Gccc-logo.png


მუხლი 81. ცნება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 81. ცნება


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი და შინაარსი

1

81-ე მუხლის მიხედვით, გარიგების საფუძვლად ქცეული მცდარი წარმოდგენა პირს ანიჭებს შეცილების უფლებას, თუ ის გამოწვეულია მისი კონტრაჰენტის მხრიდან მოტყუებით.[1] გარიგების დადებისას მოტყუება ხელყოფს გარიგების მონაწილის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან დაკავშირებით[2] და აქედან გამომდინარე, ხელყოფს ნების გამოვლენის თავისუფლებას. ეს დანაწესი ემყარება მოსაზრებას, რომ ნების გამოვლენა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს სამუდამოდ ნამდვილი, როდესაც მისი გამოვლენის გადაწყვეტილება მხარეს მიღებული აქვს დამოუკიდებლად, საკუთარი გარიგებისმიერი თვითგანსაზღვრის ფარგლებში.[3]

2

ნების გამოვლენის თავისუფლების შეზღუდვის მომენტი ერთმანეთს ამსგავსებს შეცდომით და მოტყუებით დადებულ გარიგებებს, თუმცა განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მოტყუების შემთხვევაში ხელყოფა მეორე მხარის განზრახი მოქმედებით ხდება.[4] განსხვავებით შეცდომისაგან, როდესაც ნების ნაკლის წყარო მისი გამომვლენელია, მოტყუებისას ნების ეს ნაკლი განპირობებულია გარიგების მეორე მხარის სამართლებრივად გასაკიცხი მოქმედებით, რომლის მიზანიც თავიდანვე ნების გამომვლენელისათვის არასწორი წარმოდგენის შექმნაა.[5] ამ დროს ერთი მხარე მეორეს თავისი შეგნებული მოქმედებით გამოსტყუებს ხოლმე ნების გამოხატვას. აქედან გამომდინარე, მოტყუებისას, ნების გამოხატვის თავისუფლება, რომელიც მხარეთა კერძო ავტონომიიდან წარმოდგება, გაცილებით უფრო მეტად არის ხელყოფილი, ვიდრე შეცდომისას, რაც მოტყუებულს უპირობოდ ანი- ჭებს ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნის უფლებას.[6]

2. გამოყენების სფერო

3

81-ე მუხლი მოქმედებს ყველა სახის ნების გამოხატვის მიმართ როგორც მიღებასავალდებულოს, ისე არამიღებასავალდებულოს, გაცხადებულის, თუ კონკლუდენტურის.

4

მოტყუებით დადებული გარიგებისას ჩვეულებრივ სახეზე გვაქვს ასევე თაღლითობა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის გაგებით, თუმცა სამოქალაქო-სამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი შემადგენლობები სრულად ურთიერთმფარავი არ არის[7] (იხ. 29-ე ველი; მუხ. 82 1-ლი ველი).

5

განსხვავებით მოჩვენებითი გარიგებისგან, რომელიც დადებულია ისე, რომ მხარეებს ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგის დადგომა არ სურთ,[8] მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში ორივე მხარეს სურს ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა ეს მხოლოდ მოტყუებულის თავისუფალი გადაწყვეტილებით არ არის განპირობებული, არამედ განპირობებულია მოტყუებით.[9]

II. მოტყუებით დადებული გარიგების წინაპირობები

1. ობიექტური შემადგენლობა

6

მოტყუებად ითვლება კონტრაჰენტის „ცდომილებაში განზრახ შეყვანა“.[10] განზრახვა, ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებების[11] თანახმად, ერთხმად არის აღიარებული მოტყუების აუცილებელ წინაპირობად და უარყოფილია შეცდომით მოტყუების შესაძლებლობა.[12]

ა) მცდარი წარმოდგენის შექმნა ან ფაქტების დამახინჯება

7

მოტყუება შესაძლებელია როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით (იხ.მე-14 ველი). ორივე მიზნად უნდა ისახავდეს მეორე მხარისათვის მცდარი წარმოდგენის შექმნას, მის გამყარებას, ან უკვე შექმნილი წარმოდგენის უბრალოდ არგაქარწყლებას.[13] ამასთან, მოტყუება უნდა შეიცავდეს ფაქტობრივ[14] (მაგ., ავტომანქანის განარბენი) და არა მხოლოდ შეფასებით მტკიცებას („მოცემული ავტომანქანა ჩინებულია“).

8

უმნიშვნელოა, თუ რა ხერხით ხდება კონკრეტულ შემთხვევაში მოტყუება _ მოგონილი და გაყალბებული ფაქტების მიწოდებით, არსებული ფაქტების არმიწოდებით, თუ მხოლოდ ნაწილობრივ შეტყობინებით.[15]

9

შეცდომის არსებითობა 72-ე და შემდგომი მუხლების გაგებით არ არის მოტყუების წინაპირობა.[16] მომტყუებლის ქმედებით გამოწვეულ მოტივში შეცდომაც კი,[17] რომელიც ჩვეულებრივ არ არის შეცდომის საფუძვლით შეცილების უფლების მომნიჭებელი,[18] აკმაყოფილებს 81-ე მუხლის წინაპირობებს. ამგვარად, არ არის აუცილებელი, რომ მოტყუება უშუალოდ გარიგების საგანს უკავშირდებოდეს, საკმარისია, ის ეხებოდეს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში განაპირობებენ ამ გარიგების დადებას[19] (მაგ., უძრავი ქონების ფასის სამომავლო ვარდნაზე მითითება). საბოლოო ჯამში, ხელშეკრულების დადებისათვის ობიექტურად უმნიშვნელო ფაქტიც კი აკმაყოფილებს 81-ე მუხლის წინაპირობებს.[20] სხვაგვარად არის საქმე დუმილით მოტყუების შემთხვევაში (იხ. მე-14 ველი). მოტყუება შესაძლებელია ჭარბი ინფორმაციის მიწოდებითაც, როდესაც ნაკლის შესახებ ცნობა რთულად აღქმადი ტექსტის სტრიქონებს შორის არის დამალული.[21]

ბ) მიზეზშედეგობრიობა

10

იმისათვის, რათა მოტყუებულ მხარეს ჰქონდეს 81-ე მუხლის მიხედვით გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება, აუცილებელია, რომ მოტყუება გახდეს გარიგების დადების გადამწყვეტი მოტივი,[22] ანუ აშკარა იყოს, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა,[23] თუმცა, ამასთან ვერ გავიზიარებთ ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმულ[24] და სასამართლო პრაქტიკის მიერ[25] უკვე ფართოდ აღიარებულ ე. წ. „თვალსაჩინოების სტანდარტის“ აუცილებლობას მიზეზშედეგობრიობის დადგენისას. ამ „თვალსაჩინოების სტანდარტის“ ქვეშ მოიაზრება ის ფაქტი, რომ „მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი“.

