Gccc-logo.png


მუხლი 91. მართლსაწინააღმდეგო ან/და ამორალური პირობის ბათილობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 91. მართლსაწინააღმდეგო ან/და ამორალური პირობის ბათილობა


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ბათილია პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს ან ზნეობის ნორმებს, ანდა შეუძლებელია მისი შესრულება. გარიგება, რომელიც რომელიმე ასეთ პირობაზეა დამოკიდებული, მთლიანად ბათილია.

I. ზოგადი დებულებები

1. პირობის ნამდვილობა

1

პირობის ნამდვილობა გავლენას ახდენს გარიგების ნამდვილობაზე. ამიტომ პირობის ნამდვილობის წინაპირობები ისეთივე შემოწმებას მოითხოვს, როგორც გარიგების ნამდვილობის წინაპირობები.

2

91-ე მუხლი პირობის ბათილობის სამ საფუძველს ასახელებს: კანონსაწინააღმდეგობა, ამორალურობა და შესრულების შეუძლებლობა. პირობის ნამდვილობის შემოწმებისას გამოყენებულ უნდა იქნეს 54-ე მუხლი.[1]

3

პირობის შესრულების შეუძლებლობა იწვევს გარიგების ბათილობას, რადგან პირობის ნამდვილობისათვის მას (შეუძლებელ პირობას) აკლია „ობიექტურობისა“ და მოლოდინის მომენტი, რადგან თავიდანვე ცნობილია, რომ პირობა არ დადგება.[2]

2. სამართლებრივი პირობები და პირობის ნამდვილობა

4

ზოგიერთ შემთხვევაში გარიგებათა ნამდვილობა დამოკიდებულია სხვადასხვა პირობაზე, მაგალითად, არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება ნამდვილია მხოლოდ მაშინ, როცა მას მოიწონებს მისი კანონიერი წარმომადგენელი. ვინაიდან გარეგნულად ეს პირობა სამომავლო და უცნობ მოვლენაზეა დამოკიდებული, გასარკვევია, არის თუ არა ასეთი პირობა ნამდვილი, ხოლო გარიგება პირობითი და გამოიყენება თუ არა მათ მიმართ 90-98-ე მუხლების წესები.

5

პირობითი გარიგებით გათვალისწინებულ პირობასა და მის შინაარსს თვითონ გარიგების მონაწილეები განსაზღვრავენ კერძო ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე. რაც შეეხება არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის პირობას, ეს კანონით არის დადგენილი. ამიტომ ასეთ პირობებს სამართლებრივი პირობები (Condicione juris) ეწოდება და მათ მიმართ არ გამოიყენება 90-98-ე მუხლების ნორმები.[3] ამრიგად, როცა გარიგების ნამდვილობის პირობა კანონით განსაზღვრულია და ის არ არის გარიგების მონაწილეთა ნებაზე დამოკიდებული, არ არსებობს პირობითი გარიგება.[4]

6

სადავო შეიძლება გახდეს საკითხი მაშინ, როცა გარიგების მონაწილეების მიერ განსაზღვრული და კანონით გათვალისწინებული პირობები განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჯერ უნდა დადგინდეს, კანონის ნორმა იმპერატიულია თუ დისპოზიციური. თუ ნორმა დისპოზიციურია, მაშინ შეიძლება მხარეთა მიერ განსაზღვრულ პირობას მიენიჭოს უპირატესობა და გამოყენებულ იქნეს 90-98-ე მუხლების ნორმები. თუ ნორმა იმპერატიულია, მაშინ უპირატესობით სარგებლობს კანონის ნორმა.[5]

II. პირობის ბათილობის სამართლებრივი შედეგი

1. მთლიანად გარიგების ბათილობა

7

91-ე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, პირობის ბათილობა კანონსაწინააღმდეგობის, ამორალურობის ან შესრულების შეუძლებლობის გამო იწვევს მთლიანად გარიგების ბათილობას.

8

ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში კრიტიკის საგანია კანონმდებლის ასეთი მკაცრი და უალტერნატივო მიდგომა სამართლებრივი შედეგის მიმართ, კერძოდ, გარიგების გამოცხადება მთლიანად ბათილად.[6] ზოგიერთი მართლწესრიგი უშვებს გარიგების ნაწილობრივი ბათილობის ან პირობის გაუქმებისა და გარიგების შენარჩუნების შესაძლებლობას.[7]

2. მტკიცების ტვირთი

9

პირობის ბათილობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, ვინც ცდილობს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობის მიღწევას.




  1. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ.მუხლი 91, გვ. 255.
  2. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 416.
  3. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 417; Röverkamp, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 158 Rn. 9.
  4. შდრ. Röverkamp, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 158 Rn. 9.
  5. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 417.
  6. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 395.
  7. შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 853.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_91._მართლსაწინააღმდეგო_ან/და_ამორალური_პირობის_ბათილობა&oldid=1803"