Gccc-logo.png


მუხლი 94. ნეგატიური პირობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 94. ნეგატიური პირობა


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ გარიგება დადებულია იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა არ დადგება განსაზღვრულ ვადაში, მაშინ პირობა შესრულებულად ითვლება, თუკი აღნიშნული ვადა გავა მოვლენის დადგომის გარეშე; პირობა შესრულებულად ითვლება მაშინაც, როცა ვადის გასვლამდე აშკარაა, რომ მოვლენის დადგომა შეუძლებელია.

2. თუ ვადა განსაზღვრული არ არის, პირობა შესრულებულად ითვლება მხო ლოდ მაშინ, როდესაც ნათელი გახდება, რომ მოვლენა არ დადგება.

I. ნორმის მიზანი

1

94-ე მუხლი იძლევა პირობის შესრულების დეფინიციას ნეგატიურ კონტექსტში და ამით ის წარმოადგენს 93-ე მუხლის შებრუნებულ ვარიანტს. ნეგატიური პირობა შესრულებულია მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოვლენა, რომლის დაუდგომლობასთანაც უნდა ყოფილიყო სამართლებრივი შედეგი დაკავშირებული, არ დადგა ან შეუძლებელია, რომ დადგეს.[1]

93-ე მუხლისაგან განსხვავებით, 94-ე მუხლის მიხედვით გადამწყვეტია ის, რომ პირობით განსაზღვრული მოვლენა არ დადგეს.

II. გამოყენების წინაპირობები

2

94-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა არის პირობით გათვალისწინებული მოვლენის დაუდგომლობა, ე.ი პირობის შეუსრულებლობა. 93-ე მუხლის მსგავსად განსახილველი მუხლი პირობის შეუსრულებლობას ან განსაზღვრულ დროზე დამოკიდებულს ხდის, ან მოვლენის დაუდგომლობის გარდაუვალობაზე.

3

პირველ შემთხვევაში, პირობა შესრულებულად ითვლება, თუკი განსაზღვრული ვადის განმავლობაში მოვლენა არ დადგება (94 I 1), მაგალითად, თუ ავტომანქანის დაზღვევის ხელშეკრულებით ავტომობილის მესაკუთრე პირველი ორი წლის განმავლობაში არ მოახდენს ავარიას, მას სადაზღვევო პრემია გაუნახევრდება. ე.ი. გადამწყვეტია, რომ ხელშეკრულების დადებიდან ორი წლის მანძილზე ავტომობილის მესაკუთრეს არ მოუვიდეს ავარია – პირობით გათვალისწინებული მოვლენა არ დადგეს.

4

მეორე შემთხვევაში გადამწყვეტია ის, თუ რამდენად შეუძლებელია მოვლენის დადგომა ვადის გასვლის მიუხედავად (94 I 2). მაგალითად, თუკი ავტომანქანის მესაკუთრე ერთი წლის შემდეგ გაყიდის ავტომანქანას, შეუძლებელი იქნება სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესრულება, რომ მან ორი წლის განმავლობაში ავარიის გარეშე ატაროს ავტომანქანა.

5

მესამე შემთხვევაში ვადა საერთოდ არ არის განსაზღვრული და პირობის შესრულება მთლიანად დამოკიდებულია მოვლენის დადგომის შეუძლებლობაზე (94 II).

III. სამართლებრივი შედეგი

6

პირობით გათვალისწინებული მოვლენის დაუდგომლობა უფლებამოსილ პირს ანიჭებს გარიგებით გათვალისწინებული სიკეთის მიღების უფლებას. მაგალითად, თუ ავტომანქანის მესაკუთრეს ორი წლის განმავლობაში არ ჰქონდა ავარია, მას უფლება აქვს სადაზღვევო კომპანიისაგან მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის განახევრება.

7

ყველა სხვა შემთხვევაში სამართლებრივი შედეგები ისეთივეა, როგორც 93-ე მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური პირობის დადგომისას.




  1. შდრ. Bork, in Staudinger BGB, 2003, § 158 Rn. 15.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_94._ნეგატიური_პირობა&oldid=1815"