Gccc-logo.png


მუხლი 83. მოტყუება მესამე პირის მხრიდან

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 83. მოტყუება მესამე პირის მხრიდან


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან.

2. თუ გარიგების ორივე მხარე მოტყუებით მოქმედებდა, მაშინ არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება მოტყუებაზე მითითებით მოითხოვოს გარიგების ბათილობა ან ზიანის ანაზღაურება

I. ზოგადი დებულებები

1

83-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილებში გაერთიანებულია ორი განსხვავებული დანაწესი ერთი საერთო ნიშნით – მოტყუებული პირის შეცილების უფლების გამოყენების ფარგლები. მიუხედავად მომტყუებლის განზრახი მოქმედებით გამოწვეული ნების თავისუფლების შეზღუდვისა,[1] მოტყუებული მაინც არ სარგებლობს აბსოლუტური დაცვით, ყოველთვის არა აქვს გარიგების შეცილების მეშვეობით გაქარწყლების უფლება. ერთ შემთხვევაში ეს უფლება შეიძლება გამოირიცხოს გარიგებიდან სარგებლის მიმღების ნდობის დაცვიდან გამომდინარე,[2] მეორე შემთხვევაში კი იმ მიზეზით, რომ თავად მოტყუებულის ნდობა დაცვას არ იმსახურებს.

II. მოტყუება მესამე პირის მხრიდან

2

83 I მუხლი ეხება შემთხვევას, როდესაც მცდარი ცნობის წყარო არა უშუალოდ გარიგების მონაწილეა, არამედ მესამე პირი, თუმცა მონაწილემ იცის ამის შესახებ ან უნდა შეეტყო შესაბამისი გულისხმიერების გამოყენებისას. მაგალითად, მაკლერი, რომელმაც იცის სახლის ავარიულობის შესახებ, მას შეგნებულად უნაკლოდ ასაღებს, სარგებელს კი ამ სახლის გაყიდვით გამყიდველი იღებს, რომელიც შეგნებულად ხუჭავს თვალს მაკლერის ქმედებაზე.[3] ამ დროს მოტყუებულის პარტნიორის ნდობა გარიგების (რომლის დადებაც მეორე მხარის ნების თავისუფლების ხარჯზე მოხდა) სამუდამოდ შენარჩუნებასთან დაკავშირებით დაცვას არ იმსახურებს.

3

დანაწესი მოქმედებს მხოლოდ მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის შემთხვევაში.[4] არ მოიცავს, მაგალითად, ჯილდოს დაპირებას 775-ე მუხლის მიხედვით, მაშინაც კი, როდესაც მესამე პირს შესაბამისი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა უწევს.

1. მესამე პირი

4

83 I მუხლის განმარტებისათვის გადამწყვეტ საკითხს წარმოადგენს იმის გამორკვევა, თუ ვინ შეიძლება ჩავთვალოთ „მესამე პირად“. შეცილების უფლება მით უფრო შეზღუდულია, რაც უფრო ფართოა ამ მესამე პირთა წრე. მესამე პირად მიიჩნევა მხოლოდ ნეიტრალური პირი, ანუ პირი, რომელიც გარიგების დადებისას არც ერთი მხარის ბანაკში არ იმყოფება და არა, მაგალითად, ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი.[5] წარმომადგენლის გარდა მესამე პირად არ ითვლება ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომლის ქცევაც (მოტყუებული) ნების გამოვლენის ადრესატს შეერაცხება მათ შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობისა თუ სხვა განსაკუთრებული გარემოებების გამო.[6]

5

მესამე პირის ცნების ამგვარი რესტრიქციული განმარტება განპირობებულია იმით, რომ 83 I მუხლის მიხედვით პასუხისგება წარმოადგენს წინარე სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის სპეციალურ ფორმას – თითოეულ მხარეს ეკისრება ვალდებულება არ მოატყუოს მეორე მხარე.[7] თუ ამ ვალდებულებას არღვევს არა მომავალი კონტრაჰენტი, არამედ სხვა პირი, იმის განსასაზღვრად, არის თუ არა ის ნეიტრალური, 396-ე მუხლი უნდა გამოვიყენოთ.[8]

