Gccc-logo.png


მუხლი 90. ცნება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 90. ცნება


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთანავე.

I. ზოგადი დებულებები

1. მიზანი და გამოყენების სფერო

1

90-98-ე მუხლებში განმტკიცებული პირობითი გარიგების ინსტიტუტი გარიგების მონაწილეებს ანიჭებს იმის შესაძლებლობას, რომ გარიგებით განსაზღვრული მიზნის მიღწევა დამოკიდებული გახადონ სამომავლო და უცნობი მოვლენის დადგომაზე. ამ ასპექტით პირობითი გარიგება კერძო ავტონომიის გამოვლენის მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს. მისი მეშვეობით ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ გარკვეული მოქნილობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. მაგალითად, ტურისტს შეუძლია დადოს საზღვარგარეთ ტურისტული მოგზაურობის ხელშეკრულება იმ პირობით, თუკი ის მიიღებს ამ ქვეყნის ვიზას.

2

ჩვეულებრივ გარიგების შესრულება იწყება მისი დადებისთანავე, თუმცა არ არის გამორიცხული გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება გარიგების მონაწილეების მიერ განსაზღვრული მოვლენის დადგომაზე იყოს დამოკიდებული. ამ მიზანს ემსახურება პირობითი გარიგება.[1]

გარიგებაში პირობის დაფიქსირება სხვადასხვა ფორმით ხდება. ყველაზე გავრცელებულია „თუ“ კავშირის გამოყენება: „თუ..., მაშინ...“ თუმცა ეს არ არის პირობის გამოხატვის ერთადერთი ფორმა.[2] ამიტომ საკითხი იმის შესახებ, პირობით გარიგებასთან გვაქვს საქმე თუ არა, განმარტების შედეგად უნდა დადგინდეს.[3]

2. ცნება

3

90-ე მუხლი შეიცავს პირობითი გარიგების ლეგალურ დეფინიციას, რომლის თანახმად პირობითია გარიგება, თუკი ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა დამოკიდებულია სამომავლო და უცნობი მოვლენის დადგომაზე.

მოვლენა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება პირობითი გარიგების პირობად, თუკი იგი ობიექტურადაც და მხარეთა წარმოდგენითაც უცნობია.[4] სამომავლო და უცნობი მოვლენა შეიძლება სახელშეკრულებო ვალდებულების ფორმითაც არსებობდეს, მაგალითად, ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის პირობა პირობადებული საკუთრების დროს.

უზენაესი სასამართლოს აზრით, პირობით გარიგებას წარმოადგენს სადავო ხელშეკრულების პუნქტი, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ, თუ მოვალე ვალდებულებას ვერ შეასრულებს, კრედიტორს საკუთრებაში გადასცემს კარიერზე უფლებას, ვინაიდან ხელშეკრულების ზემოაღნიშნული დათქმა უფლების გადაცემაზე დაკავშირებულია გარკვეული პირობის დადგომასთან – ვალდებულების შეუსრულებლობასთან.[5]

4

გერმანული სამართლისაგან განსხვავებით, რომელიც პირობად არ მიიჩნევს მოვლენას, რომელიც არსებობს, მაგრამ გარიგების მონაწილეებისათვის უცნობია ამის შესახებ,[6] ქართული სამოქალაქო კოდექსი გამონაკლისის სახით გადადების პირობით დადებული გარიგებისათვის ამგვარ პირობას უშვებს (96-ე მუხლი).

