Gccc-logo.png


მუხლი 85. ცნება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 85. ცნება


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი და შინაარსი

1

იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაშიც, მოტყუებით დადებული გარიგების მსგავსად, საქმე გვაქვს ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებასთან, თუმცა მოტყუებისაგან განსხვავებით, აქ ნების თავისუფლება აშკარად არის ხელყოფილი. მაიძულებელი პირი კი არ გამოსტყუებს მეორე მხარეს შეცდომაში შეყვანის გზით ნების გამოხატვას, არამედ ადგილი აქვს მისი თავისუფალი ნების აშკარა მოდრეკას.[1] ამის გამო, იძულების საფუძვლით შეცილების უფლება, მოტყუებისაგან განსხვავებით, მაშინაც კი შეუზღუდავად უნდა დავუშვათ, როდესაც იძულება მესამე პირისაგან მომდინარეობს.[2] ამ განსხვავების უკან დგას მოსაზრება, რომ მოტყუებულს ყოველთვის აქვს შეცდომის გამო (72-ე და შემდგომი მუხლები) შეცილების უფლების გამოყენების შესაძლებლობა „მარაგში“, მაშინ, როდესაც იძულებულს 85-ე მუხლით შეცილების გარდა, მხოლოდ ამ მესამე პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები დარჩებოდა და მის გადახდისუნარიანობაზე იქნებოდა დამოკიდებული.[3]

2

იძულებით დადებული გარიგებაც, მოტყუებით და შეცდომით დადებული გარიგების მსგავსად, არის მხოლოდ საცილო და არა ავტომატურად ბათილი (იხ. მუხ. 81 23-24-ე ველები).[4] შეცილების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელიც გარიგების დადებაში მონაწილეობას იღებდა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ[5] თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ 85-ე მუხლი მეუღლეს არ ანიჭებს თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების ბათილობის მოთხოვნის უფლებას, თუკი გარიგება მეორე მეუღლემ დადო.

3

ზიანის ანაზღაურების მიმართ გამოიყენება ზოგადი წესები.[6]

2. გამოყენების სფერო

4

85-ე მუხლი, 81-ე მუხლის მსგავსად, მოქმედებს ყველა სახის ნების გამოხატვის მიმართ როგორც მიღებასავალდებულოს, ისე არამიღებასავალდებულოს, გაცხადებულის თუ კონკლუდენტურის.

5

მუქარის დროს ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ ორი შემთხვევა: თუ მუქარის ადრესატს რეალურად სურს იმ შედეგის დადგომა, რომელსაც მიზნად ისახავს მისი ნების გამოხატვა, რადგან ეს მიაჩნია მუქარის რეალიზების თავიდან აცილების ერთადერთ გზად, შინაგანი ნება და მისი გარეგანი გამოვლენა ერთმანეთს ემთხვევა და 85-ე მუხლის შემთხვევა გვაქვს სახეზე.[7] თუ ამის საპირისპიროდ მუქარის ადრესატი მიიჩნევს, რომ საკმარისია დამმუქრებლის წინაშე ფორმალურად გამოავლინოს ნება, რათა თავიდან აირიდოს მოსალოდნელი საფრთხე (დამოუკიდებლად ამასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგისა), შინაგანი ნება – და მისი გარეგანი გამოვლენა – ჩვეულებრივ, არ ემთხვევა ერთმანეთს და მეორე მხარის მიერ ამ ნამდვილი მოტივის შეცნობის შემთხვევაში სახეზე გვაქვს მოჩვენებითი გარიგება 56 I მუხლის ანალოგიის მიხედვით. შესაბამისად, გარიგება ავტომატურად არანამდვილია და შეცილების გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს (იხ. 26-ე ველი).[8]

II. იძულებით დადებული გარიგების წინაპირობები

6

იძულება წარმოადგენს ნების გამოხატვის პროცესში აშკარა ჩარევას.[9] მიუხედავად იმისა, რომ ნების გამომხატველს გაცნობიერებული აქვს რეალური მდგომარეობა და არ სურს გარიგების დადება, მისი თავისუფალი ნება იმდენად არის შეზღუდული, რომ, საბოლოო ჯამში, თანხმდება მასზე, ფორმალურად საკუთარი გადაწყვეტილებით.[10]

1. ობიექტური შემადგენლობა

ა) ძალადობა

7

კანონმდებელი 85-ე მუხლში დაუშვებელი ზემოქმედების ხერხებად აღიარებს ძალადობასა და მუქარას. ძალადობის ქვეშ უნდა გავიგოთ ფიზიკური იძულება,[11] რომელიც მიმართულია მოძალადისათვის სასურველი ნების გამოხატვისაკენ.