2. ცალკეული შემთხვევები

6

მესამე პირად არ უნდა მივიჩნიოთ წარმომადგენელი,[9] მაშინაც კი, როდესაც ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე მოქმედებდა, თუკი წარმოდგენილი გარიგებას მოგვიანებით მოიწონებს.[10] ასევე ლიზინგის ხელშეკრულებისას, ლიზინგის საგნის მიმწოდებელი, თუ ის ლიზინგის გამცემის ნება-სურვილის თანახმად მონაწილეობას იღებს ხელშეკრულების დადებაში, არ მიიჩნევა მესამე პირად 83 I მუხლის თანახმად და უმნიშვნელოა იცოდა (ან უნდა სცოდნოდა) თუ არა ლიზინგის გამცემმა მისი მხრიდან ლიზინგის მიმღების მოტყუების შესახებ.[11]

7

ამის საპირისპიროდ მესამე პირად ითვლება ყველა ის პირი, რომლებსაც არ გააჩნიათ უფლებამოსილება განახორციელონ გარიგების დადებისაკენ მიმართული ქმედებები ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ.[12] მაგალითად, მაკლერის ქმედება, რომლის ფუნქციაც ამოიწურება იმით, რომ ერთმანეთს გააცნოს ხელშეკრულების დადების მსურველები და მისცეს მათ ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა, აქვს რა ნეიტრალური დამოკიდებულება ორივე მხარის ინტერესების მიმართ, პირდაპირ არც ერთ მხარეს არ შეერაცხება.[13] მესამე პირია, 360-ე მუხლის თანახმად მორიგებისას მასში ჩართული მოსამართლე.[14] ქართული სასამართლო პრაქტიკის[15] მიხედვით, ასევე ნოტარიუსიც.

8

თავდებობის კისრებისას, თუ თავდებს მოვალე ბოროტი განზრახვით ატყუებს, აქაც ის მესამე პირად ითვლება.[16] იგივე წესი მოქმედებს მოვალის მხრიდან კრედიტორის მოტყუების შემთხვევაში.[17] სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებს ასევე მხოლოდ მაშინ შეერაცხებათ მათი თანაპარტნიორის ტყუილი, თუ სახეზეა 83 I მუხლის წინაპირობები.[18]

3. სარგებლის მიმღები

ა) სარგებელი

9

სარგებლის ქვეშ, ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრების[19] თანახმად, მხოლოდ სამართლებრივი სარგებელი[20] (უფლების ან მოთხოვნის გაგებით) უნდა მოვიაზროთ, რაც, საბოლოო ჯამში, არასწორია. მართალია, სარგებლის ამგვარი განმარტება მოიცავს ზემოთ მოყვანილი შემთხვევების უმრავლესობას, თუმცა მაინც ვერ უზრუნველყოფს მოტყუებულის ინტერესების ამომწურავ დაცვას.

10

მაგალითად, 203-ე მუხლის მიხედვით ვალის გადაკისრებისას, როდესაც კრედიტორი და მოვალე დებენ ვალის გადაკისრების ხელშეკრულებას, თავდაპირველი მოვალე შეიძლება ატყუებდეს კრედიტორს, ამის შესახებ იცოდეს ახალმა მოვალემაც და კრედიტორს მაინც არ ექნება მოტყუების საფუძვლით შეცილების უფლება. თავდაპირველი მოვალე ამ შემთხვევაში მესამე პირად გვევლინება და რადგან ახალი მოვალე ამ დროს არანაირ სამართლებრივ სარგებელს (უფლებას) არ მოიპოვებს, კისრულობს რა მხოლოდ ვალდებულების დაფარვას, კრედიტორს არ ექნება შეცილების უფლება 83 I მუხლის საფუძველზე.[21] ამ ხერხით, საბოლოო ჯამში, ნებისმიერ მოვალეს შეუძლია თავისი კრედიტორი გადაამისამართოს უკვე გაკოტრებულ ახალ მოვალესთან, ამ უკანასკნელთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.