11

ეს მოსაზრება არასწორია. ობიექტური კრიტერიუმი იმისათვის, თუ ზოგადად რა უნდა ჩაითვალოს საკმარისად პირის შეცდომაში შესაყვანად რთული საპოვნელია და არც ნორმის მოთხოვნა _ „აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა“ _ არ მიიჩნევს სავალდებულოდ მის გამოკვეთას. საკმარისია, თუ შემოვიფარგლებით მიზეზ-შედეგობრიობის დადგენით კონკრეტულ შემთხვევაში, დანარჩენს კი სუბიექტური შემადგენლობის ქვეშ იქნება განხილული.[26] შესაბამისად, ამ ობიექტური „თვალსაჩინოების სტანდარტის“ მაგივრად მიზეზშედეგობრიობის განსაზღვრა უნდა მოხდეს სუბიექტური კრიტერიუმის მიხედვით, რადგან მიამიტი და მიმნდობი პირიც, რომლის მოტყუება უბრალოდ ტყუილითაც კი შეიძლება, ისევეა დაცული ტყუილისაგან 81-ე მუხლის მიხედვით, როგორც განსაკუთრებით გამოცდილი პირი, რომლის მოსატყუებლადაც რთული კომბინაციაა საჭირო.[27] ამ შემთხვევაში სუბიექტური სტანდარტი დასაშვებია, რადგან, შემცდარი პირის კონტრაჰენტისაგან განსხვავებით,[28] მოტყუებულის კონტრაჰენტის ნდობა დაცვას არ იმსახურებს,[29] ისევე როგორც იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში იძულებისათვის საკმარისია მისი ამგვარად აღქმა იძულებულის პოზიციიდან (86). გარდა ამისა, თუ დავუშვებთ, რომ არ არის აუცილებელი, მოტყუებით შექმნილი არასწორი წარმოდგენა ხელშეკრულების დადებისათვის არსებითი იყოს (იხ. მე-9 ველი), ანუ არ გვაქვს არანაირი მყარი კრიტერიუმი მოტყუების შინაარსისათვის,[30] მით უფრო უნდა მოხდეს მოტყუების ხერხის დადგენა თავად მოტყუებულის სუბიექტური თვალსაწიერიდან.

12

ობიექტური კრიტერიუმის ერთადერთი ფუნქცია მხოლოდ მომტყუებლის ნდობის დაცვა შეიძლება ყოფილიყო (თუ რამდენად შეეძლო მას გაეცნობიერებინა, რომ მისი ქმედება საკმარისი იყო მეორე მხარისათვის მცდარი წარმოდგენის შესაქმნელად), თუმცა ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან სუბიექტურ დონეზე მომტყუებლის განზრახვა ისედაც აუცილებელია.[31] საბოლოო ჯამში, ეს „თვალსაჩინოების სტანდარტი“ წინააღმდეგობაში მოდის 81-ე და შემდგომი მუხლების მიზანთან და ამიტომაც უკუსაგდებია.

13

დუმილით მოტყუების (მე-14 ველი) შემთხვევაში საკმარისია ჰიპოთეტური მიზეზშედეგობრივი კავშირი[32] _ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში მოტყუებული თავს შეიკავებდა გარიგების დადებისაგან _ რადგან, განსხვავებით აქტიური ქმედებით მოტყუებისაგან, დუმილით მოტყუებისას ყოველთვის აბსოლუტური სიზუსტით ვერ დამტკიცდება ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში მოტყუებულის მხრიდან გარიგების არდადების ფაქტი.

გ) მოტყუება დუმილით, 81 II

14

მოტყუება დუმილით, ანუ პასიური ქმედებით, ხდება მეორე მხარისათვის მისაწოდებელი ცნობების დამალვით,[33] როდესაც მომტყუებელ მხარეს, მიუხედავად საკუთარი საპირისპირო ინტერესისა, მათი შეტყობინების ვალდებულება ეკისრებოდა ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე (ე. წ. „გამჟღავნების ვალდებულება[34]) 81 II 2 მუხლის მიხედვით,[35] მაგალითად, დუმილი დაავადების შესახებ ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას.[36]

ეს გამჟღავნების ვალდებულება შეიძლება ასევე გამომდინარეობდეს სამოქალაქო ბრუნვაში აღიარებული ჩვეულებიდან,[37] მაგალითად, ფასიანი ქაღალდების სამართალში მოქმედებს სპეციალური წესები შეტყობინების ვალდებულებასთან დაკავშირებით.[38] გერმანული სასამართლო პრაქტიკის თანახმად,[39] ავტომობილის ნასყიდობისას ავარიის შესახებ დუმილი მოტყუებაა, თუ საქმე ეხება მძიმე ავტოავარიას, ან მყიდველი თავად სვამს შეკითხვას ამის შესახებ.[40]

15

მყარად დადგენილი ჩვეულების არარსებობის შემთხვევაში, ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს, თუ რისი გამჟღავნების ვალდებულება ეკისრებათ კონტრაჰენტებს. მართალია, მაგალითად, ნასყიდობის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გაუმჟღავნოს ნივთის ყველა ნაკლი, გარდა იმ ნაკლისა, რომლის შემჩნევაც მყიდველს თავად შეეძლო,[41] თუმცა მაინც არ არსებობს ზოგადი ვალდებულება მეორე მხარისათვის გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი უკლებლივ ყველა არსებითი გარემოების უკითხავად გამჟღავნებისა.[42] მისთვის საინტერესო მთელი რიგი გარემოებები დაინტერესებულმა მხარემ თავად უნდა გამოიკითხოს.[43]

2. მართლწინააღმდეგობა

16

მომტყუებლის ქმედება, რომელიც იწვევს ნების ნაკლს, ავტომატურად (ipso facto) მართლსაწინააღმდეგოა,[44] რადგან ნების გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური სიკეთეა და მისი მოტყუებულისაგან შეუცნობლად ხელყოფა დაუშვებელია.

