Gccc-logo.png


მუხლი 92. ნებაზე დამოკიდებული პირობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 92. ნებაზე დამოკიდებული პირობა


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ნებაზე დამოკიდებულად ითვლება ისეთი პირობა, რომლის დადგომაც ან დაუდგომლობა დამოკიდებულია მხოლოდ გარიგების მხარეებზე. ასეთი პირობით დადებული გარიგება ბათილია.

I. მიზანი და გამოყენების სფერო

1

92-ე მუხლი შეიცავს პირობის ბათილობის ერთ-ერთ შემთხვევას. კერძოდ, ბათილად ითვლება ისეთი პირობა, რომლის დადგომაც ან დაუდგომლობაც მხოლოდ გარიგების მხარეებზეა დამოკიდებული. აქ არ იგულისხმება პირობის დამოკიდებულება გარიგების ყველა მონაწილის ერთობლივ ნებაზე, როგორც ეს ლიტერატურაშია გაგებული.[1] ამ შემთხვევაში საუბარია არა გარიგების მონაწილეთა რაოდენობაზე, არამედ საზოგადოდ გარიგების მონაწილის ნებაზე.

2

ნორმის მიზანი არის გარიგების მონაწილეთა ნება-სურვილის გამიჯვნა პირობისაგან, რომლის დადგომაც იწვევს გარიგების ნამდვილობას. ამის გაკეთება იოლი არ არის და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს გამიჯვნა უნდა მოხდეს განმარტების საფუძველზე.[2]

II. გამოყენების წინაპირობები

3

ნებაზე დამოკიდებული პირობის განხილვასთან დაკავშირებით წარმოიშობა პოტესტატიური პირობისაგან მისი გამიჯვნის პრობლემა, რაც არცთუ ისე იოლია. თუ პოტესტატიური პირობის დროს გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მოვლენაზე, მის დადგომაზე, 92-ე მუხლი საუბრობს მხოლოდ მხარეების ნება-სურვილზე, მათ მიერ თანხმობის გამოხატვაზე.[3]

მაგალითად, მაღაზიაში ტელევიზორის მყიდველი შეუთანხმდება გამყიდველს ნასყიდობის ფასზე, მაგრამ მას უნდა კიდევ ერთი დღე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ იმის შიშით, რომ ტელევიზორი სხვამ არ იყიდოს, დაუბარებს გამყიდველს, რომ თუ მეორე დღის 17 საათამდე უარს არ შემოუთვლის, მაშინ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია.[4]

აღიარებული შეხედულების მიხედვით ამ შემთხვევაში საუბარია არა პირობაზე, არამედ მხოლოდ მხარის ნება-სურვილზე, დადოს ან არ დადოს ხელშეკრულება. ამიტომ ასეთი შემთხვევა ვერ შეფასდება პირობად და 92-ე მუხლის მიხედვით ამგვარი პირობით დადებული გარიგება ბათილია.[5]

4

პრობლემური შეიძლება იყოს პირობადებული საკუთრების მიჩნევა პირობით გარიგებად იმის გამო, რომ ამ შემთხვევაშიც პირობის შესრულება (ნასყიდობის ფასის სრულად გადახდა) მთლიანად არის დამოკიდებული მყიდველზე. საპირისპირო არგუმენტის თანახმად, ნასყიდობის ფასი შესაძლოა გადაიხადოს მესამე პირმაც. ამ საფუძვლით თვლიან, რომ პირობადებული საკუთრება არ არის მხოლოდ მხარის ნება-სურვილზე დამოკიდებული გარიგება.[6]

5

ამრიგად, 92-ე მუხლში საუბარია არა სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, რომლის დადგომა თუნდაც გარიგების მონაწილის ნებაზე იყოს დამოკიდებული (პოტესტატიური პირობა), არამედ მონაწილის ნება-სურვილზე, განახორციელოს მისთვის სავალდებულო ნების გამოვლენა. 92-ე მუხლი ამ საფუძლით მიიჩნევს ასეთ გარიგებას ბათილად.

III. ნებაზე დამოკიდებული პირობები სასამართლო პრაქტიკაში

6

სესხის ხელშეკრულებაში ჩანაწერი, რომ მოვალე სესხს დააბრუნებს, „როცა დასჭირდება“ სესხის უზრუნველსაყოფად გამსესხებლისათვის გირაოში გადაცემული დუქანი, სასამართლომ მიიჩნია ნებაზე დამოკიდებულ პირობად და 92-ე მუხლის თანახმად ბათილად.[7]

ხელშეკრულების პირობა, ხელშეკრულებაში მითითებული დღიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის განხორციელების შესახებ, არ წარმოადგენს პირობით გარიგებას, ვინაიდან იგი არ არის დამოკიდებული რაიმე სამომავლო მოვლენაზე: ასეთი სამართლებრივი შეფასება მისცა უზენაესმა სასამართლომ საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომელმაც ხელშეკრულების აღნიშნული პირობა, როგორც ნებაზე დამოკიდებული პირობა, 92-ე მუხლის მიხედვით ბათილად მიიჩნია.[8]




  1. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 396.
  2. შდრ. Westermann, in Beck OK BGB, 6. Aufl., 2012 § 158 Rn. 18 ff.
  3. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 20 Rn. 8.
  4. მაგ. აღებულია: Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 20 Rn. 8.
  5. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 20 Rn. 8
  6. შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 830.
  7. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისი # ას-6-345-09 გადაწყვეტილება.
  8. საქ. უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 11 ნოემბრის # ას-504-784-04 გადაწყვეტილება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_92._ნებაზე_დამოკიდებული_პირობა&oldid=1806"