Gccc-logo.png


მუხლი 86. იძულების ხასიათი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 86. იძულების ხასიათი


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.

2. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.

I. ზოგადი დებულებები

1

იძულება მიზნად არ ისახავს დამუქრებული პირის ნების სრულ პარალიზებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მისი შესაბამისი მიმართულებით მოდრეკას,[1] თუმცა ამისათვისაც აუცილებელია, რომ იძულება იყოს გარკვეული, არაუმნიშვნელო, ინტენსივობის.[2] ასეთად 86 I მუხლი მიიჩნევს პირადი არაქონებრივი სიკეთეებისა და ქონებრივი სიკეთეების დაზიანების საფრთხეს. მხოლოდ იდეალური ინტერესი ხელყოფის საფრთხე საკმარისი არ არის. შესაბამისად, იძულებად ვერ აღიქმება პირის მუქარა, რომ გარიგებაზე ხელის არმოწერის შემთხვევაში დააკარგვინებს „ადამიანების რწმენას“. ამის საპირისპიროდ, სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით მუქარა (რომ პირი არ არის კანონიერ ქორწინებაში შეძენილი შვილის ბიოლოგიური მამა[3]), შეიძლება წარმოადგენდეს იძულებას 86-ე მუხლის გაგებით, კერძოდ, მამის პატივისა და ღირსების შელახვის საფრთხეს, დამოუკიდებლად იმისა, სწორია თუ არა ეს ცნობები.

მოცემული დანაწესის მე-2 ნაწილს დამოუკიდებელი მნიშვნელობა არ გააჩნია, ის მხოლოდ აკონკრეტებს, თუ რა კრიტერიუმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ იძულებული პირის სუბიექტური თვალსაწიერის (იხ. მე-12 ველი) განსაზღვრისას.

II. იძულების ხასიათი

1. ძალადობის ხასიათი

2

ძალადობის დეფინიცია სისხლის სამართლის მეცნიერებიდან არის გადმოსაღები (იხ. მუხ. 85, 8-12-ე ველები).[4] ძალადობა, მართალია, არ გულისხმობს მსხვერპლზე უშუალო სხეულებრივ ზემოქმედებას, თუმცა აუცილებელია, რომ მის მიერ აღქმული იყოს არა მხოლოდ ფსიქიკურ, არამედ ასევე სხეულებრივ იძულებად.[5] საკამათოა ის მოთხოვნები, რაც სხეულებრივ იძულებას წაეყენება.[6] ცალსახაა, რომ გარიგების დადების მიზნით ცემა, საგრძნობი ფიზიკური ტკივილის მიყენება და ა. შ. ყოველი მიზეზის გარეშე ექცევა ძალადობის ცნების ქვეშ. იგივე ითქმის მეზობლის სახლიდან მუდმივად გამომავალ საგრძნობ ხმაურზე ან სუნზე (რომლის ატანა-განეიტრალება შეუძლებელია ან მნიშვნელოვან სირთულეებს უკავშირდება), რათა, ამგვარად, გამოსძალოს მეზობელს ბინა შეღავათიან ფასად ან სერვიტუტი მის კუთვნილ მიწაზე.[7] გერმანულ სასამართლო პრაქტიკაში[8] პრობლემურია დემონსტრაცია-ბლოკადების შემთხვევები. მაგალითად, დემონსტრაციის მონაწილეები თავს მიიჯაჭვავენ მშენებლობის საძირკველში ჩაშენებულ ბოძებზე, რათა ამგვარად აიძულონ მშენებელი უარი თქვას შეკვეთაზე და ჩაშალონ მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანული სასამართლო ამ შემთხვევასაც სისხლისსამართლებრივი ძალადობის ცნების ქვეშ აერთიანებს,[9] მსგავსი მიდგომა 85-ე მუხლის ფარგლებში საზღვრებს წაშლიდა ძალადობასა და მუქარას შორის. ცოლის მხრიდან ქმრის თანდასწრებით გამოთქმული თავის მოკვლის მუქარაც (იხ. მუხ. 81 26-ე ველი) ზუსტად ასეთივე წარმატებით შეგვეძლო ძალადობად მიგვეჩნია, რისი აუცილებლობაც არ არსებობს. გამონაკლისის სახით მხოლოდ ფსიქიკური გზით გადაცემადი იძულებაც ძალადობად უნდა მივიჩნიოთ, თუ ის არა მხოლოდ იძულებულის გრძნობებზე, არამედ პირდაპირ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს[10] და მნიშვნელოვნად უზღუდავს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას: მძღოლი თანამგზავრისაგან ვალის აღიარების გამოძალვის მიზნით მნიშვნელოვნად გადააჭარბებს სიჩქარეს და ამასთან, დაუშვებელ მანევრებს აკეთებს.