მიუხედავად ამისა, გამონაკლისის სახით მართლწინააღმდეგობა გამორიცხულია ე. წ. „ტყუილის უფლებისას“. „ტყუილის უფლება“ წარმოადგენს გერმანული სასამართლო პრაქტიკის[45] მიერ აღიარებულ შემთხვევას, როდესაც არასწორი ცნობის მიწოდების მიუხედავად, არ გვაქვს სახეზე მოტყუება 81-ე მუხლის მიხედვით. ეს შეესატყვისება სხვა ქვეყნების გამოცდილებსაც[46] და მისი გათვალისწინება აუცილებელია ქართულ სამართალშიც.[47]

17

ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ შემთხვევას, როდესაც ტყუილი დასაშვებია, წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების დადებისას დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის შეკითხვის დასმა, რომელიც ცდება შრომის კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ფარგლებს. ასეთ დაუშვებელ შეკითხვაზე დასაქმებულს განზრახ არასწორი პასუხის გაცემის უფლება აქვს და ეს არ ეთვლება მას ტყუილად.[48] მაგალითად, შეკითხვა პოტენციური დასაქმებულის ფეხმძიმობასთან დაკავშირებით[49] მაშინაც კი დაუშვებელია, როდესაც მოცემულ ადგილზე კონკურსში მხოლოდ ქალები მონაწილეობენ და კონკრეტულ შემთხვევაში დისკრიმინაციული მოპყრობა სახეზე არ გვაქვს.[50]

3. სუბიექტური შემადგენლობა

18

მოტყუების ობიექტური შემადგენლობის გარდა 81-ე მუხლის წინაპირობების შესრულებისათვის სუბიექტურ დონეზე აუცილებელია მომტყუებლის შეგნებული გადაწყვეტილება, ე. წ. „მოტყუების განზრახვა“.[51] მომტყუებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ მის მიერ მიწოდებული მცდარი ცნობით ან სწორი ცნობის დამალვით, კონტრაჰენტს უქმნის არასწორ წარმოდგენას, ან ამყარებს უკვე შექმნილ წარმოდგენას და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მეორე მხარის ნების გამოხატვას.[52] გარდა ამისა, აუცილებელია ამ არასწორ წარმოდგენასა და გარიგების დადებას შორის კაუზალური ბმის გაცნობიერება (იხ მე-10 ველი), რაც იკითხება ფორმულირებიდან _ „გარიგების დადების მიზნით მოტყუება“.

19

მოტყუების განზრახვა უნდა არსებობდეს უკვე გარიგების დადების მომენტში,[53] რის აუცილებლობასაც საქართველოს უზენაესი სასამართლო თითქმის ყოველთვის სწორად იაზრებს,[54] მსჯელობს რა, მაგალითად, სესხის მოტყუებით დადების შემთხვევაში, არა იმასთან დაკავშირებით, დაუბრუნდა თუ არა თანხა გამსესხებელს, არამედ ჰქონდა თუ არა მსესხებელს თანხის სამუდამოდ დატოვების განზრახვა უკვე გარიგების დადებისას. გერმანული სასამართლო პრაქტიკა[55] მოვალის გადახდისუუნარობის მიუხედავად, გარიგების დადების მომენტში ავტომატურად არ უშვებს მის მოტყუების განზრახვას, რადგან ის შეიძლება ვალს იღებდეს იმ იმედით, რომ მისი გადახდის ვადის მოსვლისათვის უკვე აღარ იქნება ვალაუვალი, მაშინაც კი, როდესაც ამის პერსპექტივა საეჭვოა. ამ შემთხვევის მოტყუებისგან გამიჯვნისათვის უნდა მოვიშველიოთ არაპირდაპირი განზრახვის თვითიმედოვნებისგან გამიჯვნის კრიტერიუმები.

20

განზრახვა მოიცავს, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბ განზრახვას, ანუ სულ მცირე იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ მეორე მხარე მოტყუების გარეშე გარიგებას არ დადებდა[56] ან სხვა შინაარსით დადებდა. ამასთან, უმნიშვნელოა მოტივი, რაც უბიძგებს პირს მეორე მხარის მოტყუებისაკენ; მოტყუებული მხარისათვის ზიანის მიყენების მიზანი არ წარმოადგენს 81-ე მუხლის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას, ისევე როგორც მომტყუებლის მიერ ამ გარიგებიდან რაიმე სარგებლის მიღება (შდრ. მუხ. 82 4-6 ველები).[57]

21

ქართული სასამართლო პრაქტიკა ნაწილობრივ აკნინებს მომტყუებლის განზრახვის გადამწყვეტ მნიშვნელობას, მიიჩნევს რა, მაგალითად, რომ თუ მხარემ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, მაშინ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ სინამდვილეში არ გასცნობია გარიგების შინაარსს და შეცდომაში იყო შეყვანილი მეორე მხარის ნათქვამის საფუძველზე.[58] ამგვარი კატეგორიულობა, რაც ზემოთ ხსენებული უარსაყოფი „თვალსაჩინოების სტანდარტის“ ირიბი გამოვლინებაა (შდრ. მე-10 ველი), არასწორია. მომტყუებლის ზეპირი დაპირებისა და წერილობითი ხელშეკრულების შინაარსის ურთიერთაცდენა, თუ ეს განზრახ ხდება, წარმოადგენს მოტყუების ხერხს[59] და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, თუ რამდენად შეგვეძლო მოგვეთხოვა მოტყუებულისგან წერილობითი ხელშეკრულების ტექსტის კიდევ ერთხელ გულდასმით გადამოწმება. მაგალითად, მომტყუებლის განზრახვა (ასევე მიზეზშედეგობრიობა) გამორიცხულია, თუ შეცდომაში შეყვანილი პირი ნოტარიუსთან თავად არ განაცხადებს პრეტენზიას ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით.[60] დამქირავებელი ვერ მიუთითებს მოტყუებაზე, თუ შეგნებულად წაუკითხავად მოაწერს ხელს ხელშეკრულებას,[61] თუმცა სხვაგვარად არის საქმე, როდესაც მას უკვე კონკრეტული არასწორი წარმოდგენა აქვს შექმნილი გამქირავებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, უფრო გამართულ გადაწყვეტას წარმოადგენს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში იმის გამორკვევა, იცოდა თუ არა მხარემ, თუ რა ხელშეკრულებას აწერდა ხელს და რამდენად შეიძლება ეს გაურკვევლობა მისი ბრალით იყოს გამოწვეული (რაც მომტყუებლის განზრახვასთან ერთად მიზეზ-შედეგობრიობასაც გამორიცხავს),[62] და არა ხელმოწერისათვის აპოდიქტიკური ძალის მინიჭება.[63]

22

დუმილით მოტყუებისას აუცილებელია, რომ პირმა, რომელსაც ეკისრება გამჟღავნების ვალდებულება, იცოდეს ან სულ მცირე უშვებდეს, რომ მეორე მხარე მის მიერ დაფარული გარემოებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.[64]

III. სამართლებრივი შედეგები

23

81-ე მუხლის მიხედვით მოტყუებით დადებული გარიგება არის საცილო, რაც ნიშნავს იმას, რომ ის დადებისას ნამდვილია, ხოლო 59 II 2 მუხლის[65] მიხედვით შესაბამისი პირის მიმართ შეცილების შემდეგ ქარწყლდება დადების მომენტიდან (59 II 1),[66] 84-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის დაცვის შემთხვევაში. ქართული სასამართლო პრაქტიკა ამ გადაწყვეტასთან დაკავშირებით ყოველთვის თანმიმდევრული არ არის.[67]

24

მოტყუებით დადებული გარიგების გაბათილების შემდეგ გაცემულის უკუქცევა უნდა მოხდეს ან შესრულების კონდიქციის (976 I ა)), ან ვინდიკაციის (172 I) მეშვეობით. ორივე შემთხვევაში მომტყუებელი არაკეთილსინდისიერების გამო პასუხს აგებს გამკაცრებულად (981, 164).

