Gccc-logo.png


მუხლი 79. შეცილების ნამდვილობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 79. შეცილების ნამდვილობა


თორნიკე დარჯანია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.

2. თუ გარიგება საცილო გახდა და შეცდომა გამოწვეულია შეცილების უფლების მქონე პირის დაუდევრობით, მაშინ იგი ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს გარიგების ბათილობით წარმოშობილი ზიანი. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი მეორე მხარემ იცოდა შეცდომის შესახებ, ან ეს უცნობი იყო მისთვის დაუდევრობის გამო.

I. ნორმის მიზანი

1

79-ე მუხლი შეცილების ვადასთან ერთად აწესრიგებს შეცილების შემთხვევებში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას. 79 I მუხლში მოხსენიებული შეცილების ვადა ვრცელდება 72-80-ე მუხლების მიმართ და იგი არ გამოიყენება მოტყუებით ან იძულებით დადებული გარიგებების შეცილებისას, სადაც განსხვავებული, სპეციალური ვადებია დაწესებული.

2

მაშინ, როდესაც მოცემულია 72-80-ე მუხლებით განსაზღვრული არსებითი შეცდომა, გარიგება არ ხდება ავტომატურად ბათილი, არამედ მოითხოვება უფლებამოსილი პირის მიერ მისი შეცილება. შეცილება ხდება ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით, რაც გარიგებას ბათილად აქცევს საწყისი მომენტიდან. ეს კონსტრუქცია სამართლებრივად არა მხოლოდ იმიტომაა გამართლებული, რომ კერძო ავტონომიის ფარგლებში ყოველი მხარე თვითონ არის საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებელი და ამასთან ერთად, მეორე მხარის გარიგების ნამდვილობისადმი ნდობის პრინციპი უნდა იქნეს დაცული, არამედ თვითონ შეცდომაში მყოფი პირიც შესაძლოა დაინტერესებული იყოს გარიგების ნამდვილობის შენარჩუნებით. ასეთი შემთხვევა შესაძლოა მოცემული იყოს, მაგალითად, მაშინ, როდესაც გარიგების საგანი ბაზარზე გაძვირდება ან დეფიციტში აღმოჩნდება.

II. შეცილების გამორიცხვა ვადის გასვლით (79 I)

1. შეცილების ვადა

3

79 I მუხლი შეცილების ვადად განსაზღვრავს ერთ თვეს იმ მომენტიდან, როდესაც შეცილებაზე უფლებამოსილი პირი შეიტყობს შეცილების საფუძვლის შესახებ. განსხვავებით სხვა ქვეყნების მოწესრიგებისაგან, სადაც შეცილებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ[1] შეატყობინოს მეორე მხარეს შეცილება, ქართველმა კანონმდებელმა შეცილებისთვის გონივრულ ვადად მიიჩნია ერთი თვე. ვადების ამგვარ განსაზღვრას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. კერძოდ, დადებითია ის, რომ მარტივია ვადის გამოთვლა და სასამართლოს მოუწევს მხოლოდ დაადგინოს ის ფაქტი, თუ როდის გახდა შეცილებაზე უფლებამოსილი პირისთვის ცნობილი შეცილების საფუძვლის შესახებ, მაშინ, როდესაც, მაგალითად, გერმანულ სამართალში ყოველთვის სადავოა ის, თუ რამდენად „დაუყოვნებლივ“ შეატყობინა ერთმა მხარემ მეორეს. უარყოფითი ფაქტორი არის ის, რომ შეცილებაზე უფლებამოსილ პირს ეძლევა შეცილების უფლებით სპეკულირების შესაძლებლობა ისეთ ხელშეკრულების საგნებთან, რომლებიც ექვემდებარებიან ფასთა ხშირ ცვალებადობას. ამ შემთხვევებში არაკეთილსინდისიერ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა შეცილება არა იმწამსვე განახორციელოს, არამედ ერთი თვის განმავლობაში დაელოდოს მის სასარგებლოდ მდგომარეობის შეცვლას, რამაც შესაძლოა მეორე მხარე დააზარალოს. ასეთ შემთხვევაში შეცილებაზე უფლებამოსილი პირის მოქმედება შესაძლოა შეფასდეს 115-ე მუხლით უფლების ბოროტად გამოყენებად და ზოგ შემთხვევაში მას დაეკისროს ზიანის ანაზღაურებაც. მაშასადამე, შეცილების საფუძვლის არსებობისას, შეცილების განცხადება მხარის მოვალეობაა, რომელიც მას ეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილი აქვს გარიგების შეცილება.