11

მეორე შემთხვევა, როდესაც სარგებლის ცნების ხსენებული განმარტების თანახმად, მოტყუებული შეცილების უფლების გარეშე რჩება, არის მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ე. წ. „არანამდვილი“ ხელშეკრულება (იხ. მუხ. 349-ე მე-7 ველი[22]), რომლის ძალითაც მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს მესამე პირის მიმართ, მაგრამ თავად მესამე პირს არ აქვს მოთხოვნის უფლება. ამ ხელშეკრულებით მესამე პირი, რომელიც ასევე 83 I მუხლის გაგებით მესამე პირია, არ იძენს არანაირ სამართლებრივ სარგებელს, არ აქვს რა თავისი დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლება შემპირებლის (მოვალის[23]) მიმართ. მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ შეპირების მიმ- ღებს (კრედიტორს). ამგვარად, თუ ტყუილს მიმართა მესამე პირმა, რომლის შესახებაც კრედიტორმა არაფერი იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მესამე პირი გარიგებიდან ფაქტობრივ სარგებელს იღებს, არ იღებს რა სამართლებრივ სარგებელს, მოვალეს მაინც არ ექნება შეცილების უფლება. ამ გადაწყვეტასაც უსამართლო შედეგებამდე მივყავართ, რადგან მესამე პირს კრედიტორითა და მოვალით მანიპულაციის შედეგად დაუსჯელად შეუძლია მიიღოს ფაქტობრივი სარგებელი ისე, რომ სამართლებრივს ყურადღება აღარ მიაქციოს.

12

გამოსავალს და ამ ორივე შემთხვევის მართებულ გადაწყვეტას კი იმის დაშვება წარმოადგენს, რომ მოტყუებულს თავისი კონტრაჰენტის წინაშე ყოველთვის აქვს შეცილების უფლება, თუ ამ უკანასკნელმა იცის ან გაუფრთხილებლობით (მე-19 ველი) არ იცის მესამე პირის ტყუილის შესახებ. ასევე სარგებლის ქვეშ, ზემოთ მოყვანილი მოსაზრების საწინააღმდეგოდ (მე-9 ველი), უნდა გავიგოთ არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ასევე ფაქტობრივი სარგებელიც.

ბ) შეცილების ადრესატი

13

შეცილების ადრესატია პირი, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან, თუმცა რთულია სარგებლის ამ მიმღების ერთიანი ცნების დადგენა, რადგან, საბოლოო ჯამში, 83 I მუხლში გაერთიანებულია ორი დანაწესი, რომლებიც გსკ-ის 123-ე პარაგრაფის მე-2 ნაწილის 1-ელ და მე-2 წინადადებაში ცალცალკეა დაფიქსირებული,[24] რის გამოც ერთ-ერთი პრობლემური შემთხვევა მოუწესრიგებელი რჩება (მე-9 ველი). მიუხედავად ამისა, ნორმის განმარტების მეშვეობით შესაძლებელია ამ ბუნდოვანების თავიდან აცილება.[25]

აა) კონტრაჰენტის ტყუილი

14

პირველი, შედარებით უპრობლემო შემთხვევა, სამ პირს შორის ურთიერთობაში მოტყუებისა, სახეზე გვაქვს მაშინ, როდესაც უშუალოდ კონტრაჰენტი იტყუება. მაგალითად, სხვა პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის ხელშეკრულებისას (836), თუ დამზღვევი მზღვეველს ატყუებს, გარიგება ყოველთვის საცილოა, მაშინაც კი, როდესაც დაზღვეულმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.[26] ეს შემთხვევა საერთოდ არ ექცევა 83 I მუხლის მოქმედების სფეროში, რადგან იტყუება არა მესამე პირი, არამედ კონტრაჰენტი.[27] მოტყუებულს ამ შემთხვევაში შეცილების უფლება აქვს 81 I მუხლის საფუძველზე.

