Gccc-logo.png


მუხლი 74. შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნებაში

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 74. შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნებაში


თორნიკე დარჯანია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნების მიმართ მხოლოდ მაშინ ითვლება არსებითად, როდესაც თვითონ კონტრაჰენტის პიროვნება ან მისი პირადი თვისებების გათვალისწინება გარიგების დადების მთავარი საფუძველია.

2. შეცდომა საგნის ძირითად თვისებებში მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არსებითად, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საგნის ღირებულების განსაზღვრისათვის.

I. ნორმის არსი

1

74-ე მუხლი არსებითი შეცდომის ექვსი ძირითადი სახიდან (იხ. მუხ. 73 მე-2 ველი) ორ მათგანს აწესრიგებს: შეცდომას კონტრაჰენტის პიროვნებაში (ასევე მის პირად თვისებებში) და საგნის ძირითად თვისებებში. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა კონტრაჰენტის პიროვნებასა და საგნის ძირითად თვისებებში დაშვებული შეცდომა შინაარსში დაშვებული შეცდომის ნაირსახეობად იქნეს მიჩნეული,[1] კანონმდებელი მათ ცალკე გამოყოფს და ადგენს შეცდომის ამ სახეების არსებითობის კრიტერიუმებს.

2

ლიტერატურაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, კონტრაჰენტის პიროვნებასა და საგნის ძირითად თვისებებში დაშვებულ შეცდომასთან მიმართებით საქმე გვაქვს თვისებრივად მოტივში დაშვებულ შეცდომის ნაირსახეობებთან, რომელიც, გამონაკლისის სახით, 74-ე მუხლის მიხედვით, მიიჩნევა არსებით შეცდომად (76-ე მუხლის მიხედვით, გარიგების მოტივში დაშვებული შეცდომა არსებითად არ მიიჩნევა).[2] კონტრაჰენტის პიროვნებასა და საგნის თვისებებში დაშვებული შეცდომის შემთხვევაში, განსხვავებით 73-ე მუხლის „ა“ და „ბ“ შემთხვევებისგან, ნების გამომვლენის შინაგანი ნება და გამოვლენილი ნების შინაარსი ერთმანეთს შეესაბამება. ნების გამომვლენი შეცდომას არ უშვებს არც ნების გამოვლენის ნიშნებში და არც მის შინაარსში, არამედ ცდება კონტრაჰენტის პიროვნების ან საგნის თვისებებში, მაშასადამე, მისი ნების ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვან მოტივებში.[3]

3

74-ე მუხლის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე, თვისებებში შეცდომა არსებითი უნდა იყოს სამოქალაქო ბრუნვის გათვალისწინებით. თვისებრიობაში მოიაზრება არა მხოლოდ ფიზიკური თვისებრიობა, არამედ ასევე ყველა ფაქტობრივი თუ სამართლებრივი ნიშანი, რომელიც დაკავ- შირებულია გარესამყაროსთან და გავლენას ახდენს სამოქალაქო ბრუნვაში მოხმარებაუნარიანობისა და ღირებულების განსაზღვრაზე.[4]

II. შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნებაში

1. კონტრაჰენტის პიროვნება და მისი პირადი თვისებები

4

კონტრაჰენტის (არსებითი) თვისებრიობა მოიცავს, პირველ რიგში, მის პირად (პიროვნულ) ნიშან-თვისებებს და ასევე იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ კომპონენტებს, რომელიც სამოქალაქო ბრუნვის გათვალისწინებით გავლენას ახდენს მისი პიროვნების შეფასებისას.[5] კონტრაჰენტს არსებითი თვისება უნდა ახასიათებდეს ხანგრძლივი დროის მანძილზე[6] (სწორედ ამ მიზეზის გამო არ ითვლება ფეხმძიმობა არსებით თვისებრიობად, ვინაიდან ის გარდამავალი მდგომარეობაა[7]). კონტრაჰენტის არსებითი თვისებრიობა, გარიგების შინაარსისა და მიზნის გათვალისწინებით, შესაძლოა იყოს ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სქესი, პროფესიონალიზმი, რეპუტაცია (მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ისეთ შრომით ურთიერთობებში, სადაც პირს ხელმძღვანელი თანამდებობა უკავია, ან მოითხოვება მაღალი ხარისხის სანდოობა, კეთილსინდისიერება და ა.შ.). თუმცა, კონტრაჰენტის პიროვნება ან მისი პირადი თვისებები არარელევანტურია ისეთ გარიგებებში, სადაც ეს უმნიშვნელოა. მაგალითად, ასეთი შესაძლოა იყოს ნასყიდობის ხელშეკრულებები, სადაც მნიშვნელოვანია საქონლის ხარისხი და არა გამყიდველის პიროვნება. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, 74 I მუხლის ფარგლებში არსებით თვისებრიობად შესაძლოა ჩაითვალოს ასევე კონტრაჰენტის ლიკვიდურობა, კრედიტუნარიანობა (ამასთან დაკავშ. იხ. ქვემოთ).