IV. კონკურენცია

1. შეცდომის საფუძვლით შეცილება

25

კონტრაჰენტის მოტყუება ხდება მისი შეცდომაში შეყვანის გზით, რაც ნიშნავს იმას, რომ შეცდომის საფუძვლით შეცილება (72-ე და შემდგომი მუხლები) შეიძლება მთელ რიგ შემთხვევებში კონკურირებდეს მოტყუების მოტივით შეცილებასთან (შდრ. მე-2 ველი). სწორი მოსაზრების[68] თანახმად ეს ორი ერთმანეთს არ გამორიცხავს. გარდა ამისა, მოტყუების საბაბით შეცილება დასაშვები უნდა იყოს მაშინაც კი, როდესაც შემცდარმა მხარემ უკვე გამოიყენა შეცილების უფლება შეცდომაზე დაყრდნობით.[69] ეს გამართლებულია იმ მოსაზრებით, რომ მოტყუების საფუძვლით შემცილებელს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება 79 II მუხლის მიხედვით არ ეკისრება და შეცილებისათვის გაცილებით უფრო ხანგრძლივი ვადა აქვს (84), ვიდრე შეცდომის საბაბით შეცილების შემთხვევაში.[70] გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე შესაძლებელია მხოლოდ მოტყუების წინაპირობები მტკიც დებოდეს, მაგრამ არა „არსებითი შეცდომისა“ 72-ე და შემდგომი მუხლების მიხედვით, ამიტომაც უნდა ჰქონდეს ორივე საფუძვლით შეცილების უფლება, რათა პროცესზე ერთზე მაინც შეძლოს მითითება.[71]

26

მოტყუებისა და მუქარის გამო შეცილება ერთმანეთს არ გამორიცხავს, მაგალითად, თუ მეუღლეთაგან ერთ-ერთი თავის მოკვლის ცრუ მუქარით აიძულებს მეორეს ხელი მოაწეროს საქორწინო კონტრაქტს,[72] მის ამ ქცევაში შეიძლება იკითხებოდეს როგორც მუქარის (85), ისე მოტყუების ნიშნები.[73]

2. ნაკლოვანი შესრულებიდან წარმოშობილი პასუხისმგებლობა

27

მოტყუებაზე დაფუძნებული შეცილება, განსხვავებით შეცდომის გამო შეცილებისგან, შეიძლება კონკურირებდეს ასევე ნაკლოვანი შესრულებით გამოწვეულ პასუხისმგებლობასთან.[74] მაგალითად, თუ გამყიდველი მყიდველს გარიგების დადებისას განზრახ უმალავს ნივთის ნაკლს, ამ უკანასკნელს აქვს როგორც მოტყუების გამო შეცილების უფლება, ასევე ნასყიდობიდან წარმომდგარი მეორადი მოთხოვნები (490-ე და შემდგომი მუხლები).[75] გამყიდველი, რომელიც იტყუება, არ იმსახურებს იმას, რომ პასუხი აგოს პრივილეგირებულად, მხოლოდ ნაკლიდან წარმოშობილი პასუხისმგებლობის მიხედვით და შეინარჩუნოს, მაგალითად, შესრულების „მეორე შანსი“.

28

ხელშეკრულების დარღვევიდან წარმომდგარი მეორადი მოთხოვნების წაყენება არ ითვლება არც შეცილებაზე უარის თქმად და არც საცილო გარიგების დადასტურებად (61 III),[76] თუმცა საპირისპირო შემთხვევაში, შეცილების გაცხადების შემდეგ, რომელიც ex tunc-მოქმედებით აქარწყლებს გარიგებას, მოტყუებული, რა თქმა უნდა, ვეღარ წარადგენს თავის მეორად მოთხოვნებს.[77]

3. კანონსაწინააღმდეგო გარიგება

29

მოტყუებით დადებული გარიგება (მაშინაც კი, როდესაც ამავდროულად შესრულებულია თაღლითობის წინაპირობები) ავტომატურად არ უნდა დაკვალიფიცირდეს კანონსაწინააღმდეგო გარიგებად 54-ე მუხლის 1-ლი ვარიანტის მიხედვით.[78] მაგალითად, თუ გამყიდველი მყიდველს ატყუებს ავტომანქანის განარბენთან დაკავშირებით და ამგვარად, იღებს მასში ორმაგ ფასს, ეს, მართალია, თაღლითობით დადებული გარიგებაა, თუმცა ეს კანონდარღვევა მხოლოდ ერთ მხარეს შეერაცხება. 54-ე მუხლის მიხედვით არანამდვილობისათვის კი, ჩვეულებრივ, ორმხრივი კანონდარღვევაა საჭირო,[79] რადგან მოტყუებულ მხარეს მაინც შეიძლება ჰქონდეს ამ გარიგების შენარჩუნების ინტერესი (მაგალითად, იმიტომ, რომ ამასობაში მანქანის ფასმა ისედაც მოიმატა), წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლია ის შეცილების მეშვეობით გააქარწყლოს.

4. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები

30

მოტყუებისას, როგორც წესი, ამავდროულად სახეზეა დელიქტური წესით ზიანის ანაზღაურების წინაპირობები[80] (992 _ ქმედების მართლწინააღმდეგობას განაპირობებს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი), ასევე ზიანის ანაზღაურების წინაპირობები წინარე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან (culpa in contrahendo), გამომდინარე ვალდებულების დარღვევიდან (317 III, 316 II).

V. მტკიცების ტვირთი

31

შემცილებელს ეკისრება იმ ნორმის ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობის მტკიცება, რომელსაც ის თავის შეცილების უფლებას აფუძნებს.

32

თუ მოტყუების საფუძვლით შეცილებისას, მოტყუება მეორე მხარის დუმილით არის გამოწვეული, შემცილებელმა უნდა ამტკიცოს, რომ გარიგების დადების მომენტში მისი კონტრაჰენტისათვის გასამჟღავნებელი ფაქტების შესახებ ცნობილი იყო, მეორე მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ კონკრეტულად რა მომენტში შეასრულა თავისი გამჟღავნების ვალდებულება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გააქარწყლოს შემცილებელმა ეს მტკიცებულება.[81] პოზიტიური ქმედებით გამოწვეული მცდარი წარმოდგენისას მეორე მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ მოგვიანებით რა ინფორმაციის მიწოდებით გააქარწყლა მან ეს თავდაპირველად შექმნილი მცდარი წარმოდგენა.[82]

33

მოტყუებასა და გარიგების დადებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის,[83] განზრახვის,[84] ისევე როგორც მართლწინააღმდეგობის ცალკეული წინაპირობების[85] მტკიცების ტვირთი მოტყუებულს აწევს.