8

განსხვავებით სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით გათვალისწინებული ძალადობისაგან,[12] 85-ე მუხლი ეხება მხოლოდ დაძლევადი ფიზიკური (ვის ცომპულსივა) ძალის გამოყენებით გამოძალულ ნების გამოხატვას, ე. წ. ნების მომდრეკი ძალის გამოყენებას, როდესაც პირს შეზღუდულად, თუმცა მაინც რჩება თავისუფალი არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა (მაგ., ჩაკეტვა, ბორკილების დადება, ცემა ხელმოწერის გამოძალვის მიზნით და ა. შ.). ამისაგან განსხვავებით თავისუფალი ნების გამტეხი იძულება (ვის აბსოლუტა), როდესაც იძულებულს არჩევანის თავისუფლება სრულად წართმეული აქვს – დაუძლეველი ფიზიკური ძალის გამოყენებით ღილაკზე თითის დაჭერის იძულება, სხვისი დამორჩილებული ხელით ხელმოწერის შესრულება – აღარ წარმოადგენს 85-ე მუხლის შემთხვევას. ამ შემთხვევაში ნების გამოხატვას აკლია მისი კონსტიტუციური ელემენტი, მოქმედების ნება, რის გარეშეც ის საცილო კი არ არის, არამედ საერთოდ არ არსებობს.[13] ამ განსხვავებას ქართული სასამართლო პრაქტიკა[14] ყოველთვის სწორად ვერ აღიქვამს, უარყოფს რა იძულების შემთხვევაში მოქმედების ნებას.

9

ძალადობის განმარტება, სისხლის სამართალში[15] აღიარებული დეფინიციის კვალდაკვალ, უნდა მოხდეს, როგორც ფიზიკური ეფექტის მქონე იძულებისა, ძალის ან სხვა სხეულებრივი ფაქტორების გამოყენებით, რომელიც, მისი ინტენსივობისა და მოქმედების არეალის გამო, გამოსადეგია იმისათვის, რათა ხელყოს პირის გადაწყვეტილების ჩამოყალიბება-მიღების თავისუფლება. ძალადობად უნდა ჩავთვალოთ მეზობლის მიერ მეორე მეზობლის სახლისკენ მიმავალ სამანქანო გზაზე ბარიერის აღმართვა, რათა ამით დაიყოლიოს მიწის ნაკვეთის იაფად დათმობაზე.[16]

10

არასწორია ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება,[17] რომლის თანახმადაც 85-ე და შემდგომი მუხლებით გათვალისწინებული იძულების ქვეშ მხოლოდ ფსიქიკური იძულება, ანუ მუქარა, უნდა გავიგოთ.[18] ამ მოსაზრების თანახმად, ცემისას მნიშვნელოვანია არა უკვე განხორციელებული დარტყმა, არამედ ყოველი შემდგომი დარტყმის შიში.[19] გარდა იმისა, რომ ეს პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის ტექსტს,[20] ის, საბოლოო ჯამში, ნების მომდრეკი იძულების ფსიქიკურ იძულებასთან არასწორ გაიგივებას ემყარება. სინამდვილეში ნების მხოლოდ მოდრეკა (ანუ არჩევნის თავისუფლების შენარჩუნება) შესაძლებელია ფიზიკური იძულების გამოყენებითაც და არა მხოლოდ სამომავლო საფრთხის დამუქრებით (ფსიქიკური იძულება). მაგალითად, პირის ჩაკეტვა გარიგებაზე ხელის მოწერის მიზნით, ან უნარშეზღუდულისათვის ეტლის გამოცლა, ეს არ არის მხოლოდ სამომავლო საფრთხით დამუქრება, არამედ უკვე რეალიზებული საფრთხე, სულ მცირე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, თუმცა ამავდროულად არ წარმოადგენს არც დაუძლეველ ფიზიკურ ძალას.

11

საზღვრის წაშლა ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას შორის, როგორც ამას ზემოთ ხსენებული მოსაზრება გვთავაზობს, არასასურველია,[21] პირიქით, უნდა მოხდეს ძალადობისა და მუქარის შემთხვევების მაქსიმალურად დამოუკიდებლად გამოკვეთა და ორივესთვის ცალ-ცალკე დოგმატიკის შემუშავება, რადგან იძულების სიმძაფრე და ნების თავისუფლების ხელყოფის ინტენსივობა ამ ორივე შემთხვევაში განსხვავებულია. ძალადობის დროს პირი უშუალოდ იმყოფება ექსტრემალურ სიტუაციაში და მისთვის გაცილებით რთულია იძულების რეალური ხასიათის შეცნობა 86-ე მუხლის მიხედვით, ვიდრე ამ ძალადობით მხოლოდ დამუქრების შემთხვევაში.[22] ცემით მუქარა სხვაა და რეალური ცემა კიდევ სხვა, რადგან არა მხოლოდ შემდეგი დარტყმის შიშით ითრგუნება ნება, არამედ უკვე განხორციელებული დარტყმითაც.

12

გარდა ამისა, ძალადობის მართლზომიერების განსაზღვრა 88-ე მუხლის მიხედვით სულ სხვა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს, ვიდრე იძულების (იხ. მუხ. 88, მე-16 ველი).

ბ) მუქარა

13

მუქარა (ფსიქიკური იძულება) წარმოადგენს სამომავლო საფრთხის შესახებ შეტყობინებას, რომლის რეალიზებასაც დამმუქრებელი საკუთარ ნება-სურვილზე დამოკიდებულად წარმოაჩენს,[23] რათა, ამგვარად, ზეგავლენა მოახდინოს მუქარის ადრესატის ნების ჩამოყალიბებაზე და დაიყოლიოს შესაბამისი გარიგების დადებაზე.[24]

14

სამომავლო საფრთხე მოიცავს ნებისმიერ უარყოფით შედეგს როგორც მატერიალურს, ისე არამატერიალურს,[25] დამოუკიდებლად მისი სიმძიმისა.[26] მუქარის სიმძიმე მნიშვნელობას იძენს მხოლოდ მიზეზშედეგობრიობის დადგენისას (იხ. მუხ. 86 მე-11 და შემდგომი ველები).