5

კონტრაჰენტში, პირველ რიგში, მოიაზრება ის პირი, რომლისკენაც მიმართულია ნების გამოვლენა. ლიტერატურაში მოცემული ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, „კონტრაჰენტი“ ვერ განიმარტება ფართოდ და ვერ მოიცავს ნებისმიერ პირს, არამედ მასში იგულისხმება ხელშეკრულების მეორე მხარე.[8] ეს მიდგომა გასაზიარებელია, თუმცა, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს გარიგების შინაარსსა და მიზანს. შესაბამისად, 74 I მუხლის ფარგლებში შეცილების საფუძველი ვერ იქნება თვითონ ნების გამომვლენის პირადი თვისებები, როდესაც ეს უკანასკნელი თავის პირად უნარებსა და შესაძლებლობებში ცდება, რომ შეასრულებს ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას (მაგ., სამუშაოს მიმღების მიერ არცოდნა იმისა, რომ პირადი თვისებების გამო ვერ შეასრულებს დაკისრებულ სამუშაოს). ასევე საკამათოა ის, თუ რამდენადაა შესაძლებელი „კონტრაჰენტში“ მოიაზრებოდეს მესამე პირი, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებასთან. ეს შემთხვევა შესაძლოა მოცემული იყოს მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც ნების გამომვლენი შეცდომას უშვებს მესამე პირის (შესრულების მიმღების) თვისებებში (349). ასევე საკამათოა, თავდებობის ხელშეკრულების შემთხვევაში კრედიტორს რამდენად აქვს უფლება თავდების ლიკვიდუნარიანობაში დაშვებული შეცდომის გამო განახორციელოს თავდებობის ხელშეკრულების ან მოვალესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების შეცილება.[9]

6

74 I მუხლი მოიცავს ორ შემადგენლობას: 1. როდესაც ერთი მხარის ნების ადრესატი აღმოჩნდება შეცდომით სხვა პირი და არა ის, რომელ- თანაც მას სურს დაამყაროს სამართლებრივი ურთიერთობა[10] (მაგ., „ა-ს“ სურს ხელშეკრულება გააფორმოს ცნობილ მხატვარ „ბ-სთან“ და შეცდომით დებს „გ-სთან“, რომელიც ნაკლებად ცნობილი მხატვარია); 2. როდესაც ნების გამომვლენი არ ცდება პირის ვინაობაში, თუმცა, ცდება ამ პირის პირად თვისებებში (მაგ., „ა“ დებს შრომით საექიმო ხელშეკრულებას „ბ-სთან“, თუმცა, „ბ-ს“ ობიექტურად არ აქვს ექიმის კვალიფიკაცია).

7

74 I მუხლის ფორმულირებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნებასა ან მის პირად თვისებებში გარიგების საფუძველი იყოს. კონტრაჰენტის პიროვნება ან მისი პირადი თვისებები უნდა იყოს პირის ნების გამოვლენის განმსაზღვრელი და განმაპირობებელი. თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს კონტრაჰენტის პიროვნება ან მისი პირადი თვისებები ცალკეულ შემთხვევაში გარიგების საფუძვლად, უნდა შეფასდეს ობიექტური კრიტერიუმით. ამ შემთხვევაში ნების გამომვლენი პირის სუბიექტური წარმოდგენა უკანა პლანზე ინაცვლებს, რათა თვისებებში დაშვებული შეცდომა არ გაუთანაბრდეს მოტივში დაშვებულ შეცდომას, რომელიც არაარსებითია.[11] თვისებებში დაშვებული ყველა შეცდომა ვერ იქნება თავისთავად მიჩნეული არსებითად, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც ასეთად განიხილება სამოქალაქო ბრუნვაში. მაგალითად, აუქციონზე საჯარო გზით ნივთის გაყიდვისას გამყიდველი ვერ განაცხადებს შეცილებას შესაძლო მყიდველის პიროვნებაში ან მის თვისებებში დაშვებული შეცდომის გამო.[12] ასევე საფეხბურთო კლუბი ვერ განახორციელებს შეცილებას ფეხბურთელის სატრანსფერო ხელშეკრულების მიმართ იმ საფუძვლით, რომ მას ნიჭიერი ეგონა ფეხბურთელი, რომელიც ბევრ გოლს გაიტანდა,[13] თუმცა ასეთი არ აღმოჩნდა.

