Gccc-logo.png


მუხლი 87. იძულება პირის ახლობელთა წინააღმდეგ

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 87. იძულება პირის ახლობელთა წინააღმდეგ


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ.

I. ზოგადი დებულებები

1

გარიგების დადების მიზნით იძულება ჩვეულებრივ ხორციელდება უშუალოდ ნების გამომხატველის მიმართ, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია ნების გამომხატველზე არაპირდაპირი ზემოქმედება, მის ახლობელ პირებზე პირდაპირი ზემოქმედების ან ამ პირდაპირი ზემოქმედების მუქარის მეშვეობით, რაც 87-ე მუხლის თანახმად ასევე საცილოდ აქცევს გარიგებას.[1]

II. ნორმის მიზანი და გამოყენების სფერო

1. ფსიქიკური ეფექტი იძულებულზე

2

განსხვავებით უშუალოდ ნების გამომხატველის იძულებისაგან, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც ძალადობის (ფიზიკური იძულების), ისე მუქარის (ფსიქიკური იძულების) მეშვეობით (იხ. მუხ. 85 7-15-ე ველები), ახლობელი პირის წინააღმდეგ მიმართული ძალადობაც კი მხოლოდ ფსიქიკური ეფექტის მქონეა იძულების ადრესატზე და მუქარის ცნების ქვეშ უნდა გაერთიანდეს. ამგვარად, ახლობელ პირზე განხორციელებული იძულება ვერასოდეს ვერ ჩაითვლება ძალადობად 85-ე მუხლის გაგებით.

3

მესამე პირის წინააღმდეგ განხორციელებული იძულებისაგან უნდა გაიმიჯნოს შემთხვევა, როდესაც ძალადობა ხდება მესამე პირის გავლით უშუალოდ ნების გამომხატველის მიმართ. მაგალითად, ბრმა პირის გამყოლის მიწაზე დაგდება, რითიც მას ეზღუდება გადაადგილების შესაძლებლობა,[2] თავისი გაშუალებული ფიზიკური ეფექტით იძულების ადრესატებზე წარმოადგენს უშუალოდ ამ პირზე განხორციელებულ ძალადობას 85-ე მუხლის გაგებით და არა მესამე პირის წინააღმდეგ მიმართულ იძულებას.

2. სრულებით უცხო პირი

4

პრობლემურია შემთხვევა, როდესაც მუქარაში აღწერილი საფრთხე ეხება მუქარის ადრესატისათვის სრულიად უცხო პირს. მაგალითად, ნოტარიუსთან მოლაპარაკებებისას გამყიდველი ნოტარიუს შუბლზე ადებს პისტოლეტს და მყიდველისაგან ითხოვს ნასყიდობის ფასის გაორმაგებას. ეს შემთხვევა არ უნდა განვიხილოთ 87-ე მუხლის (არც ანალოგიით) გამოყენების სფეროდ, რადგან აქ ნების მომდრეკია არა კონკრეტული ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვა – ნოტარიუსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მუქარა ვერ მოდრეკდა მყიდველის ნებას, არამედ განცდა იმისა, რომ პირი გახდება ზოგადად ადამიანის სიკვდილის მიზეზი. ეს სიტუაცია იდენტურია ნივთების მიმართ ძალადობის შემთხევისა (იხ. მუხ. 86 მე-3 ველი).

5

მოცემულ კონტექსტში არაფერს ცვლის იმ ფაქტზე მითითება, რომ სისხლის სამართლის მეცნიერება მთელ რიგ შემთხვევებში (მაგ., სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი) სრულებით უცხო პირის წინააღმდეგ განხორციელებულ მუქარას ახლობელი პირის (ან თავად ადრესატის) მიმართ მუქარას უთანაბრებს.[3] ამ გადაწყვეტის გავრცელება 87-ე მუხლზე შეუძლებელია. განსხვავებით შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ნორმებისაგან, 85-ე და შემდგომი მუხლები ემსახურება სხვა ხარისხის ნების თავისუფლების უზრუნველყოფას. ამიტომაც ასხვავებენ ნების სრულ პარალიზებასა (რა შემთხვევაშიც ცალსახაა, რომ საერთოდ არ გვაქვს სახეზე ნების გამოხატვა) და ნაწილობრივ პარალიზებას შორის და იცავენ მას ამ ნაწილობრივი შეზღუდვისაგანაც. 87-ე მუხლის ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ თვალსაჩინოებისათვის ცალკე გამოყოს ამ თავისუფალი ნების ნაწილობრივი პარალიზების სტანდარტულ შემთხვევა – ახლობელი პირის წინააღმდეგ მიმართული მუქარით იძულება. შესაბამისად, ამ დანაწესზე მითითება აღარ გვჭირდება, თუ ისედაც ცალსახაა, რომ არა მხოლოდ ახლობელი პირის ნება, არამედ ნებისმიერი პირის ნება მოიდრიკებოდა. ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში სახეზეა პირდაპირ 85-ე მუხლის მიხედვით იძულება.