15

აუცილებელი არ არის, რომ დამმუქრებელს მართლაც ჰქონდეს „დაპირებული“ უარყოფითი შედეგის სისრულეში მოყვანის განზრახვა, საკმარისია, თუ მუქარის ადრესატს შეეძლო მისი აღქმა რეალური საფრთხის შემცველად.[27] დამუქრება შესაძლებელია როგორც გაცხადებულად, ისე შეფარული თუ კონკლუდენტური მითითების გზით.[28] ყველა ამ შემთხვევაში გადამწყვეტია, ჩანს თუ არა ადრესატის თვალსაწიერიდან საფრთხის რეალიზება დამმუქრებლის ნებაზე დამოკიდებულად.[29] შესაბამისად, მითითება ობიექტურად არსებულ გარემოებაზე, რომელზეც დამმუქრებელს არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, ვერ ჩაითვლება მუქარად, ისევე როგორც უკვე რეალიზებული საფრთხე.[30] გერმანული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მუქარად არ ითვლება არც უკვე შეუქცევად საფრთხეზე მითითება (იხ. მუხ. 86 მე-9 ველი). მუქარა არ გვაქვს სახეზე ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც პირი მხოლოდ ვარაუდობს, რომ ნების არგამოვლენისას მეორე მხარე მას ავნებს, ამ უკანასკნელის მხრიდან კონკრეტული მითითების გარეშე ნების არგამოვლენასა და საფრთხეს შორის კავშირზე (იხ. დეტალურად მუხ. 86 მე-9 ველი). უკვე არსებული მძიმე მდგომარეობის გამოყენება, რომელიც არ შექმნილა ნების გამოძალვის მიზნით, არ წარმოადგენს მუქარას. მუქარა არ გვაქვს სახეზე ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც პირი (გარანტის ფუნქციის გარეშე) მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილს უარს ეუბნება დახმარებაზე საპირისპირო შესრულების გარეშე.[31]

16

მესამე პირის მიმართ მუქარასთან დაკავშირებით იხ. 87-ე მუხლის კომენტარი.

2. მართლწინააღმდეგობა

17

მიუხედავად იმისა, რომ იძულებას თან ახლავს პირის ნების თავისუფლების შეზღუდვა, ის მაინც შეიძლება იყოს მართლზომიერი (88-ე მუხლის თანახმად[32]), თუ პირი მართლზომიერი შედეგის მისაღწევად შესაბამის მართლზომიერ საშუალებას გამოიყენებს. მაგალითად, კრედიტორი სარჩელის აღძვრით ემუქრება მოვალეს, რომელიც ჯიუტად არ აპირებს ვალის გასტუმრებას.[33] ამ შემთხვევისაგან განსხვავებით, მართლზომიერი მიზნის მიღწევა დაუშვებელია არამართლზომიერი (მაგ., შვილის მოტაცებით მუქარა) ან მიზანთან შეუსაბამო საშუალებით (მაგ., ერთი ვალის გასტუმრების მოთხოვნა სხვა ურთიერთობიდან წარმოშობილი სარჩელის აღძვრის მუქარით ან სხვა საქმესთან დაკავშირებით პროკურატურისათვის მიმართვით).[34]

18

მუქარისაგან განსხვავებით, იძულების ხერხად გამოყენებული ძალადობა თითქმის ვერასოდეს ვერ იქნება მართლზომიერი 88-ე მუხლის მიხედვით (იხ. მუხ. 88 მე-15-16 ველები).

3. მიზეზშედეგობრივი კავშირი იძულებასა და ნების გამოხატვას შორის

19

იძულებით დადებული გარიგების საცილოობისათვის აუცილებელია, რომ იძულებასა და ნების გამოხატვას შორის არსებობდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი,[35] რაც ნიშნავს იმას, რომ იძულების გარეშე ნების გამოხატვა საერთოდ არ მოხდებოდა, მოხდებოდა სხვა დროს ან სხვა შინაარსით.[36]

ეს კავშირი არ გვაქვს, მაგალითად, სახეზე, თუ იძულება თავისი ხასიათისა თუ ინტენსივობიდან გამომდინარე იმდენად უმნიშვნელოა, რომ შეუძლებელია მან მოდრიკოს იძულებულის ნება და დაუმორჩილოს ის მოძალადისას (იხ. დეტალურად ამასთან დაკავშირებით მუხ. 86 მე-15 და შემდგომი ველები).

4. სუბიექტური შემადგენლობა

20

85-ე მუხლის მიხედვით, იძულება სუბიექტურ დონეზე მოითხოვს მაიძულებლის მიერ იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ მისი ქცევა საკმარისია იძულებულის ნების შესაბამისი მიმართულებით მიქცევისაკენ და ამის სურვილს[37] („გარიგების დადების მიზნით იძულება“). არ არის აუცილებელი მართლწინააღმდეგობის მომენტის გაცნობიერება,[38] რაც ნიშნავს იმას, რომ მუქარა შეიძლება მართლსაწინააღმდეგო იყოს მაშინაც კი, როდესაც ის დამმუქრებელს მართლზომიერად მიაჩნია და, პირიქით.

