Gccc-logo.png


მუხლი 88. იძულება მართლზომიერი საშუალებებით

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 88. იძულება მართლზომიერი საშუალებებით


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

85-87-ე მუხლების მიხედვით იძულებად არ ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშუალება და მიზანი ერთმანეთს არ შეესაბამებიან.

I. ზოგადი დებულებები

1

იძულება, მიუხედავად იმისა, რომ მას თან ახლავს პირის ნების თავისუფლების შეზღუდვა, მაინც შეიძლება იყოს მართლზომიერი. კერძოდ, ნების გამომხატველს არ ექნება შეცილების უფლება, თუ მაიძულებელი პირი მართლზომიერი შედეგის მისაღწევად შესაბამის მართლზომიერ საშუალებას გამოიყენებს, რადგან 85-89-ე მუხლები არ იცავენ ნების გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერი ტიპის ეკონომიკური თუ პირადი ხასიათის ხელშემშლელი გარეშე ფაქტორისაგან.[1] სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა მნიშვნელოვნად შეირყეოდა, თუ ყოველი ნების გამოხატვა, რომელიც განპირობებულია მეორე მხარის მხრიდან ძალდატანებით, საცილოდ გამოცხადდებოდა, ამიტომაც იძულება მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საცილოობის მიზეზი, როდესაც ის მართლსაწინააღმდეგოა.

II. მართლსაწინააღმდეგო მუქარა

1. მართლსაწინააღმდეგო საშუალება

2

მუქარა მართლსაწინააღმდეგოა, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა დამმუქრებელს მუქარის ადრესატისაგან შესაბამისი ნების გამოვლენის მოთხოვნის უფლება, თუ დამმუქრებელი ამ მიზნის მისაღწევად მართლსაწინააღმდეგო საშუალებას იყენებს.[2] მაგალითად, თუ კრედიტორი მოვალეს ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში თავის გატეხით ემუქრება, ეს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მუქარას და მოვალეს აქვს შეცილების უფლება. თუ მოვალე ამ შესრულების (სანივთო) გარიგების ბათილად ცნობის შემდეგ შესრულებას უკან გამოითხოვს, კრედიტორს არ შეუძლია მის ამ მოთხოვნას დაუპირისპიროს ერთდროულად შესრულების შესაგებელი (369-ე მუხლის ანალოგიით) ან გაქვითოს ის თავისი შესრულების მოთხოვნით.[3] მართლსაწინააღმდეგოა გარიგების დადების მიზნით მამის მიმართ მუქარა ისეთი ცნობების გავრცელებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ ის არ არის კანონიერ ქორწინებაში შეძენილი შვილის ბიოლოგიური მამა.[4]

ა) სამართალდამცავი და მართლმსაჯულების ორგანოებისათვის მიმართვა

3

სხვაგვარად არის საქმე სასამართლოსათვის, პროკურატურისათვის და სხვა სამართალდამცავი ან მართლმსაჯულების ორგანოებისათვის მიმართვით მუქარის შემთხვევაში, რადგან მართლწესრიგი სწორედაც რომ ანიჭებს დამმუქრებელს თავისი უფლების რეალიზების ამგვარ შესაძლებლობას და ის არ უნდა წავართვათ მას (თუ ეს მასსა და მუქარის ადრესატს შორის არსებულ თავდაპირველ ურთიერთობასთან პირდაპირ კავშირშია), მხოლოდ იმიტომ, რომ ამით მეორე მხარის ნების თავისუფლება იზღუდება. ამის გათვალისწინებით, დასაშვებია მუქარა დაკავების უფლების გამოყენებით (369), სარჩელის აღძვრით,[5] იძულებითი აღსრულებით,[6] ქონების დაყადაღებით, გაკოტრების განცხადების შეტანით ან დაშვებული თვითდახმარების უფლების გამოყენებით.[7] მაგალითად, საჯარო დამსაქმებლის მუქარა, რომ ის გამოიყენებს მოტყუების გამო შეცილების უფლებას, რადგან დასაქმებულმა თავის დროზე დამალა საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობის ფაქტი,[8] არ ანიჭებს დასაქმებულს მოგვიანებით ხელშეკრულების გაუქმების გარიგების (რომელსაც მან ნებაყოფლობით მოაწერა ხელი) იძულების საფუძველით შეცილების უფლებას.[9] 85-ე მუხლის გაგებით იძულების შემთხვევას არ წარმოადგენს, რა თქმა უნდა, სასამართლოს მხრიდან კანონით გათვალისწინებული კონტრაჰირების იძულება.[10]