III. ცალკეული დებულებების განმარტება

1. ახლო ნათესავი

6

87-ე მუხლი ნების გამომხატველს ანიჭებს შეცილების უფლებას, თუ ეს გამოხატვა განპირობებული იყო მისი მეუღლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარით – ქმრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მუქარა, ცოლის მიერ თავდებობის კისრების მიზნით, წარმოადგენს შეცილების საფუძველს, თუ გამონაკლისის სახით გამორიცხული არ არის მართლწინააღმდეგობა (იხ. მე-9 ველი).

7

ცალსახაა, რომ ახლო ნათესავის ცნების ქვეშ ერთიანდება ყველა 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირი, ანუ არა მხოლოდ დედა, მამა[4] და შვილი,[5] არამედ ასევე, მაგალითად, ბიძაშვილებიც, თუმცა არც 1336-ე მუხლის ჩამონათვალია ამომწურავი, რადგან გადამწყვეტია არა თავისთავად ნათესაური კავშირები, არამედ მასთან დაკავშირებული „ინტერესები და განცდები“.[6] გერმანული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ახლო ნათესაური კავშირი არსებობს სიდედრსა და სიძეს შორისაც,[7] თუ ამ უკანასკნელისათვის ვნების მიყენების მუქარით დასაშვებია პირველის ნების მოდრეკა.

2. 87-ე მუხლის ანალოგიით გამოყენება

8

მიუხედავად იმისა, რომ 87-ე მუხლი მხოლოდ ახლო ნათესავზე აკეთებს აქცენტს, აუცილებელია კონკრეტული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინება.[8] ცალკეულ შემთხვევაში საფრთხე, რომელიც მიმართულია ნების გამომხატველის საცოლის ან ახლო მეგობრის წინააღმდეგ, შეიძლება საკმარისი იყოს გარიგების იძულებით დადებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ 87-ე მუხლი იცავს არა ოჯახურ და ახლო ნათესაურ ურთიერთობებს გარეშე პირთა ზემოქმედებისაგან, არამედ პირის ნებას მოდრეკისაგან, თუ ურთიერთობის ის სიმჭიდროვე, რაც არსებობს ორ პირს შორის, საკმარისია ნების გამომხატველის თავისუფალი ნების დასათრგუნად და მისთვის კონკრეტული მიმართულების მინიჭებისათვის, დასაშვებია 87-ე მუხლის ანალოგიით გამოყენება.

3. ახლობელი პირის პასუხისგებაში მიცემის მუქარა

ა) დასაშვები მუქარა

9

პრობლემურია მუქარის შეფასება, როდესაც ის მუქარის ადრესატის ახლობელი პირის (ნათესავის ან სხვაგვარად დაკავშირებულის) პასუხისგებაში მიცემას უკავშირდება და ამგვარად, უბიძგებს მას ნების გამოხატვისაკენ, თუმცა ეს მუქარა, მისი უშუალოდ პასუხისგებაში მისაცემი პირის მიმართ განხორციელების შემთხვევაში, იქნებოდა მართლზომიერი 88-ე მუხლის გაგებით. მაგალითად, შვილს თაღლითობის ბრალდებით მამის პასუხისგებაში მიცემის მუქარით აიძულებენ იკისროს თავდებობა, თუმცა თავად მამის იძულება თაღლითობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისკენ არ იქნებოდა მართლსაწინააღმდეგო (იხ. მუხ. 88 მე-9 ველი). როგორც გერმანიის ფედერალური სასამართლო[9] სწორად აღნიშნავს მოცემულ კონტექსტში, ამ ტიპის მუქარა არ უნდა იყოს ავტომატურად მართლსაწინააღმდეგო მხოლოდ იმის გამო, რომ დამმუქრებელს არ აქვს მუქარის ადრესატისაგან ნების გამოვლენის მოთხოვნის უფლება. ეს უშუალოდ ადრესატის წინააღმდეგ მუქარისას მოქმედი წესი (იხ. მუხ. 88 მე-9 ველი) უნდა გავრცელდეს ასევე მესამე პირის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზეც. შესაბამისად, მართლზომიერი საშუალებით მართლზომიერი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, მათ შორის ურთიერთკავშირის მართლზომიერება უნდა დადგინდეს საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალის მიხედვით (იხ. მუხ. 88 მე-6 ველი). გადამწყვეტია, აქვს თუ არა დამმუქრებელს დასახული მიზნის მიღწევის გამართლებული ინტერესი და წარმოადგენს თუ არა მუქარა მისი მიღწევის დასაშვებ გზას. თუ მუქარის ადრესატმა, ახლობელი პირის თაღლითობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემით მუქარისას, თავადაც მიაყენა ზიანი სისხლის ან სამოქალაქო სამართლის მიერ არასანქციონირებული ფორმით, მუქარა დასაშვებია. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში გერმანიის ფედერალური სასამართლო[10] დაეჭვდა მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ დამმუქრებელ ბანკს ჰქონდა უფლება ევარაუდა, რომ მუქარის ადრესატი ასევე ჩართული იყო მისი მეუღლის მიერ განხორციელებულ ფინანსურ მაქინაციაში ან იღებდა მისგან სარგებელს.