5

პირობად არ ჩაითვლება ისეთი მოვლენა, რომელიც უეჭველად დადგება, მაგრამ უცნობია მისი დადგომის დრო. ეს იქნება ვადის დათქმა[7] და არა პირობა.[8] მაგალითად, პირობად არ ჩაითვლება ადამიანის გარდაცვალება, რადგან უეჭველია, რომ ადამიანი გარდაიცვლება. უცნობია მხოლოდ მისი გარდაცვალების დრო. ამიტომ ამ შემთხვევაში სახეზეა ვადის დათქმა.[9] და პირიქით, გარკვეულ ასაკამდე მიღწევა, მაგალითად, საპენსიო ასაკამდე, შეიძლება იყოს კვალიფიცირებული როგორც პირობა, რადგან უცნობია, მიაღწევს თუ არა ადამიანი ამ ასაკს.[10]

6

სამომავლო და უცნობ მოვლენაზე გარიგების დამოკიდებულება შეიძლება ორგვარ ხასიათს ატარებდეს: პირველი, გარიგების შესრულების გადადება ხდება ამ პირობის დადგომამდე (96-ე მუხლი) და, მეორე, პირობის დადგომამ შეიძლება გამოიწვიოს გარიგების შეწყვეტა (97-ე მუხლი).[11]

3. პირობათა სახეები

7

გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა შეიძლება რამდენიმე პირობაზე იყოს დამოკიდებული. იმის მიხედვით, ამ პირობების დადგომა ერთდროულად აუცილებელია თუ საკმარისია ერთ-ერთის დად გომა, ერთმანეთისაგან განსხვავდება კუმულატიური და ალტერნატიული პირობები.[12]

კუმულატიური პირობით დადებული გარიგების დროს აუცილებელია ყველა პირობის ერთდროულად დადგომა, რომ მიღწეულ იქნეს გარიგებით დასახული მიზანი. კუმულატიური პირობა, როგორც წესი, გამოიხატება „და“ კავშირით.

ალტერნატიული პირობის დროს საკმარისია ჩამოთვლილი რამდენიმე პირობიდან ერთ-ერთის დადგომა. ალტერნატიული პირობის არსებობა გამოიხატება „ან“ კავშირით.

8

გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომასთან მიმართებაში ერთმანეთისაგან განსხვავდება გადადების, ანუ სუსპენზიური (96-ე მუხლი) და გაუქმების, ანუ რეზოლუტიური პირობები (97-ე მუხლი).

9

პირობის დადგომის მომენტის განსაზღვრის მიხედვით პირობა შეიძლება იყოს პოზიტიური (93-ე მუხლი) და ნეგატიური (94-ე მუხლი).[13]

10

შინაარსის მიხედვით გარიგების პირობა შეიძლება იყოს კაზუალური და პოტესტატიური.[14] კაზუალურია პირობა, როცა მისი არსებობა დამოკიდებულია შემთხვევით მოვლენაზე, მაგალითად, ზიანის დადგომაზე ან ავარიის დროს მძიმედ დასავებულის გადარჩენაზე. კაზუალური პირობა შეიძლება გამოიხატოს მესამე პირის მოქმდებაშიც, მაგალითად, გარიგების დადება მესამე პირისაგან თანხმობის მიღების პირობით.[15] პოტესტატიური პირობის დადგომა შეიძლება დამოკიდებული იყოს გარიგების ერთ-ერთი მონაწილის მოქმედებაზე, მაგალითად, ნასყიდობა სინჯის საფუძველზე ნამდვილი იქნება, თუკი ნასყიდობის საგანი გარიგების მეორე მხარეს მოეწონება და ის გამოხატავს ამას.[16] პოტესტატიური პირობის მაგალითად სახელდება ასევე პირობადებული საკუთრება[17] (188-ე მუხლი). მყიდველი ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულებას შეასრულებს თუ არა და გახდება თუ არა მესაკუთრე, მთლიანად დამოკიდებულია მყიდველზე.

II. გამოყენების წინაპირობები

1. პირობის დასაშვებობა

11

პირობითი შეიძლება იყოს ნებისმიერი გარიგება, მათ შორის ცალმხრივი და მრავალმხრივი გარიგებებიც.[18] პირობითი გარიგების მიმართ გამოიყენება ჩვეულებრივი გარიგებისთვის დადგენილი წესი. პირობა შეიძლება უკვე არსებულ გარიგებაშიც იქნეს დამატებული, მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და პირობადებული საკუთრების ჩართვა.[19]

12

ზოგიერთი გარიგების მიმართ 90-98-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების გამოყენება შეუძლებელია, მაგალითად, დაუშვებელია დაქორწინება პირობით.[20]