ბ) სადავო უფლება

4

ზოგადად უმნიშვნელოა, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა დამმუქრებელს ის უფლება, რომლის რეალიზაციითაც იმუქრება,[11] გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამმუქრებელი შეგნებულად აპელირებს არარსებული უფლების რეალიზაციაზე.[12] სხვა შემთხვევაში სარჩელის აღძვრით მუქარა პირმა მაშინაც უნდა აიტანოს, როდესაც მის უკან ნამდვილი უფლება არ დგას, რადგან ეს ზოგად ცხოვრებისეულ რისკს განეკუთვნება. თუ გარიგების ერთი მხარე მეორეს „სასამართლო პროცესზე შეხვედრის“ დაპირებით გადაახდევინებს ვალს, გადამხდელს არ აქვს მუქარის გამო შეცილების უფლება.[13] რა თქმა უნდა, თუ გადახდილი ვალი არ არსებობდა, გადამხდელს შეუძლია თანხა კონდიქციით უკან გამოითხოვოს. მუქარას არ წარმოადგენს მორიგებისას მოსამართლის მიერ ამ პროცესთან დაკავშირებული რისკების აღწერა. განსხვავებულად არის საქმე, როდესაც მოსამართლე თავისი ავტორიტეტის გამოყენებით მხარეს წნეხში აქცევს.[14] იძულებითი აღსრულებით დამუქრება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო საშუალებას, როდესაც მისი განხორციელება ობიექტურად სრულებით შეუძლებელია.[15]

2. მართლსაწინააღმდეგო მიზანი

5

გარიგება, 85-ე მუხლის თანახმად, საცილოა ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც დამმუქრებელი, დამოუკიდებლად გამოყენებული საშუალებისა, მართლსაწინააღმდეგო მიზანს ისახავს.[16] მაგალითად, ვადამოსული ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნის მუქარით აიძულებენ აკრძალული პრეპარატების გაყიდვას.[17] რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარიგება არანამდვილია ასევე 54-ე მუხლის 1-ლი ვარიანტის მიხედვით.

მიზანს მართლსაწინააღმდეგოდ არ ხდის მხოლოდ ის გარემოება, რომ დამმუქრებელს არ ჰქონდა მუქარის ადრესატისაგან ნების გამოხატვის მოთხოვნის უფლება.[18]

3. საშუალებისა და მიზნის კომბინაცია

6

მუქარის მართლსაწინააღმდეგობა შეიძლება განპირობებული იყოს მართლზომიერი მიზნისა და მის მისაღწევად გამოყენებული მართლზომიერი საშუალების დაუშვებელი კომბინაციითაც.[19] გერმანული სასამართლო პრაქტიკა[20] ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობს შემდეგი ფორმულით: მართლზომიერი საშუალების მართლზომიერი მიზნის მისაღწევად გამოყენება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოების ჯანსაღად და სამართლიანად მოაზროვნე წევრების წარმოდგენებს ან ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს, რისი დადგენაც უნდა მოხდეს ყოველი ცალკეული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა დამმუქრებელს დასახული მიზნის მიღწევის გამართლებული ინტერესი და წარმოადგენს თუ არა მუქარა მისი მიღწევის მორალურად დასაშვებ გზას, მაშინაც კი, როდესაც დამმუქრებელს არ აქვს მოვალის მიმართ სასამართლო წესით განხორციელებადი მოთხოვნის უფლება.[21]