8

ზემოაღნიშნულის გარდა, ყურადღება უნდა მიექცეს, ასევე, კონტრაჰენტის პირად თვისებებში დაშვებული შეცდომის შემთხვევებში დისკრიმინაციის ფაქტორს. მაგალითად, ოჯახი მართლმადიდებლური მრწამსით ხელშეკრულებას უწყვეტს ძიძას, რომელიც იეღოველი (პირადი თვისება) აღმოჩნდა. კომპანიის უფროსი წყვეტს შრომით ხელშეკრულებას დასაქმებულთან მის სექსუალურ ორიენტაციაში (პირად თვისებებში) დაშვებული შეცდომის გამო და ა.შ. ამასთანავე, შეცილების საფუძველს არ იძლევა დამსაჩუქრებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების შეცილება იმის გამო, რომ დასაჩუქრებული სხვა მსოფლმხედველობის ან პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი აღმოჩნდა (განსაკუთრებული უმადურობის შემთხვევის გარდა).[14] მსგავს შემთხვევებში სახეზეა მოტივში დაშვებული შეცდომა, რომელთა არსებითობა ფასდება სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული შეხედულებით. თუმცა, სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული წესების მიუხედავად, დისკრიმინაციული მოტივი კანონის (დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ) დანაწესის გამო ვერ ჩაითვლება არსებითად, რომელიც წარმოშობს შეცილების საფუძველს 74 I მუხლის შესაბამისად.

2. გარიგებები კონტრაჰენტის განსაკუთრებული პირადი თვისებებით

9

კონტრაჰენტის პიროვნებასა ან მის პირად თვისებებში დაშვებული შეცდომა მნიშვნელოვანი ხდება ისეთ გარიგებებში, სადაც მკაცრად მოითხოვება პიროვნული და პირადი თვისებების არსებობა (მაგ., სანდოობის გამო, ან იქ, სადაც მხარეების პირადი ჩართულობა მოითხოვება). როგორც ზემოთ აღინიშნა, 74 I ნაწილის ფარგლებში „პირადი თვისებები“ განიმარტება ფართოდ და მოიცავს სქესს, ასაკს, პროფესიონალიზმს და ა.შ. პირად თვისებებში მოიაზრება ასევე პირის პატიოსნება და სანდოობა. ნდობის ფაქტორი შესაძლოა მიჩნეულ იქნეს არსებით საფუძვლად, რომლის არქონაც შეცილების უფლებას წარმოშობს.[15] სანდოობა და პატიოსნება განსაკუთრებით მაშინ არის პირის არსებითი თვისება, როდესაც ხელშეკრულების მხარეებს შორის გრძელვადიანი ურთიერთობები მყარდება. სანდოობა და კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დგება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონტრაჰენტი ნასამართლევია და დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი.[16] როგორც წესი, ჩვეულებრივ შრომით ურთიერთობებში პირის ნასამართლობას ან თუნდაც ადმინისტრაციულ სახდელებს ყურადღება არ ექცევა, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში ეს შესაძლოა იძლეოდეს შეცილების საფუძველს (მაგ., გარემოება, რომ ბანკის მიერ აყვანილი მოლარე-ოპერატორი ნასამართლევია მითვისების გამო, ბანკს უფლებას აძლევს, განახორციელოს შრომითი ხელშეკრულების შეცილება კონტრაჰენტის პირად თვისებებში დაშვებული შეცდომის გამო; ოპერატიული საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელი ვერ იქნება ნასამართლევი პირი და ა.შ.).

