Gccc-logo.png


მუხლი 89. შეცილების ვადა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 89. შეცილების ვადა


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან.

I. ნორმის მიზანი

1

იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადაც, მსგავსად მოტყუებით დადებული გარიგებისა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობიდან გამომდინარე, შეუზღუდავი არ არის და ასევე ერთი წლით განისაზღვრება (იხ. მუხ. 84 1-ლი ველი). განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ერთწლიანი ვადა აითვლება არა იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლების არსებობის შესახებ, არამედ იძულების დამთავრების მომენტიდან – მაიძულებელი პირი ხელყოფს რა აშკარად პირის ნების გამოხატვის თავისუფლებას, ამით, ერთი მხრივ, თავიდანვე ნათელყოფს იძულებულისათვის ნების შეზღუდვის მომენტს, თუმცა, მეორე მხრივ, მუქარის ან ძალადობის მეშვეობით აღმართული ბარიერი პირის შინაგან ნებასა და მის გარეგან მანიფესტირებას შორის, ავტომატურად არ წყვეტს არსებობას გარიგების დადებასთან ერთად. ამიტომაც იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში ათვლის წერტილია არა მის შესახებ შეტყობა, არამედ იძულების დასრულება.

II. ცალკეული დებულებების განმარტება

1. ერთწლიანი ვადა, როგორც უფლების გამომრიცხავი ვადა

2

არასწორია, რომ ქართული სასამართლო 84-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის მსგავსად, 89-ე მუხლით გათვალისწინებულ შეცილების ვადასაც ხანდაზმულობის და არა გამომრიცხავ ვადად მოიხსენიებს (შდრ. მუხ. 84, მე-8 ველი) და მას მხოლოდ მეორე მხარის შესაგებლის საფუძველზე ამოწმებს.[1]

3

სხვა შემთხვევაში ძალაში რჩება 84-ე მუხლთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები (იხ. მუხ. 84, 7-9 ველები).

2. ვადის დაწყება

4

89-ე მუხლში მოცემული გადაწყვეტით კანონმდებელი პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ იძულების დასრულების მომენტი მხოლოდ შემთხვევით თუ შეიძლება დაემთხვეს თვითონ გარიგების დადების დასრულების მომენტს. შესაბამისად, შეცილების ვადის დინება იწყება იმ მომენტიდან, როდესაც იძულებულს შეეძლო თავისუფლად განეცხადებინა მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, ანუ იძულების დასრულებასთან ერთად. იძულება დასრულებულად ითვლება მასში აღწერილი საფრთხის რეალიზაციისას, ან საბოლოოდ ჩავლისას.[2] გადამწყვეტია, თუ რა მომენტიდან თავისუფლდება შეცილების უფლების მქონე იძულებით გამოწვეული წნეხისაგან, მისი სუბიექტური წარმოდგენის თანახმად.[3] მაგალითად, თუ გარიგების დადება განპირობებულია ცოლის თვითმკვლელობის მუქარით ქმრის მიმართ (იხ. მუხ. 81 26-ე), მაშინ საფრთხე ჩავლილია ყველაზე გვიან გაშორებისა და ცოლის სხვა მამაკაცთან გადაბარგების შემდეგ.

5

ამ კონტექსტში სრულებით შეუძლებელია უზენაესი სასამართლოს[4] მსჯელობის გაზიარება. ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარა 2 ავტომანქანისა და 48 ძვირად ღირებული ნივთის სახელმწიფოსათვის ჩუქების მიზნით, რის გარეშეც მასზე არ გავრცელდებოდა შეღავათი, სასამართლომ დამთავრებულად მიიჩნია ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტიდან. ეს ცალსახად არასწორია, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებელს არ დასჭირდებოდა 89-ე მუხლში განსაკუთრებული ხაზგასმა იძულების დამთავრების მომენტისა. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეუძლია პირს ერთ წუთში დადოს გარიგება და მეორე წუთს შეცილების უფლების გამოყენებას ეცადოს; ვინც თავის კონტრაჰენტს პისტოლეტით ხელში ადებინებს გარიგებას, ის თავისუფლად ვერ შეეგუება მეორე დღეს გაცხადებულ შეცილებას. სასამართლოს სულ მცირე არა გარიგების დადებაზე, არამედ პროკურატურის მხრიდან შეპირებულ მოქმედებაზე – ბრალდების მოხსნაზე – უნდა გაეკეთებინა აქცენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამგვარი დაშვებიდან გამომდინარეობს, რომ იძულებულს ჯერ უნდა დაედო გარიგება და იმავე წუთს განეცხადებინა შეცილება, რაც აბსურდულია და საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს იძულების სიმძაფრეს (მუხ. 86 მე-11 და შემდგომი ველები). იმ შემთხვევაში კი, თუ ამ სიმძაფრეს ეჭვქვეშ არ დავაყენებთ, მაშინ მუქარა პოლიტიკური რეჟიმის დამთავრებასთან ერთად უნდა მიგვეჩნია დასრულებულად. ასევე ვერ ვიტყვით, რომ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების არდადების მუქარა ქარწყლდება ამ შეთანხმების გაფორმებისთანავე,[5] რადგან გაფორმების შემდეგაც არსებობს მისი გაუქმების ან დაკავებული პირისათვის სხვაგვარი ვნების მიყენების შესაძლებლობა, რაც უკვე საკმაოდ სავარაუდოა იმ სახელმწიფო ორგანოს მხრიდან, რომელმაც მანამდე მართლსაწინააღმდეგო მუქარას მიმართა (იხ. მუხ. 86 მე-6 ველი). ხოლო, თუ სასამართლო მიჩნევდა, რომ ჩუქება განპირობებული იყო არა პოლიტიკური რეჟიმის მიერ ხელშეწყობილი პრაქტიკით, არამედ მხოლოდ კონკრეტული ჩინოვნიკის დანაშულით, მაშინ ეს ცალკე მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო.[6]