3

85-ე მუხლის გაგებით ძალადობას არ წარმოადგენს ნივთების მიმართ ძალადობა, რადგან აქ არ გვაქვს ფიზიკური იძულების მომენტი.[11] მაგალითად, თუ დამქირავებელი ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელებასთან დაკავშირებული კამათისას ხელს სტაცებს გამქირავებლის კატას და მანამდე აწვალებს, სანამ ეს უკანასკნელი ხელს არ მოაწერს შესაბამის ფორმულარს, აქ ქმედებით გამოწვეული იძულების ეფექტი მხოლოდ ფსიქიკური ხასიათისაა.

4

ამგვარად, ძალადობად უნდა მივიჩნიოთ სხეულებრივი იძულების გამოყენება პირის ნების დათრგუნვისა და შესაბამის კალაპოტში მოქცევის მიზნით, თუმცა, ამასთან, აუცილებელია, რომ მოქმედების თავისუფლება არ იყოს სრულებით გამორიცხული (იხ. მუხ. 85 მე-8 ველი).

2. მუქარის ხასიათი

ა) მოსალოდნელი საფრთხე

5

მუქარის დროს დამმუქრებელი მუქარის ადრესატს აღუწერს საფრთხეს, რომლის განხორციელება-თავიდან აცილებაც მას ხელეწიფება, რათა ამგვარად დაიყოლიოს მისთვის სასურველი ნების გამოვლენაზე (იხ. მუხ. 85-ე მე-13 ველი). ეს დაყოლიების მომენტი არ გვაქვს სახეზე, როდესაც, მაგალითად, გამოცდილი საქმოსანი მეორეს იმგვარად აღუწერს არსებულ ვითარებას, რომ სავარაუდოს ხდის ამ უკანასკნელისათვის უარყოფითი შედეგის დადგომას, რითიც განაპირობებს გარიგების დადებას.[12] მხარეებს შორის გარიგების დადებისას წარმოშობილი კამათი ან ჩხუბი, ცალკე აღებული, ვერ ამტკიცებს იძულების ფაქტს.[13]

6

მართალია, მუქარა დროში წინ უნდა უსწრებდეს გარიგების დადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია საუბარი ზემოთ ხსენებულ „დაყოლიებაზე“, თუმცა აქ გადამწყვეტია მუქარით გამოწვეული ზოგადი ეფექტი და არა ფაქტების ზუსტი ქრონოლოგია. ვერ ვიტყვით, რომ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების არდადების მუქარა ქარწყლდება ამ შეთანხმების გაფორმებისთანავე,[14] რადგან გაფორმების შემდეგაც არსებობს მისი გაუქმების ან დაკავებული პირისათვის სხვაგვარი ვნების მიყენების შესაძლებლობა, რაც უკვე საკმაოდ სავარაუდოა იმ სახელმწიფო ორგანოს მხრიდან, რომელმაც მანამდე მართლსაწინააღმდეგო მუქარას მიმართა. ამის გამო, საპროცესო შეთანხმებიდან ექვსი დღის შემდეგ დადებული ნაჩუქრობაც, რა თქმა უნდა, ითვლება მუქარის ქვეშ დადებულად.

7

მუქარად ვერ ჩაითვლება ვერც ობიექტური მდგომარეობის ხატოვანი აღწერა, რომლის შეცვლაც აღმწერს არ ძალუძს.[15] ასევე უკვე შექმნილი მძიმე მდგომარეობის სათავისოდ გამოყენება არ წარმოადგენს მუქარას,[16] თუმცა შესაძლებელია გარიგება ბათილი იყოს 54-ე მუხლის მე-3 ვარიანტის მიხედვით (იხ. მუხ. 85 30-ე ველი).[17]

