Gccc-logo.png


მუხლი 78. წვრილმანი შეცდომები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 78. წვრილმანი შეცდომები


თორნიკე დარჯანია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

წვრილმანი შეცდომები გამოანგარიშებებში ან წერილობით განხორციელებულ ნების გამოვლენაში იძლევა მხოლოდ შესწორების, მაგრამ არა შეცილების უფლებას.

I. ნორმის მიზანი

1

შეცდომით დადებული გარიგების გამო შეცილების უფლების გამორიცხვის კიდევ ერთ შემთხვევას განსაზღვრავს 78-ე მუხლი, რომლის მიზანი არა რომელიმე შეცდომის სახის, არამედ ნებისმიერი სახის შეცდომის არაარსებითობის მოწესრიგებაა.[1] აღნიშნული გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა წვრილმანი შეცდომა. თუ რა უნდა ჩაითვალოს წვრილმან შეცდომად, ნორმა არ იძლევა პირდაპირ განმარტებას. ამიტომ, წვრილმანი შეცდომის შეფასება უნდა მოხდეს სამოქალაქო ბრუნვის გათვალისწინებით, ობიექტური ფაქტორების შესაბამისად.[2] წვრილმანი შეცდომის განსაზღვრისას ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ნივთის საბაზრო ღირებულებასა და დაშვებული შეცდომის გამოსწორების სიმარტივეს.[3] აქვე გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმ შედეგის სიმძიმე, რაც მეორე მხარეს გამოსწორების შედეგად შეიძლება დააწვეს. ნორმის მიზანი, 77-ე მუხლის მსგავსად, უკავშირდება კეთილსინდისიერების პრინციპს და მისი მიზანია დაიცვას ხელშეკრულების მხარე მცირედი შეცდომის გამო ხელშეკრულების გაბათილების შედეგისაგან.

II. შეცდომა გამოანგარიშებებში

2

შეცდომა გამოანგარიშებაში მოცემულია მაშინ, როდესაც ნების გამომვლენი პირი შეცდომას უშვებს მის მიერ დასახელებული თანხის (მაგ., ნასყიდობის თანხა, ქირა, იჯარა და ა.შ.) ან დაანგარიშების ფაქტორთან დაკავშირებით (მაგ., სხვა ვალუტის გაცვლის კურსი, გასაქირავებელი ფართის კვადრატულობა და ა.შ.). ზოგადი თვალსაზრისით, გამოთვლაში შეცდომა არ იძლევა არც შეცილებისა და არც შეცდომის გამოსწორების საფუძველს, ვინაიდან, თუ პირი თვითონ არასწორად დაიანგარიშებს, ამის საფუძველზე დაადგენს ფასს და შესთავაზებს მეორე მხარეს, თავის თავზე იღებს დაანგარიშებაში შეცდომის დაშვების რისკს.[4] წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებდით აბსურდულ სამართლებრივ მდგომარეობას, როდესაც მხარეს შეეძლებოდა ფასის ცალმხრივად არასწორი დაანგარიშების გამო ხელშეკრულებასთან მიმართებით ნებისმიერ დროს შეცილება. ერთ-ერთი მოსაზრებით, გამოთვლაში მხარის დაშვებული შეცდომა უთანაბრდება მოტივში დაშვებულ შეცდომას, რაც თავისთავად არ იძლევა შეცილების საფუძველს.[5] 78-ე მუხლის მიხედვით, გამოანგარიშებებში დაშვებული შეცდომის გამოსწორების მოთხოვნის უფლება მხარეს წარმოეშობა მაშინ, როდესაც გამოთვლის მეთოდი ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია. მაგალითად, მხარეები თანხმდებიან, რომ ბინის ნასყიდობის ფასია X თანხა დოლარში გადახდის დღისთვის ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით ლარში, ხოლო ერთ-ერთი მხარე ეროვნული ბანკის კურსს შემთხვევით შეცდომით უთითებს. ასეთი შეცდომის მოგვიანებით აღმოჩენა იძლევა შესწორების და არა შეცილების საფუძველს.

3

იმ შემთხვევაში, როდესაც დაანგარიშების საფუძველი არ არის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი, გამოირიცხება 78-ე მუხლის მოქმედება. ამ დროს, როგორც ზემოთ აღინიშნა, სახეზეა დაფარული შეცდომა დაანგარიშებაში, რაც ნების გამომვლენის რისკის სფეროშია და განიხილება მოტივში დაშვებულ შეცდომად. ზოგ შემთხვევაში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელშეკრულების ორივე მხარე ცდება გამოთვლაში (მაგ. მხარეს მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა შედგენილი აქვს „მაიქროსოფთ ექსელის“ ცხრილში, ციფრები სწორად შედგენილი, თუმცა, „მაიქროსოფთ ექსელის“ პროგრამაში ფორმულა არასწორადაა გაწერილი, რის გამოც საბოლოო თანხა არასწორია), შესაძლოა, სახეზე იყოს 73 „გ“ მუხლის მიხედვით შეცილების უფლება.

4

იმ შემთხვევაში, როდესაც ნების გამოვლენის ადრესატმა იცის გამოთვლაში დაშვებული შეცდომის შესახებ ან არაკეთილსინდისიერად დაუშვებს ამის ცოდნის შესაძლებლობას, მოიაზრება, რომ სახეზეა მისი მხრიდან უფლების ბოროტად (დაუშვებლად) გამოყენება, თუ ის მხარის მიერ არასწორად დაანგარიშებულ შეთავაზებაზე თანხმობას განაცხადებს.[6] იგი განსაკუთრებით მაშინ არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, როდესაც ხედავს, რომ დაანგარიშებაში დაშვებული შეცდომა ნების გამომვლენისთვის მძიმე ფინანსური შედეგის მომტანია.[7]




  1. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 339.
  2. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 77, გვ. 235.
  3. ჯორბენაძე, გარიგებაში დაშვებული შეცდომის სახეები საქართველოსა და გერმანიის სამოქალაქო კოდექსების მიხედვით, მართლმსაჯულება და კანონი #4-11, გვ. 78.
  4. იხ. მაგ. გერმანული სასამართლოების პრაქტიკა BGH NJW 1998, 3192, 3193; NJW-RR 1987, 1306, 1307; NJW-RR 1986, 569, 570; OLG Köln BeckRS 2012, 18441.
  5. Heinrichs, in Palandt BGB Komm. 66. Aufl., § 119 Rn. 19 ff.
  6. იქვე. იხ. ასევე გერმანიის სასამართლო პრაქტიკა BGH NJW 1998, 3192, 3194; NJW 1983, 1671, 1672.
  7. იხ. იქვე.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_78._წვრილმანი_შეცდომები&oldid=1487"