ბბ) ტყუილი, რომელიც შეერაცხება სარგებლის მიმღებს

15

თუ უშუალოდ გარიგების კონტრაჰენტი არ იტყუება, სარგებელს სხვა პირი იღებს, მაგრამ გარიგება იდება მეოთხე პირის მხრიდან ტყუილის საფუძველზე,[28] მაგალითად, სხვა პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევისას მზღვეველს ატყუებს გარეშე პირი, თუმცა ამის შესახებ არც დამზღვევმა და არც დაზღვეულმა არაფერი იციან – დგება პრობლემა, უნდა დავიცვათ სარგებლის კეთილსინდისიერი მიმღები თუ მოტყუებული.[29] კანონმდებლის ცალსახა გადაწყვეტილებით სარგებლის კეთილსინდისიერ მიმღებს არ ვიცავთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ქვემოთ მოყვანილი პრინციპის (მე-19 ველი) მიხედვით შეერაცხება მეოთხე პირის ტყუილი.

16

ამ ცალსახა გადაწყვეტის გავრცელებას იმ შემთხვევაზე, როდესაც ამ მეოთხე პირის ტყუილი შეერაცხება მხოლოდ კონტრაჰენტს, მაგრამ მის შესახებ არ იცის და არც უნდა სცოდნოდა სარგებლის მიმღებს, საკმაოდ უსამართლო შედეგამდე მივყავართ. 83 I მუხლის პირდაპირი გამოყენებით, რომელიც მხოლოდ სარგებლის მიმღებზე აკეთებს აქცენტს, გარიგება ვერ იქნება საცილო. აქ ვერ დაგვეხმარება ვერც სარგებლის ცნების ზემოთ ხსენებული (მე-12 ველი) ფართო განმარტება, რადგან შესაძლებელია, რომ უშუალოდ ხელშეკრულების დამდები ამ ხელშეკრულებიდან არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ სარგებელს არ იღებდეს. მაგალითად, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული „ნამდვილი“ ხელშეკრულებიდან, შეპირების მიმღებმა (კრედიტორმა) უარი თქვას საკუთარ მოთხოვნის უფლებაზე და ის სრულად გადაულოცოს მესამე პირს.

17

მიუხედავად კეთილსინდისიერი მიმღების ნდობის დაცვისა, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ პრინციპს, რომლის თანახმადაც გარიგების მხარე ყოველთვის დაცული უნდა იყოს მეორე მხარის ტყუილისაგან, მაშინაც კი, როდესაც მომტყუებელი ამით უშუალო სარგებელს არ იღებს, რაც პირდაპირ გამომდინარეობს 82-ე მუხლიდან და რასთანაც სიტყვასიტყვითი განმარტების თანახმად წინააღმდეგობაში მოდის 83 I მუხლი, გამორიცხავს რა შეცილების შესაძლებლობას, თუ მომტყუებელი-კონტრაჰენტი ამ გარიგებიდან სარგებელს არ იღებს და ამ სარგებელს მხოლოდ მესამე პირს ანიჭებს. ამ შემთხვევაში ისევ ზემოთ მოყვანილი ინტერესთა გადანაწილება გვაქვს სახეზე (მე-11 ველი) და მიუხედავად იმისა, რომ კონტრაჰენტი სარგებელს არ იღებს, მოტყუებულის ნდობა მის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით დაცული უნდა იყოს.

18

ამის გამო, თუ ტყუილი შეერაცხება გარიგების უშუალო მონაწილეს, სარგებლის მიღებაზე, როგორც შეცილების ადრესატის განსაზღვრის მთავარ კრიტერიუმზე, უარი უნდა ვთქვათ და 82, 83 I მუხლების ტელეოლოგიური ექსტენსიის თანახმად, რომელთა მიზანიც მოტყუებულის ნდობის დაცვაა მისი კონტრაჰენტის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით (მაშინაც კი, როდესაც ეს კონტრაჰნეტი მესამე პირისათვის ცდილობს სარგებლის მოპოვებას[30]), მოტყუებულს ყოველთვის მივანიჭოთ შეცილების უფლება.