8

მუქარა არ გვაქვს სახეზე ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც ნების გამომხატველი მადლიერების, პატივისცემის ან პროფესიული დაქვემდებარების გამო ვერ ამბობს უარს ხელშეკრულების დადებაზე.[18] მხოლოდ გაფრთხილებად და არა მუქარად ითვლება შემთხვევა, როდესაც ოფერენტი თავის კონტრაჰენტს მუქ ფერებში უხატავს იმ შედეგს, რაც დადგება შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში.[19]

9

მუქარად არ ითვლება არც უკვე შეუქცევად საფრთხეზე მითითება[20] და გერმანული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, არც გადაწყვეტილების მიღებისას დროის წნეხის ქვეშ მოქცევა,[21] რადგან 85-ე და შემდგომი მუხლები იცავენ ნების გამოხატვის თავისუფლებას, ამ ნებისათვის განზრახ და მართლსაწინააღმდეგოდ სხვა მიმართულების მიცემისაგან და არა ნებისმიერი ხელშემშლელი გარემოებისაგან. მუქარა არ გვაქვს სახეზე ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც პირი მხოლოდ ვარაუდობს, რომ ნების არგამოვლენისას მეორე მხარე მას ავნებს, თუმცა ამ უკანასკნელს არ მიუცია საკმარისი საბაბი ამ ვარაუდისათვის. მაგალითად,[22] ფულის მიმთვისებლის სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლებლობაზე მითითება მისი ახლობელი პირისათვის, საკმარისი არ არის ამ უკანასკნელის მიერ მიმთვისებლის სასარგებლოდ ნაკისრი თავდებობის საცილოობისათვის. გერმანიის ფედერალური სასამართლოს მიხედვით ამ შემთხვევაში საფრთხე ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობდა, მუქარისათვის კი აუცილებელი იყო ამ საფრთხესა და ნების არგამოვლენას შორის კავშირზე კონკრეტული მითითება. თუ განსასჯელს და მისი ოჯახის წევრებს სურთ ნებაყოფლობით აუნაზღაურონ დაზარალებულს მიყენებული ზიანი, რითაც ასევე გარკვეულ შეღავათს მიიღებს განსასჯელიც, რადგან სისხლის სამართლის ბრალდებაზე პასუხისმგებელი ორგანო აღნიშნულ გარემოებას უსათუოდ მიიღებს მხედველობაში საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებისას, ესეც არ ჩაითვლება მუქარად.[23]

10

ის ფაქტი, რომ პროკურორის მხრიდან საპროცესო შეთანხმების არგაფორმება ბრალდებულისათვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ვერ გამოირიცხება ამ უკანასკნელის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითებით[24] – საპროცესო შეთანხმების არგაფორმებაც ექცეოდა კანონის ფარგლებში. აქ სასამართლო საფრთხის რეალურობას არ მიჯნავს მისი მართლწინააღმდეგობისაგან (იხ. მუხ. 88 მე-8 ველი), რაც არასწორია. რადგან რეალურ საფრთხეს წარმოადგენს მუქარის ადრესატისათვის მოსალოდნელი ნებისმიერი უარყოფითი შედეგი, დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენად მართლზომიერია ის.

ბ) საფრთხის სიმძაფრე

11

რთულად განსასაზღვრია ობიექტური კრიტერიუმებით დამმუქრებლის მიერ წარმოჩენილი საფრთხის, რომელიც სრულებით არარეალური შეიძლება იყოს, სიმძიმე,[25] რადგან მისი ეფექტი მუქარის ადრესატის ნების მოდრეკის ჭრილში, ანუ სუბიექტური კატეგორიებით, ფასდება. ცალ სახაა, რომ წვრილმანი მუქარისას თითქმის შეუძლებელია მიზეზშედეგობრიობის მტკიცება (იხ. მე-15 და შემდგომი ველები). ცოლის მხრიდან მუქარა განქორწინებასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს[26] მიხედვით, არ შეიცავს იმ ხარისხის საფრთხეს, რაც საკმარისი იქნებოდა ქმრის მიერ მთელი თავისი ქონების გაყიდვისათვის.

