მცდარი წარმოდგენა შემთხვევის შემადგენლობაზე. შეცდომა ვიწრო გაგებით არ არის მოცემული მაშინ, როდესაც ნების გამომვლენ პირს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა შემთხვევის შემადგენლობაზე (ignorantia).[3] ფართო გაგებით, წარმოდგენის არქონა შესაძლებელია ასევე შეფასდეს როგორც შეცდომა. ამ კუთხით გამონაკლისს ვაწყდებით წაუკითხავი დოკუმენტების ხელმოწერის შემთხვევებში, ვინაიდან ის, ვინც წაუკითხავად აწერს ხელს დოკუმენტს, ვერ მოითხოვს თავისი გამოვლენილი ნების შეცილებას (73, ველი 18-22).

4

შეცილება გამოირიცხება მაშინ, როდესაც განმარტებით დადგინდება, რომ მხარის მიერ სასურველი ნება გახდა გარიგების შინაარსი და არა ის, რაც მან რეალურად გამოხატა.[4] იმ შემთხვევაშიც, თუ ნების გამოვლენის ადრესატმა ნამდვილი ნება შეიცნო, გამოირიცხება შეცილება, იმისგან დამოუკიდებლად, რომ შესაძლოა ნების გამომვლენმა ნება გასაგებად ვერ გამოხატა.[5]

5

გარიგებისადმი არასწორი სახელის მინიჭება არის ე.წ. falsa demonstratio-ს შემთხვევა, რაც არ იძლევა შეცილების შემადგენლობას.[6] შეცდომა უნდა იყოს ნების გამომვლენი პირისთვის შეუცნობადი. იმ შემთხვევაში, როდესაც ნების გამომვლენ პირს ეჭვი ეპარება თავისი წარმოდგენის სისწორეში, შეცდომა არ იქნება სახეზე.

2. არსებითი შეცდომა

6

შეცდომა არსებითია მაშინ, როდესაც შემთხვევის ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის პირი, რომელიც შეცდომით ავლენს ნებას, შემთხვევის ნამდვილი შემადგენლობის ცოდნის შემთხვევაში ნებას საერთოდ არ გამოავლენდა ან თუ გამოავლენდა, არა ასეთი სახით.[7] ზოგადი თვალსაზრისით, შეცდომა არსებითად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს ასევე მაშინ, როდესაც ზოგადი საბაზრო შეხედულები- თა და ნების გამომვლენის გადმოსახედიდან არასასურველ სამართლებრივ ბოჭვაში დარჩენა მიუღებელია.[8] მაშასადამე, ცალკეული შემთხვევების გათვალისწინებით, ყურადღება უნდა მიექცეს როგორც ობიექტურ, ისე სუბიექტურ კრიტერიუმებს: თუ „რა ზომებს მიიღებდა მსგავს ვითარებაში გონიერი ადამიანი, რომ სცოდნოდა საქმის ჭეშმარიტი მდგომარეობის შესახებ“.[9] ამდენად, შეცდომის არსებითობის განსჯისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემთხვევის ყველა გარემოება, რომელიც ყოველ შემთხვევაში განსხვავებული წინაპირობებიდან უნდა გამომდინარეობდეს. აღნიშნული კი თავის მხრივ, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ შეცდომის არსებითობის შეფასება სამართლებრივი კატეგორიაა.

3. მიზეზობრივი კავშირი შეცდომასა და ნების გამოვლენას შორის

7

შეცდომა უნდა იყოს ნების გამოვლენის განმსაზღვრელი, ანუ იგი უნდა იმყოფებოდეს მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან (ნების გამოვლენასთან). ეს კი მოცემულია მაშინ, როდესაც შეცდომის შედეგად პირი ავლენს ისეთ ნებას, რომელსაც შეცდომის გარეშე ამ კონკრეტული ფორმით არ გამოავლენდა, ანუ, როდესაც შეცდომა შედეგის განმსაზღვრელია.[10]

4. შეცილებაზე უფლებამოსილება

8

59 III მუხლის მიხედვით, შეცილებაზე უფლებამოსილია „დაინტერესებული პირი“. დაინტერესებული პირი, უპირველესად, არის ის, ვინც ნების გამოვლენისას შეცდომას უშვებს და არა ნების გამოვლენის ადრესატი (59, ველი 36). იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება იდება წარმომადგენლის მეშვეობით, გადამწყვეტია მისი წარმოდგენა. წარმოდგენილი პირის წარმოდგენას (მათ შორის, მცდარ წარმოდგენას) მნიშვნელობა არ ენიჭება (106 I). შესაბამისად, წარმომადგენლის მიერ შეცდომით გამოხატული ნების შეცილებაზე უფლებამოსილია წარმოდგენილი პირი. რაც შეეხება მესამე პირების მიერ შეცილების უფლებას, სამოქალაქო კოდექსი ამ საკითხს ცალკე არ აწესრიგებს და ასეთის არსებობისას, იგი მოიაზრება ზოგად ტერმინ- ში „დაინტერესებული პირი“.[11]

