Gccc-logo.png


მუხლი 84. შეცილების ვადა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 84. შეცილების ვადა


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.

I. ნორმის მიზანი

1

შეცდომის საფუძველზე შეცილების მსგავსად, მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაშიც ამ უფლების გამოყენება დროში შეზღუდულია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მომტყუებლის ინტერესები არ საჭიროებს დაცვას, შეცილების უფლების მქონეს მაინც არ უნდა მივანიჭოთ უფლება მისი შეუზღუდავი გამოყენებით შეარყიოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა.[1] თუმცა გამომდინარე იმ განსხვავებიდან, რომ მოტყუების შემთხვევაში ნების თავისუფლების ხელყოფა მეორე მხარის განზრახი მოქმედებით ხდება[2] და ის გაცილებით უფრო ინტენსიურად არის ხელყოფილი ვიდრე შეცდომისას, კანონი მოტყუებულს არა მხოლოდ უპირობოდ ანიჭებს ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნის უფლებას,[3] არამედ ანიჭებს მას უფრო მეტ დროსაც ამ უფლების გამოყენებისათვის.

2

დანაწესში ხსენებული გარიგების „სადავოობა“, სწორი მოსაზრების თანახმად, „საცილოობის“ სინონიმად უნდა გავიგოთ.[4]

3

პრობლემურია, როდესაც შეცილების გაცხადება უნდა მოხდეს არა მომტყუებლის მიმართ, არამედ მესამე პირის მიმართ, ან როდესაც ეს შეცილება უშუალოდ ეხება მესამე პირს (იხ. მუხ. 83 მე-16 და მე-20 ველები). ამ შემთხვევაში გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში[5] გამოთქმული მოსაზრების თანახმად, შეცილების ადრესატს შეუძლია შესაბამისი ვადა დაუთქვას შემცილებელს უფლების გამოყენებისათვის, რომლის ამოწურვის შემდეგაც შემცილებელი დაკარგავს ამ უფლებებს მესამე პირის წინაშე.

II. ცალკეული დებულებების განმარტება

1. ვადის დაწყება

4

მიღებასავალდებულო ნების გამოხატვისას მოტყუებულს შეცილების უფლების გამოყენება შეუძლია ერთი წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როდესაც უნდა შეეტყო თავისი ამ უფლების შესახებ. ამგვარად, ამ ვადის დინება იწყება მოტყუებულის მიერ შეცდომისა და იმ გარემოების აღმოჩენის შემდეგ, რომ ეს შეცდომა მეორე მხარის ტყუილით იყო განპირობებული. დანაწესი მოითხოვს პოზიტიურ ცოდნას, რასაც გაუფრთხილებლობით არცოდნას ვერ გავუთანაბრებთ.[6] საკმარისი არ არის არც უბრალო ეჭვი მეორე მხარის ტყუილთან დაკავშირებით,[7] ისევე როგორც მხოლოდ ნივთის ნაკლის შესახებ ცოდნა; აუცილებელია, მოტყუების ფაქტის გაცნობიერება, თუმცა თავის მხრივ არ არის აუცილებელი მისი თითოეული დეტალის ცოდნა.[8]

5

არამიღებასავალდებულო ნების გამოხატვისას გამართლებული ჩანს, რომ ერთწლიანი ვადის დინება დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც არსებობდა შეცილების კონკრეტული შესაძლებლობა, რისი წინაპირობაცაა 59 II 2 მუხლის მიხედვით შეცილების ადრესატის გამორკვევა.[9]

2. შეცილების გაცხადების მისვლა

6

შეცილების გაცხადება ერთი წლის განმავლობაში უნდა მიუვიდეს მეორე მხარეს, რაც განისაზღვრება 51-ე მუხლის წესების მიხედვით.

3. ერთწლიანი ვადა, როგორც უფლების გამომრიცხავი ვადა

7

ერთწლიანი ვადის გამოთვლისათვის უნდა გამოვიყენოთ 122, 123 II მუხლები.

8

თავად ეს ვადა წარმოადგენს უფლების გამომრიცხავ ვადას და არა ხანდაზმულობის ვადას. განსხვავებით ხანდაზმულობის ვადის გასვლისაგან, გამომრიცხავი ვადის ამოწურვა მოთხოვნას არა მხოლოდ განუხორციელებელს ხდის, არამედ სრულებით აქარწყლებს მას, რის გამოც სასამართლო ამ ვადას ამოწმებს არა მხოლოდ მეორე მხარის შესაგებელის საფუძველზე, არამედ საკუთარი ინციატივით (იხ. მუხ. 79 მე-8 ველი). ამ შემთხვევაში ქართული სასამართლო პრაქტიკა[10] არასწორი მიმართულებით არის წასული, აიგივებს რა ხანდაზმულობის ვადას გამომრიცხავ ვადასთან.

9

ხანდაზმულობის შესახებ დანაწესებს 84-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის შემთხვევაში მხოლოდ ანალოგიით თუ გამოვიყენებთ, მათი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. მაგალითად, ანალოგიით უნდა გამოვიყენოთ 132 ბ) მუხლი, რომლის თანახმადაც ვადა ჩერდება, თუ შეცილების გაცხადებას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა.[11] ამ დროის განმავლობაში ერთწლიანი ვადის დინება უნდა შეჩერდეს. ასევე, თუ შეცილების უფლების მფლობელი შეზღუდულქმედუნარიანია, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც მხარდაჭერა სათანადო წესით არ გაეწია, ანდა ეს პირები წარმოადგენენ შეცილების ადრესატებს, ერთწლიანი ვადის დენა შეჩერებულად ითვლება, სანამ ეს პირი სრულად ქმედუნარიანი არ გახდება ან მას კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი არ დაენიშნება (134-ე მუხლის ანალოგიით).[12]

4. ვადის გასვლის შედეგები

10

ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მოტყუებული კარგავს შეცილების უფლებას. შეცილების ვადის ამოწურვისაგან დამოუკიდებლად ის ინარჩუნებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (იხ. მუხ. 81 30-ე ველი),[13] რაც მოტყუებულს ანიჭებს მეორე მხარის მოთხოვნისაგან, როგორც ზიანისაგან, გათავისუფლების მოთხოვნის უფლებას.

