Gccc-logo.png


მუხლი 80. შეცდომა შუამავლის მიზეზით

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 80. შეცდომა შუამავლის მიზეზით


თორნიკე დარჯანია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ნების გამოვლენა, რომელიც არასწორად იქნა შეტყობინებული შუამავლად გამოყენებული პირის მიერ, შეიძლება საცილო გახდეს იმავე პირობებით, რაც 73-ე მუხლის მიხედვით შეცდომით დადებული გარიგება.

I. ნორმის მიზანი და დანიშნულება

1

მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა არათანმყოფი პირების მიმართ ნამდვილია მაშინ, როდესაც ის მიუვა ნების გამოვლენის ადრესატს (51 I). მე-80 მუხლი იცავს ნების გამოვლენის ადრესატის ნდობას, რომ მასთან შუამავლის მეშვეობით მისული ნება ნამდვილი და სწორია. შესაბამისად, ნების გამომვლენ პირს ეკისრება შუამავლის მიერ ნების არასწორად შეტყობინების რისკი. თუმცა, ნების გამომვლენ პირს უფლება აქვს, არასწორად შეტყობინებული ნების გამოვლენა საცილო გახადოს.

2

ნორმა სამართლებრივი შინაარსითა და შედეგით უკავშირდება 73-ე მუხლში მოწესრიგებულ შეცდომის სახეებს. ამის გამო მე-80 მუხლი არ შეიძლება ჩაითვალოს შეცდომის ცალკე სახედ.

II. მე-80 მუხლით შეცილების წინაპირობები

1. შუამავალი პირი

3

ნების გამომვლენი პირი ნების შესატყობილებლად (გადასაცემად) უნდა იყენებდეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. შუამავალ პირში მოაზრებულ უნდა იქნეს არა მხოლოდ ფიზიკური პირი, არამედ ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს უცხო ნების გადაცემა[1] (ფოსტა, საკურიერო მომსახურება და ა.შ.).

2. შეტყობინება შუამავალი პირის მეშვეობით

4

მე-80 მუხლი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ნების გამომვლენი პირი თავის ნებას მესამე (შუამავალი) პირის მეშვეობით გადასცემს/ ატყობინებს. მაშასადამე, შუამავალი პირი ნების ადრესატს გადასცემს უცხო ნებას. ამის გამო, ნორმა არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მესამე პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მოქმედებს, ვინაიდან წარმომადგენელი ავლენს საკუთარ ნებას და არ გადასცემს სხვის ნებას.

5

ნორმა მოქმედებს მხოლოდ მესამე პირების (შუამავლების) მიერ ნების გამოვლენის არასწორად გადაცემის მიმართ. მისი შემადგენლობა არ მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ნების გამოვლენის გადასაცემად ჩართულია ნების გამოვლენის ადრესატის შუამავალი, რომელიც შეტყობინებულ ნებას შემდგომ არასწორად გადასცემს.[2] იგივე წესი უნდა გავრცელდეს ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც ელექტრონული სახით გაგზავნილი ნების გამოვლენა შეცვლილი სახით მისდის ნების გამოვლენის ადრესატს. ამ შემთხვევაში უნდა განვასხვაოთ შემდეგი: თუ ნების გამოვლენა ტექნიკური ხარვეზის გამო მოდიფიცირებას განიცდის მანამ, სანამ ის მოხვდება ნების გამოვლენის ადრესატის გავლენის სფეროში (მეილბოქსში, სერვერზე და ა.შ.), ნების გამომვლენი პირი ატარებს ნებაში შეცდომის დაშვების რისკს. ეს რისკი გადადის ნების გამოვლენის ადრესატზე მაშინ, როდესაც ნების გამოვლენა უკვე მისი გავლენის სფეროშია, შესაბამისად, მე-80 მუხლიც აღარ გამოიყენება.