34

შეცილების უფლების გაქარწყლებისათვის იხ. მუხ. 84, 12-13 ველები.




  1. იხ. მოტყუებით დადებულ გარიგებასთან დაკავშირებით ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 376 და შემდგომნი; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 81, გვ. 239 და შემდგომი; შედარებით-სამართლებრივი კუთხით მიმოხილვისათვის შდრ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, გვ. 340-ე და შემდგომი.
  2. შდრ. მუხ. 83 26-ე ველი.
  3. Wendtland, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 123 Rn. 1.
  4. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 376; კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 17; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის #ას-198-186-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის #ას-1214-1156-2014 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის #ას-1350-1275-2012 გადაწყვეტილება.
  5. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 81, გვ. 240; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 377; არასწორია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის #2ბ/2103-11 გადაწყვეტილებაში გამოთქმული მოსაზრება, რომ მოტყუებით გამოხატული ნება ერთ რანგში უნდა დავაყენოთ ძილში ან ჰიპნოზურ მდგომარეობაში გამოხატულ ნებასთან. ამ შემთხვევებში პრობლემურია მოქმედების ნება, ხოლო მოტყუების შემთხვევაში ბოჭვისა ან გარიგების ნება, ამიტომაც მოქმედების ნების გარეშე გამოხატული ნება საერთოდ არ არსებობს, ხოლო მოტყუების საფუძველზე გამოხატული ნება მხოლოდ საცილოა (იხ. 22-ე ველი).
  6. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 377; ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 378; შდრ. ასევე კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 17; ჯორბენაძე, შეცდომა გარიგებაში, პარალელი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, სამართლის ჟურნალი #1/2011, გვ. 193 და შემდგომი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის #ას-1350-1275-2012 განჩინება.
  7. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, 2014, § 123 1-ლი ველი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის # 2ბ/4449-11 გადაწყვეტილება, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობას ბოლომდე ვერ გავიზიარებთ, მართალია, სისხლისსამართლებრივი თაღლითობა და სამოქალაქო-სამართლებრივი მოტყუება ურთიერთმფარავი არ არის, მაგრამ ყოველთვის, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის შესასრულებლად პირმა გარიგება დაადებინა მეორე მხარეს, მოტყუება სახეზე გვაქვს. თუ მხარეს უღირს შეინარჩუნოს მოტყუებით დადებული გარიგება, მას შეუძლია უბრალოდ არ გამოიყენოს შეცილების უფლება, რა შემთხვევაშიც გარიგება ნამდვილი დარჩება, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ის მაინც მოტყუებით დადებულად ითვლება.
  8. 56-ე მუხლის კომენტ. ველი 5; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის # ას-1134-1080-2014 განჩინება; ჯორბენაძე, შეცდომა გარიგებაში, პარალელი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, სამართლის ჟურნალი #1/2011, გვ. 195; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის # ას-1214-1156-2014 გადაწყვეტილება
  9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის #ას-1134-1080-2014 განჩინება.
  10. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 81, გვ. 239; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 376; ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 377; კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 11; ჯორბენაძე, შეცდომა გარიგებაში, პარალელი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, სამართლის ჟურნალი #1/2011, გვ. 208; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის #ას-170-163-2013 განჩინება.
  11. ზოიძე, გარიგებანი საქართველოს მომავალ სამოქალაქო კოდექსში, სამართლის რეფორმა საქართველოში, 1994, გვ. 289; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 378.
  12. ასევე გერმანულ სამართალშიც მოტყუება გამორიცხულია უხეში გაუფრთხილებლობით შეცდომაში შეყვანის შემთხვევაშიც კი – კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, გვ. 343; Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 16.
  13. კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 17, 18; Brox/Walker, Allgemeiner Teils des BGB, 31. Aufl. 2007, 233.
  14. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, § 123 მე-3 ველი; Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 28, უმნიშვნელოა, ჩვეულებრივ, გამყიდველის ჩივილი იმასთან დაკავ- შირებით, რომ ამ ფასად გაყიდვით ის მხოლოდ „წაგებაშია“, თუმცა სხვაგვარად არის საქმე, როდესაც თვითონ ნივთის ფასია განზრახ არასწორად დაჯამებული (შემცირებულია გადამყიდველის მიერ წამატებული მოგების ოდენობა), ან შეცდომაში შეყვანა ხდება ფასის მოხსენიებით „სააქციო“ ან „განსაკუთრებულ“ ფასად.
  15. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 81, გვ. 240.
  16. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 340 და შემდგომი; ჯორბენაძე, შეცდომა გარიგებაში, პარალელი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, სამართლის ჟურნალი #1/2011, გვ. 200, გვ. 208.
  17. კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 17, თუმცა ვერ გავიზიარებთ ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოტყუების შედეგად აუცილებლად მოტივში უნდა შეცდეს პირი, მოტყუებამ შეიძლება გარიგების შინაარსში შეცდენაც გამოიწვიოს _ როდესაც პირი ყიდულობს ნაავარიებ მანქანას როგორც არანაავარიებს მეორე მხარის მიერ მიწოდებული არასწორი ცნობის საფუძველზე _ ან გამოხატვაში შეცდომა, როდესაც მოტყუებულს სხვისათვის გამიზნულ ფორმულარზე მოაწერინებენ ხელს (შდრ. Flume, Allgemeiner Teil des Bьrgerlichen Rechts II, 4. Aufl., 1992, 530).
  18. იხ. მუხ. 74 მე-2 ველი.
  19. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 378; კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 10, 12; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის #ას-193-180-2015 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 ივნისის #ას-257-244-2015 განჩინება, მაგალითად, მოტყუება შეიძლება ნასყიდობის დადების მოტივში, რომელიც უკავშირდებოდა გამყიდველის სხვა მიწის ნაკვეთის იპოთეკისაგან გათავისუფლებას.
  20. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 28; იხ. მე-11 ველი.
  21. Mьko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 28.
  22. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 377; კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 12, 18; კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, 2014, § 123 ველი 5.
  23. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 344; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის #ას-1134-1080-2014 განჩინება.