4

შეცილების უფლების მიმართ მოქმედებს 128 III მუხლით განსაზღვრული საერთო ხანდაზმულობის ვადა.[2] ეს ნიშნავს იმას, რომ მხარეს 10 წლის განმავლობაში აქვს შეცილების უფლება, თუ იგი შეიტყობს შეცილების საფუძვლის შესახებ.

2. ვადის დენის დასაწყისი

5

შეცილების ვადის დენა იწყება მაშინ, როდესაც შეცილებაზე უფლებამოსილი პირი შეიტყობს შეცილების საფუძვლის შესახებ. მნიშვნელობა არ ენიჭება იმას, პირმა იცის თუ არა, თუ რომელი კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლით აქვს შეცილების უფლება ან რამდენად განხორციელებადია ეს საფუძველი.[3] იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მხარეს ვარაუდი ან ეჭვი აქვს შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ, შეცილების ვადის დენა არ იწყება.[4] თუმცა, მეორე მხრივ, არ არის აუცილებელი, რომ მხარემ საფუძვლის არსებობის შესახებ სრული ჭეშმარიტება იცოდეს. საკმარისია, თუ შეცილებაზე უფლებამოსილი პირი „სანდო ინფორმაციის“ საფუძველზე აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია, რაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი მას ვეღარ ექნებოდა.[5] შეცილებაზე უფლებამოსილ პირს ასევე არ ეკისრება რაიმე ვალდებულება, რომ ჩაატაროს კვლევა სავარაუდოდ არსებული შეცილების საფუძვლის შესახებ.[6] ზემოთქმულის პარალელურად აღსანიშნავია, რომ შეცდომის დაუდევრობით არცოდნაც არ იძლევა შეცილების ვადის დენის საფუძველს.[7]

6

წარმომადგენელის მიერ შეცილების საფუძვლის ცოდნა შეერაცხება შეცილებაზე უფლებამოსილ წარმოდგენილ პირს (არგ. 166 I), იმის გათვალისწინებით, თუ რა მოცულობით არის წარმომადგენელი პირი მინდობილობის საფუძველზე შეცილებაზე უფლებამოსილი.[8]

3. მტკიცების ტვირთი და სამართლებრივი შედეგი

7

იმ შემთხვევაში, თუ შეცილების ადრესატი მხარე უთითებს, რომ შეცილების განცხადება ვადის დარღვევით იქნა გაცხადებული, მაშინ მან უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შეცილებაზე უფლებამოსილი პირის მიერ შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტი,[9] ხოლო თავის მხრივ შეცილებაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა დაასაბუთოს შეცილების საფუძვლის არსებობა და დაამტკიცოს, რომ შეცილება ერთი თვის ვადაში განახორციელა.[10]

8

79 I მუხლით გათვალისწინებული შეცილების ვადა უნდა შემოწმდეს ნორმის შემფარდებელი ორგანოს (მაგ., სასამართლო) მიერ საკუთარი ინიციატივით.[11] ვადის გასვლის შემდგომ შეცილების უფლება ქარწყლდება და შეცილების განცხადება სამართლებრივი შედეგის არმქონეა.

III. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (79 II)

1. ზიანის ანაზღაურების უფლების შინაარსი

9

79 II მუხლის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის დაცვა, სადაც ნორმა იცავს იმ პირის ინტერესს, რომელსაც 72-80-ე მუხლების საფუძველზე შეცილებული გარიგების ნამდვილობის მიმართ ნდობა გააჩნდა. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულია ის პირი, რომელმაც კონტრაჰენტის გარიგების ნამდვილობის მიმართ არსებული ნდობა დაარღვია. ამ დროს სახეზეა პასუხისმგებლობა უსაფუძვლო ნდობის გაჩენისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარემ თავისი ნების გამოვლენის ნაკლოვანებით წარმოშობილი რისკებით შეიძლება გამოიწვიოს მეორე მხარის მიერ კონკრეტული ქმედების ან უმოქმედობის განხორციელება, რისთვისაც ის პასუხს აგებს, მიუხედავად იმისა, მიუძღვის თუ არა ბრალი შემდგომში კონკრეტული შედეგის დადგომაში. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების წინაპირობა არაა ვალდებული პირის ბრალეულობა.

10

კანონის ტექსტის მიხედვით, საქმე ეხება ზიანის ანაზღაურების ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც გამომდინარეობს მხარის მიერ დაშვებული შეცდომიდან, კერძოდ, 72-ე-80 მუხლების შემადგენლობიდან. თუმცა, 79 II მუხლის მოქმედება შესაძლებელია გავრცელდეს ასევე ე.წ. „მოქმედების საკუთარი სფეროდან“ წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების სხვა კანონით განსაზღვრულ და ასევე განუსაზღვრელ შემთხვევებზე.[12] ასეთი შემთხვევები, შესაძლოა, იყოს შემდეგი: ა) 79 II შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაშინ, როდესაც ნების გამოვლენა მხარისგან გაუთვითცნობიერებლად გავა მისი სფეროდან (მაგ., მაგიდაზე დატოვებულ წერილს მდივანი აგზავნის შეცდომით ხელმძღვანელისგან დაუკითხავად). ამ დროს, თუ მეორე მხარეს მიადგება რაიმე ზიანი, უფლება ექნება ანაზღაურება მოითხოვოს 79 II მუხლის მიხედვით;[13] ბ) 79 II მუხლის მოქმედების სფეროში შესაძლოა მოხვდეს ასევე ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთმა მხარემ მეორეს დასაბუთებული ნდობა გაუჩინა, რომ ხელშეკრულება დაიდებოდა,[14] რის გამოც მეორე მხარემ ხელშეკრულების დადების მოლოდინში გასწია ხარჯები, თუმცა, პირველმა მხარემ (არაბრალეულად) ხელშეკრულება არ დადო. 317 II მუხლის მიხედვით პასუხისმგებლობისაგან გამიჯვნისათვის: 79 II მუხლისგან განსხვავებით, 317 II მუხლი მოითხოვს ბრალეულობის არსებობას. თუმცა, 79 II და 317 II მუხლები ყოველთვის არ გამორიცხავს ერთმანეთს და შესაძლოა ზოგ შემთხვევაში მოცემული იყოს ორივე ნორმის გამოყენების სფერო; გ) 79 II მუხლის მოქმედების ფარგლებში მოიაზრება ასევე შემთხვევა, როდესაც ქმედუუნარო წარმომადგენლის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანი ნების გამო მესამე პირს მიადგება ზიანი. ამ შემთხვევაში პასუხს აგებს წარმოდგენილი პირი, ვინაიდან შეცდომა მისი მოქმედების სფეროდან გამომდინარეობს;[15] დ) 79 II მუხლის გამოყენება შეიძლება მოიაზრებდეს ვალდებულების შესრულებას საწყისი შეუძლებლობის შემთხვევებში, მაშინ, როდესაც, მაგალითად, გარიგების საგანი ხელშეკრულების დადებამდე განადგურდა.[16]

2. წინაპირობები

ა) გარიგების ბათილობა

11

79 II მუხლის გამოყენების წინაპირობაა 72-80-ე მუხლების მიხედვით გარიგების ნამდვილი შეცილება, რომლის მიხედვითაც გარიგება საწყისი მომენტიდან ბათილდება. ნორმა არ გამოიყენება მოტყუებით ან იძულებით დადებული გარიგების შეცილების შემთხვევებში.