11

შეცილების ვადის გასვლასთან ერთად მოტყუებული კარგავს უკვე გაცხადებული შეცილების ახალი საფუძვლებით გამყარების შესაძლებლობას.[14]

5. შეცილების გამომრიცხავი სხვა გარემოებები

ა) უფლების პრეკლუზია

12

გარდა ზემოთ მოყვანილი გამონაკლისისა (მე-3 ველი), შეცილების უფლების პრეკლუზია ხდება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში, როდესაც მოტყუებას ხელშეკრულების განხორციელებისათვის არანაირი მნიშვნელობა აღარ ენიჭება.[15] ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი ხანგრძლივი ვადით დადებული ხელშეკრულებების შემთხვევაში, როგორიც არის შრომითი ხელშეკრულება, თუმცა, მაგალითად, დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების დადებისას გაყალბებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ დამსაქმებლის ინტერესი, რამდენიმეწლიანი ჯეროვანი სამუშაოს მიუხედავად, შეიძლება მაინც ხელყოფილი იყოს.[16] გარდა ამისა, თუ მოტყუებული სასამართლო პროცესზე, მიუხედავად შეცილების უფლების შესახებ ცოდნისა, არ გამოიყენებს მას, ერთმევა ამ უფლების მოგვიანებით გამოყენების შესაძლებლობა. ამ არგამოყენებით მეორე მხარეს წარმოეშობა ნდობის მომენტი, რადგან პროცესის შემდეგ ის უკვე აღარ განიხილავს შეცილების გამოყენების შესაძლებლობას.[17] პრეკლუზია 83 II მუხლის ანალოგიით უნდა დავუშვათ ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მეორე მხარე მოტყუების დარი ბოროტი განზრახვით იყენებს თავის შეცილების უფლებას, მაგალითად, თუ ჯერ ინარჩუნებს გარიგებას თავის სასიკეთოდ და მხოლოდ შემდეგ ითხოვს მის ბათილობას.[18]

ბ) დადასტურება

13

თუ შეცილების უფლების მქონე ადასტურებს საცილო გარიგებას 61 III მუხლის[19] მიხედვით, მაშინ შეცილების უფლება ქარწყლდება დამოუკიდებლად 84-ე მუხლით გათვალისწინებული ვადისა, თუმცა მხოლოდ მეორადი მოთხოვნების წარდგენით (როდესაც მყიდველს, ამასთან, შეცილების წინაპირობებიც გაცნობიერებული აქვს) არ მჟღავნდება დადასტურების ნება (იხ. მუხ. 81, 28-ე ველი).

6. მტკიცების ტვირთი

14

შეცილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთს ატარებს შეცილების ადრესატი.[20] ამ წესს არამართებულად არ იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში,[21] ითხოვს რა მოსარჩელისაგან იმის მტკიცებას, რომ 1997 წელს ჩუქების ხელშეკრულების მოტყუებით დადების შესახებ მხოლოდ 2005 წელს გახდა ცნობილი და ამგვარად, 2006 წელს 84-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული.

ასევე ნებისმიერი პირს, რომელიც უთითებს იმ ფაქტზე, რომ შემცილებელმა უკვე წელიწადზე მეტია იცის მოტყუების შესახებ,[22] ეკისრება ამის მტკიცების ტვირთი.




  1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის № ას-1350-1275-2012 გადაწყვეტილება; Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 124 Rn. 1.
  2. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, 376; კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 17; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის № ას-198-186-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის № ას-1214-1156-2014 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის № ას-1350-1275-2012 გადაწყვეტილება.
  3. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 377; ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 378; შდრ. ასევე კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 17; ჯორბენაძე, შეცდომა გარიგებაში, პარალელი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, სამართლის ჟურნალი #1/2011, გვ. 193 და შემდგომი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის #ას-1350-1275-2012 განჩინება.
  4. იხ. 59-ე მუხლის კომენტარი ველი 25.
  5. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 4. Aufl., 1992, 532.
  6. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 124 Rn. 3; BGH WM 1973, 751.
  7. BGH WM 1973, 750 (751).
  8. BGH NJW 2009, 2533.
  9. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 124 Rn. 5.
  10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 23 სექტემბრის № ას-886-929-2011 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 11 ნოემბრის № ას-586-551-2010 განჩინება.
  11. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 84, გვ. 245.
  12. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 84, გვ. 245.
  13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის № ას-1046-1314-09 განჩინება.
  14. BAG NJW 2008, 940.
  15. BAG NJW 1970, 1566.
  16. LAG BadenWьrttemberg MDR 2007, 533.
  17. OLG Hamburg HansRGZ 1926, 232.
  18. OLG Hamm NJOZ 2014, 1987.
  19. იხ. მუხ. 61 მე-18 და შემდგომი ველები.
  20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის № ას-983-1017-2011 გადაწყვეტილება.
  21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 23 სექტემბრის № ას-886-929-2011 განჩინება.
  22. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 124 Rn. 16.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_84._შეცილების_ვადა&oldid=1600"