ა) დაუშვებელი კომბინაცია

7

მაგალითად, საშუალება-მიზნის დაუშვებელი კომბინაციაა სახეზე (მიუხედავად იმისა, რომ დამმუქრებელს ეკუთვნოდა მუქარის შედეგად მოპოვებული), თუ პირი, რომელიც შემთხვევით შეესწრება მისი მოვალის მიერ ჩადენილ ავტოსაგზაო დელიქტს, მოგვიანებით სამართალდამცავი ორგანოსათვის მიმართვის გზით აიძულებს მას შეასრულოს ვადამოსული ვალდებულება.[22] ამ კონტექსტში პრობლემურია, წარმოადგენს თუ არა პატრულის გამოძახების მუქარით გამოძალული ვალის აღიარება საშუალება-მიზნის დაშვებულ კომბინაციას.[23] მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ ამ მუქარის სიმძაფრე (იხ. მუხ. 86 მე-11 ველი), საშუალება-მიზნის კომბინაციის კუთხით ეს მუქარა, სავარაუდოდ, მართლსაწინააღმდეგოა, რადგან პატრული კერძო პირებისაგან ვალის ამოღებით არ არის დაკავებული. ნებისმიერ შემთხვევაში საწინააღმდეგო მოსაზრება დეტალურ დასაბუთებას საჭიროებდა. ადვოკატის მიერ უშუალოდ მთავარი სხდომის წინ ჰონორარის მომატების მოთხოვნა მომსახურებაზე უარის თქმის მუქარით, წარმოადგენს საშუალება-მიზნის დაუშვებელ კომბინაციას, თუმცა ეს მუქარა დასაშვებია, თუ ის სხდომამდე კარგა ხნით ადრე ხდება და კლიენტს აქვს შესაბამისი დრო მისი ახალი ადვოკატით ჩანაცვლებისათვის.[24]

8

დაუშვებელია შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მანქანის საჩუქრად გადაცემის მოთხოვნა პროკურორის მხრიდან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული დისკრეციული უფლებამოსილების არგამოყენების მუქარით,[25] მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე აღებული ერთიც მართლზომიერია და მეორეც, მათი ურთიერთკავშირი 88-ე მუხლის გაგებით დაუშვებელ კომბინაციას გვაძლევს.

9

შრომითი ხელშეკრულებისას სამართალდამცავ ორგანოსათვის განცხადებით მიმართვის მუქარა მაშინ არის გამართლებული, თუ დასაქმებულის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშული პირდაპირ კავშირშია შრომით ხელშეკრულებასთან.[26] მაგალითად, საქმე ეხება დასაქმებულის მიერ სწორედ დამსაქმებლის მიმართ ჩადენილ დანაშულს. პასუხისგებაში მიცემის მუქარა მართლზომიერია, თუ ის ემსახურება მხოლოდ დამნაშავის მიერ მიყენებული ზიანის კომპენსაციას და არსებობს შინაგანი კავშირი დანაშაულსა და ზიანს შორის.[27] მაგალითად, შესაბამისი ორგანოსათვის თაღლითობასთან დაკავშირებული განაცხადით მიმართვის მუქარა, თუ დამნაშავე არ აანაზღაურებს ზიანს ან არ აღიარებს ვალს 341-ე მუხლის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ამის მომთხოვნს შესაძლებელია არ ჰქონდეს ამ ნების გამოვლენის მოთხოვნის უფლება. ამასთან, მუქარა არ უნდა უბიძგებდეს მის ადრესატს ნაჩქარევი გადაწყვეტილებისაკენ.[28]

10

საფრთხეზე მითითებამ არ უნდა გამოიწვიოს მუქარის ადრესატისათვის ყოველგვარი მოსაფიქრებელი დროის წართმევა, თუ, მაგალითად, ასანაზღაურებელი ზიანის დადგენა მხოლოდ მორიგებისას უნდა მოხდეს,[29] ან განუსაზღვრელი ოდენობის ვალის თავდებობით უზრუნველყოფას ეხება საქმე.[30] მუქარა მართლსაწინააღმდეგოა, თუ სამედიცინო კლინიკის გამქირავებელი ითხოვს გარკვეულ თანხას ამჟამინდელის ახალი დამქირავებლით ჩანაცვლებისათვის (სანაცვლოდ კი უარს ამბობს ამ უკანასკნელის გადახდისუნარიანობის გადამოწმებაზე), ამ თანხმობის გარეშე კი ეს ჩანაცვლება ჩაიშლება და ამჟამინდელი დამქირავებელი იძულებულია დათანხმდეს მის გადახდას.[31]