21

საკამათოა, ამის საპირისპიროდ, უნდა აცნობიერებდეს თუ არა დამმუქრებელი იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მისი მხრიდან იძულებას მართლსაწინააღმდეგო ან ამორალურ ხასიათს სძენს. გერმანული სასამართლო[39] ამ წინაპირობას სავალდებულოდ მიიჩნევს. მაგალითად,[40] თუ ნასყიდობის მხარეებს შორის საკამათოა, ხელშეკრულება 16 000 ლიტრ ძმარზე დაიდო თუ 10 000 და გამყიდველი, რომელსაც მხოლოდ ამ რაოდენობის მიწოდება სურს, უარს იტყვის საერთოდ რამის მიწოდებაზე, სანამ მყიდველი არ აღიარებს, რომ დარჩენილი 6 000 ლიტრის მოთხოვნის უფლება არ აქვს, რაიხის სასამართლოს მიხედვით, აქ სახეზე არ გვაქვს მართლსაწინააღმდეგო მუქარა, რადგან „არაბრალეული შეცდომა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რათა პირს შეერაცხოს მართლსაწინააღმდეგო მუქარა მთელი თავისი შედეგებითურთ.“ ეს მოსაზრება არასწორია და სამართლიანადაც არის უარყოფილი სამეცნიერო ლიტერატურის[41] მიერ. 85-ე მუხლის მიზანი მდგომარეობს არა გაკიცხვადობის ხარისხის მიხედვით განსხვავებაში, თუ რამდენად ბრალეულად ან არაბრალეულად აიძულა ერთმა პირმა მეორე, არამედ სხვა პირის თავისუფალ ნებაზე დაუშვებელი ზემოქმედების სანქციონირებაში შეცილების მეშვეობით. ამის გამო შეცილების უფლების მინიჭებისათვის უმნიშვნელო უნდა იყოს, კეთილსინდისიერად მიაჩნდა თუ არა დამმუქრებელს, რომ ჰქონდა ამგვარი მუქარის გამოთქმის უფლება.[42] თუმცა აქ ერთი დათქმის გაკეთება მაინც აუცილებელია, გამყიდველის მხრი დან შესაბამისი სარჩელის აღძვრის მუქარა არ ჩაითვლებოდა მართლსაწინააღმდეგოდ, რადგან სარჩელით მუქარა პირმა მაშინაც უნდა აიტანოს, როდესაც მის უკან ნამდვილი უფლება არ დგას (იხ. მუხ. 88 მე-4 ველი).

5. მესამე პირის მხრიდან იძულება

22

85-ე მუხლით გათვალისწინებული იძულება მოიცავს ასევე მესამე პირის მხრიდან იძულებასაც,[43] მაგალითად, განათლების მინისტრის მუქარა აკადემიური საბჭოს წევრებზე მისთვის სასურველი კანდიდატის არჩევის მიზნით.[44] განსხვავებით მოტყუებისაგან, იძულებისას უმნიშვნელოა მას უშუალოდ ნების გამოვლენის ადრესატი მიმართავს თუ მესამე პირი, ისევე როგორც უმნიშვნელოა იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ არა იძულებულის კონტრაჰენტს ამ მესამე პირის მხრიდან განხორციელებული იძულების შესახებ.[45] ამ შემთხვევაში 83-ე მუხლი ანალოგიითაც კი არ უნდა გამოვიყენოთ.[46] რა თქმა უნდა, მესამე პირის მხრიდან, ისევე როგორც უშუალოდ კონტრაჰენტის მხრიდან, იძულებისას აუცილებელია, რომ იძულებასა და ნების გამოხატვას შორის არსებობდეს არა მხოლოდ კაუზალური, არამედ ასევე მიზნობრივი ბმა (იხ. მუხ. 86 მე-19 ველი).[47]

23

ასევე პოლიტიკურად მოტივირებული კოლექტიური იძულებაც შეიძლება გახდეს 85-ე მუხლის მიხედვით შეცილების უფლების მომნიჭებელი. მაგალითად, გერმანიაში დასაშვებად მიიჩნიეს ნაციონალ-სოციალისტური რეპრესიების პერიოდში ებრაელთა მიერ ქონების გასხვისება უკუექციათ მუქარის მოტივით.[48]

24

თუ იძულებულის კონტრაჰენტმა არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა მუქარის შესახებ, მაშინ გამართლებულია, რომ იძულებულმა შეცილების უფლების გამოყენების შემდეგ აუნაზღაუროს მას ამით გამოწვეული ე. წ. ნდობის ზიანი 79 II 1 მუხლის ანალოგიის გამოყენებით.[49] ეს გადაწყვეტა გამართლებულია, წარმოადგენს რა გარკვეულ კომპენსაციას მეორე მხარისათვის შეუზღუდავად მინიჭებული შეცილების უფლებისათვის.

III. სამართლებრივი შედეგები

25

იძულებით დადებული გარიგების სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით ძალაშია მოტყუებით დადებული გარიგებების შესახებ გამოთქმული მოსაზრებები (იხ. მუხ. 81 23-24-ე ველები).