4. ცოდნა და გაუფრთხილებლობით არცოდნა

19

თუ მომტყუებელი მესამე პირია, მოტყუებით დადებული გარიგება მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საცილო, როდესაც მოტყუებულის კონტრაჰენტმა (ან გარიგებიდან სარგებლის მიმღებმა მესამე პირმა) იცოდა ან უნდა სცოდნოდა მოტყუების შესახებ.[31] გაუფრთხილებლობით არცოდნა გვაქვს სახეზე მაშინაც, როდესაც, ცალკეული გარემოებებიდან გამომდინარე, კონტრაჰენტს უნდა გამოეკვლია, იყო თუ არა მეორე მხარის ნების გამოვლენა მოტყუებით განპირობებული.[32] გაუფრთხილებლობის ნებისმიერი სახე საკმარისია.[33]

5. რწმუნებულებისა და თანხმობის საცილოობა

20

პრობლემურია რწმუნებულებისა და თანხმობის საცილოობა, რადგან ამ ცალმხრივი გარიგებების გაბათილებას სხვა გარიგებების – წარმომადგენლობითი უფლებამოსილებითა და თანხმობის საფუძველზე დადებული გარიგებების – არანამდვილობა მოსდევს შედეგად. ერთი მოსაზრების[34] თანახმად, ამ დროს მოტყუების მოტივით შეცილების უფლების გამოყენება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ხელშეკრულების მეორე მხარემ იცოდა ან უნდა სცოდნოდა მის შესახებ. ამ გადაწყვეტის საწინააღმდეგოდ მოჰყავთ არგუმენტი, რომ სახელშეკრულებო პარტნიორის ნდობა წარმომადგენლობით უფლებამოსილებასთან დაკავშირებით 113 I მუხლის მიხედვით არის დაცული და 83 I მუხლით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმის ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს.[35]

III. ორმხრივი ტყუილი, 83 II

21

83 II მუხლის მიხედვით, თუ გარიგების დადებისას ორივე მხარე ატყუებს ერთმანეთს, მაშინ არც ერთს არ აქვს მოტყუებაზე მითითების უფლება და ამ საფუძვლით გარიგების ბათილობის მოთხოვნა. ეს დანაწესი, რომელსაც მუხლის სათაურთან ბევრი არაფერი აქვს საერთო, ნათელყოფს, რომ მოტყუებისას დაცული სამართლებრივი სიკეთე არის არა მხოლოდ მოტყუებულის ნების გამოვლენის თავისუფლება (ასეთ შემთხვევაში ორმხრივი ტყუილისას ორივე მხარეს უნდა ჰქონოდა შეცილების უფლება), არამედ ასევე მის უკან მდგომი ნდობა მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან დაკავშირებით. ამ ნდობაზე მითითების უფლება კი აღარ აქვს მხარეს, თუ ის თავადაც იტყუება.

1. დანაწესის მიზანი

22

მოცემული ნორმა იურიდიულ ლიტერატურაში[36] გაკრიტიკებულია, როგორც დანაწესი, რომელიც მოტყუებით დადებული გარიგების არსს ეწინააღმდეგება. ეს მოსაზრება 81-84-ე მუხლების უკან მდგომი მთავარი პრინციპის (იხ. 1-ლი და 26-ე ველები) ვერგაგებას ემყარება და დაუმსახურებლად აკრიტიკებს საპირისპირო პოზიციას.[37]

23

83 II მუხლი უნდა გავიგოთ, როგორც ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის (8 III) სპეციალური გამოვლინების – in pari delicto melior est conditio possidentis[38] („ორმხრივი უსამართლობისას მოპასუხეს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა“) ნორმატიული კონსტანტაცია. თუ მომტყუებელი მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ თავადაც მოატყუეს, შეცილების მეშვეობით ვეღარ გამოითხოვს საკუთარ შესრულებას მეორე მხარისაგან, რადგან მანაც ზუსტად ასევე არაკეთილსინდისიერად მოიპოვა საპირისპირო შესრულება. თითოეულ მხარეს მხოლოდ მაშინ აქვს მეორის არაკეთილსინდისიერებაზე მითითების უფლება, როდესაც თვითონ არის კეთილსინდისიერი.

