Gccc-logo.png


მუხლი 77. კონტრაჰენტის თანხმობა შეცდომით დადებულ გარიგებებში

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 77. კონტრაჰენტის თანხმობა შეცდომით დადებულ გარიგებებში


თორნიკე დარჯანია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

შეცდომით ნების გამოვლენა არ შეიძლება საცილო გახდეს, თუკი მეორე მხარე თანახმაა შეასრულოს გარიგება იმ მხარის სურვილის თანახმად, რომელსაც სურს საცილო გახადოს გარიგება.

I. ნორმის არსი

1

განსახილველი ნორმა აწესრიგებს ე.წ. კონვერსიის შესაძლებლობას შეცდომით დადებული გარიგების შემთხვევებში.[1] შეცილების უფლება გამოირიცხება, თუ ნების გამოვლენის ადრესატი თანახმაა შეასრულოს ხელშეკრულება ისე, როგორც ეს სინამდვილეში სურდა ნების გამოვლენაში შეცდომის დამშვებ პირს. ამ დროს სახეზეა კონვერსია და ხელშეკრულება შეიძენს იმ შინაარსს, რაც შეცდომაში მყოფ ნების გამომვლენს სურდა. მაგალითად, „ა-ს“ სურს „ბ-ს“ მიჰყიდოს საგვარეულო ბრილიანტის ბეჭედი 9 000 ლარად. ელექტრონული ფოსტით მიმოწერისას იგი უშვებს ნების გამოვლენის ნიშნებში შეცდომას და შეცდომით, 9 000 ლარის ნაცვლად დაწერს 900 ლარს. მაშინ, როდესაც „ბ“ სიხარულით უპასუხებს „ა-ს“ ბეჭდის შეძენასთან დაკავშირებით, „ა“ დაუყოვნებლივ მისწერს შეცდომისა და შეცილების თაობაზე. მიუხედავად შეცილებისა, „ბ“ მაინც თანახმაა გადაიხადოს 9 000 ლარი, ვინაიდან მისთვის საგვარეულო ბეჭედს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ამ შემთხვევაში „ა-ს“ ერთმევა შეცილების უფლება მის მიერ ნების გამოვლენის ნიშნებში დაშვებული შეცდომის გამო.

2

მიუხედავად იმისა, რომ ნორმა პირდაპირ არ ითვალისწინებს, თუ რა ვადაში უნდა განაცხადოს ხელშეკრულების მეორე მხარემ თანხმობა შეცვლილ პირობაზე, მიზანშეწონილია რომ ამგვარ პერიოდად დაყოვნებლივი (მაშინვე განხორციელებული) განცხადება უნდა მივიჩნიოთ.[2] იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მხარე შეცილების განცხადებას უგულებელყოფს, იგი მოგვიანებით ვერ მოითხოვს ნების გამომვლენისგან ნების გამოვლენის კონვერსირებას.[3]

3

იმ შემთხვევაში, თუ ნების ფორმირება თვითონ შეცდომითაა განპირობებული, მაგალითად, მაშინ, როდესაც სახეზეა თვისებებში დაშვებული შეცდომა, ყოველთვის ვერ იქნება დასაშვები 77-ე მუხლით კონვერსია მაშინაც კი, თუ მეორე მხარე ამაზე თანახმაა. მაგალითად, „ა“ ყიდულობს „ბ-სგან“ ლადო გუდიაშვილის ნახატის ასლს, რომელიც შესრულებულია სხვა მხატვრის მიერ. სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ ნახატი ორიგინალია და ლადო გუდიაშვილის მიერ პირადადაა შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ „ბ“ თანახმაა გადაიხადოს უფრო მაღალი თანხა ნახატისთვის, „ა“ მაინც აცხადებს შეცილებას და სურს ნახატის უკან დაბრუნება. ამ შემთხვევაში შესაძლოა დადგენილიყო შეცდომაში მყოფი პირის (გამყიდველის) ჰიპოთეტური ნება: რა ნებას გამოავლენდა გამყიდველი, თუ მას ეცოდინებოდა, რომ ნახატი ორიგინალია? ვინაიდან ასეთ შემთხვევებში მხარის (ჰიპოთეტური) ნამდვილი ნების დადგენა თითქმის შეუძლებელია, მოიაზრება ხელშეკრულების კონვერსია მე-60 მუხლის თანახმად, თუმცა, მხოლოდ მაშინ, თუ დადგინდება, რომ ორივე მხარე გარიგების ნაკლოვანების ცოდნისას (ჰიპოთეტურად) დადებდნენ ხელშეკრულებას სხვა შინაარსით.[4]

II. შეცილების უფლების გამორიცხვა კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძვლით

4

შეცილების უფლების გამორიცხვა 77-ე მუხლის მიხედვით ეფუძნება კეთილსინდისიერების ზოგად პრინციპს.[5] შეიძლება გამოიყოს შეცილების რამდენიმე შემთხვევა, სადაც ის კეთილსინდისიერების პრინციპის გამო გამოირიცხებოდა. ასეთია მაგალითად, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობების შემთხვევა, როდესაც, მართალია, შეცილების საფუძველი ხელშეკრულების დადების მომენტისათვის სუბიექტურად და ობიექტურად არსებობდა, თუმცა, ხელშეკრულების მსვლელობის პერიოდში გაქრა: ამ წესის შესაბამისად, არ იარსებებს შრომითი ხელშეკრულების შეცილების უფლება მაშინ, როდესაც (მაგ.) პიროვნებაში დაშვებული შეცდომა მუშაობის მრავალწლიანი პერიოდის შემდგომ უმნიშვნელო იქნება.[6]

III. უცხო ქვეყნებსა და საერთაშორისო ნორმებში არსებული დანაწესები

5

77-ე მუხლის მსგავს მოწესრიგებას და კეთილსინდისიერების პრინციპით შეცილების უფლების გამორიცხვას იცნობს სხვადასხვა კანონმდებლობა. მაგალითად, შვეიცარიის ვალდებულებითი სამართლის 25-ე მუხლი, საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 1432-ე მუხლი, საერთაშორისო სავაჭრო ჩვეულებების ე.წ. UNIDROIT Principles-ის 3.13 მუხლი. შეცილების უფლების შეზღუდვა კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე შესაბამისად მოქმედებს ქართულ სამართალშიც, ვინაიდან შეცდომის გამო შეცილების უფლება მხარეს არ უნდა აძლევდეს ხელშეკრულებიდან დაძვრომის დამალულ უფლებას. შეცდომის დამშვები პირი დაარღვევდა 8 III მუხლში განმტკიცებულ კეთილსინდისიერების პრინციპს (venire contra factum proprium), თუ ის ხელშეკრულების არსებობას უარყოფდა იმ შინაარსით, რაც მას თავდაპირველად სურდა.




  1. MüKo/Armbrüster, 7. Auflage 2015, § 119, Rn. 141 ff.
  2. Honsell/Vogt/Wiegand (Hrsg), Basler Komm zum Schweizerischen Privatrecht, 3. Auflage, OR Art. 25 Rn. 8.
  3. იქვე.
  4. MüKo/Armbrüster, 7. Auflage 2015, § 119, Rn. 141.
  5. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 77, გვ. 233.
  6. MüKo/Armbrüster, 7. Auflage 2015, § 119, Rn. 142.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_77._კონტრაჰენტის_თანხმობა_შეცდომით_დადებულ_გარიგებებში&oldid=1485"