IV. კონკურენცია

1. მოჩვენებითი გარიგება

26

იძულებით დადებული გარიგების მოჩვენებითისაგან (იხ. მე-5 ველი) გამიჯვნისას, გადამწყვეტია ნების გამოხატვის ადრესატის თვალსაწიერი. იძულებისას მაიძულებელი იმედოვნებს, რომ არა მხოლოდ მოდრეკს მეორე მხარის ნებას, არამედ ეს ნება მოდრეკილი დარჩება გარკვეული დროის განმავლობაში.[50] მჩუქებელი პისტოლეტის შუბლზე მიდების შემდეგ არა მხოლოდ მოაწერს ხელს ხელშეკრულებას, არამედ გადასცემს კიდეც მოგვიანებით ნაჩუქარ ნივთზე საკუთრებას დასაჩუქრებულს. ამის საპირისპიროდ, თუ მოძალადე „დასაჩუქრებული“ ხვდება, რომ „მჩუქებლის“ ნება მხოლოდ წამიერად მოდრიკა და ის პირველივე შესაძლებლობისთანავე განაცხადებს პოლიციაში და, რა თქმა უნდა, არ შეასრულებს დანაპირებს, მაშინ სახეზე გვაქვს მოჩვენებითი გარიგება 56 I მუხლის ანალოგიით.

2. 54-ე მუხლთან კონკურენცია

27

85-ე და 54-ე მუხლების კონკურენციასთან დაკავშირებით ქართული სასამართლო პრაქტიკა სრულიად არათანმიმდევრულია. ოთხი სამართლებრივი თვალსაზრისით თითქმის იდენტური ფაქტობრივი შემადგენლობისას სასამართლო ერთ შემთხვევაში საჯარო წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ გარიგებას[51] უშვებს, მეორეში ამორალურს[52] და მესამეში კი – მხოლოდ იძულებით[53] დადებულ გარიგებას. სწორია მხოლოდ მეორე დაშვება, რადგან აქ უბრალო იძულებასთან კი არ გვქონდა საქმე, არამედ პროკურატურის მუშაკის (მეორე შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის) მხრიდან პასუხისგებაში მიცემული პირისა და მისი ახლობლების მიმართ მუქარასთან, თუმცა ეს არ გამორიცხავდა, რომ ეს გარიგება ამავდროულად იძულებითაც იყო დადებული, მიუხედავად იმისა, რომ ამას პრაქტიკული მნიშვნელობა უკვე აღარ გააჩნდა (იხ. ქვემოთ 30-ე ველი).

28

იძულებით დადებული გარიგება ავტომატურად არ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ან საჯარო წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ გარიგებას (54 1-2 ვარ.), რადგან ამისათვის აუცილებელია ორმხრივი კანონდარღვევა (ან ორივე მხარის მიერ საჯარო წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედების ჩადენა), რაც იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, სახეზე არ გვაქვს. როდესაც საჯარო მოხელე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით აიძულებს მესაკუთრეს სახელმწიფოს აჩუქოს მის მიწის ნაკვეთზე გამავალი გაზსადენი,[54] აქ მხოლოდ იძულებით დადებულ გარიგებასთან გვაქვს საქმე და არა კანონსაწინაღმდეგოობის გამო ავტომატურად ბათილთან. ეს გამომდინარეობს კანონმდებლის გადაწყვეტილებიდან, რომელიც იძულებისას გარიგებას მხოლოდ საცილოდ მიიჩნევს, რაც აზრს დაკარგავდა, თუ იძულებით გამოწვეული კანონდარღვევა ნებისმიერ შემთხვევაში მაინც გარიგების არანამდვილობამდე მიგვიყვანდა (იხ. მუხ. 81, 29-ე ველი).

29

რაც შეეხება იძულებით დადებული გარიგების მიმართებას ამორალურ გარიგებასთან (54 ვარ. 3), თუ ამორალურობის მომენტს მხოლოდ და მხოლოდ ნების თავისუფლების დაუშვებელი მოდრეკა განაპირობებს, მაშინ სახეზე გვაქვს მხოლოდ იძულება 85-ე მუხლის გაგებით და არა ამორალურობის მოტივით არანამდვილი გარიგება.[55] 85-ე მუხლის გვერდით 54-ე მუხლის მე-3 ვარიანტის გამოყენებისათვის აუცილებელია, ნების მართლსაწინააღმდეგო დათრგუნვიდან გამომდინარე, უზნეობას დაემატოს ამორალურობის დამოუკიდებელი ელემენტი. ეს დამატებითი ელემენტი არ გვაქვს სახეზე, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც მაიძულებელი თავდებს ხელშეკრულების დადებამდე მხოლოდ აღუწერს ახლობელი პირის პასუხისგებაში მიცემის საფრთხეს (იხ. მუხ. 86 მე-9 ველი). მხოლოდ ის ფაქტი, რომ თავდებობის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა პირის ფინანსურ შესაძლებლობებს, უზნეობის დამატებითი მომენტის შემომტანი არ არის, რადგან ის უკვე შთანთქმულია იძულების შემადგენლობით (იგულისხმება, რომ თავდებობას ნაკლებ თანხაზე ახლო ნათესავი ყოველგვარი იძულების გარეშე იკისრებდა).[56] ამის საპირისპიროდ ამორალურობის დამატებითი ელემენტი სახეზე გვაქვს, როდესაც პროკურატურის მუშაკი პასუხისგებაში მიცემულ პირს სთავაზობს მოსალოდნელი სასჯელის შემსუბუქებას სახელმწიფოსათვის ქონების დათმობის სანაცვლოდ,[57] რაც თავის მხრივ გამორიცხულია იმ შემთხვევაში, როდესაც ქონების დათმობა დამნაშავის მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას ემსახურება (იხ. ასევე მუხ. 86 მე-9 ველი).[58]

30

გამყვლეფი გარიგება (54 ვარ. 3, 55) მაშინ კონკურირებს იძულებით დადებულ გარიგებასთან, როდესაც შეუსაბამო სარგებლის მოპოვების შესაძლებლობა კონტრაჰენტს მხოლოდ იძულების შედეგად მეორე მხარის ნების დათრგუნვის შემდეგ მიეცა.[59]

3. მოტყუებით დადებული გარიგება

31

მოტყუებითა და მუქარით დადებული გარიგების კონკურენციისათვის იხ. მუხ. 81, 26-ე ველი.