24

ამ დანაწესის გარეშეც საბოლოო შედეგი დიდი ალბათობით მაინც უცვლელი იქნებოდა 976 II დ) და 979 IV მუხლების[39] მიხედვით, თუმცა უმიზნოდ გართულდებოდა ამ შედეგის მისაღწევი სამართლებრივი კონსტრუქცია. 976 II დ) და 979 IV მუხლები, ორივე, კონდიქციური უკუქცევისას დაბრუნების ვალდებულებისაგან ათავისუფლებს მიმღებს, თუ ნორმა, რომლის საფუძველზეც მოხდა გარიგების არანამდვილად ცნობა, ამ მიმღების დაცვას ემსახურებოდა.[40] 81 I სწორედ ის ნორმაა, რომელიც მოტყუებულის დაცვას ემსახურება და კონდიქციური უკუქცევისას მთელ რიგ შემთხვევებში ათავისუფლებს მოტყუებულ მიმღებს უკან დაბრუნების ვალდებულებისაგან, მაგრამ, თუ ორივე მხარე მოტყუებულია, მაშინ არც ერთი არ დააბრუნებს არაფერს, რაც ნიშნავს იმას, რომ გარიგების ბათილობის მოთხოვნას რეალური შედეგი არ მოჰყვება. მაგალითად, თუ გაცვლის ხელშეკრულებისას ორივე მხარე ატყუებს ერთმანეთს გაცვლილი მანქანის მუხრუჭების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხოლო მოგვიანებით ორივე მანქანა მიმღებთან ამ მიზეზით განადგურდება, მაშინ 979 IV მუხლის მიხედვით თითოეული გათავისუფლდება უკან დაბრუნების ვალდებულებისაგან.[41]

ამგვარად, ეს დანაწესი როგორც სამართლის დოგმატიკის, ისე პოლიტიკის კუთხით სრულ თანხმობაშია სსკ-ის სისტემატიკასთან.

2. შედეგები „თვალსაჩინოების სტანდარტისათვის“

25

83 II მუხლში შემოთავაზებული გადაწყვეტა ცალსახად მეტყველებს ქართულ სასამართლო პრაქტიკაში[42] აღიარებული ე. წ. „თვალსაჩინოების სტანდარტის“ (იხ. მუხ. 81-ე მე-10 ველი) საწინააღმდეგოდ, რომლის მიხედვითაც „მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი“. ეს სტანდარტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს,[43] გამოჰყავს კეთილსინდისიერების პრინციპიდან, რაც თანმიმდევრულია, თუმცა, საბოლოო ჯამში, არასწორი.

26

სინამდვილეში არ არსებობს მოტყუების ქმედების ობიექტური მნიშვნელობის, მისი მესამე პირის თვალსაწიერიდან დადგენის აუცილებლობა (მუხ. 81-ე მე-12 ველი), როგორც, მაგალითად, შეცდომით გამოხატული ნების შემთხვევაში ხდება, რადგან მომტყუებლისა და მოტყუებულის ნდობა არ არის თანაბრად დასაცავი. მომტყუებელი სწორედაც რომ არ არის ნების გამოხატვის ობიექტური მიმღები. ეს განსაკუთრებით ნათლად იკითხება 83 II მუხლიდან, რომლის მიხედვითაც, თუ ორივე იტყუება არც ერთს არ აქვს შეცილების უფლება – ნების თავისუფლება მხოლოდ მაშინ იმსახურებს დაცვას, თუ საქმე ეხება კეთილსინდისიერი პირის ნებას.