ბ) დასაშვები კომბინაცია

{{ვ|11 ამის საპირისპიროდ საშუალება-მიზნის დაუშვებელ კომბინაციას არ წარმოადგენს გამყიდველის მიერ მიწის გაყიდვაზე უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ მაკლერი თავის პროვიზიაზე უარს არ განაცხადებს.[32] არც თავდების მიმართ მუქარა, ახლის არდადების შემთხვევაში ძველი თავდებობიდან პასუხისგებასთან დაკავშირებით, არ არის მართლსაწინააღმდეგო.[33] ასევე შპს-სთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების მოშლის მუქარა, თუ შპს-ის პარტნიორი დაუყოვნებლივ არ დაუდგება მას თავდებად.[34]

12

გერმანული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით,[35] მართლზომიერია დედის მხრიდან სახლიდან გაგდების მუქარა ქალიშვილის მიმართ, თუ ეს უკანასკნელი არ გააშვილებს თავის უკანონო შვილს. მართალია, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც დამმუქრებელი მუქარის ადრესატისაგან ითხოვს რაიმეს, რისი მოთხოვნის სამართლებრივი უფლებაც მას არ გააჩნია (მაგ., თანხმობა ქორწინებაზე, ან შვილის გაშვილება), მართლწინააღმდეგობა ავტომატურად არ გვაქვს სახეზე და ზოგადად კეთილსინდისიერებისა და ზნეობრიობის კრიტერიუმით (მე-6 ველი) უნდა ვიხელმძღვანელოთ, თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემურია, თუ რა უფრო ამორალური იყო, სხვისი მეუღლისაგან შვილის გაჩენა, თუ ახალშობილის ბებიის მხრიდან დედის იძულება, გაეშვილებინა საკუთარი შვილი, რათა ამგვარად ჩამოერეცხა ოჯახის სირცხვილი. ცალსახად მართლსაწინააღმდეგოა მუქარა ბანკის მიერ ჩეკის არგანაღდებით, რასაც ადრესატისათვის კატასტროფული შედეგები ექნებოდა, თუ ეს მიზნად ისახავს მისგან მიწის ნაკვეთის ნასყიდობის გამოძალვას.[36]

გ) ახლობელი პირის მიმართ მუქარა

13

პრობლემურია მუქარის შეფასება, როდესაც ის მუქარის ადრესატის ახლობელი მესამე პირის (ნათესავის ან სხვაგვარად დაკავშირებულის) პასუხისგებაში მიცემას უკავშირდება და ამგვარად იყოლიებს მას ნების გამოხატვაზე. მაგალითად, შვილს თაღლითობის ბრალდებით მამის პასუხისგებაში მიცემის მუქარით აიძულებენ იკისროს თავდებობა. ამ ტიპის მუქარა, ჩვეულებრივ, მართლსაწინააღმდეგოა, თუმცა გერმანიის ფედერალური სასამართლო[37] შესაძლებლად მიიჩნევს მართლწინააღმდეგობის გამორიცხვას იმ შემთხვევაში, თუ დამმუქრებელი თავს დაზარალებულად მიიჩნევდა ასევე მუქარის ადრესატის (კონკრეტულ შემთხვევაში – თაღლითობაში ეჭვმიტანილის მეუღლის) მხრიდან და თვლის, რომ მანაც მიიღო სარგებელი დანა- შაულიდან (იხ. დაწვრილებით მუხ. 87 მე-9 ველი).

14

მუქარის, რომელიც უშუალოდ ადრესატის მიმართ დასაშვები საშუალების დასაშვებ მიზანთან კომბინაციას წარმოადგენდა, მართლწინააღმდეგობის განმაპირობებელი შეიძლება იყოს მასში დაფიქსირებული საფრთხის ადრესატის ახლო ნათესავზე გავრცელება (იხ. მუხ. 87 მე-12 ველი).