აა) მუქარის ადრესატის თვალსაწიერი

12

მიუხედავად ამისა, მოცემულ კონტექსტში ცალსახად არადამაჯერებლად ჟღერს ქართული სასამართლოს არგუმენტი,[27] რომ, რადგან შინაგან საქმე- თა სამინისტროს არ გააჩნია სამართლებრივი მექანიზმი საპროცესო შეთანხმებისას პროკურორზე ზემოქმედებისა, მისი მუქარა ბრალდებულის მიმართ ამ საპროცესო შეთანხმების არგაფორმებით, ვერ იქნებოდა ქმედითი. ამგვარი მსჯელობა მიამიტურ დაშვებასა და რეალურ სიტუაციაზე თვალის დახუჭვის მცდელობას წარმოადგენს. მუქარის სერიოზულობის შეფასებისათვის გადამწყვეტია არა ის, თუ რამდენად თავსდება მისი შინაარსი სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოებში და არც დამმუქრებლის რეალური ჩანაფიქრი, არამედ მუქარის ადრესატის თვალსაწიერი[28] – „აფიქრებინოს, რომ რეალური საფრთხე ემუქრება“. მაგალითად,[29] თუ მენარდე სახლზე საკუთრების გადაცემას პირობად დაუთქვამს შემკვეთის მიერ „დამატებითი პრემიის“ გადახდას, მენარდის ყველა მოთხოვნის უპირობოდ აღიარებასა და საპირისპირო მოთხოვნებზე უარის თქმას, რისი უფლებაც მას არ აქვს და რაც საშულება-მიზნის დაუშვებელ კომბინაციას წარმოადგენს (იხ. მუხ. 88 მე-6 და შემდგომი ველები), უმნიშვნელოა, თუ რამდენად სერიოზული იყო ეს მუქარა ზოგადად, ობიექტური მესამე პირისათვის, გადამწყვეტია, თუ რამდენად დამაჯერებლად ჟღერდა ის მისი ადრესატისათვის. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს[30] მიერ ხშირად ხსენებული პრინციპი, რომ „იძულება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ზემოქმედებაუნარიან იძულებად, თუკი იგი რეალური საფრთხის მაუწყებელია“, ხოლო, „თუ საფრთხე მოჩვენებითია, მაშასადამე, იძულებაც ამ აზრით არარსებულია“, გასაზიარებელი არ არის. მართალია, ეს 86 I მუხლის ფორმულირებიდან მხოლოდ ოდნავ გადახვევას წარმოადგენს, თუმცა ამავდროულად უკვე ბუნდოვანი ხდება, რას გულისხმობს სასამართლო ამ რეალური საფრთხის ქვეშ. სავარაუდოდ, არა მხოლოდ იძულებულის პოზიციიდან რეალურს, არამედ ობიექტურად რეალურს, რაც არასწორია.[31]

ბბ) აბსტრაქტული საფრთხე

13

პრობლემურია აბსტრაქტული ხასიათის საფრთხით მუქარა, როგორიც არის „პრობლემები შეგექმნება“,[32] ან როგორც უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშია[33] აღწერილი, მუქარა გამონათქვამებით – „მე შენ დაგჭმუჭნი“, „თუ არ დათმობ, დაგათმობინებ“. სასამართლომ ამ შემთხვევაში ამ ტიპის მუქარა არასწორად მიიჩნია მხოლოდ უმნიშვნელო ზემოქმედებად, რომელიც ვერ ჩაითვლებოდა იძულებად 85-ე მუხლის მიხედვით. აბსტრაქტული მუქარის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ, რადგან საფრთხე დაუკონკრეტებელია, ის შეიძლება წარმოადგენდეს მართლზომიერ მუქარასაც 88-ე მუხლის გაგებით (იხ. მუხ. 88 11-12-ე ველები). მაგალითად, ფულის შემთხვევაში „დაგათმობინებ“, შეიძლება ნიშნავდეს სარჩელის აღძვრის ან იძულებითი აღსრულების მეშვეობით დათმობინებას. სხვა შემთხვევაში, თუ ეს აბსტრაქტულად დახატული საფრთხე სუბიექტურად საკმარისია პირის ნების მოდრეკისათვის, უმნიშვნელოა, დამმუქრებელი მუქარის ადრესატს დაუკონკრეტებს, რომ სცემს, თუ ეტყვის, რომ „თავბედს აწყევლინებს“, რაც შეიძლება ცემასაც ნიშნავდეს, ავტომანქანის საქარე მინის ჩამტვრევასაც და სამსახურში მასზე სამარცხვინო ცნობების გავრცელებასაც, ამიტომაც ამ ტიპის მუქარისას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, იყო თუ არა ეს მუქარა მართლსაწინააღმდეგო და ამასთან, მისი სერიოზულობის უარსაყოფად მხოლოდ აბსტრაქტულ ხასიათზე მითითება არ კმარა.