10

იურიდიული პირის შემთხვევაში სანდოობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მისი ორგანოებისა და ხელშეკრულების შესრულებაში ჩართული თანამშრომლების სანდოობა.[17] შესაბამისად, ყურადღება ექცევა იმას, იურიდიული პირის მხრიდან თუ ვინ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ხელშეკრულების შესრულებაზე. ეს შესაძლოა იყოს როგორც იურიდიული პირის წარმომადგენლობითი ორგანო, ასევე პარტნიორი. გარდა ამისა, ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ის, ხელშეკრულების შესრულებაში იურიდიული პირის რომელი თანამშრომელი ან თანამშრომელთა ჯგუფი იქნება ჩართული (მაგ., „ა“ დებს ფარმაცევტულ ფირმა „ბ-სთან“ ხელშეკრულებას ახალი ტიპის ანტიბიოტიკური პრეპარატის შექმნის თაობაზე და სურს პროექტს უხელმძღვანელოს „ბ-ს“ თანამშრომელმა „გ-მ“, რომელიც ცნობილი ფარმაცევტია და აღმოჩნდება, რომ „გ“ აღარ მუშაობს „ბ-სთან“).

3. კონტრაჰენტის კრედიტუნარიანობა და ლიკვიდურობა

11

საკამათოა, თუ რამდენად ჩაითვლება კრედიტის ამღების (მსესხებლის) ლიკვიდურობა არსებით თვისებად სამოქალაქო ბრუნვაში, რომელიც შესაძლოა ასევე იძლეოდეს შეცილების საფუძველს. საკრედიტო ურთიერთობებისა და სამოქალაქო ბრუნვის გათვალისწინებით, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ლიკვიდურობა კონტრაჰენტის ის თვისებაა, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც, ნების გამომვლენს შეუძლია საკრედიტო ხელშეკრულების შეცილება.[18] 74 I მუხლის მოწესრიგების პარალელურად, 484 I მუხლის თანახმად, კრედიტის მიმცემს შეუძლია უარი თქვას თავისი ვალდებულებების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ კრედიტის ამღები თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ შეასრულებს. მას ხელშეკრულებაზე უარის თქმამდე ასევე შეუძლია მოვალისგან მოითხოვოს უზრუნველყოფა (484 II). შესაბამისად, შესაძლოა 484-ე მუხლი გამორიცხავდეს 74 I მუხლის მოწესრიგებას და უპირატესი გამოყენებით სარგებლობდეს მასთან მიმართებით. თუმცა, მიზანშეწონილი იქნებოდა, კრედიტორის უკეთესი დაცვის მიზნით, თუ მას მიეცემოდა ორივე სამართლებრივი ბერკეტის გამოყენების უფლება, ვინაიდან შეცილების უფლება მას გაუმარტივებდა შეცილების საფუძვლის შეტყობიდან უმალვე განეცხადებინა შეცილების შესახებ და გაებათილებინა ხელშეკრულება, მაშინ, როდესაც 484-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, კრედიტორი უნდა დაელოდოს შესასრულებელი ვალდებულების ვადამოსულობას.[19] მაგალითად, „ა-მ“ მიჰყიდა ავტომობილი „ბ-ს“, რომელიც მას ორი თვის შემდგომ უნდა გადასცეს და მიიღოს ნასყიდობის საფასური. „ა“ შემთხვევით გაიგებს, რომ „ბ-მ“ კაზინოში წააგო დიდი თანხა და ვალები დაედო. „ა“ არ ელოდება ვადამოსულობის მოსვლას (ორი თვის გასვლას) და „ბ-ს“ უცხადებს ხელშეკრულების შეცილებას და ავტომობილს მიჰყიდის „გ-ს“. „ბ“ ითხოვს ავტომობილის გადმოცემას.

4. კონტრაჰენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

12

ხელშეკრულების მხარის (კონტრაჰენტის) ჯანმრთელობის მდგომარეობას (რაც ასევე განიხილება არსებით პირად თვისებად) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში. დასაქმებულის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, მისი შრომისუნარიანობა ან დროებითი შრომისუუნარობა, არ უნდა ჩაითვალოს 74-ე მუხლის ფარგლებში „პირად თვისებებად“, რომელთა გამოც დამსაქმებელს მიეცემოდა შეცილების უფლება დასაქმებულის პირად თვისებებში დაშვებული შეცდომის გამო.[20] თუმცა, გამონაკლისი შემთხვევა იქნებოდა და შეცილების უფლება წარმოიშობოდა მაშინ, როდესაც დასაქმებულის შრომისუნარიანობა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია: ეს ის შემთხვევაა, როდესაც დასაქმებულს ხანგრძლივი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეშლის გამო დაკისრებული სამუშაოს შესრულება არ შეუძლია ან დაკისრებულ სამუშაოს სათანადოდ ვერ უძღვება (მაგ., ეპილეფსიის შეტევების გამო ის დროდადრო ვერ ასრულებს დაკისრებულ სამუშაოს). როგორც ზემოთ აღინიშნა, დასაქმებულის ფეხმძიმობა ხელშეკრულების დადებისას, ზოგადი თვალსაზრისით, ვერ ჩაითვლება სამოქალაქო ბრუნვაში კონტრაჰენტის არსებით პირად თვისებად, ვინაიდან ფეხმძიმობისას სახეზეა გარდამავალი მდგომარეობა (იხ. მე-4 ველი). დამსაქმებლის მხრიდან ფეხმძიმობის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლა შესაძლოა შეფასდეს ასევე დისკრიმინაციად დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიხედვით.

III. შეცდომა საგნის ძირითად თვისებებში

1. გარიგების საგანი

13

გარიგების საგანში 74 II მუხლის ფარგლებში მოიაზრება არა მხოლოდ მოძრავი და უძრავი ნივთები (148), ე.წ. სხეულებრივი ნივთები, არამედ გარიგების ნებისმიერი საგანი, მაგალითად, არასხეულებრივი საგნები, უფლებები, კომპანიის წილები, მოთხოვნები და ა.შ.[21] საგნის თვისებრიობა მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ თვისებრიობას, არამედ ასევე ყველა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებას (ნივთობრივი და უფლებრივი სიკეთეები), რომელიც დაკავშირებულია საგანთან ხანრგძლივი ვადით და ზეგავლენას ახდენს მის გამოყენებით (მოხმარების) ფუნქციასა და ღირებულებაზე.[22] ეს თვისებები საგანს უნდა ახასიათებდეს აწმყოში, ანუ გარიგების დადებისა და შესაბამისი სამართლებრივი ურითიერთობის განხორციელებისას.

14

ისევე, როგორც 74 I მუხლის შემთხვევაში, გარიგების საგნის თვისებრიობის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ კრიტერიუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ საგნის თვისებრიობაში დაშვებული შეცდომა შეცილების საფუძველს იძლევა მაშინ, როდესაც ის არსებითია სამოქალაქო ბრუნვა- ში.[23] 74 I მუხლის ფორმულირების მიხედვით, თვისებრიობა სამოქალაქო ბრუნვაში არსებითია მაშინ, როდესაც ის პირდაპირ გავლენას ახდენს საგნის გამოყენებადობასა და ამასთანავე, მნიშვნელოვანია მისი ღირებულების განსაზღვრისათვის.[24] თვისებრიობის არსებითობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ის მომენტი, როდესაც პირი ნებას ავლენს.