4. შესრულების გამოძალვა 978-ე მუხლის მიხედვით

32

85-89-ე მუხლების გამოყენების სფერო შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში გადაიკვეთოს 978-ე მუხლთან (condictio ex iniusta causa), რომელიც ითვალისწინებს მუქარით ან სხვაგვარი იძულებით გამოძალული შესრულების უკან დაბრუნებას, თუ მიმღები ვერ დაამტკიცებს მიღებულის შენარჩუნების საფუძველს. იმ გარემოებაზე მითითება, რომ 85-ე მუხლი გარიგების დადებისას იძულებას ეხება, ხოლო 978-ე მუხლი კი უშუალოდ ფაქტობრივ გადაცემას, ვერ იქნება ამ ორ დანაწესს შორის მიჯნის გავლებისათვის საკმარისი, რადგან, სასურველია, ქართულ სამართალშიც შესრულების (სანივთო) გარიგების აღიარება (მიყიდულ ნივთზე საკუთრების გადაცემა უნდა მოხდეს არა მხოლოდ მფლობელობის გადაცემის რეალაქტით), რომელიც ასევე შეიძლება გახდეს იძულების მოტივით საცილო. გარდა ამისა, 976-ე, 978-ე მუხლების გაგებით, რაიმეს გადაცემა შესაძლებელია ასევე გარიგებითაც. მაგალითად, ვალის აღიარება (341), რომელიც ანაცვლებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას (ნოვაცია),[60] ასევე წარმოადგენს რაიმეს ხსენებული მუხლების გაგებით და პრობლემურია მისი იძულებით გამოძალვის შემთხვევაში უკან დაბრუნება 978-ე მუხლის საფუძველზე უნდა მოხდეს, თუ 85-89, 976 I ა) მუხლების მიხედვით. პრობლემა განსაკუთრებით მძაფრად დგება იმ შემთხვევაში, როდესაც იძულების საბაბით შეცილება უკვე ხანდაზმულია. ამ კონკურენციის გადასაწყვეტად შემდეგი არგუმენტების მოშველიება შეგვიძლია:

33

978-ე მუხლში მოწესრიგებული condictio ex iniusta causa, მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა კანონმდებელმა ის შესრულების კონდიქციად აღიქვა, თავისი არსით ხელყოფის კონდიქციისა და დელიქტური მოთხოვნის დანამატს წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ვერ იქნება მთავარი ინსტრუმენტი არანამდვილი გარიგებების უკუქცევისათვის. გარდა ამისა, 978-ე მუხლი სამართლის პოლიტიკის კუთხით საკმაოდ პრობლემურია, რადგან იძლევა 118-119-ე მუხლების ფარგლებისაგან დამოუკიდებელ თვითდახმარების უფლებას, რაც შეუთავსებელია ძალადობაზე სახელმწიფოს მონოპოლიის პრინციპთან. ამის გამო, სასურველია, პრობლემური 978-ე მუხლის გამოყენების სფეროს მაქსიმალურად შეზღუდვა 85-ე მუხლთან კონკურენციისას. თუ პირი აპელირებს გარიგების იძულებით დადებაზე, დამოუკიდებლად იმისა, შემდეგ ნებაყოფლობით ასრულებს თუ არა ვალდებულებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსაზრების საპირისპიროდ),[61] მას 85-89-ე მუხლებზე უნდა მიეთითოს და გარიგების გაბათილების შემდეგ კი, 976 I ა) მუხლით გათვალისწინებულ შესრულების კონდიქციაზე ან ვინდიკაციაზე (172 I). გარდა ამისა, თუ იძულებას ადგილი ჰქონდა არა გარიგების დადების, არამედ მისი შესრულების ეტაპზე, თუმცა ეს შესრულებაც არ ამოიწურებოდა მხოლოდ რეალაქტით, არამედ საჭიროებდა (გარიგების) ნებელობით მომენტს, აქაც იძულებით დადებული გარიგების დანაწესები უნდა გამოვიყენოთ, რათა შესრულების გამომძალველს არ მიეცეს მხოლოდ შესაბამის მოთხოვნის უფლებაზე მითითებით მისი შენარჩუნების შესაძლებლობა (შდრ. მუხ. 88 მე-2 ველი).