3. ნების გამოვლენის გაუცნობიერებლად შეცდომით შეტყობინება

6

მე-80 მუხლით შეცილების ნამდვილობის წინაპირობაა ასევე ის, რომ შუამავალი პირი გაუცნობიერებლად შეცდომით გადასცემს გამოვლენილ ნებას ნების გამოვლენის ადრესატს. იმ შემთხვევაში, თუ შუამავალი პირი გაცნობიერებულად შეცვლის ნების გამოვლენის შინაარს, გამოირიცხება მე-80 მუხლის მოქმედება.[3] ასეთ შემთხვევაში შუამავალი პირი არა უცხო ნებას გადასცემს, როგორც ამას მე-80 მუხლი მოითხოვს, არამედ მხოლოდ სურს, რომ მის მიერ მოდიფიცირებული (საკუთარი) ნება შერაცხოს ნების გამომვლენის რეალურ ნებად. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ გამოიყენება 111 I მუხლის წესი, როდესაც გარიგების ნამდვილობისთვის საჭიროა წარმოდგენილი პირის მოწონება.

7

რაც შეეხება ნების გამომვლენი პირის პასუხისმგებლობას, იმის გამო, რომ მან დაარღვია ნების გამოვლენის ადრესატის ნდობა (და ვინაიდან ის მის საქმიანობაში ჩართული პირების მოქმედებაზე პასუხისმგებელია 396-ე მუხლის მიხედვით), განისაზღვრება წინასახელშეკრულებო ურთიერთობების ბრალით (ცულპა ინ ცონტრაჰენდო), 79 II 1 მუხლის ანალოგიის წესით გამოყენება აქ გამოირიცხება.

8

მე-80 მუხლი მოქმედებს ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც ნების გამოვლენის შეცდომით გადაცემა ხდება არასწორი ადრესატის მიმართ.[4]

4. ნების ადრესატის მიერ ნამდვილი ნების არცოდნა

9

ნების ადრესატმა არ უნდა იცოდეს ნების გამომვლენის ნამდვილი ნების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მან ეს იცის, ჩაითვლება, რომ მასთან მივიდა მხარის ნამდვილი ნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნება შეცდომით იქნა შეტყობინებული (არგუმენტი: ფალსა დემონსტრატიო ნონ ნოცეტ). ამ შემთხვევაში მე-80 მუხლის მოქმედების გამორიცხვისათვის გადამწყვეტია ნების ადრესატის პოზიტიური ცოდნა, რაც გულისხმობს იმას, რომ, თუ მას სათანადო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში უნდა შეეტყო და (გაუფრთხილებლობით) არ შეიტყო შეცდომის შესახებ, აღარ გამოირიცხება მე-80 მუხლის მოქმედება და ნების გამომვლენ პირს მაინც შეუძლია განაცხადოს შეცილება, თუმცა გამოირიცხება 79 II 1 მუხლის მოქმედება და ნების ადრესატი ვეღარ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

III. სამართლებრივი შედეგი

10

იმ შემთხვევაში, თუ მოცემულია მე-80 მუხლის წინაპირობები, ნების გამომვლენ პირს შეუძლია, განაცხადოს შეცილება მე-80 მუხლის მიხედვით; ნების გამოვლენის ადრესატს უნარჩუნდება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 79 II 1 მუხლის თანახმად. შუამავალი პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ნების გამომვლენსა და მას შორის არსებული შიდა ურთიერთობის საფუძველზე.[5] შუამავალი პირის მიერ განზრახ არასწორი ნების შეტყობინების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილი პირები არიან როგორც ნების გამომვლენი, ასევე ნების გამოვლენის ადრესატი და პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში განისაზღვრება დელიქტური პასუხისმგებლობის ნორმებით.




  1. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 336.
  2. შდრ. MüKo/Armbrüster, 7. Auflage 2015, § 120, Rn. 7.
  3. შდრ. იქვე, Rn. 4.
  4. ზოიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, 2002, გვ. 238; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 336.
  5. შდრ. MüKo/Armbrüster, 7. Auflage 2015, § 120, Rn. 8.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_80._შეცდომა_შუამავლის_მიზეზით&oldid=1496"