14

აუცილებელი არ არის, რომ მუქარაში დაფიქსირებული საფრთხე უშუალოდ ნების გამომხატველს ეხებოდეს (იხ. მუხ. 87, 1-ლი ველი).

3. მიზეზშედეგობრივი კავშირი იძულებასა და ნების გამოხატვას შორის

15

იძულების საფუძვლით შეცილებისათვის აუცილებელია, რომ იძულება იყოს გადამწყვეტი მოტივი ნების გამოხატვისათვის, რაც გულისხმობს მიზეზშედეგობრივ კავშირს იძულებასა და ნების გამოხატვას შორის,[34] თუმცა ამასთან, ისევე როგორც მოტყუებისას (იხ. მუხ. 81 მე-10 ველი), აქაც საკმარისია, თუ იძულების გარეშე ნების გამოხატვა არ მოხდება, არ მოხდებოდა მოცემული ფორმით ან დროის მოცემულ მომენტში.[35] მოტყუების მსგავსად აქაც უმნიშვნელოა, წარმოადგენდა თუ არა იძულება გარიგების დადების ერთადერთ ან მხოლოდ ერთ-ერთ მოტივს.[36]

16

მიზეზშედეგობრიობის შემოწმებისას საკმარისია მუქარის მხოლოდ სუბიექტური ეფექტის კონსტანტაცია, ანუ იმის დადგენა, განაპირობა თუ არა მან ადრესატის მხრიდან ნების გამოხატვა და არა ის, შეიძლებოდა თუ არა მუქარას ობიექტურად ამგვარი შედეგი მოჰყოლოდა (იხ. მე-12 ველი).

17

მუქარა არ არის კაუზალური ნების გამოხატვისათვის, თუ ის არა მუქარის ადრესატის ნების მოდრეკას, არამედ გამომხატველის საკუთარ გადაწყვეტილებას ეფუძნება, მაშინაც კი, როდესაც ის მეტწილად უკვე იძულებულია გადადგას ეს ნაბიჯი. მაგალითად,[37] თუ დამსაქმებელი ჯერ მოშლის ხელშეკრულებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს მოლაპარაკებებს დასაქმებულთან ე. წ. გაუქმების ხელშეკრულების დადებაზე, ეს უკანასკნელი აღარ არის განპირობებული მოშლის მუქარით, რადგან მოშლა ამ დროისათვის არა სამომავლო, არამედ უკვე რეალიზებული საფრთხეა. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც დამმუქრებელმა წინასწარ გამიზნულად ჩააგდო ნების გამომხატველი ამ მდგომარეობაში.[38]

18

პრობლემურია ქართული სასამართლო პრაქტიკიდან[39] შემდეგი შემთხვევა: შვილი აიძულებს მამას დადოს მასთან გარიგება, რის გარეშეც ის გაავრცელებს ცნობას, რომლის მიხედვითაც იძულებული პირი სინამდვილეში არ არის მისი მეორე შვილის ბიოლოგიური მამა. სასამართლომ მიიჩნია, რომ თუ ეს ცნობა მცდარია, მაშინ მუქარა ვერ ჩაითვლება სერიოზული ხასიათის მქონედ, ხოლო მისი სისწორის შემთხვევაში, სავარაუდოდ, თავად მამის სურვილს შეესატყვისებოდა ქონების დატოვება ბიოლოგიური შვილისათვის. ეს მსჯელობა ბოლომდე დამაჯერებელი არ არის. გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო ნების მოდრეკის ეფექტი, რაც ამგვარი ცნობების გავრცელების მუქარას უდავოდ ახასიათებს, ხოლო მუქარასა და ნების გამოხატვას შორის მიზეზშედეგობრივი ბმის არარსებობა მეორე მხარის სამტკიცებელი იყო.