  24. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 344: გვთავაზობს იტალიის სასამართლო პრაქტიკის კვალდაკვალ კაუზალობის დადგენას ჰიპოთეტური და რეალური კრიტერიუმების მეშვეობით _ გარდა იმისა, ზემოქმედება უნდა იყოს ობიექტურად საკმარისი კონტრაჰენტის ნების თავისუფლების შეზღუდვისათვის, ამავდროულად მან რეალურად უნდა შეზღუდოს ეს ნება.
  25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის #ას-182-171-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის #ას-132-124-2015 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის #ას-505-478-2014 განჩინება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის #2ბ/4219-15 გადაწყვეტილება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის #2ბ/2103-11 გადაწყვეტილება.
  26. მაგალითად, თუ მომტყუებლის კონტრაჰენტი „დუჟინს“ ექვსის აღმნიშვნელ რიცხვით სახელად მიიჩნევს და მომტყუებელმა ამ სიტყვის გამოყენებით ის განზრახ შეიყვანა შეცდომაში, უმნიშვნელო უნდა იყოს, ობიექტურად შესაძლებელია თუ არა „დუჟინის“ გამოყენებით ამგვარი არასწორი წარმოდგენის გამოწვევა.
  27. Brox/Walker, Allgemeiner Teils des BGB, 31. Aufl. 2007, 234: უმნიშვნელოა შეძლებდა თუ არა მოტყუებული შესაბამისი წინდახედულობის გამოჩენის შემთხვევაში შეცდომის თავიდან აცილებას. მაგალითად, თუ გამქირავებელს თვითონ ავიწყდება დაუსვას დამქირავებელს შეკითხვა მის გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებით, ეს მას არ აკარგვინებს მოგვიანებით ამ მოტივით შეცილების უფლების გამოყენების შესაძლებლობას. გარდა ამისა, გერმანული სასამართლო პრაქტიკის (RGZ 91, 82; Armbrüster, in Münchener Kommentar zum BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 28) მიერ აღიარებულია, რომ არ არის აუცილებელი მომტყუებლის მიერ მიწოდებული ცნობები ობიექტურად არასწორი იყოს, საკმარისია, თუ ის იქნება შეცდომაში შემყვანი; პასუხი – „ათასზე მეტი“, შეკითხვაზე, თუ რა განარბენი აქვს მანქანას, მაშინ, როდესაც სწორი პასუხი იქნებოდა „ათი ათასზე მეტი“. ამგვარი დაშვებით, როდესაც შეცდომაში შემყვანი ობიექტურად სწორი გამონათქვამიც საკმარისია, წაშლილია ზღვარი ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს შორის, რომლის მიხედვითაც ხდება მოტყუების ფაქტის დადგენა, რადგან ერთ შემთხვევაში ობიექტურად სწორი ცნობა, მეორე შემთხვევაში შეიძლება შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს.
  28. იხ. მუხ. 72 1-ლი ველი.
  29. ამგვარად, „თვალსაჩინოების სტანდარტის“ საწინააღმდეგოდ მეტყველებს ასევე 83 II მუხლი (იხ. ამ მუხლის კომენტ. 26-ე ველი), საიდანაც მკაფიოდ იკვეთება, რომ მოტყუებით დადებული ხელშეკრულებისას, მართალია, მთავარი დასაცავი პირის ნების გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ის ნდობითაა გამყარებული, ეს პრინციპი სააპელაციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში (2011 წლის 30 ნოემბრის #2ბ/2103-11 გადაწყვეტილება) ბოლომდე გააზრებული არ აქვს. გარდა ამისა, 83 I მუხლიც ამაზე მიგვანიშნებს, რომ გადამწყვეტ მომენტს გარიგების საცილოდ ცნობისათვის სწორედ კონტრაჰენტის არაკეთილსინდისიერება წარმოადგენს (იხ. ამ მუხლის კომენტ. მე-2 ველი).
  30. მაგალითად, გამქირავებლის ცრუ ცნობა, რომ ახლომდებარე ტყეში მელიის იშვიათი ჯიშია გავრცელებული, შეიძლება ჩაითვალოს მოტყუებად, თუ დამქირავებელ ზოოლოგს მხოლოდ მათზე დაკვირვების მიზნით სურდა ბინის ქირავნობა, მაშინაც კი, როდესაც დამქირავებლისათვის ამის შესახებ არ განუცხადებია. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დამქირავებელს ეკისრება მეორე მხარის განზრახვისა და კაუზალობის მტკიცება (იხ. 31-ე ველი).
  31. მოტყუებით დადებული გარიგება საცილოა და მომტყუებელი „ისჯება“ არა იმიტომ, რომ ისეთ ხერხს მიმართა, რაც ჰიპოთეტურად საკმარისი იქნებოდა ობიექტური მესამე პირი შეცდომაში შესაყვანად, არამედ იმიტომ, რომ რეალურად შეიყვანა შეცდომაში კონტრაჰენტი. ამავე მიმართულებით ავითარებს მსჯელობას ჯორბენაძე, შეცდომა გარიგებაში, პარალელი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, სამართლის ჟურნალი #1/2011, გვ. 200; გერმანულ სამართალთან დაკავშირებით შდრ. ასევე კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 18.
  32. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, 2014, § 123 ველი 5.
  33. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 377; კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 18.
  34. ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში არ არის დამკვიდრებული კონკრეტული ტერმინი ამ ვალდებულების აღსანიშნავად (ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 378: „შეტყობინების ვალდებულება“; კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 18: „გამხელის ვალდებულება“; კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, 2014, § 123 ველი 4: „განმარტების ვალდებულება“), თუმცა კანონის ტექსტთან ყველაზე ახლოს (82 II 2) „გამჟღავნების ვალდებულება“ დგას, რისი დამკვიდრებაც სასურველი იქნება სამომავლოდ.
  35. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 377; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 81, გვ. 240; კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, გვ. 342, კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 18; კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, 2014, § 123 მე-4 ველი.
  36. OLG Nürnberg NJW-RR 1998, 536.
  37. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 378; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 81, გვ. 241; კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 18.
  38. შდრ. ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, 2006, გვ. 287-293.
  39. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, 2014,§ 123 ველი 4.
  40. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, 2014 § 123 ველი 4.
  41. კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 18.
  42. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 342; კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 18.
