Gccc-logo.png


მუხლი 75. შეცდომა უფლებაში

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 75. შეცდომა უფლებაში


თორნიკე დარჯანია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

შეცდომა უფლებაში არსებითი მნიშვნელობისაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი გარიგების დადებისას ერთადერთი და მთავარი საფუძველი იყო.



1

უფლებაში შეცდომის სახე სხვადასხვა კუთხითაა განხილული ლიტერატურაში. ერთი მოსაზრების მიხედვით, 75-ე მუხლში მოწესრიგებულ უფლებაში შეცდომა გულისხმობს სამართლებრივ შედეგებში შეცდომას,[1] ხოლო მეორე მოსაზრების მიხედვით, 75-ე მუხლს არ აქვს დამატებითი შინაარსი და შესაძლებელია მოაზრებულ იქნეს ან 74-ე მუხლის მოწესრიგების სფეროში, ან ჩაითვალოს მოტივში დაშვებულ არაარსებით შეცდომად, რომელიც არ იძლევა შეცილების უფლებას.[2]

2

ზოგადი თვალსაზრისით, სამართლებრივ შედეგებში შეცდომა მოცემულია მაშინ, როდესაც სამართლებრივი გარიგება (გამოვლენილი ნება) სასურველისგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს იწვევს.[3] მაგალითად, მაშინ, როდესაც პირი დებს ნასყიდობის ხელშეკრულებას, თუმცა, არ იცის, რომ როგორც გამყიდველი პასუხს აგებს ნაკლის გამო წარმოშობილი მოთხოვნებისთვის 494-ე და შემდგომი მუხლების მიხედვით; ან მეწარმე დუმილით პასუხობს პარტნიორს ოფერტზე მაშინ, როდესაც არ იცის, რომ 335 I მუხლის თანახმად, მისი დუმილი ოფერტზე აქცეპტად ჩაითვლება. ამ შემთხვევებში სახეზეა სამართლებრივ შედეგებში შეცდომა. 75-ე მუხლის მოწესრიგების მიზანს წარმოადგენს იმის გარკვევა, სამართლებრივ შედეგებში დაშვებული რომელი შეცდომა ჩაითვლება არსებითად, რომელიც შეიძლება იძლეოდეს შეცილების საფუძველს.

3

სამართლებრივ შედეგებში დაშვებული შეცდომა ემსგავსება ასევე შინაარსში დაშვებულ შეცდომას:[4] ნების გამომვლენმა არ იცის სამართლებრივი შედეგის შესახებ, შესაბამისად, ის ცდება თავისი ნების შინაარსში. ამასთანავე, სამართლებრივ შედეგებში დაშვებული შეცდომა შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც მოტივში დაშვებულ არაარსებით შეცდომად და შესაბამისად, არ იძლეოდეს შეცილების საფუძველს: სამართლებრივი მდგომარეობის არასწორი ცოდნა იყო ნების გამოვლენის მოტივი. თუ როდის ჩაითვლება სამართლებრივ შედეგებში დაშვებული შეცდომა არსებითად, ამაზე პასუხს იძლევა 75-ე მუხლის მოწესრიგება, რომლის თანახმადაც, შეცდომა უფლებაში ... „გარიგების დადებისას ერთადერთი და მთავარი საფუძველი უნდა იყოს“. როგორც ვხედავთ, 75-ე მუხლი აწესებს მკაცრ მასშტაბს შეცილების უფლების განხორციელებისათვის.

შესაბამისად, აქ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ სამართლებრივი შედეგები, რომლებსაც ნების გამოვლენა პირდაპირ ან არაპირდაპირ იწვევს. მე-2 ველში მოცემულ მაგალითში ნების გამომვლენის მიერ გამოვლენილი ნების პირდაპირი სამართლებრივი შედეგია ნასყიდობის ხელშეკრულება. არაპირდაპირი შედეგი კი შესაძლოა იყოს ნასყიდობის ნივთის ნაკლის გამო წარმოშობილი მოთხოვნები 494-ე და შემდგომი მუხლების თანახმად. შესაბამისად, 75-ე მუხლის მოწესრიგებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამართლებრივ შედეგებში დაშვებული შეცდომა მაშინაა არსებითი და იძლევა შეცილების საფუძველს, როდესაც ის ნების გამოვლენის შინაარსშია შეტანილი და მასთან პირდაპირაა დაკავშირებული (როდესაც იგი „ერთადერთი და მთავარი საფუძველია“).[5] მაგალითად, პირი აცხადებს, რომ ყიდის თავის მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას, მაშინ, როდესაც მხოლოდ სახლისა და მასში არსებული ნივთების გაყიდვა უნდა და არა იმ ნაკვეთისაც, რაზეც სახლი დგას.[6]

ამისგან განსხვავებით, თუ ნების გამომვლენი შეცდომას უშვებს იმ სამართლებრივ შედეგებში, რომლებიც პირდაპირ არ გამომდინარეობს ნების გამოვლენიდან, არამედ კანონით დაკავშირებულია მის ნების გამოვლენას- თან, მაშინ სახეზე არ გვექნება შინაგან ნებასა და გამოვლენილ ნებას შორის კონფლიქტი, ვინაიდან არაპირდაპირი შედეგის დადგომა მის ნებაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ კანონის საფუძველზე დგება (როგორც ეს მაგ., მე-2 ველში მოცემულ მაგალითებში იყო).[7] შესაბამისად, შეცილების უფლება გამორიცხულია.

იგივე წესი მოქმედებს ასევე მაშინ, როდესაც, მაგალითად, ფეხმძიმე დასაქმებული ხელშეკრულებას წყვეტს დამსაქმებელთან და არ იცის, რომ ამით კარგავს შრომის კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ სადეკრეტო ანაზღაურებაზე მოთხოვნას.[8]




  1. მაგ., ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 75, გვ. 231; იზიარებს ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 372.
  2. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 332-333; ნაწილობრივ იზიარებს ჯორბენაძე, გარიგებაში დაშვებული შეცდომის სახეები საქართველოსა და გერმანიის სამოქალაქო კოდექსების მიხედვით, მართლმსაჯულება და კანონი, #4-11, გვ. 86.
  3. MüKo/Armbrüster, 6. Auflage 2012, § 119, Rn. 84.
  4. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 75, გვ. 232.
  5. MüKo/Armbrüster, 6. Auflage 2012, § 119, Rn. 81 ff.
  6. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 372.
  7. Medicus, AT des BGB, 10. Aufl, S. 310, Rn. 751.
  8. იხ. მსგავსი მიდგომა BAG NJW 1983, 2958.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_75._შეცდომა_უფლებაში&oldid=1480"