Gccc-logo.png


მუხლი 93. პოზიტიური პირობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 93. პოზიტიური პირობა


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ გარიგება დადებულია იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა დადგება განსაზღვრულ ვადაში, მაშინ პირობა ძალადაკარგულად ითვლება, თუკი ეს ვადა გავიდა და მოვლენა არ დადგა.

2. თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ პირობა შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ დროს. პირობა შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს მიჩნეული, როცა აშკარაა, რომ მოვლენის დადგომა უკვე შეუძლებელია.

I. ნორმის მიზანი

1

93-ე და 94-ე მუხლების მიზანი არის პირობის დადგომისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგების განსაზღვრა. კერძოდ, ორივე მუხლი შეიცავს პასუხს კითხვაზე, თუ როდის ჩაითვლება პირობა შესრულებულად. ერთ შემთხვევაში საუბარია პირობად მიჩნეული მოვლენის დადგომის აუცილებლობაზე (93-ე მუხლი), ხოლო მეორე შემთხვევაში – ამგვარი მოვლენის არდადგომაზე (94-ე მუხლი).

2

პირობასთან დაკავშირებული გაურკვევლობა და მოლოდინი როგორმე უნდა დასრულდეს. ეს ხდება ან პოზიტიურად ან ნეგატიურად – პირობის შესრულებით ან შეუსრულებლობით.[1]

II. გამოყენების წინაპირობები

3

93-ე მუხლის თანახმად, პოზიტიური პირობა შესრულებულად მხოლოდ მაშინ მიიჩნევა, თუკი პირობით გათვალისწინებული მოვლენა დადგა. ამ მოვლენის დადგომისათვის 93-ე მუხლი ორ წინაპირობას ითვალისწინებს:

პირველი, პირობის შესრულებისათვის შეიძლება განსაზღვრული იყოს ვადა. თუ ეს ვადა გავიდა და მოვლენა არ დადგა, მაშინ პირობა ძალადაკარგულად ითვლება (93 I). მაგალითად, თუ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში არ დადგა საგარანტიო შემთხვევა, ამ ვადის გასვლის შემდეგ ბენეფიციარი ვერ მოითხოვს გარანტისაგან გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.[2]

მეორე, პირობის შესრულებისათვის შეიძლება ვადა არ იყოს განსაზღვრული (93 II). ამ დროს პირობა ძალადაკარგულად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცაა აშკარაა, რომ მოვლენის დადგომა უკვე შეუძლებელია. ამრიგად, პოზიტიური პირობისათვის ამ დროს გადამწყვეტია მოვლენის დადგომის შეუძლებლობის განსაზღვრა.

III. სამართლებრივი შედეგი

4

პირობის დადგომის სამართლებრივი შედეგი გათვალისწინებულია, ერთი მხრივ, 90-ე მუხლში, ხოლო მეორე მხრივ – 96-ე და 97-ე მუხლებში.

5

პირობის ძალადაკარგულად გამოცხადება იწვევს იმ მოთხოვნის უფლების გაუქმებას, რომელიც უფლებამოსილ პირს პირობის დადგომისას წარმოეშობოდა.[3] მაგალითად, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში მოვალის (პრინციპალის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით ბენეფიციარს წარმოეშობოდა გარანტისაგან თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება.

6

პირობის ძალადაკარგულად გამოცხადებამ შეიძლება გამოიწვიოს მოთხოვნის უფლების წარმოშობა. მაგალითად, თუ პირობადებული საკუთრების დროს მყიდველი არ გადაიხდის ნასყიდობის საფასურს, გამყიდველს წარმოეშობა ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება.

7

გარდა ამისა, პირობის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს გარიგების შეწყვეტა და ამან მის მონაწილეებს უბიძგოს გარიგების მოდიფიცირებისაკენ.[4]

სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახმად, სარგებლის მიღების თაობაზე სახელშეკრულებო დათქმის ამოქმედება დამოკიდებული იყო ბანკში დეპოზიტის გახსნიდან 4 თვეში მშენებლობის დაწყებაზე. ამ ვადის გასვლა და მშენებლობის დაუწყებლობა იწვევს 93-ე მუხლის მიხედვით გარიგების შეწყვეტას.[5]

IV. მტკიცების ტვირთი

8

93-ე მუხლიდან გამომდინარეობს რამდენიმე ფაქტის მტკიცების ტვირთი.

პირველი, პირობის დადგომის ფაქტი უნდა დაამტკიცოს იმ პირმა, ვინც პირობის დადგომის საფუძველზე იღებს სარგებელს ან წარმოეშობა მოთხოვნის უფლება.

მეორე, განსაზღვრული ვადის გასვლისა და პირობის შეუსრულებლობის ფაქტი უნდა დაამტკიცოს იმ პირმა, ვის წინააღმდეგაც შეიძლება იყოს მიმართული პირობის დადგომის შედეგად წარმოშობილი მოთხოვნის უფლება.

მესამე, პირობის შესრულების შეუძლებლობის ფაქტი ასევე უნდა დაამტკიცოს იმ პირმა, ვის მიმართაც წარმოიშობოდა მოთხოვნის უფლება.




  1. შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 833.
  2. საქ. უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 17 იანვრის # 3კ/62-01 გადაწყვეტილება.
  3. შდრ. Bork, in Staudinger BGB ,2003, § 158 Rn. 16.
  4. შდრ. Bork, in Staudinger BGB ,2003, § 158 Rn. 16.
  5. საქ. უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის # ას-1300-1320-2011 გადაწყვეტილება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_93._პოზიტიური_პირობა&oldid=1810"