  43. მაგალითად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის # ას-413-393- 2015 განჩინება), თუ ცედენტს, რომელიც ერთდროულად შპს-ს დირექტორი და მისი კრედიტორია, სურს თავისი მოთხოვნები დაუთმოს შპს-ს სხვა კრედიტორებს, ეკისრება ვალდებულება გადაამოწმოს, მართლაც არიან თუ არა შერჩეული ცესიონერები შპს-ს კრედიტორები, რაც წარმოადგენდა მოთხოვნის დათმობის მთავარ მოტივს. თავად ცესიონერებს გამჟღავნების ვალდებულება არ ეკისრებათ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 ივნისის #ას- 257-244-2015 განჩინება, თუ გამყიდველი ნასყიდობას დებს იმ მიზნით, რომ მყიდველი ფასის გადახდის გარდა დაფარავს ვალს, რომელიც უზრუნველყოფილია გამყიდველის სხვა მიწის ნაკვეთზე არსებული იპოთეკით და ამგვარად გაათავისუფლებს მის უძრავ ქონებას ტვირთისაგან, გამყიდველს ევალება იმის გამორკვევა, ვალის დაფარვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს თუ თავდაპირველად გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით; სამედიცინო კლინიკის ნასყიდობისას გამყიდველი, კლინიკის წლიური შემოსავლის მითითების შემდეგ არ არის ვალდებული დააკონკრეტოს, რომ კლინიკა წლიურად არცთუ ისე ბევრ პაციენტს ემსახურება და ამის გამო თითოეულის წილი მთლიან შემოსავალში საკმაოდ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი მათგანის გაქცევის შემთხვევაშიც კი ეს შემოსავალი მნიშვნელოვნად მცირდება. რა თქმა უნდა, ეს რისკი არსებობს, თუმცა მისი გამორკვევა და მისგან თავის დაზღვევა უკვე მყიდველის საქმეა (BGH NJW 1989, 763). ამ ხსენებულ შემთხვევებში დუმილით მოტყუება არ გვაქვს სახეზე.
  44. კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 18, თუმცა ავტორი არასწორად აიგივებს გსკ-ის 123 II პარაგრაფში ხსენებულ „ბოროტ განზრახვას“ (Arglist)) მართლწინააღმდეგობასთან.
  45. შდრ. გერმანული სასამართლო პრაქტიკის მიერ შემუშავებული ტიპური შემთხვევები დაუშვებელი შეკითხვებისა _ Wendtland, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 123 Rn. 2. დაუშვებელია, მაგალითად, შეკითხვა პარტიულ თუ კონფესიურ კუთვნილებასთან, ან ნასამართლობასთან დაკავშირებით, თუ ეს ნასამართლობა უკვე გაქარწყლებულია, ან მას დასაკავებელი პოზიციისათვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. ამისგან განსხვავებით, დასაშვებია შეკითხვა წარსულში საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, თუ საჯარო სამსახურში აყვანას ეხება საქმე, უნარშეზღუდულობასთან ან საინტოლოგისტთა სექტის კუთვნილებასთან დაკავშირებით.
  46. შდრ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 344.
  47. არასწორია საწინააღმდეგო მოსაზრება (კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 18; Kereselidze, AT des ZGB, 2004, S. 257), რომელიც მის გაზიარებას შეუძლებლად მიიჩნევს. გერმანულ სამართალში აღიარებული ეს გადაწყვეტა არ გამომდინარეობს მხოლოდ შესაბამის დანაწესში (გსკ-ის 123-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) „ბოროტი განზრახვის“ ხსენებიდან (რასაც ავტორი არასწორად აიგივებს მართლწინააღმდეგობის აღმნიშვნელ მომენტთან), სინამდვილეში გერმანული სამართლის ამოსავალი დოგმის მიხედვით მოტყუება თვისთავად მართლსაწინააღმდეგოა, თუ გამონაკლისის სახით ის გამორიცხული არ არის). „ტყუილის უფლების“ მინიჭება, საბოლოო ჯამში, წარმოადგენს სამართლის პოლიტიკისა და არა დოგმატიკის საგანს, ამიტომაც ზუსტად ასეთივე წარმატებით შეგვიძლია საქართველოშიც მივუთითოთ იმ ფაქტზე, რომ გაკიცხვადობის მომენტი, რომელსაც აპრიორულად შეიცავს საკუთარ თავში მოტყუება, როგორც მეორე პირის ნების გამოხატვის თავისუფლების დაუშვებელი ხელყოფა, გამონაკლისის სახით არ გვაქვს სახეზე, როდესაც თავად მოტყუებულის ინტერესი (მაგ., თავისი პოტენციური დასაქმებულის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაციის მიღება, მისთვის შემდგომში სულ სხვა მოტივით სამუშაოზე უარის თქმის გამო) არ არის აღიარებული სამართლის მიერ და შესაბამისად მისი ხელყოფაც არ არის მართლსაწინააღმდეგო.
  48. კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 18.
  49. BAG NJW 1993, 1154 და შემდგომი.
  50. BAG DB 1993, 1978; Stürmer, Bewerbung und Schwangerschaft - Die Entscheidung des EuGH in der Rechtssache „Mahlburg”, NZA 2001, 529, გამონაკლისის სახით ფეხმძიმობასთან დაკავშირებით შეკითხვა დასაშვებია და მასზე განზრახ არასწორი პასუხი ტყუილს წარმოადგენს 81 I 1 მუხლის მიხედვით, თუ ორსულის დასაქმება მოცემული ტიპის სამუშაოზე კანონით აკრძალულია ან საფრთხეს უქმნის ორსულის ჯანმრთელობას. ამასთან, შეკითხვა დასაშვებია მხოლოდ ვადიანი ხელშეკრულების შემთხვევაში.
  51. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 342, ეს წინაპირობა ცალსახად აღიარებულია გერმანული სამართლის ოჯახის ქვეყნებში; ჯორბენაძე, შეცდომა გარიგებაში, პარალელი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, სამართლის ჟურნალი #1/2011, გვ. 193, 199; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის #ას-193-180-2015 განჩინება; კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, 2014, § 123 ველი 6.
  52. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 342.
  53. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 11 აპრილის # 3კ/210-01 განჩინება.
  54. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 11 აპრილის # 3კ/210-01 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის # ას-447-424-2011 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის # ას-193-180-2015 განჩინება.
  55. OLG Köln NJW 1967, 740.
  56. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 343; კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, 2014, § 123 მე-6 ველი; ირიბი განზრახვის დასაშვებად საკმარისია სრულებით გაუცნობიერებელი და გადაუმოწმებელი ცნობების მიწოდება (BGH NJW 1998, 302; BGH NJW 1981, 1441; BGHZ 74, 392; BGH NJW 63, 382), მაგალითად, მეორადი მანქანებით მოვაჭრე არწმუნებს მყიდველს იმაში, რომ მანქანა ნაავარიები არ არის, თუმცა სინამდვილეში წარმოდგენაც არ აქვს ამის შესახებ.
  57. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 378 და შემდგომი; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 81, გვ. 242: კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 345: კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, 2014, § 123 ველი 6.
  58. „გარიგებაზე ხელმოწერა უკვე თავისთავად ადასტურებს გარიგების შინაარსის ცოდნას“, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის #ას-198-186-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის #ას-182-171-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის #ას-1342-1182-2010 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 იანვრის #ას-1059-1326-09 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 18 მაისის #ას-829-1080-04 განჩინება; მხოლოდ ე. წ. „ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის #ას-132-124-2015 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის #ას-715-684-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის #ას-1316-1254-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის #ას-505-478-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის #ას-182-171-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 2 ივნისის #ას-1202-1147-2013 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 მარტის #ას-1214-1159-2013 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის #ას-983-1017-2011 გადაწყვეტილება) ავტომატურად არ გამორიცხავს გარიგების მოტყუებით დადებას. სინამდვილეში მხარის ნდობა, ცალკე აღებული, ასევე წარმოადგენს 81-ე მუხლით დასაცავ სიკეთეს (შდრ. მუხ. 83 21-ე ველი), ამიტომაც მეორე მხარის გაუფრთხილებლობა შეიძლება გამორიცხავდეს მხოლოდ მომტყუებლის განზრახვას, მაგრამ არ გამორიცხავს მოტყუებას, თუ პირი შეგნებულად იყენებს თავისი კონტრაჰენტის ამ გაუფრთხილებლობას, თუმცა ამ შემთხვევაშიც რჩება მიზეზშედეგობრიობის გამორიცხვის შესაძლებლობა.