ბ) ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილი და ვალდებული პირები

12

79 II მუხლის მიხედვით ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულია ის პირი, რომლის ნების გამოვლენაც 72-80-ე მუხლების მიხედვით საცილოს ხდის გარიგებას; წარმომადგენლობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულია წარმოდგენილი პირი.

13

მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის შემთხვევებში ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილია ის პირი, რომელმაც მიიღო გამოვლენილი ნება. ეს წესი მოქმედებს ასევე მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაშიც. არამიღებასავალდებულო ნების გამოვლენის შემთხვევებში ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილია ნებისმიერი პირი, რომელსაც ნდობა გაუჩნდა გამოვლენილი ნების სისწორის მიმართ და ამის გამო ზიანი მიადგა.

14

თვითონ ნების გამომვლენი პირი არ არის ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილი; თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც მან (საწყისი მომენტიდან) ბათილი გარიგების საფუძველზე მეორე მხარის მიმართ (სასარგებლოდ) გასწია დანახარჯი, შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მისი ანაზღაურება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე შეცილების საფუძველს ბრალეულად გამოიწვევს, გამოირიცხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა 79 II მუხლის მიხედვით.

გ) მიზეზობრივი კავშირი

15

79 II მუხლის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა მიზეზობრივი კავშირის არსებობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მეორე მხარის (შეცილების ადრესატის) ან მესამე პირისადმი წარმოშობილი ზიანი უნდა იყოს მიზეზობრივ კავშირში გარიგების არსებობის მიმართ ნდობის ხელყოფასთან. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, მეორე მხარისადმი წარმოშობილი ზიანი უნდა მომდინარეობდეს გარიგების ნამდვილობის მიმართ არსებული მისი ნდობის დარღვევიდან. 79 II 2 მუხლის მიხედვით, ეს შემთხვევა არ არის სახეზე მაშინ, როდესაც „მეორე მხარემ იცოდა შეცდომის შესახებ, ან ეს უცნობი იყო მისთვის დაუდევრობის გამო“. „დაუდევრობაში“ იგულისხმება მეორე მხარის მიერ შეცილების საფუძვლის ბრალეული არცოდნა. სწორედ ამიტომ, გარიგების ორივე მხარის მიერ შეცილების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა 79 II 1 მუხლის მიხედვით გამოირიცხება, ვინაიდან ვერც ერთი მხარე ვერ მიუთითებს იმაზე, რომ მას ნდობა გარიგების ნამდვილობის მიმართ გააჩნდა.

3. ზიანის ანაზღაურების მოცულობა

16

ზიანის ანაზღაურების ოდენობის გამოთვლისთვის გამოიყენება ზიანის ანაზღაურების შესახებ კოდექსის ცენტრალური ნორმა − 394 I მუხლი. იმ შემთხვევაში, თუ ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილი პირი დაარღვევს გულისხმიერების პრინციპს, რომლის მიხედვითაც თავისი მოქმედებით ევალება ზიანის შემცირების ვალდებულება (მაგ., მიიღოს ზომები, რომ ზიანის ოდენობა არ გაიზარდოს), მაშინ პასუხისმგებლობა (და შესაბამისად ზიანის ოდენობა) განისაზღვრება თანაბრალეულობის შესახებ 415-ე მუხლით.

17

79 II 1 მუხლის მიხედვით, ანაზღაურებადი ზიანის ფარგლები შეზღუდულია. ანაზღაურდება ის ზიანი, რომელიც მხარეს წარმოეშვა იმის შედეგად, რომ ენდო მეორე მხარის გამოვლენილი ნების ნამდვილობას. ანუ, ანაზღაურდება ე.წ. „ნდობის გაუმართლებლობიდან წარმოშობილი ზიანი“ (ნეგატიური ინტერესი) და არა გარიგების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი.[17] ე.წ. „ნდობის გაუმართლებლობიდან წარმოშობილი ზიანის“ ქვეშ უნდა გავიგოთ ზიანი, რომელიც მხარეს იმის შედეგად წარმოეშობა, რომ ენდო პარტნიორის წინადადებას და სამართლებრივ ბოჭვაში შევიდა მასთან. ზიანის ანაზღაურებამ მას უნდა აღუდგინოს ის მდგომარეობა, რომელშიც ის იქნებოდა, საერთოდ რომ არ დაედო გარიგება. შესაბამისად, ანაზღაურებადი ზიანი მოიცავს იმ ყველა ქონებრივ დანაკლისს, რაც დაზარალებულ პირს მას შემდეგ წარმოეშვა, რაც ნების გამოვლენის ნამდვილობას ენდო და მისი შემდგომი მოქმედება ამ ნდობის საფუძველზე განახორციელა.[18]