2. საგნის ღირებულების განმსაზღვრელი არსებითი თვისებრიობა

15

მნიშვნელოვანია, თუ რა უნდა ითვლებოდეს საგნის ღირებულების განმსაზღვრელ თვისებრიობად. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ საგნის ღირებულება (ფასი) განმსაზღვრელ ფაქტორად არ უნდა იქნეს მიჩნეული.[25] ეს თავისთავად გამომდინარეობს 74 II მუხლის ფორმულირებიდან. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ღირებულებაში შეცდომა მის განმსაზღვრელ ფაქტორებში შეცდომას განაპირობებდეს ან, პირიქით. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ღირებულებაში დაშვებული შეცდომა გამოწვეულია სამოქალაქო ბრუნვაში არსებით თვისებრიობაში დაშვებული შეცდომით, როგორიცაა, ნახატის ავტორი, შეძენილი ვაზის ანტიკვარულობა, ნაბეჭდის ავთენტურობა და ა.შ., ამ დროს ღირებულებაში შეცდომა იმთავითვე უთანაბრდება ღირებულების განმსაზღვრელ ფაქტორებში შეცდომას. ეს კი შეცილების საფუძველს იძლევა.[26] თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, შესაძლებელია, ასევე, რომ არ იყოს მოცემული შეცდომა საგნის ღირებულების განმსაზღვრელ ფაქტორებში, არამედ მხოლოდ თვითონ ღირებულებაში (მაგ., „ა-მ“, რომელმაც 20 000 აშშ დოლარად იყიდა 2003 წლის გამოშვება ავტომობილ BMW X5, უთითებს, რომ შეცდა ავტომობილის საბაზრო ფასში, ვინაიდან ბაზარზე ავტომობილის ფასი ორჯერ ნაკლებია). ასეთი სახის ღირებულებაში დაშვებული შეცდომა არ ქმნის შეცილების საფუძველს. ამის დაშვება შეეწინააღმდეგებოდა საბაზრო ეკონომიკისა და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპებს, სადაც ფასების ცვალებადობა მუდმივი პროცესია, ხოლო მხარეები ფასებს თავად განსაზღვრავენ და ამას ახორციელებენ საკუთარი რისკის ფარგლებში.[27] შესაბამისად, გამყიდველსაც არ ეკისრება ვალდებულება ფასის ოდენობის განმარტებაზე (თუ რატომ ყიდის ძვირად ან იაფად). თუმცა, ეს წესი შესაძლოა არ მოქმედებდეს მაშინ, როდესაც ფასები ჩამოყალიბებულია არა ბაზარზე, არამედ საჯარო უწყების ან ბაზარზე უპირატესი მდგომარეობის მქონე შემთავაზებლისგან[28] (მაგ., რეგისტრაციის მოსაკრებლები, მატარებლის ბილეთი, დენის, გაზის ტარიფი და ა.შ.).

16

საკამათოა, თუ რამდენად იძლევა შეცილების საფუძველს შეცდომა გარიგების საგნის მოგებაუნარიანობაში, რენტაბელურობაში. ნასყიდობის სამართალშიც ნასყიდობის საგნის ნაკლოვანი მოგებაუნარიანობა ან რენტაბელურობა არ მიიჩნევა ნაკლად და არ წარმოშობს მეორად მოთხოვნებს. მაშინაც კი, როდესაც ცალკეულ გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, რომ სახეზეა შეცდომა გარიგების საგნის მოგებაუნარიანობასა ან რენტაბელურობაში, 74 II მუხლის მოქმედების სფერო მაინც არ იარსებებს, ვინაიდან ამ დროს უპირატესად მოქმედებს ნაკლის გამო პასუხისმგებლობის სამართალი (დაწვრ. იხ. მე-20 ველიდან).

17

ნივთზე საკუთრება 74 II მუხლის მიზნებისათვის ვერ ჩაითვლება სამოქალაქო ბრუნვაში არსებით თვისებრიობად, ვინაიდან სამოქალაქო ბრუნვაში არსებითი თვისებრიობა გამომდინარეობს მხოლოდ იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი ურთიერთობებიდან, რაც განსაზღვრავს ნივთის ურთიერთობას გარე სამყაროსთან. მაშასადამე, სახეზე უნდა იყოს ნივთის ისეთ თვისებებში შეცდომა, რომლებიც მას აკავშირებს გარე სამყაროსთან.[29] საკუთრება კი ნივთის შიგნით არსებული კატეგორიაა. გარდა ამისა, საკამათოა ისიც, თუ რამდენად ახდენს საკუთრების უფლება ნივთის მოხმარებაუნარიანობაზე ან ღირებულებაზე ზეგავლენას.[30]

18

მიწის ნაკვეთის შემთხვევაში სამოქალაქო ბრუნვაში არსებით თვისებრიობად ითვლება ნაკვეთის სიდიდე, ასევე ის, თუ რამდენად შესაძლებელია მასზე შენობის აშენება, რა სამშენებლო კოეფიციენტი აქვს და ა.შ. ნაკვეთის არსებით თვისებრიობას მიეკუთვნება ასევე მისგან გამომდინარე უფლებები და ასევე ვალდებულებებიც (მაგ., იპოთეკა, სერვიტუტი და ა.შ.).[31]

19

მოძრავი ნივთების შემთხვევაში სამოქალაქო ბრუნვაში არსებით თვისებრიობად შეიძლება მიიჩნეოდეს ნივთის მახასიათებლები, მაგალითად, ნახატისთვის ის, თუ ვინაა მისი ავტორი, ავტომობილისთვის გამოშვების თარი- ღი, გარბენი და ა.შ.