  59. შდრ. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 4. Aufl., 1992, 530; შდრ. ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის # 2ბ/2103-11 გადაწყვეტილება.
  60. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის # ას-1316-1254-2014 განჩინება, დასაშვებია ასევე ხელმოწერიდან გამომდინარე ვარაუდი იმისა, რომ მხარე აცნობიერებს გარიგების შინაარსს.
  61. LG Berlin 64. Zivilkammer, Urteil vom 11. Mai 1990, Az: 64 S 511/90.
  62. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის # ას-198-189-2010 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის # ას-1214-1156-2014 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის # ას-1206-1135- 2012 განჩინება.
  63. ქართული სასამართლოს მიერ არჩეული ამგვარი ფორმალისტური მიდგომით, გამორიცხული უნდა იყოს ასევე, მაგალითად, ჭარბი ინფორმაციის მიწოდებით მოტყუება, რაც არასწორია (იხ. მე-9 ველი).
  64. BGH NJW-RR 1996, 690.
  65. იხ. 59-ე მუხლის კომენტარი ველი 29 და შემდგომნი.
  66. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 379; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 341 სქ. 1696; კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 12, 17; ჯორბენაძე, შეცდომა გარიგებაში, პარალელი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, სამართლის ჟურნალი #1/2011, გვ. 193, 199; საცილო გარიგებებთან დაკავშირებით შდრ. 59-ე მუხლის კომენტარი ველი 23-ე და შემდგომნი; იხ. ასევე 59-ე მუხლის კომენტარი ველი 33 და შემდგომნი.
  67. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის # ას-669-636-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის # ას-715-684-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის # ას-132-124-2015 განჩინება: „81-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, ითვალისწინებს გარიგების ბათილობას“. მართალია, სასამართლო ამ გადაწყვეტილებებში მოტყუებით დადებულ გარიგებას ბათილად მოიხსენიებს, თუმცა ეს, სავარაუდოდ, მექანიკურ შეცდომას უნდა წარმოადგენდეს, რადგან ყველა სხვა შემთხვევა- ში საცილოობა და ავტომატური ბათილობა ერთმანეთისაგან მართებულად არის გამიჯნული: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 1 ნოემბრის #ას-1134-1080-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის #ას-1206-1135-2012 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის #ას-447-424-2011 განჩინება.
  68. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 380; ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 377; ჯორბენაძე, შეცდომა გარიგებაში, პარალელი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, სამართლის ჟურნალი #1/2011, გვ. 208; კროპჰოლერი, სკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, 2014, § 123 მე-14 ველი.
  69. შდრ. გერმანულ სამართალში „Petersen, Doppelwirkungen im Recht, Jura 2007, 673 და შემდგომნი.
  70. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 380.
  71. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, 2014,§ 123 მე-14 ველი; მოცულია თუ არა მოტყუების გამო შეცილებით შეცდომის საფუძვლით შეცილება განმარტების საკითხს წარმოადგენს (BGHZ 78, 216, 221).
  72. BGH NJW-RR 1996, 1281.
  73. BGH NJW-RR 1996, 1282, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლო მუქარის საკითხს საბოლოოდ ღიად ტოვებს.
  74. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 89.
  75. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 380.
  76. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 89; ამიტომაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის # 2ბ/4219-15 გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობა, რომლის მიხედვითაც წინააღმდეგობრივია შეცილებასთან ერთად ხელშეკრულების დარღვევის გამო ხელშეკრულებიდან გასვლა, არასწორია. აქ არაფერი წინააღმდეგობრივი არ არის, მოტყუების საფუძველზე შეცილება კონკურირებს ნაკლიდან წარმოშობილ პასუხისმგებლობასთან და შესაძლებელია ორივე მოთხოვნის გაერთიანება ალტერნატიული სასარჩელო მოთხოვნის სახით ერთ სარჩელშიც, მაგალითად, იმგვარად, რომ, თუ სასამართლო გარიგებას ბათილად არ ცნობს მოტყუების საბაბით (იმიტომ, რომ არ დგინდება მომტყუებლის განზრახვა გარიგების დადებისას), მაშინ მოსარჩელე გასვლას აცხადებს ნაკლოვანი შესრულების საბაბით.
  77. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 89.
  78. შდრ. ამასთან დაკავშირებული ქართული სასამართლო პრაქტიკის გადმოცემა ჯორბენაძე, შეცდომა გარიგებაში, პარალელი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, სამართლის ჟურნალი #1/2011, გვ. 202 და შემდგომნი, თუმცა მაგალითად მოყვანილი საქმე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 16 ივლისის # ას-325-619-04 გადაწყვეტილება, სუსგ სამოქალაქო, სამეწარმეო და სხვა კატეგორიის საქმეებზე, 9/2004, გვ. 2081) მოტყუებისა და კანონსაწინააღმდეგოობის კონკურენციისათვის არ გამოგვადგება, რადგან მოტყუება ეხებოდა მინდობილობის გაცემას, ხოლო კანონსაწინააღმდეგოდ შეიძლებოდა მიგვეჩნია მხოლოდ მინდობილობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, როგორც საკუთარ თავთან დადებული გარიგება (114).
  79. ეს გამომდინარეობს 54-ე და 81-ე მუხლების შეპირისპირებიდან, BGHZ 89, 373; BGH NJW-RR 2001, 380 და შემდგომი.
  80. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 380.
  81. Wendtland, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 123 Rn. 41.
  82. Ellenberger, in Palandt, 74. Aufl. 2015, § 123 Rn. 30.
  83. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის #ას-1134-1080-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის #ას-487-461-2015 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის # ას-198-186-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის #ას-1214-1156-2014 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის #ას-193-180- 2015 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის #ას-788- 748-2013 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის # ას-901-859-2013 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის # ას-1342-1182-2010 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 18 მაისის # ას-829-1080-04 განჩინება.
  84. BGH NJW 57, 988.
  85. BGH NJW 1988, 1267.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_81._ცნება&oldid=1503"