18

ზიანის ანაზღაურების განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ის, გაუარესდა თუ არა დაზარალებული პირის ქონებრივი მდგომარეობა იმ მოქმედებების შედეგად, რაც მან გარიგების ნამდვილობისადმი ნდობის გამო განახორციელა, ან თავი შეიკავა განხორციელებისგან.[19] შესაბამისად, ანაზღაურებადი ზიანი შეადგენს არა მხოლოდ გაწეულ დანახარჯებს, არამედ ასევე მოგებასაც, რომელიც დაზარალებულმა პირმა იმის შედეგად დაკარგა, რაც გარიგების ნამდვილობისადმი ნდობის გამო სხვა გარიგებაში არ შევიდა.[20] თუმცა, პირი, რომელსაც ზიანი ადგება გარიგების ბათილობის შედეგად, არ უნდა ჩადგეს იმაზე უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ის იქნებოდა, გარიგება რომ ნამდვილი ყოფილიყო. ამის გამო 79 II 1 მუხლის მიხედვით, არ ანაზღაურდება შესრულების ინტერესი (ე.წ. „პოზიტიური ინტერესი“). ამ უკანასკნელის ანაზღაურებისას ზიანის ისეთ სახესთან გვაქვს საქმე, რომელსაც პირი განიცდის იმის შედეგად, როდესაც ხელშეკრულება არ სრულდება. შესრულების ინტერესის ანაზღაურება პირს აყენებს ასევე ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც იგი იქნებოდა ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 79 II 1 მუხლის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისას, ზიანის ანაზღაურებადი ოდენობა იმ შემთხვევაშიც ვერ იქნება შესრულების ინტერესზე მეტი, როდესაც ის უფრო ნაკლებია, ვიდრე ნდობის ინტერესი (ე.წ. ნეგატიური ინტერესი). მაგალითად, მაშინ, როდესაც პირი შეცილებული გარიგების შედეგად 1000 ლარს მოიგებდა, ვერ მოითხოვს 2000 ლარის ზიანის ანაზღაურებას იმაზე მითითებით, რომ სხვა უფრო სარფიან გარიგებას დადებდა, რომ არ ჰქონოდა ნდობა (უკვე გაბათილებული) გარიგების ნამდვილობის მიმართ.

19

ზემოაღნიშნულ წესს შემდგომი დასაბუთება უდევს საფუძვლად: ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილი პირი ნების გამოვლენის შეცილების (გარიგების გაბათილების) შედეგად არ უნდა ჩადგეს იმაზე უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ის იქნებოდა, გარიგება საცილო რომ არ გამხდარიყო. საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს შეცილების უფლების გამოყენება უფრო მეტად დააზიანებდა, ვიდრე ამ უფლების გამოუყენებლობა, რაც უსამართლო იქნებოდა. შესაბამისად, უსამართლო იქნებოდა ისეთი ზიანის ანაზღაურება, რომელიც კონტრაჰენტის შესრულების ინტერესს ცდება.