5. შეცილების ადრესატი

9

59 II 2 მუხლის თანახმად, შეცილება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ. აღნიშნული მოწესრიგება პრობლემურია იმდენად, რამდენადაც ის ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შეცილება შესა- ძლებელია მხოლოდ ორმხრივი გარიგების შემთხვევებში. თუ ჩვენ მივიჩნევდით, რომ „ხელშეკრულების მეორე მხარეში“ კანონმდებელი გულისხმობდა მხოლოდ ორმხრივი გარიგების მხარეს, მაშინ ცალმხრივი გარიგების შემთხვევაში პირს წაერთმეოდა გამოვლენილი ნების შეცილების უფლება. შესაბამისად, შეცილების ადრესატად მიზანშეწონილია, მიჩნეულ იქნეს ნების გამოვლენის ადრესატი (59, ველი 31).

6. შეცილების განცხადება

10

შეცილება ხორციელდება შეცილებაზე უფლებამოსილი პირის მიერ შეცილების ადრესატის მიმართ გაკეთებული განცხადებით. შეცილების განცხადება არის მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა. შესაბამისად, როგორც ოფერტი და აქცეპტი, შეცილების განცხადებაც უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ როგორ გაიგებდა ამას საშუალოდ გონიერი ადამიანი (52, 337) ობიექტური განსჯის საფუძველზე. ეს კი გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა, შეცილების განცხადებაში სიტყვა „შეცილება“ საერთოდ არ იყოს ნახსენები, მაგრამ ობიექტური თვალსაზრისით აშკარად გამოიხატოს შემცილებლის ნება, ხელშეკრულების კონკრეტული ფორმით მიუღებლობასთან, მის გაუქმებასთან დაკავშირებით. თუ ხელშეკრულებისაგან „თავის დაღწევის“ ნება აშკარად გამოვლენილია, ეს მიიჩნევა შეცილების განცხადებად (59 II 2).[12]

7. შეცილების ვადა

11

შეცდომით დადებული გარიგების შემთხვევებში შეცილების ვადას ეხება 79 I მუხლი, რომლის მიხედვითაც შეცილება უფლებამოსილი პირის მიერ გაცხადებულ უნდა იქნეს შეცილების საფუძვლის შეტყობიდან ერთი თვის ვადაში. 84-ე მუხლი აწესრიგებს შეცილების ვადას მოტყუებით დადებული გარიგებების შემთხვევებში, სადაც ვადა შეადგენს ერთ წელს და იგი „აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ“. იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში შეცილების ვადა შეადგენს ერთ წელს იძულების დამთავრების მომენტიდან (89).

8. შეცილების უფლების ბრალისგან დამოუკიდებლობა

12

შეცილების უფლების განხორციელება შესაძლებელია ბრალეულობისაგან დამოუკიდებლად. არარელევანტურია ასევე ის, თუ ვის მიერ არის გამოწვეული შეცდომა და ა.შ. დაუდევრობით (ბრალით) გამოწვეული შეცდომა აფუძნებს 79 II 1 მუხლის მიხედვით ზიანის ანაზღაურების შემადგენლობას.

9. შეცილება არ უნდა იყოს გამორიცხული

13

შეცილება გამორიცხულია იმ შემთხვევაში, როდესაც შეცილების უფლების მქონე პირი გარიგებას დაადასტურებს (61 III). შეცილება გამორიცხულია ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე მხარე თანახმაა შეასრულოს გარიგება იმ მხარის სურვილის თანახმად, რომელსაც სურს საცილო გახადოს გარიგება (77). შეცილება, კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით (8 III), შესაძლებელია ასევე გამორიცხული იყოს იმ შემთხვევებში, როდესაც ფაქტობრივად გამოვლენილი ნება სასურველი ნებისგან განსხვავდება, თუმცა, უკეთეს პირობებში აყენებს შეცილებაზე უფლებამოსილ პირს (დამატებით იხ. 77-ე მუხლის კომენტ. მე-4 ველი). შეცილების გამორიცხვის სამართლებრივ წინაპირობებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს ასევე, რომ იგი ეხება მხოლოდ არსებითი შეცდომის შემთხვევებს. წვრილმანი შეცდომები ვერ ჩაითვლება შეცილების საფუძვლად, მხარეს წარმოეშობა მხოლოდ მოთხოვნა მათ ჩასწორებაზე (78).