19

მიზეზშედეგობრიობისაგან უნდა განვასხვაოთ მიზნობრივი ბმა მუქარასა და ნების გამოხატვას შორის. მუქარა მიზნად უნდა ისახავდეს მისი ადრესატის არა მხოლოდ შეშფოთებას, არამედ ნების გამოხატვისაკენ იძულებას (მე-5 ველი).[40] მუქარის ადრესატი უნდა აცნობიერებდეს, რომ მის მიერ ნების არგამოვლენის შემთხვევაში დამმუქრებელი იზრუნებს იმისათვის, რათა „დაპირებული“ საფრთხე რეალიზებულ იქნეს.[41]




  1. Armbrüster, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 123 Rn. 25.
  2. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 381.
  3. შდრ. განსხვავებული პოზიცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაში №2ბ/1967-11.
  4. თანამედროვე ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში 85-ე მუხლის გაგებით, ძალადობასა და მის კომპონენტებთან დაკავშირებით დისკუსია არ მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ვერც შედარებით-სამართლებრივ დისკურსზე მითითება გამოგვადგება, რადგან ძალადობა, ძირითადად, არც სხვა ქვეყნების მართლწესრიგშია აღიარებული მუქარის გვერდით გარიგების საცილოობის წინაპირობად.
  5. RGSt 60, 158.
  6. Küpper, Strafrecht Besonderer Teil 1, 3. Aufl., 2007, 67.
  7. იქვე.
  8. შდრ. Küpper, Strafrecht Besonderer Teil 1, 3. Aufl., 2007, 66.
  9. BGHSt 41, 182: იძულება ძალადობის გამოყენების საშუალებით სახეზეა მაშინაც, როდესაც მხოლოდ უმნიშვნელო ფიზიკური ზემოქმედება მსხვერპლზე იმგვარ ფსიქიკურ ეფექტს ავითარებს, რომ აღმართავს ძალადობის მსხვერპლისათვის დაუძლეველ ბარიერს მიზნისაკენ მიმავალ გზაზე.
  10. შდრ. Küpper, Strafrecht Besonderer Teil I, 3. Aufl., 2007, 67.
  11. Mitsch, Strafrecht Besondere Teil 2, 2. Aufl., 2003, 242.
  12. RGZ 104, 80.
  13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის №ას-309-633-05 განჩინება.
  14. თუმცა ამგვარ მსჯელობას ავითარებს პირველი ინსტანციის სასამართლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებაში № 2ბ/4686-13.
  15. BGH NJW 1952, 1094.
  16. BAG NJW 1983, 2959: გერმანულმა ფედერალურმა სასამართლომ არ მიანიჭა დასაქმებულ ქალს შეცილების უფლება, რომელმაც დეკრეტული შვებულების უფლების არცოდნიდან გამომდინარე და დაფიქრებისათვის საკმარისი დროის მიცემის გარეშე ხელი მოაწერა ხელშეკრულების გაუქმებას.
  17. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 4. Aufl., 1992, 534.
  18. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 99.
  19. Zweigert/Kötz, Einfьhrung in die Rechtsvergleichung auf dem Gebiete des Privatrechts, 3. Aufl, 1996, 425.
  20. Wendtland, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 123 Rn. 26.
  21. BAG NJW 1994, 1021.
  22. BGH NJW 1988, 2601.
  23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის განჩინება №2ბ/4202-13.
  24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება № 2ბ/4686-13.
  25. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 351.
  26. სუსგ სამოქალაქო, სამეწარმეო და სხვა კატეგორიის საქმეებზე, სუსგ სამოქ. 1/2008, გვ. 59.
  27. იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებაში № 2ბ/4686-13.
  28. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 351.
  29. BGH NJW 1982, 2302.
  30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განჩინება №ას-132-124-2015; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 30 ივნისის განჩინება №3კ-472-03; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 30 ივნისის განჩინება №3კ-472-03.
  31. შესაბამისად, სწორია სხვა განჩინებაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განჩინება №ას-132-124-2015) სასამართლოს მიერ მხოლოდ იძულებულის სუბიექტურ აღქმაზე გაკეთებული აქცენტი; იხ. ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება №2ბ/1967-11.
  32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინება №ას-215-200-2014.
  33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის განჩინება №ას-1796-1773-2011.
  34. შდრ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 383; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 350; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება №2ბ/1967-11.
  35. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 112.
  36. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 112.
  37. BAG NJW 2007, 1834.
  38. RG Recht 1927 Nr. 2196.
  39. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება №2ბ/1967-11.
  40. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 114.
  41. BGH NJW 1988, 2601.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_86._იძულების_ხასიათი&oldid=1792"