Gccc-logo.png


მუხლი 8. კერძო სამართლის სუბიექტები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 8. კერძო სამართლის სუბიექტები


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ.

2. სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით.

3. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილ სინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი

1
მე-8 მუხლი სამი ნაწილისაგან შედგება და სამ მნიშვნელოვან დებულებას განამტკიცებს. პირველი, 8 I მუხლი, განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების წრეს; მეორე, 8 II მუხლი ადგენს კერძო სამართალში საჯარო სამართლის იურიდიული პირების მონაწილეობის პრინციპს, ხოლო მესამე, 8 III მუხლი, კი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს — კეთილსინდისიერების ვალდებულებას.[1]
მუხლის მიზანი, ერთი მხრივ, არის კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა წრის განსაზღვრა, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის შეფასების უნივერსალური შეფასების დადგენა. გარდა ამისა, მუხლი საკანონმდებლო პოლიტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვან დებულებას შეიცავს. 8 II მუხლი შესაძლებლად მიიჩნევს თავისი ბუნებით კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებას საჯარო სამართლითაც. მაგალითად, კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებაში სახელმწიფოს მონაწილეობის საკითხები შეიძლება საჯარო სამართლით მოწესრიგდეს.[2]

2. კავშირი სხვა ნორმებთან

2
მე-8 მუხლი შეიცავს ზოგადი ხასიათის დებულებებს და მათი კონკრეტიზაცია სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა ინსტიტუტში ან მუხლებში ხდება. ამიტომ, გამოყენების თვალსაზრისით რელევანტურია მუხლის დებულებების განხილვა მათთან კავშირში, მაგალითად, ფიზიკური პირების მონაწილეობა სამოქალაქო სამართალში მოწესრიგებულია 11-23-ე მუხლებში.
კეთილსინდისიერების ვალდებულების ანალიზისას საყურადღებოა 8 III მუხლის კავშირი სხვა ინსტიტუტებთან, მაგალითად, საკუთრების კეთილსინდისიერ შეძენასთან (187-ე მუხლი). ამ თვალსაზრისით კეთილსინდისიერების პრინციპი გამოიყენება მთლიანად კერძო სამართალში.

II. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (8 I)

3
8 I მუხლი განამტკიცებს კერძო სამართლის ერთ-ერთ ცენტრალურ დებულებას — კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს ნორმა მხოლოდ ზოგად დებულებას შეიცავს და მისი განხორციელებისათვის აუცილებელია დაკონკრეტება. მაგალითად, საკმარისი არ არის მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ ურთიერთობის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი. აუცილებელია, რომ ეს ფიზიკური პირი იყოს უფლებაუნარიანი (მე-11 მუხლი) და ქმედუნარიანი (მე-12 მუხლი).
4
8 I 2 მუხლის მნიშვნელოვანი მიზანი მდგომარეობს სუბიექტთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის განმტკიცებაში. ამ ასპექტით გამოყოფილია ოთხი კატეგორია სუბიექტებისა, რომელთა მიმართაც თანასწორუფლებიანობის პრინციპი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტები, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირები. ამ დებულების დაკონკრეტებაც სამოქალაქო კოდექსის თუ სხვა კანონების ცალკეულ დებულებებში ხდება, მაგალითად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა (25-ე მუხლი).
5
სამართლებრივი პრაქტიკისათვის მნიშვნელოვანია უცხო ქვეყნის იურიდიული პირების მონაწილეობა შიდასამართლებრივ ურთიერთობებში. კერძოდ, გასარკვევია, თუ რა ფორმით მონაწილეობენ ისინი ნაციონალურ სამართალში — ფილიალის ან წარმომადგენლობის მეშვეობით (მაგალითად, 28-ე მუხლი) ან შვილობილი საზოგადოების დაფუძნებით ანდა ამის გარეშე. ამ საკითხის გარკვევა რელევანტურია ასევე სამოქალაქო პროცესისათვის.
6
8 I მუხლი კავშირშია ასევე 10 I მუხლთან, რომელიც სამოქალაქო უფლებების პოლიტიკური უფლებებისაგან, მაგალითად, მოქალაქეობასთან ასოცირებული უფლებები, დამოუკიდებლობის პრინციპს განამტკიცებს.