IV. კონკურენციის შემთხვევები ნაკლის გამო პასუხისმგებლობის სამართალთან

20

იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ნაკლის გამო პასუხისმგებლობის წინაპირობები 488-ე და შემდგომი მუხლების თანახმად, გამოირიცხება შეცილების უფლება საგნის ძირითად თვისებებში დაშვებული შეცდომის გამო 74 II მუხლზე დაყრდნობით[32] (განსხვავებით მოტყუებით დადებული ხელშეკრულებებისგან). შეცილება გამოირიცხება იმის გამო, რომ ნაკლის გამო წარმოშობილი მოთხოვნების სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა არ გადაფაროს. შეცილების უფლების განხორციელების საერთო ვადამ 10-მა წელმა. კანონმდებლის მიზანი, სწრაფად მოაეხდინა ნასყიდობის და მსგავსი (მაგ., ნარდობის) ხელშეკრულებების სამართლებრივი ურთიერთობების დასრულება და არ მეცა უფლება შეცდომის დამშვები მხარისთვის, არაგონივრულ ვადაში შესცილებოდა საგნის ძირითად თვისებებში დაშვებული შეცდომის გამო. ეს რომ ასე არ იყოს, მივიღებდით უსამართლო მდგომარეობას: მაგალითად, „ა-მ“, რომელმაც შეცდომა დაუშვა ევროპიდან ჩამოყვანილი ავტომობილის გარბენში, ვინაიდან ეგონა, რომ გარბენის მაჩვენებელი იზომებოდა კილომეტრებით, სინამდვილეში, 9 წლის შემდგომ აღმოაჩინა, რომ მანქანა ნაწარმოები იყო ამერიკაში და გარბენი იზომებოდა მილებით. „ა“ შეძლებდა 9 წლის შემდომ შეცილების საფუძვლის შეტყობიდან ერთი თვის ვადაში შეცილების განხორციელებას, რაც არაგონივრული იქნებოდა (სხვა წესი მოქმედებს მოტყუების გამო შეცილების შემთხვევაში). ამ შემთხვევაში შეცილების გამორიცხვა მიზნად ისახავს მოვალის დაცვას, რამეთუ მან შეძლოს სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების განჭვრეტა. შესაბამისად, შეცილების უფლება გამოირიცხება, როდესაც ნაკლის გამო წარმოშობილი მოთხოვნებიც ხანდაზმულია. ამასთანავე, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ შეცილება მაშინაც გამოირიცხება, როდესაც მხარეები ნაკლიდან წარმოშობილი მოთხოვნების გამორიცხვას ხელშეკრულებით შეათანხმებენ.[33] მიზანშეწონილია ასევე, ნაკლის გამო წარმოშობილ მოთხოვნების უპირატესი მოქმედება 74 II მუხლთან მიმართებით ნივთის დაღუპვის რისკის გადასვლამდეც განისაზღვროს (482 I). მართალია, 482 I მუხლის თანახმად, რისკის გადასვლამდე არ მოქმედებს ნაკლის გამო წარმოშობილი მოთხოვნები და შესაძლოა აქ 74 II მუხლის მიმართ არ იყოს მოცემული კონკურენცია, მაინც არ იქნებოდა მიზანშეწონილი მყიდველისთვის დაღუპვის რისკის გადასვლამდე დამატებითი უფლებები (შეცილების უფლება) მიგვენიჭებინა, ვიდრე რისკის გადასვლის შემდგომ.[34]

21

მყიდველისგან განსხვავებით, გამყიდველს შეუძლია 74 II მუხლის თანახმად, გარიგების საგნის ძირითად თვისებებში დაშვებული შეცდომის გამო შეცილების განხორციელება. გამყიდველს არ წარმოეშობა ნაკლის გამო მოთხოვნები და შესაბამისად, არ არის მოცემული 74 II მუხლთან კონკურენცია.

22

ნების გამოვლენის შეცილება მოტყუების გამო (81) არ გამორიცხავს შეცდომის გამო შეცილების უფლებას. უფრო მეტიც, შესაძლოა ცალკეულ შემთხვევებში ერთდროულად მოცემული იყოს მოტყუებისა და შეცდომის გამო შეცილების ნიშნები. იმ შემთხვევაში, როდესაც 79 II მუხლის (ზიანის ანაზღაურება) მიზნებისთვის, მოტყუებისა და შეცდომის გამო შეცილების უფლებებს სხვადასხვა სამართლებრივი შედეგი მოსდევს, განმარტებით უნდა დადგინდეს, თუ უფრო რომელი საფუძვლით განხორციელდა ნების გამოვლენის შეცილება.