4. ზიანის ანაზღაურების გამორიცხვა

20

79 II 2 მუხლის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გამოირიცხება მაშინ, როდესაც დაზარალებულმა პირმა იცოდა შეცდომის (გარიგების ბათილობის საფუძვლის) შესახებ ან ეს მისთვის უცნობი იყო დაუდევრობის გამო. ამ შემთხვევაში დაზარალებული პირის სამართლებრივი ინტერესი არ იმსახურებს დაცვას. წინადადებაში მოხსენიებული „არცოდნა დაუდევრობით“, გულისხმობს გაუფრთხილებლობით არცოდნას, რაც საერთო ცნებაა მთლიანი კერძო სამართლის სისტემისთვის. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის გამორიცხვისათვის საკმარისია ნებისმიერი სახის, მათ შორის მსუბუქი გაუფრთხილებლობის არსებობაც. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ უფლებამოსილი პირი სათანადო გულმოდგინების გამოვლენის შემთხვევაში შეამჩნევდა საცილოობის საფუძველს. ცოდნა ეხება გარიგების შეცილების საფუძვლის - „შეცდომის“ შესახებ ინფორმაციის ქონას და არა ნების გამომვლენის ნამდვილი ნების, იმ შემთხვევაში, თუ ნების მიმღები მიხვდა ნების გამომვლენის ნამდვილ ნებას. თუ შემდგომ იგი საცილო გახადა დაშვებული შეცდომის გამო, 79 II 1 მუხლის გამოყენების წინაპირობები ისედაც არ იქნება სახეზე. ამასთანავე, 79 II 2 მუხლის წინაპირობების არსებობა გამორიცხავს 415-ე მუხლის მოქმედებას.

5. ხანდაზმულობა

21

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ის ვადა, რაც გავრცელდებოდა იმ შესრულების მოთხოვნის მიმართ, გარიგება ბათილი რომ არ ყოფილიყო[21] — 3 წელი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ბათილი გარიგების შემთხვევაში 6 წელი.

6. მტკიცების ტვირთი

22

დაზარალებულმა პირმა უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს, რომ ნების გამოვლენის შეცილება ნამდვილია და ის ნების გამოვლენის ადრესატი ან მესამე (გარიგებასთან დაკავშირებული) პირია. მასვე ეკისრება იმისი დასაბუთებისა და მტკიცების ვალდებულება, რომ დაირღვა მისი ნების გამოვლენის (გარიგების) ნამდვილობისადმი არსებული ნდობა და გარიგების ბათილობის გამო მას მიადგა ზიანი. ნების გამომვლენმა პირმა კი, თავის მხრივ, უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს, რომ ა) სახეზეა 79 II 2 მუხლის მიხედვით ზიანის ანაზღაურების გამორიცხვის წინაპირობები; ბ) ზიანის ანაზღაურების მოცულობა შესრულების ინტერესის ზღვარს ცდება; გ) ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილმა პირმა დაარღვია ზიანის შემცირების ვალდებულება (415); დ) ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილმა პირმა (სრულად ან ნაწილობრივ) თავად გამოიწვია შეცილების საფუძველი.




  1. მაგ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 121-ე მუხლი.
  2. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 339; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 79, გვ. 236.
  3. Heinrichs, in Palandt BGB Komm. 66. Aufl., § 121 Rn. 2.
  4. დასახელებული ნაშრომი.
  5. შდრ. BGH DB 1967, 1807.
  6. Heinrichs, in Palandt BGB Komm. 66. Aufl., § 121 Rn. 2.
  7. იქვე.
  8. იქვე; იხ. ასევე BGH MDR 1965, 646.
  9. BGH WM 1983, 825, 826.
  10. Wendtland, Beck’scher Online-Kommentar BGB, § 121, Rn. 12.
  11. Heinrichs, in Palandt BGB Komm. 66. Aufl., § 121 Rn. 2.
  12. ნორმის გამოყენების სფეროსთან დაკავშირებით შეადარეთ MüKo/Armbrüster, 7. Auflage 2015, § 122, Rn. 4.
  13. MüKo/Armbrüster, 7. Auflage 2015, § 122, Rn. 6.
  14. შდრ. იქვე, Rn. 7.
  15. შდრ. იქვე, Rn. 8.
  16. შდრ. იქვე, Rn. 11.
  17. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 1999, გვ. 237.
  18. BGH NJW 1984 1950.
  19. BGH NJW 1984, 1950, 1951.
  20. იგივე გადაწყვეტილება.
  21. შდრ. BGHZ 57, 191, 196 = NJW 1972, 95.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_79._შეცილების_ნამდვილობა&oldid=1491"