  1. იხ. 81-ე მუხლის კომენტ. 1-ლი და მე-2 ველი.
  2. შდრ. სხვა მოსაზრება კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 346, რომელიც მოცემული ნორმის გამართლებას იმაში ხედავს, რომ ამ დროს მოტყუებულის კონტრაჰენტი, უწყობს რა ხელს საკუთარი დუმილით მომტყუებლის მიერ შექმნილი მცდარი წარმოდგენის შენარჩუნებას, არ იმსახურებს დაცვას. ამგვარი განმარტება ბოლომდე დამაჯერებელი არ არის, რადგან 83 I მუხლი ეხება ასევე შემთხვევას, როდესაც ამ კონტრაჰენტმა გაუფრთხილებლობით (მე-19 ველი) არ იცის მესამე პირის მხრიდან მოტყუების შესახებ, შესაბამისად, დუმილით ხელის შეწყობაზე საუბარი ზედმეტია. უფრო გამართლებულია ამ დანაწესის განმარტება მოტყუებულის კონტრაჰენტის ნდობისა და მოტყუებულის ნების თავისუფლების აწონ-დაწონვის ჭრილში, როგორც მათ შორის კომპრომისის მონახვის მექანიზმისა. კიკოშვილი (ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008, გვ. 17) სწორად აკეთებს აქცენტს ნების მიმღების კეთილსინდისიერებაზე, თუმცა შემდგომ ისევ „ნების გამოვლენაზე ზემოქმედების შესახებ“ საუბრობს.
  3. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 379.
  4. Müko/Armbrüster, in Münchener Kommentar zum BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 61.
  5. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 379; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, 83-ე მუხლი, გვ. 243-244.
  6. BGH NJW 1996, 1051; BGH NJW 1990, 1662.
  7. Schubert, Unredliches Verhalten Dritter bei Vertragsabschluss, AcP 168 (1968), 504 ff.
  8. BGH NJW 2011, 2874, თუმცა ეს მოსაზრება გაკრიტიკებულია იმდენად, რამდენადაც არ მოიცავს, მაგალითად, წარმომადგენლობის გარეშე მოქმედი წარმომადგენლის შემთხვევას, მაშინაც კი, როდესაც წარმომადგენლი მოგვიანებით იწონებს გარიგებას. ამიტომაც მეორე მოსაზრების (კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, § 123 მე-7 ველი; Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 65) თანახმად, „მესამე“ პირთა წრეს არ განეკუთვნება არც ერთი მომტყუებელი, რომელიც მხოლოდ გარეგნულად მაინც მინდობილ პირად წარმოსდგება და ეს მოჩვენებითი ფაქტი ხელშეკრულების კონტრაჰენტს შეერაცხება.
  9. კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 17.
  10. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, 2014, § 123 მე-7 ველი.
  11. BGH NJW 1989, 288.
  12. Schubert, Unredliches Verhalten Dritter bei Vertragsabschluss, AcP 168 (1968), 492.
  13. RGZ 101, 98; BGH WM 1964, 853.
  14. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 67.
  15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის განჩინება № ას-182-171-2014.
  16. BGH NJW 1996, 1051.
  17. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 67.
  18. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 69.
  19. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 347.
  20. „უფლებისა თუ მოთხოვნის შინაარსობრივი დატვირთვით“.
  21. Müko/Armbrüster, in Münchener Kommentar zum BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 75.
  22. gccc.ge, 2016 წ. 11 თებერვლის მდგომარეობით.
  23. ტერმინოლოგიისათვის შდრ. მუხ. 349-ე მე-9 ველი.
  24. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 345.
  25. ამიტომაც კერესელიძის (უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 345) მოსაზრების სრულად გაზიარება შეუძლებელია.
  26. OLG Celle r+s 2010, 426 f.
  27. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 73.
  28. ეს ოთხ პირს შორის ურთიერთობა წარმოადგენს გსკ-ის 123 II 2 პარაგრაფის მთავარ გამოყენების სფეროს (Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 74).
  29. ამიტომაც ამ და ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში ინტერესთა განაწილება და შესაბამისად, გადასაწყვეტი პრობლემაც არაერთგვარია (Schubert, Unredliches Verhalten Dritter bei Vertragsabschluss, AcP 168 (1968), 495.