III. სამართლებრივი შედეგები

14

ქართული სამართალი ეყრდნობა შეცილების თეორიას (59 II). ეს კი გულისხმობს იმას, რომ შეცდომით დადებული გარიგების სამართლებრივი შედეგი შეცილების შემდგომ გამოიხატება გარიგების ბათილობაში მისი დადების მომენტიდან (ex tunc, 59 II). 59 II მუხლი ადგენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეცილება განხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ, გარიგება ბათილად იქნება ცნობილი მისი დადების მომენტიდან. მაშასადამე, გარიგება შეცილებამდე ნამდვილი რჩება თავისი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებებით, ხოლო შეცილების შემდგომ, შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების დადგენის შემთხვევაში, იგი ბათილად იქნება ცნობილი გარიგების საწყისი მომენტიდან (გაუქმებით პირობადებული გარიგება). შეცილების შედეგად გარიგების ბათილობა წარმოშობს კანონისმიერ მოთხოვნას უსაფუძვლო გამდიდრებიდან. მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ მიღებული შესრულებები 976 I მუხლის თანახმად, ვინაიდან ვალდებულება „ბათილობის გამო შეწყდა შემდგომში“.[13] მოთხოვნის საფუძველი შესაძლოა ასევე იყოს 172 I მუხლი (ვინდიკაცია).

15

სადავოა საკითხი, თუ როდიდან იწყება შეცილების შემთხვევაში ხანდაზმულობის საერთო ვადის (10 წელი, 128 III) დენა უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნისათვის. მიუხედავად იმისა, რომ შეცილების შედეგად ხელშეკრულება საწყისი მომენტიდან ბათილია, 130-ე მუხლის ფორმულირების გათვალისწინებით, უნდა მივიჩნიოთ, რომ ვადის დენის ათვლა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც პირი შეცილებას განახორციელებს.

16

შეცილების 59 II 2 მუხლში განსაზღვრული შედეგი — გარიგების სრული ბათილობა — შეიძლება შეიცვალოს გარიგების ნაწილობრივი ბათილობით, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარე- შეც (62). ამ შემთხვევაში ყურადღება ექცევა მხარეთა სავარაუდო ნებას, რომელიც ობიექტურად უნდა შეფასდეს. მხარეთა შინაგანი ნება არარელევანტურია.

17

როგორც აღინიშნა, შეცილების სამართლებრივი შედეგი არის გარიგების სრული ან ნაწილობრივი ბათილობა. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს განხორციელებული აქვთ შესრულებები, მათი უკან დაბრუნება ხდება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით ან ვინდიკაციით.

18

79 II 1 მუხლი შეცილების ადრესატს ანიჭებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, როდესაც შეცდომა გამოწვეულია შეცილების განმახორციელებელი პირის დაუდევრობით. ანაზღაურებას ექვემდებარება ნეგატიური ინტერესი, რომელიც ანაზღაურდება შეუსრულებლობის შედეგად წარმოშობილი ზიანის (პოზიტიური ინტერესის) ზღვრამდე (დამატ. იხ. 79-ე მუხლის კომენტ.).

IV. მტკიცების ტვირთი

19

ის, ვინც იყენებს შეცილების უფლებას, უნდა დაამტკიცოს შეცდომის არსებობა, შეცდომის არსებითობა, და მიზეზობრივი კავშირი შეცდომასა და ნების გამოვლენას შორის.

V. საერთაშორისო-სამართლებრივი ასპექტი

20

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 35 I მუხლის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია 72-73-ე მუხლების მოქმედების გამორიცხვა. ამ დროს გამოიყენება მხარეთა მიერ არჩეული სამართალი.




  1. თანამედროვე შეცდომის მოძღვრება ეყრდნობა სავინის სწავლებას. დამატ. იხ. ჭანტურია, ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 366; შდრ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 317-318.
  2. Heinrichs, in Palandt BGB Komm. 66. Aufl., § 119 Rn. 7.
  3. MüKo/Armbrüster, 6. Auflage 2012, § 119, Rn. 52.
  4. Heinrichs, in Palandt BGB Komm. 66. Aufl., § 119 Rn. 7.
  5. იქვე.
  6. ჭანტურია, ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 368.
  7. შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14 ივნისის #ას-385- 358-2010 განჩინება.
  8. შდრ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 321-322.
  9. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 72, გვ. 224; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 366.
  10. ჩაჩანიძე, სამოქალაქო კაზუსების ამოხსნის მაგალითები, 2012, გვ. 37.
  11. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 59, გვ. 196.
  12. ჩაჩანიძე, სამოქალაქო კაზუსების ამოხსნის მაგალითები, 2012, გვ. 38.
  13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2005 წლის 5 იანვარი გადაწყვეტილება, #2/17825-14.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_72._ცნება&oldid=1447"