10

მართალია, ამ დაშვების საწინააღმდეგოდ მოჰყავთ არგუმენტი,[11] რომ დაუშვებელი და განსაკუთრებით გაკიცხვადია ნათესაური გრძნობებით „თამაში“, თუმცა, საბოლოო ჯამში, ხშირია რა შემთხვევები, როდესაც ახლობელი პირები ზიანს ანაზღაურებენ ერთმანეთის სანაცვლოდ, რათა ამით თავიდან ააცილონ პასუხისგებაში მიცემა და თუ უშუალოდ დამნაშავის მიმართ ამ ფორმით მუქარა არ იქნებოდა მართლსაწინააღმდეგო, მაშინ ის არ უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო არც მისი ახლობლების მიმართ.[12] მიუხედავად იმისა, რომ სხვის მაგივრად ზიანის ანაზღაურების გადაწყვეტილება ყველამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს და ამ გადაწყვეტილების გამოძალვა დაუშვებელია,[13] ამ ტიპის მუქარა ყოველთვის მართლზომიერია, თუ მისი ადრესატი ამა თუ იმ ფორმით ხელს აფარებს დამნაშავეს.[14]

ბ) დაუშვებელი მუქარა

11

მუქარის ადრესატის ახლობელი პირის წინააღმდეგ მიმართული მუქარა ყოველთვის მართლსაწინააღმდეგოა, თუ ის უშუალოდ ახლობელი პირის მიმართ განხორციელების შემთხვევაშიც მართლსაწინააღმდეგო იქნებოდა (შდრ. მუხ. 88 მე-2 და შემდგომი ველები). საპროცესო შეთანხმების არ გაფორმებით მუქარა მნიშვნელოვანი ქონების სახელმწიფოსათვის ჩუქების გარეშე[15] თანაბრად დაუშვებელია როგორც ბრალდებულის, ისე მისი ოჯახის წევრების მიმართ.

გ) მართლწინააღმდეგობის დამატებითი მომენტი

12

ახლობელი პირის მიმართ მუქარა შეიძლება გახდეს მართლწინააღმდეგობის დამატებითი მომენტის შემომტანი. მაგალითად,[16] თუ დამსაქმებელს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ დასაქმებულმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული მის წინააღმდეგ და ამის გაცხადების მუქარით აიძულებს დადოს შრომითი ხელშეკრულების გაუქმების ხელშეკრულება, ეს მართლზომიერია (შდრ. მუხ. 88 მე-9 ველი). თუმცა მუქარა არამართლზომიერი ხდება, თუ იმავე დანაშულში დასაქმებულის მამასაც მიუძღვის წვლილი და დამსაქმებელი მამის დასმენის საფრთხეზეც მიუთითებს, რადგან მამის მიერ ჩადენილი დანაშაული პირდაპირ კავშირში აღარ არის შრომით ურთიერთობასთან.




  1. შდრ. Wendtland, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 123 Rn. 27.
  2. Kindhäuser, Strafrecht Besonderer Teil I, 7. Aufl., 2015, 135.
  3. შდრ. Wessels/Hillenkamp, Strafrecht Besonderer Teil II, 35. Aufl., 2012, Rn. 326.
  4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განჩინება № ას-333-314-2014.
  5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება №2ბ/1967-11; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება № 2ბ/4686-13.
  6. ზოიძე, საქართველოს სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 85, გვ. 250.
  7. BGH NJW 1988, 2600.
  8. ზოიძე, საქართველოს სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 85, გვ. 249.
  9. BGH NJW 1957, 1797
  10. BGH NJW 1957, 1797
  11. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 110.
  12. Flume, Allgemeiner Teil des Bьrgerlichen Rechts II, 4. Aufl., 1992, 536.
  13. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 110.
  14. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 110.
  15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განჩინება №ას-333-314-2014; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება №2ბ/1967-11; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება №2ბ/4686-13.
  16. LAG Hamm BeckRS 2009, 74335.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_87._იძულება_პირის_ახლობელთა_წინააღმდეგ&oldid=1794"