III. მართლსაწინააღმდეგო ძალადობა

15

მუქარის მართლზომიერებასთან დაკავშირებით მოყვანილი პრინციპები შესაბამისად ვრცელდება ძალადობაზეც, თუმცა რთული წარმოსადგენია შემთხვევა, როდესაც მოძალადის ინტერესი მეორე მხარის მიერ ნების გამოხატვასთან დაკავშირებით შეიძლება ამართლებდეს ნების მომდრეკი ისეთი ინტენსიური საშუალების გამოყენებას, როგორიც ფიზიკური ზემოქმედებაა. ჩვეულებრივ, სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების არდადებით გამოწვეული შელახვა კერძო ინტერესებისა ვერ ამართლებს მის დასაცავად სხვა პირის ფიზიკური ხელშეუხებლობის შელახვას ვერც თვითდახმარების ფარგლებში. მიწის ნაკვეთის გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ხელის ამოტრიალება, რათა მან მეორეთი ხელი მოაწეროს ხელშეკრულების გაუქმებას, რომლის დადებაც ამ უკანასკნელმა თავის მხრივ გამყიდველისათვის ხელის ამოტრიალების შედეგად მოახერხა, უკვე დაუშვებელია.

1. ძალადობის მართლწინააღმდეგობის ცალკე განხილვა

16

ძალადობის მართლწინააღმდეგობის დადგენისას ნათლად ჩანს ის უპირატესობა, რასაც გვთავაზობს ძალადობის, როგორც იძულების ცალკე შემადგენლობის გამოყოფა მუქარისაგან[38] და საწინააღმდეგო მოსაზრების სიმცდარე.[39] ამ საწინააღმდეგო მოსაზრების თანახმად, ძალადობის გამოყოფა ცალკე შემადგენლობად შეუძლებელია და 85-ე მუხლით გათვალისწინებული იძულების ქვეშ მხოლოდ ფსიქიკური იძულება უნდა გავიგოთ (ზოგადი კრიტიკისათვის იხ. მუხ. 85 მე-10 და შემდგომი ველები), რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ ერთი პირი მეორეს სცემს გარიგების დადების მიზნით, ნების მოდრეკის ეფექტი განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ ყოველი შემდგომი დარტყმით გამოწვეული ტკივილის მოლოდინით და არა უკვე მიყენებული დარტყმებით. ეს არასწორია და არ იძლევა ძალადობის მართლწინააღმდეგობის ჯეროვნად შეფასების შესაძლებლობას. მაგალითად, თუ ცოლი ცემის მუქარით აიძულებს ქმარს გაიღოს ფული საერთო შვილის გადაუდებელი ოპერაციისათვის, რადგან ეს ბავშვის გადარჩენის ერთადერთ გზას წარმოადგენს, ეს ჩაითვლება უკიდურეს აუცილებლობად (117 I) და ამგვარად, გამოირიცხება მართლწინააღმდეგობა. სხვაგვარად არის საქმე იმ შემთხვევაში, როდესაც ცოლი ქმრის ფულის გაღებისაკენ იძულების მიზნით პირდაპირ ცემას მიმართავს. აქ უკვე შეუძლებელია მართლწინააღმდეგობის გამორიცხვა; სავარაუდოდ, ცემით დამუქრებაც საკმარისი იქნებოდა და რეალური ცემა 117 I მუხლის გაგებით აუცილებელი არ იყო. თუ ძალადობას ცალკე არ გამოვყოფთ მუქარისაგან, ეს ორივე შემთხვევა იდენტური აღმოჩნდება – აქტიური ცემაც 85-ე მუხლის გაგებით მხოლოდ ყოველი შემდგომი დარტყმით დამუქრებაა – და მართლწინააღმდეგობის საკითხიც ერთგვარად უნდა გადაწყდეს, რაც არასწორია.

