Gccc-logo.png


მუხლი 96. გარიგება გადადების პირობით

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 96. გარიგება გადადების პირობით


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

გარიგება გადადების პირობით დადებულად ითვლება, თუ გარიგებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობა დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, ანდა ისეთ მოვლენაზე, რომელიც უკვე დამდგარია, მაგრამ მხარეთათვის ჯერ კიდევ უცნობია.

I. ცნება და გამოყენების სფერო

1

96-ე მუხლი შეიცავს გადადების პირობით დადებული გარიგების დეფინიციას და აკონკრეტებს 90-ე მუხლის შინაარსს.

2

გარდა ამისა, 96-ე მუხლი კავშირშია 97-ე მუხლთან და ერთობლივად განსაზღვრავენ პირობის დადგომის სამართლებრივ შედეგებს.

3

გარიგება გადადების პირობითაა დადებული, თუკი გარიგებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობა დამოკიდებულია პირობის დადგომაზე.[1] მაგალითად, გადადების პირობით დადებულად ჩაითვლება შეთანხმება მაკლერის პროვიზიის გადახდაზე ბინის მყიდველის მიერ ფასის სრულად გადახდის შემდეგ.

II. გამოყენების წინაპირობები

1. გადადების პირობის განსაზღვრა

4

გარიგება გადადების თუ გაუქმების პირობით არის დადებული, როგორც წესი, თვით გარიგებიდან გამომდინარეობს, თუმცა გარიგების მონაწილეებმა შეიძლება ამაზე პირდაპირ არ მიუთითონ. ასეთ შემთხვევაში პირობითი გარიგების სახე განმარტებით უნდა დადგინდეს. გამიჯვნა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება რთული იყოს. ის, რაც ერთი მხარისათვის გაუქმების პირობას წარმოადგენს, შეიძლება მეორე მხარისათვის გადადების პირობა იყოს, მაგალითად, ხელფასის აღება მოვალის მიერ მისთვის არის გაუქმების პირობა (ვალის დაბრუნება და სესხის ხელშეკრულების გაუქმება), ხოლო კრედიტორისათვის (გამსესხებლისათვის) – გადადების პირობა (ხელფასის აღებისთანავე მას წარმოეშობა ვალის დაბრუნების მოთხოვნის უფლება).[2]

5

გარიგების მონაწილეებმა პირობად შეიძლება დათქვან სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაც, მაგალითად, ფასის გადახდა პირობადებული საკუთრების დროს.[3] პირობა შეიძლება ასევე განისაზღვროს წინარე ხელშეკრულებაში.[4] გადამწყვეტია, რომ ყველა ამ შემთხვევაში საუბარია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე 90-ე მუხლის თანახმად.

6

გამონაკლისის სახით შესაძლებელია პირობად ისეთი მოვლენის განსაზღვრაც, „რომელიც უკვე დამდგარია, მაგრამ მხარეთათვის ჯერ კიდევ უცნობია“.[5] ეს აიხსნება იმით, რომ გარიგების მონაწილეები ყოველ პირობას მათი ობიექტური ცოდნის ფარგლებში განსაზღვრავენ და შედეგებსაც მას უკავშირებენ.[6] არსებობს მოსაზრება, რომ ეს ეწინააღმდეგება პირობის ბუნებას, რომლისთვისაც მომავლის ფაქტორი გადამწყვეტია.[7]

2. პირობის დადგომის შედეგები

7

გადადების პირობის დადგომით უფლებამოსილ პირს წარმოეშობა შესრულების მოთხოვნის უფლება და პირობით განსაზღვრული შედეგი დგება, მაგალითად, პირობადებული საკუთრების დროს ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემდეგ (ე.ი. პირობის დადგომა) საკუთრება მთლიანად გადადის შემძენზე.[8]

8

გადადების პირობით გათვალისწინებული შედეგი დგება სამომავლოდ: პირობადებული შემძენი მესაკუთრე ხდება ნასყიდობის ფასის გადახდის მომენტიდან და არა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან.[9]

9

შედეგის გამომწვევი პირობა დადგა თუ არა, უნდა გადაწყდეს განმარტების შედეგად, რადგან არცთუ იშვიათად ეს დამოკიდებულია სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებასთან. მაგალითად, გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლების წარმოშობა დამოკიდებულია იმაზე, დააბრუნა თუ არა მოვალემ სესხი დადგენილ დროში.




  1. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 412.
  2. იქვე, გვ. 413.
  3. შდრ. Röverkamp, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 158 Rn. 7.
  4. შდრ. Röverkamp, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 158 Rn. 7.
  5. გერმანულ სამართალში ეს არ მიიჩნევა პირობად. შდრ. Röverkamp, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 158 Rn. 3.
  6. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 413.
  7. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 393-394.
  8. შდრ. Medicus, Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 839.
  9. შდრ. Medicus, Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 839.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_96._გარიგება_გადადების_პირობით&oldid=1819"