  30. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 73.
  31. შდრ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 346, აქცენტს აკეთებს მხოლოდ ცოდნაზე, რაც, სავარაუდოდ, მექანიკური გამორჩენის ბრალია.
  32. BGH NJW-RR 1992, 1006.
  33. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 71.
  34. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, 2014, § 123 მე-8 ველი; Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 1992, 546.
  35. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 76. რაც შეეხება თანხმობას, გერმანული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით (BGHZ 137, 255), მაგალითად, თუ სამმხრივი ხელშეკრულებისას, როდესაც გამქირავებელი ნებას რთავს ახალ დამქირავებელს (მომტყუებელს) ჩაანაცვლოს ამჟამინდელი დამქირავებელი მასთან დადებული ხელშეკრულებით, აქ შეცილება ამჟამინდელი დამქირავებლის წინაშე გამოთქმული ნებართვისა, შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მოტყუების შესახებ.
  36. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 347; სინამდვილეში მოტყუებით დადებული გარიგების არსს ეწინააღმდეგება სწორედ ამ ავტორის დაშვება, რომ ორმხრივი ტყუილისას ამ „არასწორი“ დანაწესის გასწორების ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი შეიძლება გარიგების ბათილობა ყოფილიყო. მართალია, რომის სამართალში (Paul. (33 ed.) D. 18.1.57.3) ორმხრივი არაკეთილსინდისიერების (dolus)) შემთხვევაში მართლაც იყო შესაძლებელი გარიგების ბათილად ცნობა (ესეც დამოკიდებული იყო შესრულების გართულების დამატებით გარემოებებზე, როგორიც იყო, მაგალითად, ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა), თუმცა ეს სრულებით შეუძლებელია თანამედროვე ქართულ სამართალის დოგმატიკიდან გამომდინარე, სადაც გამოტყუებული ნება, მხოლოდ საცილოა და არა აპრიორულად ბათილი. კანონმდებლის ამ ამოსავალ დოგმაზე უარის თქმა შეუძლებელია ორმხრივი ტყუილის შემთხვევაშიც კი. ასევე არამართებულია იქვე (გვ. 347-348) მოყვანილი პარალელი იტალიის სამოქალაქო კოდექსის დანაწესთან (იხ. მუხ. 81 მე-6 ველი); ამ არასწორ მოსაზრებას იზიარებს ასევე კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 17; შდრ. ასევე ჯორბენაძე, შეცდომა გარიგებაში, პარალელი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, სამართლის ჟურნალი #1/2011, გვ. 209.
  37. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, 83-ე მუხლი, გვ. 245.
  38. ეს პრინციპი მფლობელობასთან დაკავშირებული დავისას ცნობილი იყო კლასიკური პერიოდის რომის სამართალში (Ulp. (1 leg. Iul. Pap.) D. 50.17.128pr.), ჩამოყალიბდა კანონიკურ სამართალში უკვე ზოგადი პრინციპის ფორმით (VI, Reg. iur., 65, Corpus juris canonici (ed. Gregoriana), part. 3, col. 844, L. 9-10) და ცოცხალია თანამედროვე მართლწესრიგშიც. შდრ. მაგალითად, ანგლოამერიკული სამართლიანი სამართლის (equity) წესი those seeking equity must do equity (ის ვინც ეძიებს სამართლიანობას, თავადაც უნდა მოქმედებდეს მის შესაბამისად) და გსკ-ის 817 2 პარაგრაფი.
  39. შდრ. ამ დანაწესების გამოყენებისათვის რუსიაშვილი/ეგნატაშვილი, კაზუსები კანონისმიერ ვალდებულებით სამართალში, 2016, გვ. 146 და შემდგომნი, გვ. 161 და შემდგომნი.
  40. პირველი ნორმა ეხება ნატურით დაბრუნებას, ხოლო მეორე – ნატურით დაბრუნების შეუძლებლობისას ღირებულების ანაზღაურებას.
  41. იგულისხმება, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარე იყენებს მოტყუების საფუძვლით შეცილების უფლებას. შდრ. უკვე არანამდვილი გარიგების შემთხვევაში შეცილების უფლების გამოყენებისათვის მუხ. 81 25-ე ველი.
  42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის № ას-182-171-2014 განჩინება.
  43. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის № 2ბ/2103-11 გადაწყვეტილება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_83._მოტყუება_მესამე_პირის_მხრიდან&oldid=1598"