იურიდიული პირების, როგორც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების სტატუსის ანალიზისას, მნიშვნელოვანია 8 I მუხლის კავშირის 24-26-ე მუხლებთან, რომლებიც განსაზღვრავენ პირთა გაერთიანებების, როგორც იურიდიული პირების, კვალიფიკაციას და ურთიერთობებში მონაწილეობის წინაპირობებს.

რელევანტურია 8 I მუხლის კანონი მეწარმეთა შესახებ კანონთან და ამ კანონით განსაზღვრულ სამეწარმეო საზოგადოებათა სამართლებრივ ფორმებთან.
7
კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის უფლება არ ნიშნავს მათთვის გამონაკლისების დაწესების შეუძლებლობას, მაგალითად, უცხოელებისათვის ქვეყანაში კანონიერად ყოფნის უფლება, როგორც საკუთრების შეძენის წინაპირობა და ა.შ. ამ ასპექტით ყურადღებას იმსახურებს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე უცხოელთა საკუთრების უფლების განხილვაც.

III. საჯარო სამართლის იურიდიული პირები კერძო სამართალში (8 II)

8
8 II მუხლი განამტკიცებს სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთ ცენტრალურ პრინციპს, რომლის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი დამოუკიდებელია მასში მონაწილე სუბიექტისაგან. განსაკუთრებით ეხება ეს სახელმწიფოს მონაწილეობას კერძო სამართალში. სახელმწიფოს მონაწილეობა კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში, მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულებაში, არ გადააქცევს ამ ურთიერთობას საჯარო-სამართლებრივად.
9
8 II გამოყოფს სახელმწიფოსა და საჯარო სამართლის სხვა იურიდიული პირების კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს სხვა პირებთან, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ ავტომანქანების შეძენა კერძო ავტომაღაზიისაგან. თუმცა ეს არ გამორიცხავს თვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის კერძოსამართლებრივი ურთიერთობების არსებობას, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთის გადაცემა იჯარით სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის. 8 II მუხლის ნორმა ზოგადია და ის განხილულ უნდა იქნეს 24 III და 24 IV მუხლებთან კავშირში (იხ. 24-ე მუხლის კომენტარი).

IV. უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულება (8 III)

1. ცნება და მნიშვნელობა

10
8 III მუხლი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს აკისრებს უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულებას.[3] მართალია, კეთილსინდისიერება ურთიერთობის მონაწილეთა ზნეობრივ მოვალეობადაც მიიჩნევა,[4] მაგრამ 8 III მუხლი სხვა მუხლებთან კავშირში შეიძლება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლადაც განვიხილოთ.[5] უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა შემდეგი: „აღნიშნული ნორმა დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა ზოგადად დამრღვევისათვის ვალდებულების დაკისრების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს“.[6]
როგორც ლიტერატურაშია აღნიშნული, კეთილსინდისიერების პრინციპი ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმებთან ურთიერთკავშირში განიხილავს და იგი ინდივიდის მოქმედების თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა, სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაა იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას.[7] ამ გაგებით კეთილსინდისიერების პრინციპი კერძო სამართლის უნივერსალური შეფასებითი კატეგორიაა.[8]
11
კეთილსინდისიერების პრინციპი დამახასიათებელია კონტინენტური ევროპის სამართლისათვის და ის უცხოა საერთო სამართლის ქვეყნებისათვის. ეს პრინციპი ხელშეკრულების მხარეებს მოუწოდებს, რომ ურთიერთვალდებულებები შეასრულონ კეთილსინდისიერად — ურთიერთნდობისა და რწმენის საფუძველზე. „ინგლისურ სამართალში ხელშეკრულების მხარეებს მათი ხელშეკრულების შესრულებისას არ სჭირდებათ ყურადღების გამახვილება ურთიერთნდობასა და რწმენაზე. პრინციპულად ყველაფერს წყვეტს ხელშეკრულების მშრალი ასოები და არაფერს ავნებს, თუ ერთ-ერთი მხარე თავის სახელშეკრულებო უფლებებს უსამართლოდ ან ბოროტად გამოიყენებს“.[9] ასევე უცხოა მხარეთა სავალდებულო შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ისინი ხელშეკრულებას ნდობისა და რწმენის საფუძველზე შეასრულებენ. მაგალითად, ბანკი, რომელიც ვალდებულების უზრუნველმყოფ ქონებას (გირაოს) ყიდის, სულაც არ არის ვალდებული, ეს ქონება მაქსიმალურად მაღალ ფასში გაყიდოს ისე, რომ მესაკუთრესაც დარჩეს რამე.[10]

კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს.[11] ლიტერატურა იზიარებს ასეთ მიდგომას და აღიარებს, რომ სამოქალაქო კოდექსში გათვალისწინებულია კეთილსინდისიერების პრინციპის უნივერსალურობა.[12]

კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეულ უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე, — აღნიშნა უზენაესმა სასამართლომ.[13]

2. სასამართლო პრაქტიკა

12
სასამართლოები თავის გადაწყვეტილებებში არცთუ იშვიათად იყენებენ 8 III მუხლს, მაგალითად, ენერგოკომპანიის მიერ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის აღრიცხვის უვარგისი ხელსაწყოს მიწოდება ჩაითვალა 8 III მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების მოვალეობის დარღვევად.[14] აღნიშნული გადაწყვეტილებით მომხმარებელს არ დაეკისრა ვალდებულება მრიცხველის დამოწმების ბრჯენებით აღჭურვის თაობაზე.
შემკვეთის მიერ მენარდისათვის ძველვარგისი რელსების მიუწოდებლობა, რის გამოც მენარდემ ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულება, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა კეთილსინდისიერების ვალდებულების დარღვევად. საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა ეს მოსაზრება და მიუთითა, რომ კეთილსინდისიერება უკავშირდება პირისათვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და არა იმის შესრულებას, რაც მას არც ხელშეკრულებით და არც სხვა სახით მხარის მიმართ არ უკისრია.[15]




  1. მას ასევე კეთილსინდისიერების პრინციპი ეწოდება: კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 83.
  2. კოდექსის ამ დებულების კრიტიკა ნახეთ: პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 121.
  3. ქართულ სამოქალაქო სამართალში კეთილსინდისერების პრინციპის გამოყენების თაობაზე ნახეთ: ვაშაკიძე, კეთილსინდისიერება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით — აბსტრაქცია თუ მოქმედი სამართალი, „ქართული სამართლის მიმოხილვა“, 10/2007, გვ. 14-58.
  4. ჯორბენაძე, სკ-ის კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 115, გვ. 301.
  5. მოთხოვნის სამართლებრივი საკითხის შესახებ ნახეთ: ჩაჩავა, მოთხოვნისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, 2011.
  6. საქ. უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 21 მაისის N ას-221-213-2012 განჩინება, გვ. 71-77.
  7. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 83.
  8. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 83.
  9. შდრ. Triebel/Hodgson/Kellenter/Müller, Englisches Handels- und Wirtschaftsrecht. 2. Aufl., 1995, S. 66-67.
  10. იქვე, გვ. 67.
  11. საქ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 24 მაისის N ას-23-18-2011 განჩინება, გვ. 70-73.
  12. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 92.
  13. საქ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 24 მაისის N ას-23-18-2011 განჩინება, გვ. 70-73.
  14. საქ. უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 13 თებერვლის N ას-505-889-06 განჩინება, გვ. 133-140.
  15. საქ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის N ას-1388-1224-10 განჩინება, გვ. 9-12.



დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_8._კერძო_სამართლის_სუბიექტები&oldid=839"