Gccc-logo.png


მუხლი 82. გარიგების მიჩნევა ბათილად მოტყუების გამო

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 82. გარიგების მიჩნევა ბათილად მოტყუების გამო


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

I. ზოგადი დებულებები

1

განსხვავებით თაღლითობისაგან,[1] 81-ე და შემდგომი მუხლები იცავენ არა მოტყუებულის ქონებას, არამედ მისი ნების თავისუფლებას[2] და ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, დამოუკიდებლად იმისა, ადგება თუ არა მას მოტყუებით რაიმე ქონებრივი ზიანი ან იღებს თუ არა მომტყუებელი ამით რაიმე სარგებელს. ამგვარად, მომტყუებლის მოტივს მნიშვნელობა არ ენიჭება.[3] საკმარისია, თუ სახეზე გვექნება მოტყუების სუბიექტური და ობიექტური შემადგენლობა (იხ. ამასთან დაკავშირებით 81-ე მუხლის კომენტარი).

2

მიუხედავად დანაწესის ერთი შეხედვით დამაბნეველი ფორმულირებისა, არ არის აუცილებელი არც ალტერნატივის სახით ამ მოტივთგან ერთ-ერთის ქონა.[4]

3

მოცემული ნორმიდან argumentum a maiore ad minus (ანუ მით უმეტეს) გამომდინარეობს, რომ, თუ სარგებლის მიღებისა და ზიანის მიყენების განზრახვა არ არის აუცილებელი მოტყუებით დადებული ხელშეკრულებისათვის, მით უფრო არ უნდა იყოს აუცილებელი სარგებლის რეალურად მიღება ან ზიანის მიყენება.

II. ზიანის მიყენებისა და სარგებლის მიღების მოტივი

4

მოტყუებული მხარისათვის ზიანის მიყენების მიზანი არ წარმოადგენს 81-ე მუხლის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას, ისევე როგორც მომტყუებლის მიერ ამ გარიგებიდან რაიმე სარგებლის მიღება.[5] საკმარისია იმის გაცნობიერება, რომ მეორე მხარე მოტყუების გარეშე გარიგებას არ დადებდა ან სხვა შინაარსით დადებდა (იხ. მუხ. 81-ე, მე-20 ველი).

5

მაგალითად, თუ გამყიდველი განზრახ დაუმალავს მყიდველს იმ გარემოებას, რომ სახლის საძირკველი არასათანადოდ არის დაცული მიწისქვეშა წყლებისაგან, უმნიშვნელოა ის ფაქტი, რომ გამყიდველი იმედოვნებდა, საფრთხე სინამდვილეში გადამეტებული იყო (შესაბამისი სამსახურის გაფრთხილების მიუხედავად) და ამასთან, სხვა მიმდებარე სახლებიც იდენტურ მდგომარეობაში იქნებოდნენ.[6] ასევე, თუ გამყიდველი უმალავს მყიდველს მიყიდული სახლის საცხოვრებლად გათვალისწინებული ფართის რეალურ ოდენობას, უმნიშვნელოა მისი ვარაუდი, რომ ზედამხედველობის შესაბამის სამსახურს ეს ფაქტი შეუმჩნეველი დარჩებოდა და მყიდველი შეუზღუდავად ისარგებლებდა ბინის მთლიანი ფართით.[7] დაზღვეული, რომელიც არ უმხელს მზღვეველს, ამგვარად, თავისი დაავადების შესახებ, ატყუებს მას (81-ე მუხლის გაგებით), მიუხედავად იმისა, რომ სხვა მზღვეველი ამას უმნიშვნელო ჩივილად მიიჩნევდა[8] და ამგვარად, არ გეგმავდა არც ახალი მზღვეველისათვის რაიმე ზიანის მიყენებას ან მის ხარჯზე გაუმართლებელი სარგებლის მიღებას.

6

პრობლემურია ე. წ. „კეთილი განზრახვით“ მოტყუების შემთხვევები, როდესაც მომტყუებელი იმ ფაქტზე აპელირებს, რომ გარიგების დადებისას კონტრაჰენტის შეცდომაში შეყვანით, საბოლოო ჯამში, მის ინტერესებშივე მოქმედებდა. მაგალითად,[9] შპს-ს პარტნიორი თანაპარტნიორისაგან წილის გამოსყიდვისას ამ წილის დათმობას საზოგადოების გადარჩენის ერთადერთ გზად დაუსახავს, რის გარეშეც შპს-ს გაკოტრება, ყოფილ მეწილეს კი წილის ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დაკარგვა ემუქრება (რაც სიმართლეს არ შეესაბამება), თუმცა ამ დროს სახეზე გვქონდა წილის დამთმობის საზოგადოებიდან გარიცხვის სხვა წინაპირობები, რაც ამ უკანასკნელისათვის გაცილებით არახელსაყრელი იყო. გერმანულმა სასამართლომ მაინც არ გამორიცხა (შეცილების უფლების მომნიჭებელი) მოტყუება, რადგან ეს მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ მხარის „კეთილი განზრახვა“ სრულებით ცხადი და პირადი სარგებლის მოპოვების ყოველგვარი ეჭვის გამაქარწყლებელი იქნებოდა. დღესდღეობით ცხადი „კეთილი განზრახვით“ მოტყუების შესაძლებლობაც უკუგდებულია.[10] 81-ე მუხლი არ იცავს მოტყუებულს მეორე მხარის მხოლოდ ამორალური და გაკიცხვადი საქციელისაგან, არამედ იცავს მის ნების თავისუფლებასა და ნდობას, რომლის შეზღუდვაც აპრიორი ანიჭებს მას შეცილების უფლებას. გარდა ამისა, რეალური კეთილი განზრახვის რეალიზების შემთხვევაში ნაკლებსავარაუდოა, რომ მოტყუებულმა შეცილების უფლება გამოიყენოს.[11]




  1. თაღლითობა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ვარიანტის მიხედვით, საკუთარ თავში მოიცავს მოტყუებას 81-ე და შემდგომი მუხლების მიხედვით, თუმცა ყოველი მოტყუება აუცილებლობის ძალით არ წამოადგენს თაღლითობას, ჯორბენაძე, შეცდომა გარიგებაში, პარალელი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, სამართლის ჟურნალი #1/2011, გვ. 200, 202, მოტყუება წარმოადგენს თაღლითობის ჩადენის ხერხს.
  2. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 377; კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 19; ჯორბენაძე, შეცდომა გარიგებაში, პარალელი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, სამართლის ჟურნალი #1/2011, გვ. 202.
  3. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 345; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 378.
  4. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 345; კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008, გვ. 19.
  5. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, 345; კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, § 123 მე-6 ველი.
  6. BGH NJW 1986, 980.
  7. BGH NJW-RR 2008, 258.
  8. OLG Frankfurt a. M. r + s 2005, 474.
  9. BGH LM Nr. 9 zu § 123.
  10. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 1992, 543; MükoKramer, BGB, 5. Aufl. 2006, § 123 Rn. 9.
  11. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 82, გვ. 242, სწორად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ, ჩვეულებრივ, „კეთილი განზრახვა“ მხოლოდ თავის გამართლების საბაბი თუ იქნება მომტყუებლის მხრიდან.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_82._გარიგების_მიჩნევა_ბათილად_მოტყუების_გამო&oldid=1508"