13

პირობადებული გარიგების გამოყენების აკრძალვები შეიძლება ერთ შემთხვევაში კანონიდან პირდაპირ გამომდინარეობდეს, ხოლო სხვა შემთხვევებში – გარიგების ბუნებისათვის იყოს მიუღებელი. მაგალითად, შვილება ან ბავშვისათვის სახელის დარქმევა პირობით.[21]

სხვა შემთხვევებში განმარტების შედეგად უნდა გადაწყდეს, შეიძლება თუ არა პირობითი გარიგებების გამოყენება კონკრეტული ურთიერთობის მიმართ.[22]

2. განსხვავება სხვა ინსტიტუტებისაგან

14

გარეგნული მსგავსების მიუხედავად 90-ე მუხლში გათვალისწინებული პირობა განსხვავდება სხვა ინსტიტუტებისაგან.

15

გარიგების წინაპირობა განსხვავდება პირობითი გარიგებისაგან იმით, რომ გარიგებასთან დაკავშირებული მოვლენა ან წარსულშია, ან აწმყო- ში. მაგალითად, ნახმარი ავტომანქანის ყიდვა იმ პირობით, რომ მანქანას უნდა ჰქონდეს ახალი საბურავები, იქნება არა გარიგების პირობა, არამედ გარიგების დადების წინაპირობა. წინაპირობა ამ შემთხვევაში დამოკიდებულია გარიგების მეორე მონაწილის ნებაზე და ასეთი პირობა 92-ე მუხლის მიხედვით არ ჩაითვლება პირობად 90-ე მუხლის გაგებით.

16

რთულია განსხვავების დადგენა პოტესტატიურ პირობასა და წინაპირობას შორის, რადგან ორივე შემთხვევაში პირობის დადგომა გარიგების მონაწილეთა აქტიურობაზეა დამოკიდებული. გადამწყვეტი უნდა იყოს ის, ობიექტურად თუ რამდენად უცნობი ან ცნობილია მოვლენის დადგომა. ეს განსხვავება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს განმარტების საფუძველზე.

17

90-ე მუხლის პირობა განსხვავდება „ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისაგან“, რომელშიც საუბარია ხელშეკრულების ცალკეულ დებულებებზე,[23] რომელთა შინაარსი მხარეებისათვის ცნობილია და არ წარმოადგენს უცნობ ან სამომავლო გარემოებებს.




  1. პირობითი გარიგება განსხვავდება გარიგების ნამდვილობის პირობისაგან. განსხვავებების შესახებ იხ.: ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 90, გვ. 253.
  2. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 410.
  3. შდრ. MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012 § 158 Rn. 16.
  4. შდრ. Röverkamp, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 158 Rn. 3.
  5. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის # ას-379-352-2010 გადაწყვეტილება.
  6. შდრ. Röverkamp, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 158 Rn. 3.
  7. ქართულ ლიტერატურაში იყენებ ასევე ტერმინს „ვადიანობა“: კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 398.
  8. ქართულ ლიტერატურაში იყენებენ ასევე ტერმინს „ვადიანობა“: კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 398.
  9. შდრ. მაგ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 827.
  10. შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 827.
  11. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 410.
  12. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 90, გვ. 254.
  13. პოზიტიურ პირობას სხვანაირად ასევე აფირმატორულ პირობასაც უწოდებენ: Bork, in Staudinger BGB, 2003, Vorbem zu §§ 158-163 Rn. 13.
  14. შდრ. Tuhr, Der AT des deutschen bürg. Rechts, Bd. 2/2, S. 275.
  15. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 414.
  16. იქვე, გვ. 415.
  17. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 20 Rn. 8.
  18. შდრ. Röverkamp, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 158 Rn. 16.
  19. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 170.
  20. შდრ. გერმანულ სამართალს: Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 846.
  21. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 418.
  22. შდრ. MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012 § 158 Rn. 10.
  23. შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 824.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_90._ცნება&oldid=1800"