6

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კრიტიკისათვის შესაძლებელია გერმანულ სასამართლო პრაქტიკაზე მითითება, სადაც ასევე ერთწლიანი გამომრიცხავი ვადა მოქმედებს მუქარის საფუძვლით შეცილებისათვის (§ 124 გსკ). ბერლინის კამერალურმა სასამართლომ[7] 1947 წელსაც კი შესაძლებლად ჩათვალა ებრაელი მესაკუთრისათვის 1938 წელს გასხვისებული მიწის ნაკვეთის დაბრუნება, მიიჩნია რა ეს გასხვისება ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმის მხრიდან ებრაელებზე კოლექტიური მუქარით განპირობებულად (იხ. მუხ. 85 23-ე ველი). ამ პრაქტიკის გაზიარება ქართულ რეალობაშიც აუცილებელია.

7

გარდა ამისა, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა არსებითად საქმის გარემოებებზე, იძულების ხასიათსა და ფორმაზე და ის პირდაპირ დაუშვებლად ცნო გამომრიცხავ ვადაზე მითითებით. ეს არასწორია, რადგან იძულების ხასიათის გამორკვევის გარეშე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ როდიდან ჩაითვლებოდა საფრთხე უკვე ჩავლილად.

8

არამიღებასავალდებულო ნების გამოხატვის შეცილებასა და შეცილების მისვლასთან დაკავშირებით იხ. 85-ე მუხლის კომენტ. ველი 4-5.

3. ვადის გასვლის შედეგები

9

ვადის გასვლის შედეგებთან დაკავშირებით იხ. მუხ. 84-ე მე-10 ველი.

4. შეცილების უფლების გამომრიცხავი გარემოებები

10

შეცილების უფლების გამომრიცხავ გარემოებებთან (პრეკლუზია და დადასტურება) დაკავშირებით იხ. მუხ. 84-ე, მე-12-მე-14 ველები.

5. მტკიცების ტვირთი

11

მსგავსად მოტყუების საფუძვლით შეცილების უფლების გაქარწყლებისა (84-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო), 89-ე მუხლის შემთხვევაშიც მოწინააღმდეგე მხარემ უნდა მიუთითოს, თუ რა მომენტიდან ჩაითვლებოდა იძულება დამთავრებულად და რომ ამ მომენტიდან გასულია წელიწადზე მეტი.[8]

12

იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგების დადებიდან ერთ წელზე მეტია გასული და შემცილებელი აპელირებს იმ ფაქტზე, რომ იძულება გარიგების დადების შემდეგაც გრძელდებოდა, ოღონდ არა თავდაპირველი, არამედ მოდიფიცირებული ფორმით, მაშინ ამ მოდიფიცირებული მუქარის მტკიცების ტვირთი ისევ შემცილებელზე გადადის. მაგალითად, თუ ბრალდებულმა იძულებით გარიგება დადო საპროცესო შეთანხმების არგაფორმების შიშის გამო, თუმცა მისი გაფორმების შემდეგაც ეშინოდა, მისი გაუქმების ან სხვაგვარი ვნების მიყენებისა,[9] მაშინ ის ატარებს ამ საფრთხის რეალურობის მტკიცების ტვირთს. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში საკმარისი უნდა იყოს ზოგადი ხასიათის მითითება, მაგალითად, პოლიტიკური რეჟიმის უცვლელ ხასიათზე.




  1. შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განჩინება №ას-333-314- 2014; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 მაისის განჩინება №ას-423-400-2014; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება №2ბ/4686-13.
  2. Wendtland, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 124 Rn. 3.
  3. OLG Brandenburg BeckRS 2012, 10029.
  4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განჩინება № ას-333-314-2014.
  5. თუმცა ამგვარ მსჯელობას ავითარებს პირველი ინსტანციის სასამართლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებაში № 2ბ/4686-13.
  6. გარდა ამისა, მოცემული გარიგება ამორალურობის გამო საერთოდ არანამდვილი უნდა ყოფილიყო (იხ. მუხ. 85, 29-ე ველი), რის გამოც მასზე გავრცელდებოდა სანივთო მოთხოვნისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
  7. KG SJZ 1947, 257.
  8. Wendtland, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 124 Rn. 8.
  9. შდრ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებაში №2ბ/4686-13.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_89._შეცილების_ვადა&oldid=1798"