34

თუ იძულების გამო შეცილება გამორიცხულია ერთწლიანი ვადის გასვლის გამო (89), ამ შემთხვევაში არაფერი უშლის ხელს 978-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

V. მტკიცების ტვირთი

35

მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით შესაბამისად მოქმედებს მოტყუების შემთხვევაში აღიარებული (იხ. მუხ. 81 31-34-ე ველები) წესები; მხარემ, რომელიც აპელირებს გარიგების იძულებით დადებაზე, უნდა ამტკიცოს კიდეც მისი წინაპირობები.[62]

36

თუ იძულების ხასიათი საკმარისია ნების მოდრეკისათვის (იხ. 86-ე მუხლის კომენტარი), მაშინ მეორე მხარის სამტკიცებელია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში იძულება არ გამხდარა კაუზალური ნების გამოხატვისათვის და გამონაკლისის სახით გამომხატველის თავისუფალ გადაწყვეტილებას ემყარებოდა.[63] ასევე, თუ იძულებული მიუთითებს საშუალება-მიზნის დაუშვებელ კომბინაციაზე (იხ. მუხ. 88 7-10-ე ველები), მაშინ მეორე მხარეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, თუ როგორ ამართლებდა მისი ინტერესი ამ მიზნის მიღწევისათვის კონკრეტული საშუალების გამოყენებას.[64]

35

გარდა ამისა, ცალკეულ შემთხვევებში აუცილებელია მტკიცების ტვირთის შეტრიალება, როდესაც ნების გამომხატველის მიერ წარმოდგენილი ირიბი მტკიცებულებები ცალსახად მიუთითებენ მუქარის ფაქტზე. მაგალითად,[65] თუ მჩუქებელი მოახერხებს დაამტკიცოს, რომ იმავე დღეს, როდესაც მის შვილთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, მან შინაგან საქმეთა სამინისტროს აჩუქა ერთი ძვირად ღირებული ავტომანქანა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ კი მეორე და ამასთან, იმყოფებოდა მატერიალურად საკმაოდ დუხჭირ მდგომარეობაში, სასამართლომ არ უნდა მოსთხოვოს მას დამატებით შესაბამისი ჩინოვნიკის მიერ განხორციელებული მუქარის აუდიოჩანაწერი, არამედ გადააკისროს საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეს – სამინისტრომ უნდა ამტკიცოს, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამგვარი საჩუქრის საფუძველი, თუ არა მუქარა. თბილისის სააპელაციო სასამართლო მტკიცების ტვირთის შეტრიალებას უშვებს მხოლოდ გარიგების ამორალურობის კონტექსტში, რაც არასაკმარისია, იგივე უნდა მოხდეს იძულების მტკიცებისასაც.