2. შორეული მიზნები

17

საკამათოა მოძალადის შორეული კეთილშობილური მიზნების, როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოების, გათვალისწინების შესაძლებლობა: გარემოსდამცველები აჭედავენ ნაკრძალის დირექტორის კაბინეტს, რათა ამგვარად შიგნით გამოკეტილი დირექტორი და ინვესტორი აიძულონ, გააუქმონ უკვე დადებული ხელშეკრულება, რომელიც ნაკრძალის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ისახავს მიზნად. გერმანიის ფედერალური[40] სასამართლო უარყოფს ამ შორეული მიზნის – გარემოს დაცვა, რეკრეაციული ზონის შენარჩუნება – გათვალისწინების შესაძლებლობას. ეს მოსაზრება იურიდიულ ლიტერატურაში[41] სამართლიანად არის გაკრიტიკებული, რადგან, თუ მართლწინააღმდეგობის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია კონკრეტული შემთხვევის თავისებურებები და ურთიერთდაპირისპირებული ინტერესების აწონ-დაწონვა, მაშინ შორეული მიზანიც არ უნდა დარჩეს გაუთვალისწინებელი, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ის გადამწყვეტი მართლწინააღმდეგობის გამორიცხვისათვის.




  1. Wendtland, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 123 Rn. 28.
  2. კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 21.
  3. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 4. Aufl., 1992, 535.
  4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება №2ბ/1967-11.
  5. კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008, გვ. 20.
  6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება №ას-403-380-2014; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის განჩინება №ას-662-628-2015, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლო ნების გამოვლენაში ჩარევის ფაქტს უარყოფს და არა მართლწინააღმდეგობას.
  7. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 105.
  8. შდრ. ამ შეკითხვის დასაშვებობასთან დაკავშირებით მუხ. 81 მე-16 ველი.
  9. შდრ. LAG Potsdam NJ 1998, 336.
  10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 27 მაისის განჩინება №ას-25-728-03.
  11. BGH NJW 1997, 1981; NJW 2005, 2768.
  12. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 105; შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინება № ას-862-812-2015.
  13. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 4. Aufl., 1992, 536; BGH NJW 2005, 2768: ვინც სა- ჭოჭმანო სამართლებრივი მდგომარეობისას, თავისი კონტრაჰენტს ობიექტურად სავარაუდო მოთხოვნას წაუყენებს და მისი სასამართლოს გზით რეალიზაციით დაემუქრება, არ მოქმედებს მართლსაწინააღმდეგოდ.
  14. იყენებს რა გამონათქვამებს „გამოიჩინეთ გონიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათრახით უნდა გაიძულოთ მორიგება“ ან „მორიგების უარყოფის სასიკვდილო რისკი“ (BAG NZA 2010, 1254).
  15. OLG Frankfurt BeckRS 2010, 28915; შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინება № ას-862-812-2015 (იხ. მე-7 ველი).
  16. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 383; კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2008, გვ. 21.
  17. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 106; შდრ. სხვა მაგალითები ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 383.
  18. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 4. Aufl., 1992, 536.
  19. კიკოშვილი, ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა 2008, გვ. 21.
  20. BGH NJW 1951, 643; BGH NJW 1957, 1796; BGH, NJW 1969, 1627.
  21. BGH NJW 1957, 1797.
  22. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 108.
  23. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინება № ას-862-812-2015.
  24. BGH, NJW 2010, 1367.
  25. იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს საპირისპირო მსჯელობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებაში № 2ბ/4686-13.
  26. BAG, 30.01.1986, NZA 87, 91.
  27. BGH NJW 1957, 1796.
  28. Müko/Armbrüster, BGB, 7. Aufl. 2015, § 123 Rn. 108.
  29. Flume, Allgemeiner Teil des Bьrgerlichen Rechts II, 4. Aufl., 1992, 538.
  30. BGH NJW 1988, 2600.
  31. BGH NJW 1995, 3053.
  32. BGH NJW 1957, 1797.
  33. BGH NJW 1969, 1627; სხვაგვარადაა საქმე, თუ იპოთეკის ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში პირს თაღლითური განზრახვა ამოძრავებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის განჩინება №ას-170-163-2013.
  34. BGH LM Nr. 28.
  35. BGH NJW 1951, 644.
  36. BGH WM 1965, 861.
  37. BGH NJW 1957, 1797.
  38. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 381; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 85, გვ. 247.
  39. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 350.
  40. BGHSt 35, 270.
  41. Kьpper, Strafrecht Besonderer Teil 1, 3. Aufl., 2007, 74.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_88._იძულება_მართლზომიერი_საშუალებებით&oldid=1796"