  1. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, შესაძლებელია, კონტრაჰენტსა და გარიგების საგანში დაშვებული შეცდომა მოაზრებულ იქნეს 73 „ბ“ მუხლის მოწესრიგების ფარგლებში, იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 326-327.
  2. გასაზიარებელია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც კონტრაჰენტსა და გარიგების საგანში დაშვებული შეცდომა მოტივში დაშვებული შეცდომის არსებითი სახეა და არა ნების გამოვლენის შინაარსში ან ნიშნებში დაშვებული შეცდომა; იხ. მაგ. Ellenberger, in Palandt BGB Komm, 70. Aufl., § 119, Rn. 23; Jauernig/Mansel BGB, 15. Aufl., 2014, § 119, Rn. 11.
  3. დასახელებული ნაშრომი.
  4. იქვე; BGHZ 88, 240, 245; 34, 32, 41; 16, 54, 57.
  5. Wolf/Neuner, AT des bürgerlichen Rechts, 10. Aufl. S. 468, Rn. 58.
  6. Bamberger/Roth/Wendtland, Aufl. 38, § 119, Rn. 41.
  7. ევროსასამართლოს 1994 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება, Rs. C-421/92; EuGH NJW 1994, 2077, 2078.
  8. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 330; იზიარებს ასევე როლფ კნიპერი, 20.12.2014-ის სამოქალაქო კოდექსის ავტორების სამუშაო შეხვედრის დისკუსიის მასალები.
  9. იხ. დისკუსია MüKo/Armbrüster, 6. Auflage 2012, § 119, Rn. 128.
  10. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 70, გვ. 227.
  11. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 330; იზიარებს ჯორბენაძე, გარიგებაში დაშვებული შეცდომის სახეები საქართველოსა და გერმანიის სამოქალაქო კოდექსების მიხედვით, მართლმსაჯულება და კანონი N4-11, გვ. 85.
  12. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 70, გვ. 227.
  13. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 370; იხ. იქვე შეცდომისა და შემოქმედებითი წარუმატებლობის გამიჯვნა.
  14. ჯორბენაძე, გარიგებაში დაშვებული შეცდომის სახეები საქართველოსა და გერმანიის სამოქალაქო კოდექსების მიხედვით, მართლმსაჯულება და კანონი #4-11, გვ. 85.
  15. MüKo/Armbrüster, 6. Auflage 2012, § 119, Rn. 127.
  16. დასახელებული ნაშრომი.
  17. იქვე.
  18. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 371; იხ. ასევე MüKo/Armbrüster, 6. Aufl., 2012, § 119, Rn. 128.
  19. აღნიშნული მიდგომა საკამათოა. დისკუსია იხ. MüKo/Armbrüster, 6. Aufl., 2012, § 119, Rn. 128.
  20. შდრ. MüKo/Armbrüster, 6. Aufl., 2012, § 119, Rn. 129.
  21. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 372.
  22. Wolf/Neuner, AT des bürgerlichen Rechts, 10. Aufl. S. 468, Rn. 56.
  23. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 331-332.
  24. იქვე.
  25. საყურადღებოა აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანული სასამართლო პრაქტიკა: იხ. მაგ. BGHZ 16, 54, 57; Flume JZ 1991, 634.
  26. შდრ. MüKo/Armbrüster, 6. Auflage 2012, § 119, Rn. 131.
  27. Wolf/Neuner, AT des bürgerlichen Rechts, 10. Aufl. S. 468, Rn. 56.
  28. MüKo/Armbrüster, 6. Auflage 2012, § 119, Rn. 131.
  29. MüKo/Armbrüster, 6. Auflage 2012, § 119, Rn. 133.
  30. იქვე.
  31. MüKo/Armbrüster, 6. Auflage 2012, § 119, Rn. 134.
  32. Ellenberger, in Palandt BGB Komm, § 119, Rn. 28.
  33. BGHZ 63, 369, 376 f = NJW 1975, 970, 972; BGH BB 1967, 96; Flume AT II § 24, 3 a; aA BGHZ 72, 252 = NJW 1979,160, 161; OLG Stuttgart NJW 1989, 2547.
  34. შდრ. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts, 3. Aufl., 1979, II § 24, 3 a.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_74._შეცდომა_კონტრაჰენტის_პიროვნებაში&oldid=1476"