  1. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 380; სკ-ის კომენტარი, წიგნი პირველი, 85-ე მუხლი, გვ. 246; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 349; ჯორბენაძე, შეცდომა გარიგებაში, პარალელი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, სამართლის ჟურნალი #1/2011, გვ. 193; სუსგ სამოქალაქო, სამეწარმეო და სხვა კატეგორიის საქმეებზე, 9/2005, გვ. 46.
  2. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 85-ე მუხლი, გვ. 247; კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 20.
  3. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 96.
  4. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 384.
  5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის #3კ-1232-02 განჩინება.
  6. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 384; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 85-ე მუხლი, გვ. 252.
  7. ჯორბენაძე, შეცდომა გარიგებაში, პარალელი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, სამართლის ჟურნალი #1/2011, გვ. 193; სუსგ სამოქალაქო, სამეწარმეო და სხვა კატეგორიის საქმეებზე, 9/2005, გვ. 46.
  8. Ellenberger, in Palandt, 74. Aufl. 2015, § 123 Rn. 6.
  9. სუსგ სამოქალაქო, სამეწარმეო და სხვა კატეგორიის საქმეებზე, 9/2005, გვ. 46.
  10. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 381; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 84, გვ. 247; ჯორბენაძე, შეცდომა გარიგებაში, პარალელი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, სამართლის ჟურნალი #1/2011, გვ. 193; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განჩინება #ას-132-124-2015; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განჩინება #ას-333-314-2014; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის განჩინება #ას-170-163-2013; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის განჩინება #ას-1796-1773-2011.
  11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განჩინება #ას-132-124-2015; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განჩინება #ას-333-314-2014; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის განჩინება #ას-170-163-2013; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის განჩინება #ას-1796-1773-2011.
  12. ლეკვეიშვილი/მამულაშვილი/თოდუა, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი პირველი, 2011, გვ. 432, Kindhäuser, Strafrecht Besonderer Teil I, 7. Aufl., 2015, 135.
  13. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 96.
  14. იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისი #ას-662-628-2015 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის #ას-715-684-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის #ას-865-823-2013 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის #ას-423-400-2014 განჩინება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის განჩინება #2ბ/4202-13.
  15. Kindhäuser, Strafrecht Besonderer Teil I, 7. Aufl., 2015, 134.
  16. შდრ. BVerfGE 104, 92.
  17. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 350; კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 6, 19 და შემდგომი.
  18. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გსკ-ის 123 I პარაგრაფი მხოლოდ ფსიქიკურ ძალადობას ეხება, ქართულ სამართალში ამ გადაწყვეტის ავტომატურ კოპირებას არ გვავალდებულებს. განსხვავებულია, მაგალითად, შესაბამისი დანაწესი საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსში (1112 მუხლი), რომელიც ზოგადად ძალადობაზე აკეთებს აქცენტს, თუმცა დღესდღეობით, წარსულში გამოთქმული მოსაზრების საპირისპიროდ, საფრანგეთშიც იძულების ერთადერთ ფორმად მხოლოდ ფსიქიკური ძალადობაა აღიარებული (Ferid/Sonnenberger, Das Französische Zivilrecht, Band 1/1, 2. Aufl., 1994, 497). მიუხედავად ქართული დანაწესების თვალშისაცემი მსგავსებისა საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებთან (1111-1115 მუხლები), არც ამ გადაწყვეტის გაზიარებაა სავალდებულო ქართულ სამართალში.
  19. BGH WM 1975, 1002.
  20. სწორად მიუთითებს ამაზე ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 381 სქ. 560; შდრ. ასევე ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 85, გვ. 247.
  21. ამ მოსაზრებას იზიარებს ჭანტურია (სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 381), მიჯნავს რა ძალადობასა და ძალადობის მუქარას ერთმანეთისაგან.
  22. მაგალითად, თუ მოძალადე უნარშეზღუდულს შუა ქუჩაში ჩამოაგდებს ეტლიდან, ძალადობის მსხვერპლისათვის გაცილებით უფრო რთულია გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ ეს მდგომარეობა დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს (და გამვლელების წყალობით ის მალე აღმოიფხვრება), ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც მომავალი მოძალადე მხოლოდ ემუქრება მას ამის გაკეთებით. ამ შემთხვევაში მუქარის ადრესატს აქვს საკუთარი ნების თავისუფლების შენარჩუნების გაცილებით მეტი შესაძლებლობა.
  23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის #ას-132-124-2015 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის # ას-170-163-2013 განჩინება; კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, გვ. 350; BGH NJW 1951,643.
  24. BGH NJW 2005, 2769; BGH NJW-RR 1996, 1282.
  25. Ellenberger, in Palandt, 74. Aufl. 2015, § 123 Rn. 15.
  26. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 351.
  27. BGH NJW 1982, 2302.
  28. BGH NJW 1988, 2601.
  29. Ellenberger, in Palandt, 74. Aufl. 2015, § 123 Rn. 16.
  30. Ellenberger, in Palandt, 74. Aufl. 2015, § 123 Rn. 16.
  31. Wendtland, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 123 Rn. 27.
  32. დეტალურად ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. 88-ე მუხლის კომენტარი.
  33. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 382.
  34. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 382 და შემდგომი.
  35. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 383.
  36. Wendtland, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 123 Rn. 37.
  37. Wendtland, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 123 Rn. 35.
  38. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 4. Aufl., 1992, 539.
  39. შდრ. BGH NJW 1957, 1796; BGH LM Nr. 28.
  40. RG 108, 102.
  41. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 4. Aufl., 1992, 539; Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 111.
  42. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 4. Aufl., 1992, 539.
  43. იხ. ამასთან დაკავშრებით ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 382; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 350.
  44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინება # ას-215-200-2014.
  45. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 85, გვ. 247.
  46. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის განჩინებაში # ას-170-163-2013 არასავალდებულო იყო მოსარჩელის ცოდნაზე მითითება.
  47. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 96.
  48. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 116.
  49. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 117; იხ. 79 II მუხლის კომენტარი.
  50. შდრ. ამის საპირისპიროდ Süß, Geld oder Leben, JURA 2011, 739, რომელიც ასხვავებს იძულების სიმძაფრიდან გამომდინარე ნების მოდრეკის ხარისხის (არა მოდრეკის ეფექტის ხანგრძლივობის) მიხედვით, რაც არასწორია.
  51. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 25 მაისი განჩინება #ას-225-215-2016.
  52. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 21 ივლისი განჩინებაში #ას-688-654-2015; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება #2ბ/4686-13.
  53. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განჩინება #ას-333-314-2014.
  54. სხვაგვარად მიიჩნევს საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის 2016 წლის 25 მაისი განჩინებაში #ას-225-215-2016.
  55. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 119.
  56. BGH NJW 1988, 2601.
  57. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება # 2ბ/4686-13; მართალია, სასამართლოს მსჯელობა ბოლომდე გამართული არ არის, მიიჩნევს რა იძულების შემთხვევაში ავტომატურად დარღვეულად საჯარო წესრიგს (54 ვარ. 2), თუმცა უზენაესი სასამართლო მაინც სწორ გადაწყვეტილებამდე მიდის თავის 2015 წლის 21 ივლისი განჩინებაში
    1. ას-688-654-2015; ამისგან განსხვავებით, მიუღებელია სასამართლოს მსჯელობა 2014 წლის 21
    ივლისის განჩინებაში #ას-333-314-2014 იდენტურ შემთხვევასთან დაკავშირებით.
  58. იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებაში # 2ბ/4686-13.
  59. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 119.
  60. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინება # ას-862-812-2015.
  61. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 21 ივლისის განჩინებაში #ას-688-654-2015.
  62. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განჩინება #ას-132-124-2015.
  63. იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით (2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება #2ბ/1967-11) მუხ. 86 მე-18 ველი.
  64. BGH NJW 2005, 2769, მაგალითად, არ არის მართლსაწინააღდმეგო, დასაშვები მოთხოვნის რეალიზებისათვის მუქარის ფორმად პრესის ინფორმირების გამოყენება (რომელიც ასევე დასაშვებია), თუმცა ინტერესი, ამ ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არმყოფი საშუალება-მიზნის კომბინაციის გამოყენებისადმი, უნდა ამტკიცოს დამმუქრებელმა.
  65. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება # 2ბ/4686-13.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_85._ცნება&oldid=1652"